პრეზიდენტი სააკაშვილი ქართველ ხალხს თავისი რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იდეებითა და ძალიან საინტერესო გამოთქმებით გვანებივრებს. ალბათ, თუ რომელიმე ჟამთააღმწერელს არ დაეზარება და სააკაშვილის ყველა „მარგალიტს“ შეკრებს, საკმაოდ სქელტანიან ნაშრომს მიიღებს. მარტო ის რად ღირს, გაზაფხული რომ „მოიტყვანა“. ლაზიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბათუმის უნივერსიტეტის 50 სართულიან შენობის 49-ე სართულზე „ეშმაკის ბორბალის“ დამონტაჟების იდეა, სააკაშვილის გენიალური იდეების მწვერვალი იყო. ყოველთვის, როცა გგონია, რომ კონკრეტული იდეების გაჟღერების შემდეგ იდეები ამოწურა, ყოველ ჯერზე „იმედს გიცრუებს“ და ისეთს რამეს შემოგთავაზებს, რომ გაოცებისგან პირღიას დაგტოვებს. უკანასკნელი „საინტერესო“ იდეა სააკაშვილმა კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე (ეს ინიციატივა ცალკე მსჯელობის საგანია) გააჟღერა. მან განაცხადა, რომ შექმნის ელექტრონულ მთავრობას, რათა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს ნებისმიერ ჩინოვნიკთან კონტაქტის საშუალება. „ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი (არ ვიცი, რა მოემატება მოცულობაში, რაც არ უნდა დიდი გააკეთო, მაგრამ რაც იქნება) გამოჩნდება შენ წინ. ეს არ არის ფანტაზია“, - განაცხადა სააკაშვილმა. ისე საინტერესოა, რას მოგვიყვება ვირტუალური მინისტრი, მასაც ცხელ-ცხელი დაპირებების დასტა ექნება რიგითი მოქალაქისთვის გამზადებული, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების წევრებს სჩვევიათ? ან რა სახის კითხვებზე გაგვცემს პასუხს? იქნებ ჟურნალისტებიც მასალების მოსამზადებლად ვირტუალურ ჩინოვნიკებთან გადაგვამისამართონ? საინტერესოა, ვირტუალური სააკაშვილიც თუ იარსებებს და ისიც ბუჩქებში გართობისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს, თუ უფრო კორექტული იქნება? მოკლედ, კითხვები ძალიან ბევრია. პასუხის გამცემი კი, ალბათ, ამა თუ იმ ვირტუალური უწყების ვირტუალური პრეს-სამსახური იქნება. presage.tv პრეზიდენტ სააკაშვილის გენიალურ იდეებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრა. რას ფიქრობენ ისინი მის იდეებზე და საერთოდ, რატომ უჩნდება ქვეყნის პრეზიდენტს ამგვარი იდეები? პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ იგი არც ფსიქოლოგია და არც ფსიქიატრი. ამიტომ, ასე ვთქვათ, შორს მიმავალ დასკვნებს ვერ გააკეთებს და სააკაშვილის გონების მეტამორფოზას ვერ ახსნის. როგორც გარეშე დამკვირვებელი კი ამბობს, რომ ამგვარი ნოვაციები სიახლე არ არის. სააკაშვილისგან ასეთ რამეებს შეჩვეულები ვართ და ალბათ, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. „სააკაშვილი ვეღარავის გააკვირვებს თავისი ბოდვითი იდეებით, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში გამოსვლის დროს ქადაგებს ხოლმე. შემდეგ ხდება ამ გამოსვლების ტირაჟირება მთელი საქართველოს მასშტაბით და ზოგჯერ, ადამიანი მოიწყენს კიდეც, თუკი ბატონი სააკაშვილისგან ამგავრ ბოდვით იდეებს ყოველდღიურად არ მოისმენს“, - ამბობ გია ცაგარეიშვილი. მისი თქმით, იმის გააზრება, რასაც სააკაშვილი ამბობს ხოლმე, ძალიან რთულია და ამიტომ სავარაუდოა, რომ საზოგადოება არ უნდა იწუხებდეს თავს იმაზე, რომ „ამ ადამიანის ბოდვით თეორიებს სიღრმისეულად ჩაწვდეს“. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ შეგვიძლია გავიხსენოთ სააკაშვილის მიერ წამოსროლილი ძალიან ბევრი ამგვარი იდეა, რომელიც არ განხორციელებულა და რომელსაც განხორციელება არც ეწერა. „კაცი ამბობს, რომ თავისი მივლინებები შეკვეცა, საზღვარგარეთ აღარ დადის და წარმომადგენლობითი ხარჯები შეამცირა. ამ დროს კი ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მისი აპარატი დედაწულიანად ჩვენი ქვეყნის ხან ერთ წერტილშია, ხან - მეორეში და ხან - მესამეში. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბათუმში ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის გასვლით სხდომაზე და შემსწრე გავხდი იმისა, როგორ დაფრინავდა სააკაშვილი კაკო ჩხაიძის მიერ შევარდნაძისთვის ნაჩუქარი და შემდეგ სააკაშვილის მიერ შევარდნაძისთვის წართმეული ვერტმფრენით. სააკაშვილი ამ ვერტმფრენით მთელი ღამის განმავლობაში დაბალ სიმაღლეზე საშინელი სიჩქარით დაქროდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა უჯდება სახელმწიფოს მისი ვერტმფრენით გადაადგილება, მთელი მისი უზარმაზარი კორტეჟის თანხლებით. ამის შემდეგ ვიხილე, როგორ მობრძანდა იგი „შერატონის“ წინ რაღაც რესტორანში, მთელი ღამე გაატარა იქ და როგორც მითხრეს, დაახლოებით, დილის ექვსი საათისთვის დატოვა იქაურობა. მთელი დაცვა, რომელიც დაახლოებით 100 კაცისგან შედგება, მას გარეთ ელოდებოდა და ადამიანებს პრაქტიკულად ფეხზე მდგომებს ეძინათ. ამასთანავე, ბატონი სააკაშვილი „შერატონში“ საპრეზიდენტო აპარტამენტებში ცხოვრობდა, სადაც ღამე 2000 აშშ დოლარი ღირს“, - ყვება ცაგარეიშვილი. მისი თქმით, როგორც შუა საუკუნეებში მეფეები თავისი სამეფო ამალის თანხლებით მოძრაობდნენ, სწორედ ასე სააკაშვილს თავისი დაცვის, მინისტრების, მეხოტბეების და გუნდრუკისმკმეველების შლეიფი დაჰყვება. ამ გაუთავებელ საჩვენებლ ღონისძიებებში კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. „შემდეგ ხდება ტირაჟირება სააკაშვილის ამ ფანტასმაგორიული იდეებისა, როგორებიც ახასიათებს მსოფლიოს ყველა დიქტატორს. შემიძლია გავიხსენო ჰიტლერის გეგმა ბერლინის გადაკეთების თაობაზე, რომელიც განუხორციელებელი დარჩა. გარწმუნებთ, სააკაშვილსაც განუხორციელებელი დარჩება ბევრი ის ბოდვითი გეგმა, რომელიც მის ავადმყოფურ გონებაში მწიფდება ხოლმე“, - აღნიშნავს გია ცაგარეიშვილი. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ საკმარისი სამედიცინო განათლება არ აქვს იმისთვის, რომ იმ ტერმინოლოგიის და იდეების ამომწურავი ანალიზი გააკეთოს, რომლებსაც უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში პრეზიდენტისგან ვისმენთ. ცისკარიშვილის თქმით, თავისთავად ელექტრონული მთავრობა შეიძლება აუცილებელი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხვა ტიპის კომუნიკაცია შეზღუდულია და ადამიანები ერთმანეთისგან დაშორებულები არიან. „თუ პრეზიდენტმა საკუთარი მთავრობის წევრები ისე მიმოფანტა, რომ ვეღარ მიაგნო, რომელ ქალაქში არიან ისინი განთავსებულები, რასაკვირველია, ელექტრონული ფორმით ურთიერთობა უპრიანი იქნებოდა. თუმცა ასეთი პრაქტიკა, რასაც ჰქვია „ონლაინ-კონფერენციები“ უკვე დიდი ხანია არსებობს და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ადამიანების ერთობლივი აზრის გაგების ან ჩამოყალიბებისას იმართება. რატომ უნდა დასჭირდეს პრეზიდენტს ელექტრონული ფორმით ურთიერთობა, შეიძლება ახსნილი იყოს იმით, რომ თავად პრეზიდენტი საკუთარ სამუშაო ოთახში შესვლას გაურბის და ურჩევნია მთავრობის წევრებს პლაჟიდან თუ მთის კენწეროდან ესაუბროს. ალბათ, ამიერიდან როგორც პრეზიდენტი, ასევე მთავრობის წევრები იქნებიან ჩამოტარებით და რეტროგრადებად ჩათვლიან ყველა იმ პრეზიდენტს, რომელიც საკუთარ აპარტამენტში ჩადგმით არის და იქიდან მართავს საკუთარ ქვეყანას, მას შემდეგ, რაც საკუთარ საწერ მაგიდაზე ჩამოაყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, განსაზღვრავს ამ იდეის ღირებულებას, რეალიზაციის პრესპექტივას და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადებს მის შესახებ. ასეთი ფუფუნება ჩვენ ჯერ არ გვაქვს. ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ მაინც და მაინც, ხალხმრავალ აუდიტორიასთან საუბრისას (არ აქვს მნიშვნელობა ამ აუდიტორიაში საბავშვო ბაღის ბავშვები არიან თუ პენსიონერები) უნდა გაჟღერდეს რაღაც ისეთი იდეა, რომ ნახევარზე მეტმა ვერ გაიგოს, რაზეა ლაპარაკი. ჩვენც ვეჩვევით ასეთ რეალობას და გულგრილად ვეკიდებით თავად პრეზიდენტის იდეებს, რადგან მათი რეალიზაციის ალბათობა ძალიან მცირეა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი. იგი იხსენებს, როგორი დემოკრატიულ მთავრობას გვპირდებოდა პრეზიდენტი, როდესაც სასტიკი დავალება მისცა მთავრობის წევრებს, მხოლოდ მათ თავად ეპასუხათ სამსახურებრივ ტელეფონებზე. „ვიდრე ამ მასალას გამოაქვეყნებთ, მინისტრებთან დარეკეთ მათ სამსახურებრივ ნომრებზე და ნახავთ, ვინ აიღებს ყურმილს. იგივე ბედი ელის ელექტრონული მთავრობის მუშაობას, როცა აღარავინ შემოვა კონტაქტში, თუ ეს უშუალოდ პრეზიდენტის გამოძახება არ იქნება“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი. ექსპერტ გია ხუხაშვილის საერთო შთაბეჭდილება ასეთია - რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პიარ -სამსახურში დაიწყო მუშაობა, რადგან ამგვარი განცხადებებით იგი ისეთი კარგ საქმეს უკეთებს ივანიშვილს, რასაც სხვა ვერ გააკეთებდა. ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილის ყოველი განცხადება არის ახალი მარგალიტი, რომელიც ცალსახად ბიძინა ივანიშვილის პიარზე მუშაობს. ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილის კონკრეტული ინიციატივების ლოგიკური შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია. „რა შეფასება შეიძლება გავაკეთო წინადადებაზე, რომ ღილაკს თითს დააჭერ და იქიდან მინისტრი ამოხტება? რაც შეეხება გიგანტურ პროექტებს, „ეშმაკის ბორბლებს“, ბიბლიოთეკებს, აღარაფერს ვამბობ ლაზიკაზე, ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უკვე შეუძლებელია“, - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის ქმედებების მოტივაცია არის ნაწილობრივ გაცნობიერებული და ნაწილობრივ ქვეცნობიერი ყოვლისმომცველი შიში, რაც მას ასეთი იდეების გენერაციისკენ უბიძგებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ყოველი შემდეგი იდეა განსაკუთრებით ორიგინალურია. ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ საზოგადოება ამას ვეღარ აღიქვამს ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებს. „მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩვენ გაგვიჭირდეს კიდეც არჩევნებამდე მისვლა და რეალური პოლიტიკური ბრძოლა, რადგან ამ მხრივ პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება და ახალი ინიციატივები სულ უფრო და უფრო გაუგებარი ხდება“, - აცხადება ხუხაშვილი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ სააკაშვილი ბოდვებშია. „ნათქვამია, შიშს დიდი თვალები აქვსო, მაგრამ მთლად ამხელა თუ ჰქონდა, ნამდვილად ვერ წარმომედგინა. გულწრფელად ვწუხვარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ნამდვილად არ მეცოდება, რადგან მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მდგომარეობამდე მისულიყო“, - ამბობს თინა ხიდაშელი. მას მიაჩნია, რომ თუ ბოლო ორი თვის განმავლობაში სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლებს ვინმე თვალ-ყურს ადევნებს, მაშინ ნებისმიერ ქართულ იუმორისტულ გადაცემას და ნებისმიერ პოლიტიკურ მულტფილმს ფუნქცია აქვს დაკარგული, რადგან შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილზე მეტი ფანტაზია რომელიმე სცენარისტს ჰქონდეს. |