ვაზი გაიჩეხა და ახლა, მეღვინობის შესწავლის დროც დადგა

ვაზი გაიჩეხა და ახლა, მეღვინობის შესწავლის დროც დადგა

საქართველოში ღვინომანიის ეპოქა იწყება. იმ დროს, როცა ქართულ სოფლებში მევენახეობა ჩამკვდარია და კახელი გლეხი ვენახებს ჩეხავს, დედაქალაქის სავიზიტო ადგილებში ვენახები გაშენდება. ღამით განათებული ვენახები აეროპორტების ირგვლივ, ღვინით სავსე ბოთლები საბაჟოზე შემომსვლელი უცხოელებისთვის, სკოლებში მეღვინეობის დისციპლინის სავალდებულო დანერგვა, - ასეთია მიხეილ სააკაშვილის დავალება.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ მეღვინეობის თეორიულად სწავლება სკოლებში უფრო მარტივი იქნება და გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე - ქართულ სოფლებში მეურნეობის აღორძინება, ამიტომაც, ხელისუფლებამ მარტივი გამოსავალი ნახა ტურისტების მისაზიდად. არადა, ვაზის ისტორიული ქვეყნისთვის - საქართველოსთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა გლეხს საკუთარი შვილისთვის, თეორიასთან ერთად, პრაქტიკულად ესწავლებინა ვაზის მოვლა-პატრონობა (როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა). მით უფრო, რომ გამორიცხული არაა, სკოლებში მეღვინეობის პროპაგანდამ მოზარდი ნაადრევ ასაკში ღვინისადმი დამოკიდებული გახადოს.

საფრანგეთში, რომელიც მეღვინეობის განვითარებით არ ჩამოგვრჩება, მხოლოდ კერძო სკოლებში ასწავლიან ამ საგანს და რამდენიმე კვირიანი კურსები მხოლოდ იმ მოზარდებისთვის ტარდება, რომელთაც მეღვინედ გახდომა სურთ. თუმცა, ფრანგებიც აღიარებენ, რომ ამ საგნის სწავლება მეტად რთულია, რადგან 18 წლამდე მოზარდს ღვინის დაგემოვნების უფლება არ აქვს. სხვანაირად, კი მეღვინეობა არ ისწავლება.

რაც შეეხება ქართველ ექსპერტებს, მეღვინეობის სავალდებულო (და არა ნებაყოფლობითი) სწავლება მათ დამატებით კითხვებს უჩენს. მათ აინტერესებთ, სექტემბრიდან დანერგილი ამ საგნის სწავლება კონკრეტულად როგორ და სად განხორციელდება? სკოლებთან არსებულ მარნებში, თუ  ლაბორატორიებში?! 

სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენს ხელისუფებას სოფლის მეურნეობის განვითარების არანაირი სტრატეგია არ გააჩნია და ყველაფერი, მათ შორის, მეღვინეობის განვითარებაც, პიარზეა აგებული.

„რომელ ღვინის ტექნოლოგიაზეა საუბარი?! ჩვენ ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვართ, ერი უნდა გამოფხიზლდეს. საერთოდ, მთელი პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილი მიმართავს, აგებულია პიარზე და არა - განვითარების პოლიტიკაზე. დიდი მადლობა პიარისთვის, მაგრამ დასრულდა ეს ეპოქა. დღეს რეალური გადაწყვეტლებები გვჭირდება, გადარჩენის პრობლემის წინაშე ვდგავართ. რას ლაპარაკობს? გახსნას ტექნიკუმები სოფლად, სკოლის დასრულების შემდეგ, და იქ ასწავლონ ახალგაზრდებს მეღვინეობა. გაიხედონ, რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მეღვინეობის მაღალ განვითარებულ ქვეყნებში. უკვე საშიში ტენდენცია მიიღო პრეზიდენტის ასეთმა განცხადებებმა“.

პაატა კოღუაშვილის თქმით, სკოლებში მეღვინეობის შესწავლა არ შეიძლება. მეტიც, ეს დაუშვებელი, წარმოუდგენელია, რადგან, სულ მცირე, ლაბორატორიებია საჭირო.

„ბოლოს და ბოლოს, მარანია საჭირო, საითკენ მივდივართ?! ასეთი რამ არ შეიძლება. რა თეორია, რის თეორია? ფრანგები აცხადებენ, რომ მეღვინეობის სწავლებამ, შეიძლება, სკოლებში საფრთხე შექმნას. მართლაც, ეს საფრთხე რეალურია, ხომ უნდა გასინჯონ მოზარდებმა ღვინო, დააჭაშნიკონ?! დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ სააკაშვილი შემოიტანს ახალ საგნებს და ღვინის დამჭაშნიკებლის, ე.წ. სომელიების კურსებს შემოიღებს“. 

ამასთან, ექსპერტი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთ იდეას - ვენახების აეროპორტთან გაშენებას და აცხადებს, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგი დამლაშებულია. ამდენად, იქ ვენახის გაშენება შეუძლებელია.           

მეღვინეობის სპეციალისტი, „მრეწველთა“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, თავისი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, მეღვინეობის სკოლებში დანერგვას მიესალმება.

„ისე არ გამოვიდეს, რომ სკოლაში სასმელის პროპაგანდა გავწიოთ, მაგრამ იმ ძირითადი ტრადიციებით, რაც ვაზისა და ღვინის ირგვლივ არსებობს, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ახალგაზრდას. მე, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი მოტრფიალე, მისი ამაგდარი და მასზე მზრუნველი ადამიანი მივიჩნევ, რომ ამით ახალგაზრდა, კარგი გაგებით, შეიყვარებს ვაზსა და ღვინოს, და არა - ლოთობის გაგებით. ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ იმდენი ისტორიული და სასარგებლო ინფორმაცია არსებობს, რომ ამის სწავლება ახალგაზრდისთვის სასარგებლო იქნება.

პირიქით, სკოლებსა და ინსტიტუტებშიც თუ ისწავლიან ახალგაზრდები ღვინის სმა როგორ უნდა მოხდეს, რა დროს  უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოიხმარონ, და ეს ცივილურ ფორმებში მიეწოდებათ, ცუდი არ იქნება“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე Presage.tv-სთან საუბარში.

მისი აზრით, ალბათ, ხელისუფლება პრაქტიკულ ნაბიჯებსაც მოაყოლებს ამ დარგის განვითარებას. რაც შეეხება აეროპორტის გარშემო ვენახების გაშენებას, ზურაბ ტყემალაძეს ეს იდეაც მოსწონს, რომ არა ერთი პრობლემა - იქ თიხიანი და თაბაშირნარევი ნიადაგია და მაღალი ხარისხის ღვინო, რა თქმა უნდა, არ დადგება. თუმცა, მაინც შეიძლება, ვაზი დაირგოს, რაც თვალისთვის მიმზიდველი იქნება. ზურაბ ტყემალაძე უკეთეს ადგილებს სთავაზობს ხელისუფლებას. კერძოდ, თვითმფრინავი სანამ დაეშვება, თბილისის გარეუბნებში, ძალიან კარგი ადგილებია,  სადაც ნიადაგიც შესაფერისია და კარგი ვენახიც გაშენდება.

„მეღვინეობის გაკვეთილებმა უზომოდ დალევისკენ კი არ უნდა უბიძგოს მოზარდს, არამედ სწორედ იმიტომ უნდა ჩატარდეს, რომ ცუდ სმას არ მიეჩვიოს ბავშვი. ღვინის სმის გაკვეთილები კი არ უნდა ჩატარდეს?! ღვინო ბიოლოგიურად ცოცხალი ორგანიზმია. იგი, როგორც ადამიანი, იბადება, იზრდება, მწიფდება, ბერდება, პერიოდულად ავადმყოფობს  და დაბერების შემდეგ კვდება. ღვინოს ისევე უნდა მოფერება, როგორც ლამაზ ქალსა და ბავშვს. ისე საინტერესოდ შეიძლება ამ საგნის წარმოჩინება, რომ არავითარი ცუდი ამაში არ იქნება. ღვინოს მარტო ასე არ უნდა შევხედოთ - დაასხი-დალიე. თუ ბიოლოგიური მიმართულებით ასწავლი ვაზისა და ყურძნის სიკეთეს, სერიოზული თემა იქნება“.

ზურაბ ტყემალაძის აზრით, მესამე და მეოთხე კლასებში არ უნდა დაიწყოს მეღვინეობის შესწავლა, არამედ - მაღალ კლასებში.

„სკოლის დირექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ეს იდეა ნაწილობრივ პიარზეა გათვლილი, ისევე, როგორც ეს სკოლებში ცეკვის სწავლების დანერგვისას მოხდა.

„ყველა ადამიანს ცეკვის ნიჭი ვერ ექნება, ან მოწოდებით უნდა იყო მოცეკვავე და გინდოდეს, იცეკვო, ან შეიძლება, ამის სურვილი გქონდეს, მაგრამ ფიზიკური აღნაგობა ხელს არ გიწყობდეს. ასე რომ, არა მგონია, ასეთი ინიციატივები რელევანტური იყოს, მაგრამ ამითაც არაფერი დაშავდება. არ ვიცი, როგორ უნდა განხორციელდეს მეღვინეობის სკოლებში დანერგვა. საქართველოში ღვინოს და არაყს ყველა ოჯახში იცნობენ და ნაკლებად მეგულება ოჯახი, სადაც ბავშვს ნანახი არ ჰქონდეს და არ იცოდეს, რა არის ღვინო. ეს პროპაგანდა ნამდვილად არ იქნება, მაგრამ რამდენად საინტერესო იქნება ყველა ბავშვისთვის მეღვინეობის სწავლება, ეჭვი მეპარება. არა მგონია, ყველა ბავშვს სურვილი ჰქონდეს, მომავალში მეღვინეობის ხაზით წავიდეს. გასაგებია, რასაც ემსახურება პრეზიდენტის ეს განცხადება, რაღაც კუთხით პიარზეა გათვლილი. გარკვეულწილად, იმაზეცაა გათვლილი, რომ ღვინო ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა უცხოეთში“, - აღნიშნა თეა თუთბერიძემ Presage.tv-სთან კომენტირებისას.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარებას სულ სხვა მიდგომა სჭირდება და ასე მარტივი არ არის, სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს და არა ისეთს, რაც დღეს გვაქვს. ამიტომაც ამ საგნის თეორიულად წაკითხვა სკოლებში გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება.

„არა მგონია, საბოლოო ჯამში, ამან ისეთი შედეგი გამოიღოს, რაც პრეზიდენტს სურს. გლეხს უფრო ძვირი უჯდება ამ პროდუქციის მოყვანა და ბაზარზე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საზღვარგარეთიდან შემონატანილი ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია. წარმოიდგინეთ, როცა საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოდის პროდუქცია, ტრანსპორტირების ხარჯების მიუხედავად, მაინც უფრო იაფი ღირს, ვიდრე ადგილობრივი პროდუქცია. ამის მიზეზებზე არავინ საუბრობს. მიზეზი კი ისაა, რომ ერთი ფერმერის მიერ მოყვანილი პროდუქცია გაცილებით იაფი შეიძლება იყოს სხვის ტერიტორიაზე, ვიდრე რომელიმე გლეხის ოჯახის მიერ მოყვანილი პროდუქტი საკუთარ ტერიტორიაზე. უხეში შედარებისთვის, როცა სკოლის ბუფეტებში ან ბაღებში მოზარდებისთვის ერთიანად ამზადებენ საკვებს, ეს გაცილებით ნაკლები ჯდება, ვიდრე იმავე რაოდენობის ბავშვებისთვის ინდივიდუალურად მომზადებული საკვები. ამიტომაცაა, რომ ბევრი გლეხი არ ამუშავებს მიწის ნაკვეთს, არ უღირს დამუშავება, რადგან ფიქრობს, უფრო ძვირი დაუჯდება მიწის დამუშავება, მოსავალი კი შეიძლება, საერთოდ ვერ მიიღოს. თუკი ჩვენ გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ფერმერებს და ისინი შემდეგ დაიქირავებენ მუშახელს და დაამუშავენენ მიწას, მათ შეეძლებათ, ერთ სეზონზე რამდენჯერმე მიიღონ მოსავალი, რასაც ქართველი გლეხი არ აკეთებს“, - აღნიშნა თეა თუთბერიძემ.