სტიქია კახეთში (video)

სტიქია კახეთში (video)

ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად კახეთის რეგიონი სერიოზულად დაზარალდა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი. სტიქიამ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მცხოვრებ მინდორაშვილების ოჯახს მანქანა ეზოდან გასტაცა. დანგრეულია შიდა საუბნო გზები. დაზიანებულია კახეთი - თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალიც. დაგლეჯილია სასმელი წყლის მილები. დატბორილია ათასობით ჰექტარი ვენახი.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ აფენის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, სანიაღვრე არხები და ხევები წლების განმავლობაში გასაწმენდი იყო, რის გამოც დიდი რაოდენობით წყალი ვეღარ გაატარა. „გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე იყვნენ მოსულები. გაგვიქროლეს და გამოგვიქროლეს. ორშაბათს ამობრძანდით გამგეობაში და განცხადება დაწერეთო. განცხადება გვიშველის ჩვენ? სარდაფები სულ წყლით არის სავსე. პირველ სართულზე რაც გვქონდა, ყველაფერი გაოხრდა. ოთახებში წყალი დგას ნახევარ მეტრზე. კიდევ თუ მოვიდა წვიმა, შიგ დავიხრჩობით“, - აღნიშნეს აფენის მაცხოვრებლებმა. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოზალიშვილის განცხადებით, ტექნიკა მუშაობს და ცდილობენ წყალს მიმართულება მისცენ, რომ სოფლები კიდევ არ დაიტბოროს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის რაიონშიც. სოფლებში მატანსა და ქისტაურში ათასამდე ჰექტარი სახნავ - სათესი ნაკვეთია დატბორილი, ილტოს ხეობის სოფლები კი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

გარესამყაროს არის მოწყვეტილი გურჯაანის რაიონში სოფელი ჭერემი. სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მდინარე ჭერმის ხევზე გადის, ხევში კი წყალი ადიდებულია და გავლას მაღალი გამავლობის მანქანებიც ვერ ახერხებენ.

სტიქიით გამოწვეული პრობლემების გამო შეფერხებით მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც. ექიმები ცდილობენ დანიშნულების ადგილამდე შემოვლითი გზებით მივიდნენ, რადგან სოფლებში შიდა საუბნო გზები დახრამულია. ზოგიერთ ადგილზე ხრამის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.

რეგიონში 5 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.