დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „რეგიონული მედიის ასოციაციის“ ორგანიზებით რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობოებსა და დიპკორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. „რეგიონული მედიის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ია მამალაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო არასამთავრობოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ პრობლემების შესახებ, რაც რეგიონულ მედიასაშუალებებს წინასაარჩევნო პერიოდში, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ექმნებათ. შეხვედრაზე ასევე მიწვეულები იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, მაგრამ მათგან მხოლოდ უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი მივიდა მედიასთან შესახვედრად და მანაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. შეხვედრის ორგანიზატორის ია მამალაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტები ბევრად მეტია, ვიდრე „რეგიონული მედიის ასოციაციის“ ხელთ არსებული ინფორმაცია. ზეწოლაში კი არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის მუშაობის ხელის შეშლა, არამედ მათთვის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც იგულისხმება. „გვინდა, რომ ჩვენი ადრესატი, პირველ რიგში, იყოს ხელისუფლება, რადგანაც ყველა ის წუხილი, რაც მედიაზე ზეწოლის ფაქტებს უკავშირდება და რასაც ჟურნალისტები უჩივიან, სწორედ ხელისუფლებისკენ არის მიმართული“, - აცხადებს ია მამალაძე. რაც შეეხება რეგიონულ მედიაზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს, ფაქტები ბევრია, მაგრამ შევეცდებით ჩვენს მკითხველს მათ შესახებ ინფორმაცია მოკლედ მაინც მივაწოდოთ. „ახალი გაზეთის“ ინფორმაციით, ქუთაისის მერის, გიორგი თევდორაძის თანხმობის გარეშე, მერიის სამსახურების უფროსები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. უკვე რამდენიმე კვირაა ჟურნალისტებს ინტერვიუების ჩაწერა მას შემდეგ უხდებათ, რაც პრეს-სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის მერთან საკითხებს შეათანხმებენ. როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ჟურნლიასტებთან პირად საუბარში აცხადებენ, ისინი მკაცრად არიან გაფრთხილებულები, რომ მერის ნებართვის გარეშე, მერიიდან არანაირი ინფორმაცია არ გავიდეს. „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებისთვის 12 მარტიდან (ანუ იმ დროიდან, რაც კონტროლის პალატის მიერ მინიციპალიტეტების შენობებში მოქალაქეთა დაკითხვა მიმდინარეობდა), მუნიციპალიტეტების შენობები, პრაქტიკულად, დაიხურა. ჟურნალისტ ჯანა მეგრელიშვილის თქმით, როცა ერთ საჯარო მოხელესთან შესვლისთვის ყველა პროცედურას გაივლის და საშვს მოიპოვებს, იმავე სართულზე, გვერდით კაბინეტში მეორე საჯარო პირთან შესასვლელად ყველაფრის თავიდან დაწყება და მეორე საშვის აღება უხდება და ა.შ. ამავე დროს, სხვა ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობებში უპრობლემოდ გადაადგილდებიან. შენობაში მოქალაქეებსაც არ სთხოვენ საშვებს და ეს მოთხოვნა მხოლოდ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებზე მოქმედებს. გაზეთ „აჭარა P.S.”-ის ინფორმაციით, 6 აპრილს საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო, საცხოვრებლიდან ოჯახების გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ქობულეთში პოლიციის თანამშრომლები, ქობულეთის პოლიციის უფროსის დავით ბეჟანიძის თანდასწრებით „აჭარა P.S.“-ის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს ფიზიკურად შეეხნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და მისთვის ვიდეოკამერის წართმევას ცდილობდნენ. რედაქციის განცხადებით, გადაღებულ მასალაზე ეს ფაქტი გარკვევით ჩანს. გაზეთ „რუსთავის ამბების“ ინფორმაციით, 17 აპრილს ქვეყნის რამდენიმე მინისტრი რუსთავს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეატრისა და კინო „რუსთაველის“ შენობაში გასაიდუმლოებული შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრაზე სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და „რუსთავის კორპუსის“ წარმომადგენლები დაიბარეს და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის დავალებები მისცეს. მერიის პრეს-სამსახურის სრულმა შემადგენლობამ „რუსთავის ამბები“ შეკრებაზე იმ მიზეზით არ შეუშვა, რომ შეხვედრა პარტიული და პრესისთვის დახურულად გამოცხადდა. გაზეთის რედაქტორს, თამარ ბატიაშვილს პრეს-სამსახურის უფროსმა, ნინო კორძაიამ შენობის დატოვება მოსთხოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან რედაქტორისგან უარი მიიღო, საქმეში საკრებულოს თავმჯდომარე, კახა გურგენიძე და ვიცე-მერი, შორენა გარდაფხაძე ჩაერივნენ - თეატრის თანამშრომელი კაბინეტში დაიბარეს და არასასურველი სტუმრის შენობიდან დათხოვნა უბრძანეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. „რუსთავის ამბების“ ინფორმაციით, მსგავსი პრობლემები არ შექმნია ადგილობრივი ტელევიზიის დირექტორს, ხათუნა მამარდაშვილს, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე შენობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტები შენობიდან გააძევეს, თეატრის მიმდებარე სკვერში გადაინაცვლეს და ჟურნალისტებს ფოტოების გადაღებაშიც უშლიდნენ ხელს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდალში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გადაღების უფლება არ მისცეს. შიდა ქართლში გამომავალი „ხალხის გაზეთის“ ფოტოკორესპონდენტს რეზო ნადირაძეს უცნობი პირები მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც ის ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც კარალეთის ჩასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის ინცინდენტია ასახული. ამ მასალაში კარალეთის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი, სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებს. „როგორც კი ეს ვიდეო მასალა გავრცელდა, ჩემს სახლში დარეკა უცხო პირმა და ჩემზე დაიმუქრა, სადაც ვნახავ, ყელს გამოვჭრიო“, - ამბობს ჟურნალისტი რეზო ნადირაძე. 2 მაისს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების შენობაში არ შეუსვეს, ხოლო გაზეთ “P.S.”-ის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე დღეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტს ქრისტინე ქარჩხაძესა და „მეგა TV”-ს ჟურნალისტს ალეკო გვეტაძეს. გაზეთ „P.S.”-ს ჟურნალისტის ნოდარ ჯოჯუას ინფორმაციით, მის მამას დაემუქრნენ, რომ თუ მისი შვილი არ შეწყვეტდა ხელისუფლების კრიტიკას, მას სამსახურიდან გააგდებდნენ. 3 მაისს ქუთაისის მერიის მისაღებში დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შენობაში მათი შესვლა დაცვის მიერ უნდა გაკონტროლდეს. ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ ჟურნალისტებისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე არაფერი იციან. 3 მაისს ფოთში პრეზიდენტის დაცვის ექსვმა წევრმა tspress.geს ჟურნალისტს იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვა და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. შემდეგ კი დაცვამ ჟურნალისტს კამერა დაპირადი ნივთები ეზოში დაუყარა. ამასთანავე, კუთვნილი ნივთები აღების შემდეგ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ კამერაში მეხსიერების ბარათი აღარ იყო და შესაბამისად, მას აღარ ჰქონდა გადაღებული მასალაც. 4 მაისს ქუთაისში, რესტოან „იმპერიალში“ მიმდინარე პარტიული შეხვედრიდან (რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვებოდა) გამოსულმა ნაციონალებმა newspress.ge-ს ჟურნალისტს, თეკლა მორგოშიას ფოტოგადაღება და გარე პერიმეტრზე მოძრაობაც კი აუკრძალეს. ამავე დღეს ზუგდიდში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა „ლაივპრესის“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებს, თამარ ზამთარაიას და ოთო დალაქიშვილს, რომლებიც ზუგიდიდის პროკურატურასთან ინფორმაციის გადასამოწმებლად იყვნენ მისულები, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მათ ვიდეოკამერები წაართვეს და გადაღებული მასალებიც წაუშალეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 6 მაისს, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ოფისში შეიჭრნენ და ჟურნალისტებს პოლიციის აღლუმის გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. დაცვის წევრები ამტკიცებდნენ, რომ რედაქციის აივნიდან აღლუმის გადაღებას პოლიციის პრეს-სამსახურის ნებართვა სჭირდებოდა. |