გუშინ „გერმანულ სახლში“ ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენელმა თეა გოგოტიშვილმა წარადგინა საპატრიარქოს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლების საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლებლივი ნორმების დაცვაზე, ეს კი მოიცავს საჯაროობასა და ჩართულობას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. განცხადების მიხედვით, საპატრიარქო მოითხოვს, რომ საჯარო გახდეს თურქეთსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებული ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ და უზრუნველყოფილი იყოს მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობა. ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე აღნიშნულ განცხადებას სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. ასევე მხარი არ დაუჭირეს საპატრიარქოს ინიციატივას თბილისის ძველ უბანში მდებარე ეკლესიის კონსერვაციის თაობაზე. საპატრიარქოს ინიციატივის წინააღმდეგი სომხური ეკლესიის წარმომადგენელი, ნარეკ კუშიანი იყო. აღსანიშნავია, რომ ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა, შეიხმა ვაგიკ აკბეროვმა პროტესტის ნიშნად დატოვა. აკბეროვი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის თეა გოგოტიშვილის განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც აზიზიეს მეჩეთს ეხებოდა. კერძოდ, გოგოტიშვილმა აღნიშნა, რომ აზიზიე ქრისტიანებს ხოცავდა და მისი მეჩეთის საქართველოში აღდგენა იგივეა, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლების დადგმა. ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით presage.tv თეა გოგოტიშვილს ესაუბრა და ინტერვიუ სწორედ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლის მიერ სხდომის დატოვების მიზეზზე კითხვით დავიწყეთ. თეა გოგოტიშვილმა კი აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე ყურადღებას მაინცდამაინც არ გაამახვილებდა, რადგან ამ შემთხვევაში, იგი საუბრობდა არა საპატრიარქოს, არამედ თავისი სახელით და გამოთქმული მოსაზრებაც მის პოზიციას ასახავდა. თეა გოგოტიშვილი: „მე ჩემი აზრი გამოვხატე და რამდენად შეიძლება ეს საკითხი სადისკუსიო თემად იქცეს, ეს ცალკე საკითხია. ქალბატონო თეა, ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე თქვენ, საპატრიარქოს სახელით თბილისის ძველ უბანში მდებარე ეკლესიის კონსერვაციის საკითხი დააყენეთ, რასაც სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა არ დაუჭირა მხარი. რა იყო მისი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით? - ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია, რისი დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც მე ხელთ მაქვს. ეს არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომლის გარკვეული ნაწილიც რამდენიმე თვის წინ დაიწვა და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნა. შეხვედრაზე მე წარმოვადგინე ეს ვიზუალური მასალა და ვთქვი, რომ რაიმე გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა ნგრევის პირას მისულ ამ ტაძარს გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებოდა. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს ყოფილიყო ინტერრელიგიური ჯგუფის ერთობლივი პოზიცია. არავინ გამორიცხავს, რომ საკონსერვაციო სამუშაოები (რაც არგუმენტად მოიყვანა სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა) რაღაც დონეზე ჩატარებულია, მაგრამ ტაძარი პრაქტიკულად ანტისანიტარიის კერად არის ქცეული, მით უმეტეს ზაფხული მოდის და ის უმძიმეს მდგომარეობაშია. სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა ბრძანა, რომ ეს საკონსერვაციო სამუშაოები დამთავრდა და, რომ ამ ეკლესიას აღარაფერი ესაჭიროება. როდესაც სომხური ეკლესიის წარმომადგენელი ასეთ განცხადებას აკეთებს, ჩემი აზრით, ბუნებრივია, რომ სხვა კონფესიები ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებ ინიციატივას გამოიჩენდნენ. საპატრიარქოს თხოვნას, რომ საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებებმა საჯარო გახადონ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რატომ არ დაუჭირეს მხარი სხვა კონფესიების წარმომადგენლებმა? - მე სწორედ ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რადგან ეს არის ოფიციალური მიმართვა, რომელიც ინტერრელიგიურ ჯგუფზე იყო დაყენებული და ჩვენ გვინდოდა სხვა კონფესიების მიერაც ყოფილიყო მხარდაჭერილი. მიმაჩნია, რომ კანონის ფარგლებში დემოკრატიულობის პრინციპების დაცვის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. კულტურული ძეგლების საკითხებზე სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკების თემა უნდა იყოს საჯარო და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მოლაპარაკებები ეკლესიის ჩართულობის აუცილებლობას ითვალისწინებს. ამ მოლაპარაკებაში კი არათუ ეკლესია არ არის ჩართული, არამედ მას საერთოდ გრიფი საიდუმლო ადევს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთელი რიგი პრობლემების და საზოგადოებრივი ვნებათაღელვის თავიდან ასაცილებლად, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ თემის განსაჯაროება. ელემენტარულად, ირღვევა ადამიანის უფლება, რომ იცოდეს, რა საკითხებზე მიდის მსჯელობა, როდესაც საუბარია ერის კულტურილ ძეგლებზე. რა იყო იმ ადამიანების არგუმენტი, ანუ რატომ არ დაუჭირეს მათ საპატრიარქოს განცხადებას მხარი? - ჩემი აზრით (შეიძლება ეს არ არის ობიექტური აზრი) მათი არგუმენტები არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. შეხვედრაზე იურისტმა წარმოადგინა ქართული კანონმდებლობის შესაბამისი მუხლები, რომლებიც კრძალავენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაიდუმლოებას. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმა ეს საკითხი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ ცალსახად იმის თქმა, უნდა იყოს თუ არა ეს საკითხი საჯარო. სწორედ ეს იყო მათი მოტივაცია, როდესაც ჩვენს მიერ წარმოდგენილ განცხადებას მხარი არ დაუჭირეს. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის საკითხი, რომელიც ჩემი, როგორც მოქალაქის გარკვეული ემოციური რეაგირების წინაპირობა გახდა. შეხვედრაზე იყვნენ ადამიანები (რომელთა ვინაობასაც ამჯერად არ დავასახელებ), რომლებმაც განაცხადეს, რომ მათთვის გასაგებია, რატომაც მოხდა ამ საკითხის გასაიდუმლეობა, ანუ ეს გაკეთდა იმისთვის, რომ აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილება აიცილეს თავიდან. მე ამაზე აბსოლუტურად ადექვატური რეაგირება მოვახდინე და დავსვი კითხვა, რომ თუკი თემა მოითხოვს დისკუსიას და პლურალისტური შეხედულებების წინაპირობას ქმნის, ამიტომ მისი გასაიდუმლოება უნდა მოხდეს-მეთქი? ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ შეიძლება გარკვეული (არა ყველა) რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა ზემოთხსენებული უსუსური არგუმენტი მოიშველიონ იმისთვის, რომ არ დაუჭირონ მხარი ასეთ ნათელ და არასაკამათო თემას. |