რაღაცნაირად მეამაყება, როდესაც დიღმიდან გამოვდივარ და ავტობანის ელექტრონულ ტაბლოზე ვხედავ წარწერებს: „შეიკარით უსაფრთხოების ღვედი!“ „გზა მშვიდობისა!!“ ვფიქრობ... არც ასეთი ავტობანი გვქონია შევარდნაძის დროს, არც ელექტრონული ტაბლო, არც თანამედროვე და კეთილმოწყობილი რიკოთის გვირაბი... გორში მითხრეს, ძველი გორის რეაბილიტაციას იწყებენო, ეგეც მესიამოვნა, იქვე მივხვდი, იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ არ მომწონს არქიტექტურული თვალსაზრისით არც ბათუმში (მთელი რიგი შენობები და კომპოზიციები უბრალოდ ე.წ.„კიჩია“) და არც აღმაშენებლის გამზირზე (ფასადები ზოგ შემთხვევაში თანაბარი მონდომებით არ არის რესტავირებული და ზოგიერთს უბრალოდ სიჩქარეში „მალიარკა“ გაუკეთეს), მომწონს, რომ რომ ამ ყველაფერს აკეთებენ. მომწონს „ვერტიკალური ბაღი ავლაბრის მეტროსთან, მომწონს გამწვანებული რუსთაველი, მენანება ძველი ცაცხვები, მაგრამ, ამავე დროს, ლამაზია „პირამიდალური კვიპაროსები“ ბარათაშვილის ქუჩაზე, კარგია „ბუდა ბარში“ და ლამაზია ახალი ბაღი „პესკებზე“, მშვენიერია რესტავრირებული ძველი ქუთაისი და განახლებული თელავიც. სასიამოვნოა, როდესაც ღამით მშვიდად სეირნობ, არ ქურდობენ, არ ძარცვავენ ადამიანებს, კარგია, საბუთების აღება რომ გამარტივდა, – აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ სინათლე არ გვეთიშება(თუ გადავიხადეთ, რასაკვირველია, და თუ გადახდის თავი გვაქვს), ასევე შესანიშნავია, რომ პოლიციელების ძირითადმა მასამ „დაიგდო“ ღიპი, ხოლო ვინც ვერ „დაიგდო“, ჩაანაცვლეს არაკორუმპირებული კოლეგებით. ანუ, რომ „ქვედა დონეებზე მოისპო კორუფცია“.
ძალიან მახარებს, რომ ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა–რესტავრაციაც მიმდინარეობს (სად იყო შევარდნაძის დროს ბიუჯეტში ფული, რომ ძეგლებისთვის მიეხედათ!), განახლდა სპორტულ–გამაჯანსაღებელი ბაზები. კარგია ისიც, რომ სახელმწიფოს დღეს აქვს მოქალაქეთა დაზღვევის სახსრები (საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩემმა ერთმა მაგობარმა მითხრა, ახლა მამაჩემს დაზღვევა აქვსო, რომლითაც სარგებლობს ხოლმეო, ადრე დაზღვევა რა იყო, ვინ იცოდაო). იმაშიც მართალია სააკაშვილი, რომ ტურისტები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან საქართველოთი, რადგან მისი პოპულარიზაცია მიმდინარეობს. ერთი სიტყვით, შეგვიძლია მშვიდად ვიშრომოთ და ვიცხოვროდ ბედნიერად, როგორც სავარაუდოდ ცხოვრობს უზრუნველყოფილი საშუალო სტატისტიკური არასაპროტესტოდ განწყობილი ქართველი. ამ ჩამონათვალის შემდეგ, რომელსაც წერილობით, როგორც იქნა, თავი მოვუყარე (რასაკვირველია, კიდევ ბევრი კარგი რამ არ ჩამიწერია, რომ სიტყვა უსასრულოდ არ გამიგრძელდს), ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები გახდა ერთ–ერთი ადამიანის პოსტი ფეისბუკზე, რომელიც ამ დილით წავიკითხე: „რომ გაიძახით, დემოკრატია, დემოკრატიაო, შეხედეთ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს, იქ ოპოზიციური პრესა წერს თავისი ქვეყნის მთავრობაზე იმას, რაც არ მოსწონს, მაგარამ იმასაც წერენ, კარგს რას აკეთებენ, მაგრამ საქართველოში გაგიგიათ ოპოზიცია ვართო და ეს ოპოზიცია ქრონიკულში გადაგეზარდათ და ყველგან და ყველაფერში ცუდს ხედავთ მარტო“ – წერს ვინმე ჩეფენა რჩეულა. ასევე გასაგებია ჩემთვის შეკითხვა, რომელიც ერთმა ჩემმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა მეგობარმა დამისვა: და რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვან, ამდენს ვაკეთებთო???!! ვფიქრობ, რომ, რასაკვირველია, მხოლოდ ფიარისთვის არ აშენებენ, არამედ სჯერათ, რომ ქვეყნის „მოდერნიზაციისთვის“ ინფრასრუქტურის შეცვლა გარდაუვალი აუცილებლობაა. თუმცა, რამდენიმე საკვანძო გარემოებას თუ ჩავუღრმავდებით, სულ სხვა რეალობას დავინახავთ და დავეჭვდებით იმაში, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მართვის სისტემა საქართველოს წარმატებას მოუტანს. ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში არ აძლევს სააკაშვილს უფლებას, დაუშვას სრულფასოვანი განვითარება. სააკაშვილის ხელისუფლება მის მიერვე შექმნილ მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდა. ხელისუფლებაში მათი მოსვლის პირვალსავე წელს ცხარე კამათი გვქონდა მე და ნინო ზურიაშვილს გიგა ბოკერიასთან: ვეუბნებოდით, გამოძიებითი ჟურნალისტიკა უნდა დარჩეს ეთერში იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სასარგებლოა. პასუხი იყო ასეთი: არც ერთ ხელისუფლებას არ სიამოვნებს გარედან კრიტიკა, და საერთოდაც გვირჩია, ჯობს, პროფესია შეიცვალოთო. აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ის მილიონ ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში 1 632 403 ადამიანია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. აქედან ღატაკი, ანუ ვისაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს - საარსებო შემწეობას 394 819 ადამიანი იღებს) კი არ ცხოვრობს, არამედ თავისუფალ საწარმოებში ან ფერმერულ მეურნეობებშია დასაქმებული. წარმოვიდგინოთ ისიც, რომ საქართველოში სარეკლამო ბიზნესს, სასურსათო ბიზნესს, საწვავის ბიზნესს, მსხვილ გადაზიდვებს, რეგიონებში ყველა ადგილობრივ მსხვილ საწარმოს, სატელეკომუნიკაციო ბიზნესს, ფარმაცევტულ ბაზარს არ აკონტროლებს ხელისუფლება; წარმოვიდგინოთ, რომ ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი ადამიანები არ ართმევენ მუქარის და დაშინების გზით http://www.youtube.com/watch?v=ASkS7BBbmdg ქონებას თავისუფალ მეწარმეებს, რადგან არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი მედია; წარმოვიდგინოთ, რომ მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებზე გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს არა ხელისუფლებასთან დაახლოებული, არამედ დამოუკიდებელი ჯგუფები. რა ვითარება იქნებოდა მაშინ საქართველოში? მიზეზი, რის გამოც საქართველო ვერ განვითრდება სააკაშვილის მმართველობის წლებში, არის მარტივი: ე.წ. „კეთილდღეობის საბანი“ ფიზიკურად ვერ წვდება ხელისუფლების გავლენიანი წრეების მიღმა დარჩენილ ადამიანებს და ასეთები, რასაკვირველია, ათი ათასჯერ მეტნი არიან, ვიდრე ხელისუფლების სანათესავო და სამეგობრო წრეების მიერ, ან თუნდაც საბიუჯეტო სექტორში მეტნაკლებად კმაყოფილი, დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახები. სწორედ ამიტომ ხდება შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება, არის უმუშევრობა და გვყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი ამდენი ადამიანი. რა ურჩევნია ხელისუფლებას? სახელმწიფოში ჰყავდეს მასზე დამოკიდებული მილიონზე მეტი ღარიბი, თუ მილიონზე მეტი ფეხზე დამდგარი ადამიანი? სავარაუდოდ, პირველი ხელისფულების შესანარჩუნებლად მეტ გარანტიას იძლევა, რადგან ფინანსურად დამოუკიდებელი მოქალაქე არის უკონტროლო. არადა, ლოგიკა და საღი აზრი გვაკარნახობს, რომ ნებისმიერ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, სრულფასოვან ხელისუფლებას ურჩევნია, რაც შეიძლება მეტი შეძლებული მოქალაქე ცხოვრობდეს მის სახელმწიფოში, და სწორედ „კმაყოფილი“ მოქალაქეების ხმებით მოიგოს არჩევნები. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სარისკოდ მიაჩნია მართვის სადავეების ხელიდან გაშვება, რადგან არავინ იცის, რამდენი პოლიტიკური კონკურენტი გაჩნდება და ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია აღარ იარსებებს. ხელისუფლებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პირები აკონტროლებენ ყველა სასიცოცხლო ბიზნესს, აქიდან დივიდენდები წლების განმავლობაში იზრდება, შესაბამისად, იზრდება მათზე დამოკიდებულება და დაკარგვის შიშიც. დღეს „მაღალ ეშელონებში“, შესაძლოა, ნანობენ კიდეც, რატომ აირჩიეს მართვის ექსკლუზიურად რეპრესიული სტილი, თუმცა უკანდასახევი გზა, როგორც ჩანს, აღარ არსებობს, უკან – შიშია. ამდენად ჩვენი ქვეყანა არსებული მმარველობის პირობებში კიდევ რამდენიმე წელი „გაქაჩავს“ როგორც ე.წ. „Lame Duck”, ანუ „ხეიბარი იხვი“(დავესესხებით მ.სააკაშვილს): განვითარება მოხდება ინფრასტრუქტურული მიმართულებით, გაეზრდებათ შემოსავლები მათ, ვისაც აქამდეც ეზრდებოდა, კიდევ უფრო მეტად გაღატაკდება ის, ვინც აქამდეც უმწეო იყო, და მთელი ქვეყნის მოსახლეობა რომც დააზღვიოს მიხეილ სააკაშვილმა – ბედნიერებას ადამიანებს ვერ მოუტანს. ბიზნესის, სასამართლოს და მედიის კონტროლის გამო არ განვითარდება რეალური ეკონიმიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ ვერ წავა მთლიანად სახელმწიფო. ამდენად, რუსთვი 2 –ის და ტელეიმედის მიერ შექმნილი სამყარო იმდენად ილუზორული და ცალმხრივია, რამდენადაც ქვეყნის განვითარებაა ილუზორული. როდესაც ლიბიაში საბრძოოლო მოქმედბები მიმდინარეობდა, ბიბისი–ს კორესპონდენტის სიუჟეტს გადავაწყდი: შეძლებული ლიბიელი მანდილოსანი ამბობდა: „ჩვენს ოჯახს არაფერი უჭირს, კარგად ვცხოვრობთ, მაგრამ კადაფიმ მოგვისპო თავისუფლად აზროვნების უფლებაც კი, ამიტომ აღარ შეგვიძლია მეტის მოთმენა“... (წერილი არის ავტორის პირადი მოსაზრება და არ ასახავს იმ ორგანიზაციის პოზიციას, სადაც ის მუშაობს) |