კიპაროსების სკანდალი (VIDEO)

კიპაროსების სკანდალი (VIDEO)

თბილისის მერია კომპანია „გრინ სერვისთან“ 120 ძირი კვიპარისის შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს აუქმებს. „გრინ სერვისის“ საქმე, გიგი უგულავას ინიციატივით, სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცა. საქმე ეხება მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერიის მიერ ოთხმეტრიანი კიპაროსის ნერგებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერს. 

მერიის ინფორმაციით, 120 კიპარისის ნერგი და თანმდევი მომსახურება 225 000 ლარად ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრინ სერვისისგან“ იქნა შესყიდული, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანიის მიერ აღნიშნული შესყიდვის ფასის ადექვატურობასთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ეჭვი გამოთქვა, მერიამ საკითხის მოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ სატენდერო პროცედურების დაცვის მიუხედავად, კომპანია „გრინ სერვისმა“ პროდუქციის შესყიდვა ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად მოახდინა, რაც მის მიერ მერიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული არ იქნა. 

„აღნიშნული გულისხმობს, რომ კომპანია „გრინ სერვისმა“ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა. საკითხი სამართალდამცველ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება. თბილისის მერია კი კომპანია „გრინ სერვისთან“ ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს აუქმებს“, - აცხადებენ მერიაში.

გაუქმებული მომსახურებების ხელახალ შესყიდვაზე ტენდერი 10 მაისს  გამოცხადდება. გამარჯვებულების გამოვლენისთანავე, თბილისის მერია კომპანია „გრინ სერვისთან“ ყველანაირ საქმიან ურთიერთობას შეწყვეტს. ამასთან, თბილისის მერის ინიციატივით, მსგავსი პრეცედენტების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მერიაში სპეციალური განყოფილება შეიქმნება, რომელიც შესასყიდი პროდუქციის ობიექტურ, საბაზრო ღირებულებას შეისწავლის და მას მკაცრად გააკონტროლებს.

როგორც იტყვიან, გვიანია სინანული და იდაყვზე კბენანიო. ჩვენი ჯიბეებიდან შევსებული თბილისის ბიუჯეტიდან ამ ყბადაღებული კვიპაროსების შესაძენად 225 000 ლარი უკვე გაიხარჯა და ეს არ არის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ერთადერთი ტენდერი, რომელიც კომპანია „გრინ სერვისმა“ მოიგო. მანვე შეასრულა ავლაბარში ვერტიკალური ბაღის მოწყობა, რუსთაველის გამზირის გამწვანება, ყვარლის ტბის სასტუმრო კომპლექსის გამწვანება, სასტუმრო „რედისონის“ გამწვანების სამუშაოები და კიდევ მრავალი სხვა პროექტი.

კომპანიის დამფუძნებლები კი არიან ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ასევე ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე. ამიტომ, მათი კომპანიის მიერ მოგებული ტენდერები არაერთხელ მოექცა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში, მაგრამ აქამდე თბილისის მერია რატომღაც ყურსაც არ იბერტყავდა მედიაში გაშუქებული ინფორმაციების შემოწმებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ „დაინტერესდა“ უგულავას უწყება „გრინ სერვისის“ საქმიანობით სწორედ ახლა, როდესაც ხელისუფლება აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და როდესაც პოლიტიკურ არენაზე მისი სერიოზული კონკურენტი, ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს.

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ლაშა ფურცხვანიძის ძველი თბილისის გამგებლად დანიშვნისთანავე, ცნობილი გახდა, რომ იგი უგულავას კადრი იყო, მაგრამ მოგვიანებით, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და ფურცხვანიძემაც თანამდებობა დატოვა. მაშინ მისი და მისი მოადგილეის კობა ხარშლაძის თანამდებობებიდან დათხოვნის შემდეგი ვერსია განიხილებოდა - ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ საკუთარ სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები ე.წ. „ჟუჩოკები” აღმოაჩინეს, რამაც გიგი უგულავასთან მათი დაპირისპირება გამოიწვია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი მათი კომპანია „გრინ სერვისის“ მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობაზე არ ასახულა.

მაშინ ითქვა, რომ უგულავა მოერიდა „ჟუჩოკების“ და ამ დაპირისპირების ამბის გახმაურებას და ფურცხვანიძეს და ხარშილაძეს მათი კუთვნილი კომპანიის მიერ ტენდერებში უპირატესობის მინიჭებით მათ მსუყე ლუკმა გადაუგდო, რათა ისინი ჩუმად ყოფილიყვნენ. მათაც კარგად ისარგებლეს ამ ვითარებით და ხელიც კარგად მოითბეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ყველაფერი ეს გულისხმობს, რომ აქედან თანხებს გიგი უგულავაც მიიღებდა.

„ჩვენს ხელისუფლებაში მოკალათებული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, იღებენ როგორც ოფიციალურ ანაზღაურებას ხელფასის სახით, ასევე ისინი ღებულობენ იმ თანხებს, რომლებიც კორუფციული ტენდერებით ერგებათ. ამიტომ, თავისთავად ის, რომ ფურცხვანიძე მუშაობდა ძველი თბილისის გამგებლად და თუ გახსოვთ ერთი პერიოდი ტელეეკრანებზე ძალიან აქტიურად ჩანდა, ეს ავტომატურად გულისხმობდა თავის თავში იმას, რომ იგი იღებდა ე.წ. „ლევს“. აქვე ერთ რამესაც გეტყვით, კორუფციული წესების მიხედვით, რა თქმა უნდა, აქედან თანხებს ღებულობდა გიგი უგულავაც. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - აცხადებს კახა კუკავა presage.tv-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ის, რომ ძველი თბილისის გამგებელს მოგებული ჰქონდა ტენდერი ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. კუკავა ამბობს, რომ როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ფურცხვანიძეც და უგულავაც ციხეში უნდა ჩაჯდნენ და სახელმწიფოს უნდა აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი.

„არ ვიცი კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი, მაგრამ გასაგებია, რომ არა 20 ლარზე, ეს რა თქმა უნდა არის კოლოსალური თანხები. როდესაც ასეთი მსხვილი თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან ნაცნობ-მეგობრობით გაიცემა, ეს რა თქმა უნდა, მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულია“, - ამბობს კუკავა.

თუკი ამ ტენდერებით ორივე მხარე კმაყოფილი იყო, რა მოხდა ახლა? ჩვენი უახლოესი წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ორი ვერსია განვიხილოთ. პირველი ვერსიით, შესაძლოა, მთელი ეს აურზაური მხოლოდ პიარია და გიგი უგულავამ, რომელმაც განაცხადა, რომ მასალებს შესასწავლად პროკურატურას გადასცემს, სულაც დაივიწყოს ეს ამბავი და მთელი ეს ისტორიაც, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი ბევრი სხვა უკანონობა, დავიწყებას მიეცეს.

მეორე ვერსიით, უგულავა უბრალოდ არასასურველ „მოწმეებს“ იშორებს და იმ აურზაურისთვის შურისძიებაა, რაც მას თავის დროზე ფურცხვანიძემ აუტეხა. შესაძლოა, ტენდერებში მოგებით და ფულის კეთების საშუალების მიცემით, უგულავამ ფურცხვანიძესა და ხარშილაძეს ისეთ ჭაობში შეატოპინა, საიდანაც მშრალად ამოსვლა მათ ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ იმის მომსწრე, როგორ წირავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თავისივე გუნდის წევრებს პირადი მოტივების გამო. ამდენად, შესაძლოა, უგულავამ მართლაც გაწირა ფურცხვანიძე, თუმცა პირველ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება და შესაძლოა, ეს ყველაფერი მხოლოდ პიარი და ყველასთვის იმის დანახვებაა, როგორ ებძვის ხელისუფლება კორუფციას საკუთარ რიგებში.