გაუფასურებული სიცოცხლე

გაუფასურებული სიცოცხლე

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მომსახურების პირობები საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. ვისაც, ბოლო დროს, მართვის მოწმობის აღება მოუწია, ვერ უარყოფს, რომ არც დანგრეულ შენობებში უწევს უაზროდ ყიალი, გულისგამაწვრილებელი ლოდინი და გამზადებული მართვის მოწმობის მისაღებადაც წინასწარ გაფრთხილებენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი მარტივად ხდება.

თუმცა, ეს მხოლოდ  ზედაპირია, მანამდე კი ხდება ისე, როგორც ყველგან - კორუფციის სურნელი აქაც ტრიალებს, მაგრამ უფრო დახვეწილად და რაც მთავარია, კანონიერად.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება აუცილებელია. არ გაქვს მოწმობა, არ გაქვს მანქანის მართვის უფლება. მანქანას თუ ვერ მართავ, ბუნებრივია, ვერც ტარებას სწავლობ, ჰოდა, ხარ ასე, ჩაკეტილი წრეში. ამ ჩაკეტილი წრის გასარღვევად ერთადერთი საშუალება რეპეტიტორთან სიარულია და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი.

რეპეტიტორები, ე.წ. ავტოსკოლის მასწავლებლებია, რომელიც სწავლების პროცესში მხოლოდ რამდენიმე ელემენტის ახსნით შემოიფარგლება. ხუთ გაკვეთილში უნდა ჩატიო  ხუთი ელემენტი, რომლის შესასწავლად 45 წუთი გაქვს გამოყოფილი.  თუ ეჭვობ, რომ 5 გაკვეთილი არასაკმარისია, დამატებიითი  საათებიც შეგიძლია დაიმატო. ერთი გაკვეთილი 15-25 ლარამდე ღირს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რამდენი გაკვეთილიც არ უნდა გაიარო და მოედანზე პროფესიონალად რომ ჩამოყალიბდე, პარკირებისა და აღმართზე მანქანის დაძვრის გარდა სხვას ვერაფერს სწავლობ.

მთავარია, სწორედ ეს ელემენტები შეასრულო გამოცდაზე უშეცდომოდ და მართვის უფლება შენია, მაგრამ მანქანის  მართვის რა მოგახსენოთ, ამ სწავლების კურსის იმედზე ქალაქში მანქანით გასვლას, თუ საკუთრი სიცოცხლე რამედ გიღირს, - ვერ გაბედავ.

ცალკე თემაა რუსთავში გამოცდის წინ 4-5 საათიანი ლოდინი, როცა საჭეს ფსიქოლოგიურად და მორალურად გატეხილი უჯდები. შენს წინ გამსვლელი 200 ადამიანიდან, მაქსიმუმ 5-10 ადამიანი თუ აბარებს გამოცდას და, მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებსაც (როგორ მოახერხეს გაუგაბერია) მანქანის მართვის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად გულგრილია ავტოსკოლების მიმართ, რომლის უმრავლესობაში მასწავლებლად ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც სწავლებასთან საკმაოდ მწყრალად არიან.

როგორც ჩანს, სწორედ ესაა ხელისუფლების მიზანი - რაც მეტი ადამიანი ჩაიჭრება გამოცდაზე, მით უფრო მეტი ფული შედის ბიუჯეტში. იმისათვის, რომ მართვის მოწმობის ჩასაბარებელ გამოცდაზე გახვიდე, სახელმწიფო ბიუჯეტში 57 ლარი უნდა გადაიხადო. თუკი თეორიულ გამოცდას ჩააბარებ, პრაქტიკული გამოცდაზე ხუთჯერ გასვლის უფლება გეძლევა, მაგრამ თუ ხუთჯერვე ვერ ჩააბარე გამოცდა, მაშინ უკვე განმეორებით გიწევს თეორიული გამოცდის ჩაბარებაც და შესაბამისი თანხის გადახდაც.

თუმცა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თავად ის პრაქტიკული გამოცდა, რომელსაც მართვის მოწმობის ასაღებად აბარებ, პრაქტიკულად არაფრის მომცემია, ანუ ამ გამოცდით ვერანაირად ვერ შეფასდება კონკრეტული გამოსაცდელი პირის ქალაქის პირობებში მანქანით მოძრაობის შესაძლებლობები. შედეგად, ხშირად ვხდებით იმის მომსწრე, რომ მართალია, ადამიანს აქვს მართვის მოწმობა, მაგრამ საერთო გზებზე სიარულისთვის იგი აბსოლუტურად არ არის მზად. ყველაფერი ეს კი საგზაო უსაფრთხოებაზე აისახება და უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ხდება.

მანქანის მართვის მოწმობა, რომ მზითვებისთვის გჭირდებოდეს, კიდევ არა უშავს, მაგრამ როცა გამოუცდელი მძღოლი, რომელსაც გამოცდების დროს, შემთხვევით გაუმართლა და მართვის მოწმობა აიღო, საკუთარს და რაც მთავარია, სხვის სიცოცხლეს რომ საფრთხხეს უქმნის, ეს არავის ანაღვლებს.  

აღნიშნულ საკითხზე presage.tv-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი შალვა ოგბაიძე ესაუბრება.  

შალვა ოგბაიძე: „ეს თემა არის იმ დიდი სფეროს შემადგენელი ნაწილი, რასაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსი ჰქვია, ეს არის მოძრაობის ორგანიზება, გზა, საავტომობილო პარკი, მძღოლის განსწავლულობის ხარისხი და რა თქმა უნდა, განათლების ის სეგმენტი, რომელიც ავტომობილის უსაფრთხოდ მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას ემსახურება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის იმ ადამიანების განათლება, რომლებიც გზის ინფრასტრუქტურით სარგებლობენ. ჩვენი ბავშვობის დროს, საბავშვო ბაღიდან ვსწავლობდით ქუჩაში გზებზე მოძრაობის წესებს. ეს შეეხება როგორც ქვეითს, ასევე, რა თქმა უნდა, დიდწილად ავტომობილის მძღოლებს.

თუ ჩვენ რაიმე კრიტიკული შენიშვნა გვაქვს ამ სფეროსადმი, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს მართვის მოწმობების გაცემის ადრინდელი სისტემა გვერჩივნა. მინდა გავმიჯნო ორი ნაწილი - პირველი არის მართვის მოწმობის აღების პროცედურა, რომელიც ჩვენთან მართლაც ძალიან კომფორტულია და შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოც, რადგან ამ სფეროში მომსახურება ძალიან დაიხვეწა.

მეორე ნაწილი არის მძღოლისათვის ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომ მას გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილება შეეძლოს. ამ ნაწილთან დაკავშირებით კი საკმაოდ ბევრი შენიშვნა გვაქვს.

ავტომობილის დაძვრის, გაჩერების და ასევე აღმართზე გაჩერებისა და დაძვრის ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განისაზღვროს, შეუძლია თუ არა ადამიანს საერთო დანიშნულების გზებზე გადაადგილება, აღარაფერს ვამბობ საცობით გადატვირთულ გზებზე და ჩქაროსნულ გზებზე გადაადგილებაზე. ეს არის მთავარი პრობლემა.

ხელისუფლებამ ამ ბოლო დროს, მე ვიტყოდი შეგნებულად მოსპო განათლების ის სფერო, რომელიც ავტომობილის კვალიფიციური მძღოლის გამოშვებას ემსახურებოდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ანუ რამდენიმე ტრადიციული ავტოსკოლის გარდა, საქართველოში ძირითადად რეპეტიტორულ სწავლებაზე არიან გადასულები, ანუ სწავლებაზე, რომელიც ორიენტირებულია მართვის მოწმობის სწრაფად აღებაზე და არა რეალურად ცოდნის შეძენაზე. ეს ორი ცნება აბსოლუტურად სხვადასხვაა.

შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ამას გარკვეულწილად სოციალური კორუფციის სუნიც უდის, რადგან ხელისუფლებისთვის მთავარია, ამომრჩევლის კეთილგანწყობა მოიპოვოს და არ დაგიდევს, რომ ის ადამიანი დიდი რისკის ჯგუფში ექცევა. როგორ წესი, საჭესთან დაჯდომიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, ათი ასეთი ადამიანიდან რვა ამა თუ იმ ხარისხის საგზაო შემთხვევის მსხვერპლი ხდება. პრაქტიკულად, მართვის მოწმობით აღჭურვილი ასეთი ადამიანი თავის ავტომობილზე იწყებს საერთო დანიშნულების გზებზე პრაქტიკის მიღებას და სწავლის დაწყებას.

შეგიძლიათ პარალელები გაავლოთ საქართველოსა და განვითარებულ ქვეყნებში მართვის მოწმობის აღების მექანიზმებს შორის?

- presage.tv-ს მკითხველს შევახსენებ, ფილმებში, ალბათ, ბევრჯერ უნახავთ, რომ როდესაც ადამიანი გამოცდაზე გადის, მას გვერდზე უზის ინსტრუქტორი, რომელიც 45 წუთი განმავლობაში გამოსაცდელს ატარებს ქალაქის ქუჩებში საერთო დანიშნულების გზაზე, თავისთვის რაღაცეებს ინიშნავს და ამის შემდეგ მას გამოაქვს ვერდიქტი, გამოსაცდელმა ჩააბარა თუ ვერ ჩააბარა გამოცდა. სხვათაშორის, ეს პედაგოგები არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნდობის ხარისხი გააჩნიათ, რომ მათ ეს გამოცდები ჩაატარონ, ანუ ისინი არიან კვალიფიციური ინსტრუქტორ-პედაგოგები, რომლებსაც ასევე გამოცდის ჩატარების უფლება აქვთ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში „ჩაწყობა“ გამორიცხულია, რადგან ეს ადამიანი პირველივე ასეთი შემთხვევისათვის დაკარგავს სამსახურს, დაკარგავს თავისი შემოსავლის წყაროს, რომლითაც ის ღირსეულად ცხოვრობს და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შესაძლოა, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. პრაქტიკული გამოცდის თვალსაზრისით, ეს განსხვავებაა ჩვენსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის.

თქვენ ამბობთრომ მართვის მოწმობით აღჭურვილი ადამიანი საკუთარი მანქანით იწყებს პრაქტიკის გავლას საერთო გზებზეხომ არარის ეს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი?

- თქვენ რაზეც სვამთ კითხვას, ეგ არის შედეგი, მიზეზი კი არის კვალიფიკაციის უქონლობა. წარმოიდგინეთ, უმაღლესმა სამედიცინო სასწავლებელმა გადაწყვიტოს, რომ თუ მსმენელი ინტერნეტით შეიწავლის თეორიას, თუ ეცოდინება ნარკოზის გაკეთება და ვთქვათ ელემენტარულად ნემსის გაკეთება, ეგრევე მისცეს მას ქირურგის დიპლომი. მოგეხსენებათ, ქირურგობას სჭირდება პრაქტიკა და გარკვეული ვადა. ასევე სჭირდება იმ სპეციალობას, რომელსაც ავტომობილის უსაფრთხოდ ტარების სპეციფიკა ჰქვია, ანუ მძღოლის წოდებას. ეს არის დამატებითი სპეციალობა, რომელიც საკმაოდ სახიფათოა სიცოცხლისა და ჯანრმთელობისათვის, თუკი ადამიანმა არ იცის უსაფრთხოდ ტარების ნორმები. ამიტომ, ასეთი ფორმით, პრაქტიკის გარეშე მართვის მოწმობის გაცემა, როგორც წესი, ბადებს რისკ-ჯგუფის გაჩენას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ათი ასეთი ადამიანიდან რვა, საჭესთან დაჯდომიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სიმძიმის ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი ხდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით, ძალიან პასიურობენ სადაზღვევო კომპანიები. ისინი დაინტერესებულები უნდა იყვნენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ისინი ავტომობილებს უზღვევენ, ჰქონდეთ ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის მაღალი დონის უნარ-ჩვევები. ამიტომ მათ ყველანაირად უნდა წაახალისონ ისეთი აქტივობები, რომლებიც ავტოსკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებას მოემსახურება.