საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს საარჩევნოდ 30-50 ხმის მოგროვებას ავალებენ. ამის შესახებ presage.tv-სთვის ცნობილი თავად ამ ადამიანებისგან გახდა. თუმცა, ცხადია, მათ ვინაობას მათი უსაფრთხოების გამო ვერ დავასახელებთ. ცოტა ხნის წინ presage.tv იმის შესახებ წერდა, თუ პედაგოგებს ნაციონალებისთვის ხმის მიცემას რა მეთოდებით აიძულებენ. საუბარია იმაზე, რომ მასწავლებლებმა უნდა გადაიღონ არა მათ მიერ შემოხაზული 5 ნომრის ფოტო, არამედ პროცესის ვიდეო, თუ როგორ ხაზავენ და შემდეგ ეს იმ აქტივისტ ქალებს უნდა აჩვენონ, რომლებიც საარჩევნო უბნის ეზოებში იდგებიან. ამ პროცესის დაკვირვება შეუძლებელი იქნება, რადგან ადამიანს ვერც კაბინაში შეყვები და შემდეგ იქიდან გამოსულს ვერც იმას ეტყვი, შენი ტელეფონი მაჩვენე, რა გაქვს გადაღებულიო. ცხადია, კარგად არის მოფიქრებული. თუმცა, როგორც ჩანს, ნაციონალების ზრუნვა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ყველა სტრუქტურაში სხვადასხვა მეთოდი მუშავდება. როგორც presage.tv -სთან საუბრისას საჯარო უწყების რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში მუშაობენ და თანაც ერთამანეთთან კავშირი არა აქვთ, გვითხრეს, რომ ისინი რამდენიმე დღის წინ მათმა უფროსებმა დაიბარეს და უთხრეს, რომ გარანტირებული ხმების მოგროვება უნდა შეძლონ. გარანტირებულ ხმებში კი ის იგულისხმება, რომ მათ უნდა მიიტანონ სია, სადაც იქნება მითითებული ადამიანის პირადი მონაცემები ტელეფონისა და პირადი ნომრების ჩათვლით. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მათ ასეთი 30-50 ადამიანის პოვნას თხოვენ, გააჩნია მათ თანამდებობას და მდგომარეობას. ასევე იმას, თუ რომელ უწყებაში მუშაობს. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ცოტა არ იყოს, კომიკური ხდება ეს დავალება, თუ ამ ხალხმა ეს „გარნატირებული ხმები“ სად უნდა იპოვონ. მთავარი კი ის არის, რომ დავალება გაცემულია და, ცხადია, მის შესრულებას რაღაც დონეზე აუცილებლად მოითხოვენ. თითო ადამიანს რეალურად იმის მეათედიც რომ მოსთხოვონ, რა დავალებაც აქვთ გაცემული, ადვილი წარმოსადგენია, არჩევნები რა შედეგით შეიძლება დასრულდეს. ამას ის გარანტირებული ხმებიც დაემატება, რაც ხელისუფლებას, როგორც წესი, ძალოვან უწყებებში გააჩნია. რა თქმა უნდა, თითოეული ხმის გადამოწმება ვერ მოხდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანები სამსახურების დაკარგვის შიშით იმდენად არიან დაშინებულნი, რომ ამ ხმებს, რეალურად, გადამოწმებაც კი არ დასჭირდება. გამოსავალი კი, ალბათ, ის შეიძლება იყოს, რომ ამ ადამიანებმა მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათ მოახერხონ ამ ფაქტების დასკვნებში ასახვაც და მათი დახმარებაც. ყოველი ასეთი ფაქტის დასკვნაში მოხვედრა კი გარკვეულწილად გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და შემდეგ მათზე უფრო მეტი ზეწოლა არ განხორციელდეს.
|