მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავი თურქულ კომპანიას 1 ლარად მიჰყიდეს

მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავი თურქულ კომპანიას 1 ლარად მიჰყიდეს

პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი მურმან დუმბაძე presage.tv-სთან საუბრისას, კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბათუმში, თეატრის უკანა მხარეს არსებული ტერიტორია - თავისუფლების მოედანი, სადაც გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავებია, აჭარის მთავრობამ თურქულ კომპანიას 1 ლარად მიჰყიდა.

მურმან დუმბაძე: ცნობილია, რომ 2011 წლის დეკემბერში თვითმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - თავისუფლების მოედანი (3 000 კვადრატული მეტრი), ბათუმის საკრებულომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. მოგეხსენებათ, რომ ეს ის ტერიტორიაა, სადაც დაკრძალულნი არიან 1921 წლის მარტში ბათუმისათვის დაღუპული მაზნიაშვილის მებრძოლები.

9 მაისს, გვიან საღამოს, როცა ქალაქს ეძინა, ეს ოთხკუთხა მოედანი ორი მხრიდან შემოღობეს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას აპირებენ.

მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავებიც მოჰყვა ამ შემოღობილში?

- ჯერჯერობით, ამ ოთხკუთხა მოედნის ოთხივე მხარე შემოღობილი არ არის, მაგრამ, როგორც გითხარით, ორი მხრიდან შემოღობეს და ამ წუთისთვის გოგებაშვილისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩებიდან საფლავი აღარ ჩანს.

გამოკრულია თუ არა აბრა, ან ხომ არ გიცდიათ ოფიციალური კუთხით გაგერკვიათ რა ხდება?

- რამდენიმე კვირის წინ აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან ერთმა ღირსეულმა ქართველმა, რომელიც საკმაოდ დიდ თანამდებობაზეა, ოფიციალური დოკუმენტი მოგვიტანა, რომლითაც დასტურდება, რომ 2012 წლის იანვარში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თურქულ კომპანია შპს „სისტემ ინშაათს“ შორის, რომლის დირექტორია ბურაქ ბაშლილარი, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 3 000 კვადრატულ მეტრ მიწაზე საკუთრება მიიღო აღნიშნულმა თურქულმა კომპანიამ.

ამ წერილში ჩანს, რომ „სისტემ ინშაათი“ ივალდებულებს თავს ამ ტერიტორიაზე ააშენოს და ექსპლოატაციაში შეიყვანოს 40-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა.

ამ დოკუმენტში წერია რის სანაცვლოდ მიიღო თურქულმა კომპანიამ თავისუფლების მოედანი?

- ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩანს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ თავისუფლების მოედანი თურქულ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად გადასცა.

რადგან ამ ტერიტორიას ღობე შემოავლეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ განზრახულობაში მოჰყავთ ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლი, რომ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე უნდა დაიდგას 40-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა.

საქართველოს მთავრობა ქუჩებსაც ყიდის, სკვერებსაც ყიდის, თავისუფლების მოედანსაც ყიდის და ამ თავისუფლების მოედანზე არსებულ სასაფლაოსაც ყიდის. ამ დოკუმენტით დამტკიცებულია, რომ თავისუფლების მოედანი, სადაც მაზნიაშვილის მებრძოლები განისვენებენ, გაყიდულია.

მას შემდეგ, რაც 9 მაისს იქაურობას ღობე შემოავლეს, 10 მაისს რამდენიმე ათეული ადამიანი სპონტანურად შევიკრიბეთ, მასმედია მოვიწვიეთ და აჭარის მთავრობასა და განსაკუთრებით ზემოხსენებულ თურქულ კომპანიას საჯაროდ მივმართეთ, რათა ხელი აიღონ ამ უკანონო განზრახულობის სისრულეში მოყვანაზე.

თორემ რას იზამთ?

- თორემ იმას ვიზამთ, რომ ჯერ ერთი, ამ პროტესტის და შეკრებების ორგანიზება და გაგრძელება შეგვიძლია და ამასთან, უახლოეს თვეებში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია, რის შემდეგაც აღნიშნული ტერიტორიის დეპრივატიზაცია მოხდება. კანონი პრიოვატიზების შესახებ სკვერების, მოედნების და ქუჩების გაყიდვას კრძალავს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისუფლების მოედანი გაყიდეს, ის ტერიტორია, სადაც მამულიშვილთა საფლავებია. საფლავის გაყიდვა არც ერთ კანონში არ წერია.

ცნობილია თუ არა თქვენთვის როგორია სხვა პოლიტიკური პარტიების, ორგანიზაციების პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მე ვიცი არა მარტო პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების,  არამედ მთელი ქალაქის განწყობა - ბათუმი კატეგორიული წინააღმდეგია ამ ტერიტორიაზე რაიმე მრავალფუნქციური შენობის აშენდეს. თავისუფლების მოედანზე იმ ადამიანების საფლავია, რომლებმაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ბათუმი საქართველოს შეუნარჩუნეს. ამ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სკვერი და მეტი არაფერი! ეს არის ბათუმელთა განწყობა.