ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ სააღდგომოდ შეწყალებულ პატიმართა უმეტესობას ხელისუფლება საარჩევნო პერიოდში გამოიყენებს და მათი ნაწილით ზონდერბრიგადებს დააკომპლექტებს, ნაწილს კი მოსახლეობასა და ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისკენ მიმართავს. Presage.tv მამუკა ნოზაძეს ესაუბრა. მამუკა ნოზაძე: სააღდგომოდ ბევრი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით შეიწყალეს. სწორედ ამ ადამიანების გამოყენებას აპირებენ არჩევნებისთვის. შემიძლია კონკრეტული გვარის დასახელებაც, ეს გახლავთ აკაკი კახაძე, რომელსაც საპროცესო გარიგება გაუფორმეს, მან ერთ-ერთი ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი დანაშულში ამხილა, სანაცვლოდ, მისი გამოყენება გადაწყვიტეს. პროკურატურის მიერ შეღავათი იმ მიზნით განხორციელდა, რომ კახაძე არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენოს. სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებ, რომ იგი გაყალბების მიზნით ზონდერბრიგადის ერთ-ერთ წევრად არის ჩარიცხული. აკაკი კახაძეს ბრალი ჰქონდა წარდგენილი თაღლითობისთვის, მის მიმართ შერაცხული ბრალი უშუალოდ საქმის მასალებითაც დასტურდებოდა. მან აღიარა კიდეც დანაშაული, მიუხედავად ამისა, მის მიმართ შეღავათი განხორციელდა და იგი დარბაზიდან გათავისუფლდა. მაშინ, როცა უამრავი ადამიანი უმნიშვნელო, ასლარიანი თანხის გამო თაღლითობისთვის არის მსჯავრდებული, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არანაირი შეღავათი არ ხორციელდება და ყველა მათგანს ხანგრძლივი პატიმრობის ვადა ეძლევა. საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, პრეზიდენტის კანცელარია სააღდგომოდ შეწყალებულთა სიას ასაიდუმლოებს. ამ დროს კი ისეთი პირები შეიწყალეს, რომლებიც პოლიციასთან დაახლოებულნი, ან პოლიციის ოჯახის წევრები არიან. მათი შეწყალება მხოლოდ იმის სანაცვლოდ მოხდა, რომ ეს ადამიანები აქტიურად იქნებიან ჩარეულნი საარჩევნო პროცესებში - ეს იქნება დაშინება, გაყალბება, შანტაჟი და ა.შ. საზოგადოებამ ისედაც იცის, თუ რის სანაცვლოდ უშვებენ ციხიდან მათ ახლობლებს ან მეზობლებს. ძირითადად, შეწყალება ხდება პოლიციის და პროკურატურის უშუალო მითითებით. ამიტომ, არჩევნების პროცესში ოპოზიციურ პარტიებს ყურადღება მართებთ ამ ადამიანების მხილების მიზნით, რათა ამ მოტივით შეწყალებული ადამიანები გამჟღავნდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ კრიმინალური მენტალობის ადამიანებზეა დაფუძნებული, წინა არჩევნებშიც აქტიურად ხდებოდა კრიმინალების გამოყენება არჩევნების გაყალბებისა და მოსახლეობის დაშანტაჟების მიზნით. თქვენ კონკრეტული ფაქტის შესახებ ბრძანეთ, მაგრამ ბოლო დროს გათავისუფლებულთა შორის რამდენი პროცენტი იქნება საარჩევნო მოტივით გათავისუფლებული? - უმეტესობა, 80% სწორედ ამ მიზნით არის გათავისუფლებული, რადგან არათუ შეწყალება, არამედ ვადაზე ადრე გათავისუფლებაც კი არ ხდება პოლიციის და პროკურატურის ნებართვის გარეშე. ანუ, თუ ხელისუფლება არ მიიღებს მყარ გარანტიას, რომ ის ადამიანი, რომელსაც ათავისუფლებს, ან მისი ოჯახის წევრი არ დაეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“, არც გამოუშვებენ. შემიძლია, დავასახელო კონკრეტული პიროვნებები, რომლებსაც ექვსი თვე აქვთ დარჩენილი და, კანონის თანახმად, ყველანაირად ეკუთვნით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის გათვალისწინებული შეღავათი - ოჯახური მდგომარეობის, ავადმყოფობის გამო, მაგრამ ხელისუფლების მიერ შეღავათი ამ პიროვნებების მიმართ ხორციელდება. ეს შეღავათი მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით ვრცელდება, თუ როგორ მოხერხდება მათი ჩართვა არჩევნების გაყალბებაში. ისინი სპეციალურ ინსტრუქტაჟს უტარებენ ამ ადამიანებს, ჟურნალისტებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით. დანარჩენ 20 %-ში კი, რომლებიც გაათავისუფლეს, შედიან ის პიროვნებები, რომლებსაც ისედაც ცოტა ხანი, სულ რაღაც 2-3 თვე ჰქონდათ დარჩენილი, რაც ხელისუფლებას სტატისტიკისთვის სჭირდება, რომ თურმე ამდენი პატიმარი შეიწყალეს და, რომ ისინი ძალიან ჰუმანურები არიან. ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ ამ ადამიანების ვინაობის გასაიდუმლოება იმ მოტივით ხდება, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი და, ამდენად, არ არის სასურველი მათი გამოაშკარავება. - მათ მიმართ განაჩენი გამოტანილია საქართველოს სახელით. მათ მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი და ეს არ არის პირად საიდუმლოებას განკუთვნილი ინფორმაცია. კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ხელისუფლებას შეუძლია, გაასაიდუმლოოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირადი, კომერციული ან სახელმწიფო საიდუმლოებაა. შეწყალების დროს ამ ადამიანების ვინაობის გასაიდუმლოება კი არცერთ ამ ჩამონათვალში არ ჯდება. პრეზიდენტის მიერ კონკრეტული ადამიანის შეწყალება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხდება და ეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებაა. შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის საიტზე ისედაც უნდა გამოქვეყნდეს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ შეწყალების დროს ინდივიდუალურ პრიორიტეტს არ ენიჭება უპირატესობა, რადგან ეს არის ჰუმანური აქტი და არანაირ საიდუმლოებას არ განეკუთვნება. გათავისუფლებული ადამიანები მაინცდამაინც გულახდილნი არ არიან. ალბათ, გაგიჭირდებოდათ იმ ინფორმაციის მოპოვება, რომ გათავისუფლებულ ადამიანებს საარჩევნოდ გამოიყენებენ. - რამდენიმე ასეთი პიროვნება ვიცი, უბრალოდ, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ. ერთი მათგანი ნარკოტიკებისთვის იყო ნასამართლევი და ოთხ წელზე მეტი აპატიეს. უშუალოდ ვიცნობ იმ პიროვნებებს, რომელთა შეწყალებაც მოხდა. ამიტომ, პირველწყაროზე დაყრდნობით ვაცხადებ ამას. თუ გამოძიება დაიწყება, შემიძლია მივაწოდო ის კონკრეტული გვარები და სახელები, რომლებიც ამ მოტივით შეიწყალეს. მაგალითად, დეკემბერში ერთ-ერთი პიროვნება მკვლელობის მიუხედავადაც შეიწყალეს. იგი 108-ე მუხლით იყო გასამართლებული, სულ მისჯილი ჰქონდა 15 წელი და პატიმრობის რვა წლისთავზე გაათავისუფლეს. მას რომ შევეკითხე, თუ რის საფუძველზე გაუშვეს, მხრები აიჩეჩა, პასუხი არ ჰქონდა. ეს ამბავი გორში მოხდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას მისი გამოყენება არჩევნებისთვის სურს. თუმცა მათ ვინაობას პირადი და საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვერ დავასახელებ. ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეულ ეტაპზე მათ დაცვას ვახორციელებდი და ადვოკატთა შესახებ კანონი მიკრძალავს მათ დასახელებას. ალბათ, ამ პიროვნებებისთვის სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნა ტრაგიკულია. მათ ხომ სათავისოდ იყენებს ხელისუფლება? - ბუნებრივია, მათთვისაც ეს მტკივნეულია. მათთვის უხერხულია, რომ შეღავათის სანაცვლოდ, გარკვეულ თანამშრომლობას დათანხმდნენ. დღევანდელ პირობებში, 21-ე საუკუნეში, როდესაც კომუნიკაციის შესაძლებლობა მაღალ დონეზეა, არ არსებობს იმის მყარი გარანტია, რომ მათი ქმედებების გამომჟღავნება და გაშიფვრა არ მოხდება. არჩევნების დროს, როცა გარკვეული პიროვნებების აქტიურობა დაფიქსირდება, ცხადია, ყველა დაინახავს, თუ რის საფუძველზე გააათავისუფლეს ისინი, ყველამ მაინც ყველაფერი იცის. ასე რომ, მოხდება მათი ფიქსაცია ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით და გაირკვევა, თუ მათი მიზანი რა არის, რატომ სჩადიან უკანონობას, რატომ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსახლეობაზე, ჟურნალისტებზე, რატომ აშანტაჟებენ ადამიანებს. ამდენად, ასეთი ადამიანები ორ წყალს შორის არიან, მათთვის მთავარია თავისუფლება. თუმცა, ამავე დროს, შეიძლება, მათი ქმედება მხილებულ იქნას, რაც მათთვის და მათი ოჯახისთვის მტკივნეული იქნება. ისინი ვერც იმ პირობას შეასრულებენ, რაც ხელისუფლებას მისცეს და, ამასთან, საზოგადოებაში მათი დისკრედიტაციაც მოხდება. ჟურნალისტებზე ზეწოლის მხრივ კი ის ფაქტი მახსენდება, როცა გორში, დევნილთა დასახლებაში, მივიდნენ ადგილობრივი ჟურნალისტები და რამდენიმე ადამიანმა მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება მათ არ მისცა. ისინი წინ აღუდგნენ ჟურნალისტებს და გადაღება და დევნილების ჩაწერა აუკრძლეს. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფთა უფლებების დასაცავად საპატიმრო დაწესებულებებში ხშირად შედიხართ, რა განწყობაა სასჯელაღსრულებით სისტემაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ? რამდენად აქვთ პატიმრებს შესაძლებლობა, რეალური აზრი გამოხატონ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ? - ბუნებრივია, პატიმრებს ციხეში აზრის გამოხატვის უფლება ეზღუდებათ. მათ არ მიეწოდებათ პრესა, აკრძალულია პოლიტიკური პრესის შეტანა საპატიმროებში, თუმცა არის გამონაკლისი და მათთვის სასურველ პატიმრებს მიეწოდება პრესა. ამიტომ ეს ადამიანები ძირითადად ინფორმირებულნი არიან რადიოს მეშვეობით, იქ ობიექტური ტელევიზიების სიხშირე ვერ ვრცელდება და მხოლოდ ნაციონალური არხების ცქერა უწევთ. ამის მიხედავად, ინფორმირებულნი არიან იმ პოლიტიკურ პროცესთა შესახებ, რაც საქართველოშია. დიდი იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ვითარება და ახალი პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნების“ დაპირებისამებრ, სამართლიანობა აღდგება და განაჩენების გადახედვა მოხდება. საქართველოში ყველა ადვოკატი დაგიდასტურებთ, რომ 80%-ის შემთხვევაში, უკანონო განაჩენებია გამოტანილი, რომლებიც უტყუარ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ეს, ალბათ, აისახება პატიმრების მიერ საპატიმროებში გაკეთებულ არჩევანზე? - რა თქმა უნდა, აისახება, მაგრამ ყველა პატიმარს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ამის უფლება ნაკლებად მძიმე დანაშულში მხილებულ პირებს ეძლევათ, რომლებიც 5 წლამდე იხდიან სასჯელს. ასეთი კი ციხის პირობებში 5-6 ათასამდე ამომრჩეველია. თუმცა, ხელისუფლება ამ ადამიანებზე ზეწოლის ბერკეტებს აუცილებლად გამოიყენებს, მათ შორის, ე.წ. „მაყურებელთა ინსტიტუტის“ ჩათვლით. |