„გაღლეტილების“ „ზედაზენის“ რუსული ტრიუმფი

„გაღლეტილების“ „ზედაზენის“ რუსული ტრიუმფი

 

ლუდის ბაზარზე  წილების ხელახალი გადანაწილების შესახებ კომპანია „ყაზბეგის“ დამფუძნებელმა გოგი თოფაძემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იწინასწარმეტყველა.

შარშან თოფაძე ბაზარზე კონკურენციის გაზრდასა და კომპანიების წილების შემცირებას ახალი მწარმოებლის „ქართული ლუდის კომპანიის“ გამოჩენას უკავშირებდა. როგორც თოფაძე ამბობდა, მისთვის ცნობილი იყო, რომ ლუდის მწარმოებელი ახალი ქართული კომპანია ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოვიდა და ბაზარზე კომპანიების წილების შემცირება და ხელახალი გადანაწილება უკვე მომავალი წლიდან დაიწყებოდა.

„ქართული ლუდის კომპანია“ შარშან ბაზრის ათვისებას 3 დასახელების ლუდის წარმოებით იწყებდა, და 27 მლნ ევროს დახარჯვას აპირებდა. „ქართული ლუდის კომპანიამ“ მართლაც დათქმულ დროში დაასრულა და მარტის ბოლოს ბაზრის მოთამაშეებს შეუერთდა.

ქართულ ბაზარს სამი კომპანია „ნატახტარი“, „ყაზბეგი“ და „კასტელი“ ინაწილებდა და ისინი ბაზრის 85%-ს ითვისებდნენ, დანარჩენი კი იმპორტირებულ ლუდზე მოდიოდა. ბაზარზე დაახლოებით, 60%-ით კომპანია „ნატახტარი“ ლედერობდა.

ახალი ქართული ლუდი „ზედაზენი“ ბაზარზე 29 მარტიდან გამოჩნდა და აგრესიული პოლიტიკით უკვე ბაზრის ლიდერობისთვის იბრძვის. სანდო წყაროზე დაყრდნობით, მისი დისტრიბუტორები იმასაც კი ცდილობენ, მაღაზიებს კონკურენტებთან დადებული ხელშეკრულებები მოაშლევინონ და ერთადერთი მიმწოდებლები თვითონ გახდნენ.

თბილისი ლუდის მოყვარულთა ქალაქია და ყოველი მეორე ლუდის „ექსპერტად“ ითვლება, გამოკითხულთა უმეტესობა უპირატესობას „ჰერცოგსა“ და „მთიელს“ ანიჭებს, „ნატახტარი“ და „ზედაზენიც“ მოსწონთ, ერთმა ლუდის მოტრფიალემ ისიც კი გვითხრა, „მთიელმა“ ერთ კვირაში ყველას ჩაუგდო გაყიდვები, ყველაზე მეტად კი „ზედაზენი“ დააზარალა, რადგან მაინც ახალი ლუდია და ტრადიციული მომხმარებელი ნაკლებად ჰყავსო.

თუმცა ქართველმა ლუდის მოყვარულებმა ისიც კარგად იციან, რომ ქართული კომპანიები ბაზარზე არც ისე კეთილსინდისიერად იქცევიან და კარგი ლუდით მომხმარებელს ახალი სახეობის ლუდის გამოჩენიდან 2-3 კვირის განმავლობაში ანებივრებენ, შემდეგ კი ისე აფუჭებენ პროდუქციას, ლუდის მოყვარულებს უარესიდან უკეთესის ამორჩევა უწევთ.

მოკლედ, ლუდის ახალი სახეობების გამოჩენით ლუდის ქართულ ბაზარზე მართლაც შესაშური კონკურენცია გაჩაღდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ქართული ბაზრის თავისებურებებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზედაზენი, რომელსაც ორი „გაღლეტილი“ მინისტრი მფარველობს, ყველა კონკურენტს შავ დღეში ჩააგდებს. მოგეხსენებათ ჯერ ჩვეულებრივი მინისტრების მადა როგორია და როგორც მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, ყველაზე „გაღლეტილები“ ვანო და ზურა არიანო, ადვილი წარმოსადგენია, ახლა ეს ყველაზე „გაღლეტილები“ რა მადისანი იქნებიან. მათ გარდა „ქართული ლუდის კომპანიას“ ბევრი სხვა მხსვილფეხობის დაპურება მოუწევს და უმადობას არც ერთი არ უჩივის.

„ქართული ლუდის კომპანია“ მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის ძმას, იაგო ჩოჩელს ეკუთვნის. მისი პარტნიორები არიან პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი (ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პე ფარმა“ და კლინიკათა ქსელი „ნიუ ჰოსპიტალი“) და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, რომლის -100%-იანი წილის მფლობელი ბეჟუაშვილების „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი ქართული ბიზნესის ამ ნაღებს ორი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი მფარველობენ, თუმცა ცოტა უცნაურია, რაში დასჭირდათ ამ რანგის ბიზნესბოსებს, თანაც „გაღლეტილი“ მინისტრების მფარველობა. შესაძლოა, იმიტომ, რომ ახლადშექმნილი კომპანიისთვის რუსული ბაზრის უზრუნველყოფა მხოლოდ ამ წონის ჩინოვნიკებს შეეძლოთ.

უკვე ცნობილია, რომ 6-წლიანი ემბრაგოს შემდეგ რუსეთის ბაზარზე პირველი „ქართული ლუდის კომპანიის“ ლიმონათი „ზედაზენი“ შედის

კომპანიის სავაჭრო პარტნიორია რუსული კომპანია „მირ ნაპიტკოვ“, რომლის შუამავლობით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ლუდი „ზედაზენიც“ გავიდეს.

სხვათა შორის, რუსულ ბაზარზე დაბრუნებას „ოპტიმა ჯგუფის“ შუამავლობით  კომპანია „სარაჯიშვილიც“ ცდილობს, მაგრამ „ქართული ლუდის კომპანიისგან“ განსხვავებით, უკვე ერთი წელია, არ უმართლებს. ბოლო შანსია, „სარაჯიშვილი“ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულმა „როსპატრებნადზორის“ მიერ აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ შეამოწმოს. მსგავსი რამ კი საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების გარეშე ვერ მოხდება. თანაც უცნობია, რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტული ქართული ლაბორატორია „როსპატრებნადზორის“ წარმომადგენელი გახდეს.

„რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განახლებას“ საკუთარ დამსახურებად თვლის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“  და როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე აცხადებს, მათი ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებების პირველი შედეგები სახეზეა, „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლიმონათ „ზედაზენის“ ექსპორტი უკვე დაიწყო. მოსკოვის მაღაზიებში იყიდება „ნატახტარი“, პრაქტიკულად გადაწყვეტილია კომპანია „სარაჯიშვილის“ დაბრუნებაც რუსულ ბაზარზე. როგორც ომანიძე აცხადებს, პარტია „თავისუფალი საქართველო“ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს განაგრძობს, რათა ღვინის, ჩაის, ციტრუსის და ხილის ექსპორტიც განახლდეს.

სხვათა შორის, 2011 წლის შემოდგომაზე, რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო რუსეთის ბაზრის გახსნას ქართული ღვინისა და მინერალური წყლების კომპანიებისთვის გეგმავდა, თუმცა, მაშინ, რუსული ბაზრის გარღვევა მხოლოდ „ნატახტარმა“ შეძლო და ისიც, ლიმონათით. დღეს კი ექსპორტიორებს შეემატა კომპანია, რომელიც ერთი თვეც კი არ არის, რაც პროდუქციას უშვებს, მაშინ როდესაც, შეთანხმების მიუხედავად, ქართულ ბრენდებს რუსულ ბაზარზე მოხვედრა მართლაც უჭირთ.