მთავრობას როგორც ჩანს ავიწყდება, რომ პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მიზანი

მთავრობას როგორც ჩანს ავიწყდება, რომ პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მიზანი

 

როდესაც ამ ღვინის ქვეყნის დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთისკენ მიემგზავრები, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს საქართველოში საყოველთაო მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხაზები, ავტომაგისტრალები, პორტები, პარკები და საჯარო თავშეყრის ადგილები საოცარი სისწრაფით ჩნდება, ისევე როგორც ტურიზმის ისეთი ახალი კერები, როგორიცაა სიღნაღი და მესტია – ქალაქები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ დანგრეულ ომისშემდგომ იტალიას მოგაგონებდათ. დღეს ეს ადგილები გაცოცხლებულია ახალი ქვაფენილებით, გარემონტებული ფასადებით და უცხოელი ვიზიტორებით სავსე ცენტრებით.

მაშინ როდესაც ერთი შეხედვით ეს გამალებული მშენებლობა შთამბეჭდავია, და მთავრობა მას ხშირად სარეკლამოდ იყენებს, როგორც დასტურს იმისა, რომ საქართველო სწრაფად მიიწევს წინ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, სინამდვილეში ბევრი რამ სხვაგვარადაა.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“-ის მიერ მომზადებული ბოლოდროინდელი ანგარიშები ცხადყოფს, რომ ამ მშენებლობების დიდი ნაწილი მესაკუთრეთა უფლებების ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე აღმოცენდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მიწის მესაკუთრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით (განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც მთავრობას რაღაც ახლის აშენების ინტერესი აქვს) უცბად აღმოაჩენდნენ ხოლმე, რომ მათი ქონება სახელმწიფოს ხელშია, თანაც ძალიან საძაგელი გარემოებებით.

არცერთი ამ გასაიდუმლოებული მანევრის აუცილებლობა არ არსებობდა. საქართველოში საკუთრების უფლებების რეგულირებასთან დაკავშირებული კარგი კანონებია და ინფრასტრუქტურისა და მდგრადი ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე სამართლიანად მზრუნველი მთავრობა ამ კანონმდებლობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებდა. თუმცა ეს გზა, სავრაუდოდ შეანელებდა ამ პატარა ქვეყანაში თავბრუდამხვევ მშენებლობას, მაგრამ იმავდროულად ისეთი ღირებულებების დაცვის მანიშნებელი იქნებოდა, როგორიცაა დემოკრატია, კაპიტალიზმი, კორუფციის მიუღებლობა – ანუ ის რაც საქართველოს თავისი რეპუტაციის ღერძად მიაჩნია.

ანგარიშში ასახულია ასობით ადგილობრივი მიწის მესაკუთრის ურთულესი მდგომარეობის ქრონიკა, ადამიანებისა, რომლებიც ხედავდნენ, თუ როგორ გადადიოდა მათი ქონება სახელმწიფოს ხელში. ეს პროცესი სხვადასხვა გზებით ხორციელდებოდა.

ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი მოიცავს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის მონიშნულ რეგიონებში მიწის უზარმაზარი ნაწილის ელექტრონულ რეგისტრაციას სახელმწიფო ქონებად, იმ მიწებისა, რომელიც მანამდე ინდივიდების სახელზე, მხოლოდ ქაღალდზე იყო რეგისტრირებული – კერძო მიწების ეფექტური დატაცება. 2010 წელს, საჯარო რეესტრმა დაიწყო საკუთრების რეგისტრაციის გადატანა ძველი საქაღალდო სისტემიდან კომპიუტერიზებულ სისტემაზე. როდესაც ადგილობრივმა მესაკუთრეებმა, საკუთარი რეგისტრაციის დოკუმენტაცია ააფრიალეს და მთავრობას უჩივლეს, სასამართლოებმა ფაქტობრივად ერთხმად გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ გამოიტანეს.

კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდია ის, რომ მესაკუთრეები სპეციფიკურ რეგიონებში ან ისეთი ადგილების მეზობლად, სადაც დეველოპერული პროექტები სპონტანურად იწყება, და ხშირად ერთობლივად, საკუთარ მიწებს სახელმწიფოს ან „ჩუქნიან“ ან ოფიციალურად „უარს ამბობენ“ მასზე, რის შემდეგაც მათი ქონება სახელმწიფოსი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხალხი სახელმწიფოს „ჩუქნის“ იმ მიწას, სადაც ისინი ცხოვრობენ, მიწას ამუშავებენ ან ბიზნესი აქვთ. სხვა შემთხვევაში, ადამიანები „უარს ამბობენ“ საკუთარ მიწაზე, რომლის გამოც უამრავი პრობლემა შეექმნათ და სერიოზული ხარჯი გაიღეს სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე. ეს ეგრედწოდებული „ჩუქებები“, როგორც ირკვევა, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის და დაშინების შედეგია.

ადამიანთა ჩვენებები ცხადყოფს, რომ „ჩუქებებს“ და საკუთრებაზე „უარის თქმას“ ადგილი აქვს მთელს საქართველოში, სადაც კი ტურიზმის განვითარების პროექტები დაიგეგმა, მათ შორის კურორტ ბახმაროსა და ღვინის პროვინციულ ქალაქ სიღნაღში.

„საკმაოდ საეჭვოა, არა?“ ამბობს გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წამყვანი იურისტი, რომელიც წლების განმავლობაში იძიებდა ამ საქმეებს. ის ამბობს, რომ ეს „ჩუქებები“ და ქონებაზე „უარის თქმა“ ხდება ძალდატანების ძალიან შავბნელი ფორმით. მიწის მესაკუთრეებს, რომელთა უმრავლესობაც ფერმერები არიან, პირველად საგადასახადოს აუდიტი აკითხავს, რომელიც სწავლობს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მესაკუთრის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ისტორიას, აკეთებს ჩანაწერს და აღრიცხავს ყველა გადაუხდელ გადასახადს და ჯარიმას. როდესაც მესაკუთრე ვერ ახერხებს მათ გადახდას, საკუთრება ქონებრივ გირაოდ ფორმდება. შემდეგ მესაკუთრეს მთავრობის პროკურატურის წარმომადგენელი სტუმრობს, რომელიც „ეუბნება მათ ყველა იმ საშინელებას, რაც კი შეიძლება დაემართოთ, თუკი საკუთარ მიწას არ დათმობენ“, ამბობს გვილავა. „მათ ძალიან ეშინიათ ჟურნალისტებთან საუბრის ან საკუთარი საქმეების განსაჯაროების“.

ეს სამწუხაროა. მაშინ როდესაც საქართველო ჩქარობს ააშენოს გზები, პორტები და ტურისტული ადგილები, მთავრობას როგორც ჩანს ავიწყდება, რომ პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მიზანი. სამშენებლო მოედნებით, რომელიც დღეს მთელ ქვეყანაშია გაბნეული, რამდენიმე წელიწადში საქართველო უდაოდ გახდება განახლებული ქვეყანა. მაგრამ რის ფასად?
foreignpress.ge