იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ ხუთი წელია გასული. იმ მოვლენების ცალკეული პერიპეტიები დღემდე საიდუმლოებით არის მოცული. რასაკვირველია იმ არჩევნების მთავარი მომქმედი გმირები დუმილს არჩევენ, საზოგადოებაში კი კვლავ არაერთი კითხვის ნიშანია.
დღევანდელ წერილში 2007 წლის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და იმ დროს გავრცელებულ რამდენიმე კულუარულ ვერსიას შემოგთავაზებთ.
2005 წელს მიხეილ სააკაშვილი ახალკაცებს სახლში ორჯერ ეწვია და ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე დაითანხმა. ამის შემდეგ ვლადიმერ გუცაევმა, რევაზ არველაძემ და გიორგი ნემსაძემ ერთიმეორის მიყოლებით კანდიდატურები გამოიტანეს. იმ საარჩევნო “შოუში” ახალკაცს 26 დელეგატიდან ხმა 25-მა მისცა. თავი მხოლოდ მამუკა გუგეშაშვილმა შეიკავა.
გავიდა ორი წელი. ახალმა პრეზიდენტმა ვერ გაამართლა და დღის წესრიგში მისი შემცვლელის მოძიების პრობლემა დადგა. იმ ხანად ნაციონალური პარტიის გენერალურმა მდივანმა დავით კირკიტაძემ და ვალერი გიორგობიანმა ახალი კანდიდატის ძებნა დაიწყეს. ისინი გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდნენ და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმეს.
ნოდარ ახალკაცს ლომაია, ბოკერია, გივი თარგამაძე, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი მფარველობდნენ. გიორგი ნემსაძის მხარეს მიხეილ მაჭავარიანი, კოტე კემულარია, ვალერი გიორგობიანი, გიორგი არველაძე, კირკიტაძე და დავით ნამგალაური დადგნენ. გიორგი ნემსაძეს ნაციონალების თანხმობის გარეშე საკუთარი კანდიდატურა არ დაუყენებია. ის დარწმუნებული გახლდათ, რომ ყრილობა ვისაც აირჩევდა – პრეზიდენტი ის გახდებოდა. მაშინ ნემსაძეს მფარველებმა ვერ ან არ უთხრეს, რომ ახალკაცს კვლავ სააკაშვილი პატრონობდა.
საპრეზიდენტო არჩევნები 2007 წლის 13 მაისს დაინიშნა. ყრილობაზე გიორგი ნემსაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა და ნოდარ ახალკაცმა მას მოგება პირადად მიულოცა.
მთავარი პერიპეტიები ამის შემდეგ განვითარდა. ყრილობიდან გამოსულმა გოკა გაბაშვილმა სააკაშვილს დაურეკა და, წავაგეთო – შეატყობინა. ნახევარ საათში პრეზიდენტმა კირკიტაძეს გადაურეკა, - რას მიშვრებით, სახელმწიფო გადატრიალებას მიწყობთო? ამავე დროს ბოკერია, თარგამაძე, ლომაია, გაბაშვილი სააკაშვილთან შედიან და მას ემუქრებიან - გადავდგებით, თუ ნემსაძის გამარჯვება ძალაში შევაო.
საინტერესოა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბოკერიამ პრეზიდენტთან ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ტოპმიულერი შეაგზავნა, რომელმაც განაცხადა, რომ ნემსაძესთან არ ითანამშრომლებდა.
ნება მომეცით და, თემას ცოტა გადავუხვევ. კლაუს ტოპმიოლერი საქართველოში აწ გარდაცვლილმა აკა ტონიამ ჩამოიყვანა. გერმანელს წლიური ანაზღაურების სახით წელიწადში მხოლოდ 800 ათასი დოლარი უნდა მიეღო. მაშინ ახალკაცმა განაცხადა, რომ საქართველო ტოპმიოლერში ამ თანხას ვერ გადაიხდიდა. მოგვიანებით, ტონია “მოტეხეს” და ფეხბურთის ფედერაცია ტოპმიოლერს საფეხბურთო აგენტის გარეშე დაუკავშირდა. მწვრთნელის საკონტრაქტო თანხა სამ მილიონამდე გაიზარდა.
მაგრამ, დავუბრუნდეთ 2007 წლის 13 მაისის პერიპეტიებს.
გამარჯვებიდან დაახლოებით ერთ საათში გიორგი ნემსაძეს დაურეკეს და ურჩიეს ახლადდაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადამდგარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე დააშინეს, რომ იმ მოვლენებს ნემსაძე დღესაც არ იხსენებს. არჩევნების მეორე დღეს სპორტის დეპარტამენტში საგადასახადო სამსახური შევიდა. რასაკვირველია, ეს ნამგალაურის შესაშინებლად გაკეთდა. ეს ფაქტი დღემდე არ ხმაურდება. არაოფიციალურად, დაჭერით დაემუქრნენ ყველას, ვინც კი ნემსაძის მხარდაჭერას განაგრძობდა და განმეორებით არჩევნებში ხმას მას მისცემდა.
კულუარული ინფორმაციით, ნემსაძის მეგობრები ძალიან შეშინდნენ და მათ უთქვამთ, გმირობას ნურავინ მოგვთხოვს, ყველას ჩვენი ბიზნესი გვაქვს, ადეიშვილთან დაგვიბარეს, კომპრომატები დაგვიწყეს და გვითხრეს, ახლა თუ წესიერად არ მოიქცევით, ყველას დაგიჭერთ და მოგიწევთ ბიზნესის გადაფორმებაო.
თავად გიორგი ნემსაძემ ხმა ვერ ამოიღო. გიორგის ახლო მეგობრის გახლდათ “იბერია ბიზნეს-ჯგუფი”, სადაც ყოფილი ფეხბურთელის ინტერესებიც იდო. რატომღაც უცნაურად ამ ჯგუფმა ტენდერი მოიგო და “ფოლკსვაგენებით” პატრული და პარლამენტი მოამარაგა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნემსაძეს ნაციონალებთან ბიზნეს-ინტერესებიც აკავშირებდა და მისი პირის გაღება ბიზნესების წართმევას ნიშნავდა. იმ წლებში ნემსაძეს თბილისში სამი მაღაზია ჰქონდა, მამამისს კი ცალკე ერთი მაღაზია ეკუთვნოდა. ასევე ალაზნის ველზე ნემსაძის მამა ასობით ჰექტარი ნაკვეთის მფლობელი გახლდათ.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს თავისუფლების ინსტიტუტი და პარტიული ელიტა დაუპირისპირდა. ბოკერიამ კირკიტაძეს “კისერი მოუგრიხა” და ამ უკანასკნელს დროებით უკან დახევა მოუწია. სააკაშვილი თავისუფლების ინსტიტუტის მხარეს კიდევ ერთხელ დადგა. კიდევ ერთი ფაქტი – იმ დროს, როდესაც რესტორან “მონოპოლში” ნაციონალური მოძრაობის ელიტის ერთ ნაწილს ნემსაძის გამარჯვება უნდა აღენიშნა, კირკიტაძეს და ბოკერიას ხელჩართული ომი ჰქონიათ.
მაინც ვინ დაურეკა იმ დღეს გიორგი ნემსაძეს? ამ საიდუმლოს ფარდა რომ ავხსნათ, სიტყვას იმ დროს პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, მამუკა კვარაცხელიას გადავცემ და მისი რამდენიმე ძველი ინტერვიუდან საინტერესო ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ.
- ყველასი ერთად ეშინოდათ, ვინც არჩევნებში ერეოდა! დავინახე, რომ აშკარად ერეოდა გაბაშვილი და ტელეფონით დირექტივებსაც იძლეოდა.
გიორგი ნემსაძესთან აღარ გქონიათ საუბარი არჩევნებში მის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე?
- ათჯერ დავურეკე და არ პასუხობს! სათქმელის მეტი რა მაქვს... აუცილებლად ვნახავ და გავარკვევ ყველაფერს! მეგობრები ვართ, მტრები კი არა! ისე, სხვათაშორის, მარტო ნემსაძის კი არა, ჩემი მომხრეებიც კი დააშინეს.
მოდით, გაამხილეთ, ვინ დაურეკა ნემსაძეს, როცა მან ერთ საათში მოხსნა კანდიდატურა? მართლა მიხეილ სააკაშვილმა?
- პრეზიდენტს თვითონ არ დაურეკავს... ბუნებრივია, მისი დავალებით დაურეკა გიორგი არველაძემ ნამგალაურს, რომელმაც უთხრა ნემსაძეს, უნდა წახვიდეო...
და ვინ მიიტანა სააკაშვილამდე აზრი, რომ ნემსაძე უნდა გადადგესო?
- გაბაშვილმა. ფაქტობრივად, ის ხელმძღვანელობდა ყრილობას. ვინც ყრილობაზე იყო, ამაში დამეთანხმება. არჩევნების წაგებისთანავე მან გადაურეკა გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და კახა ლომაიას, რომლებიც მაშინვე ეწვივნენ ქვეყნის პრეზიდენტს და ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინეს.
რატომ დუმს საფეხბურთო სამყარო? ნემსაძე გააგდეს, თითქოს ნახმარი ფეხსაცმელი იყოს! თქვენ ხართ ვაჟკაცები?
- საფეხბურთო სამყარო, სამწუხაროდ, დუმს, უფრო სწორად, ახალკაცს ისე დაუჭირეს მხარი, კაციშვილს არ გახსენებია არც ორ წელიწადში “ათვისებული” 12 მილიონზე მეტი ლარი, არც ფარერების დონეზე დასული ჩვენი ჩემპიონატი და მინდვრები, არც განადგურებული ბავშვთა ფეხბურთი, არც უამრავი სხვა პასუხგაუცემელი კითხვა... ქართული ფეხბურთი უფსკრულშია გადაჩეხილი.