სააკაშვილი ლაზიკას მისი პოსტსაპრეზიდენტო პერიოდისთვის იმზადებს, - ასეთი საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლაზიკას აშენების შესახებ გაკეთდა განცხადება. პრეზიდენტის გუშინდელმა ინიციატივამ კი ეს ეჭვი უფრო გაამძაფრა და სახელისუფლებო კულუარებში თავიდან დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ჯერ არ აშენებული ქალაქისთვის საკონსტიტუციო სტატუსის მინიჭება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში გუშინ იქნა ინიცირებული საკმაოდ საიდუმლო ვითარებაში. დილით სესიაზე დაანონსდა, რომ სესიებს შორის არსებულ შესვენებაზე ჩატარდებოდა ე.წ. ტექნიკური ბიურო, სადაც პარლამენტის დღის წესრიგს დაემატებოდა ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ასეთი რამ პარლამენტში ხშირად ხდება და არც არავის გაკვირვებია. თანაც ეს ბიურო წერილობითი ფორმითაც არ ყოფილა დაანონსებული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება შემოვიდა და, როგორც შემდეგ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, რომელიც გუშინ სესიას თავმჯდომარეობდა, განაცხადა, გადაწყვიტა, რომ საზოგადოებრივი განხილვის კომისია იმ დღესვე შექმნილიყო და ამიტომაც ეს საკითხი სესიის დღის წესრიგს მოულოდნელად დაემატა. იმის გამო, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, ლაზიკას სტატუსი კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაა საჭირო. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის კი აუცილებელია, რომ შეიქმნას ცვლილების პროექტის საზოგადოებრივი განხილვის კომისია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ამ ცვლილებას საზოგადოებასთან ერთად განიხილავს, მოისმენს მათ წინადადებებსა და შენიშვნებს, რასაც დასკვნაში ასახავს და შემდეგ ეს პროექტი თავის შენიშვნებიანად გადაეცემა პარლამენტს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვის პროცედურა. გუშინდელ სესიაზე კომისია შეიქმნა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კომისია შეიქმნა კონსტიტუციაში იმის ჩასაწერად, რომ სამომავლო ქალაქ ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ეს სტატუსი კი რას გულისხმობს, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ, თანაც ასე საჩქაროდ მიღებამ, გარკვეული კითხვები გააჩინა. ეს კითხვები ეხება იმას, თუ რას ნიშნავს ეს სტატუსი და ის ქვეყნისთვის რისი მომტანი იქნება, ან ამ სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას. ამ კითხვებზე კი ხელისუფლების გაურკვეველმა პასუხებმა ეჭვები უფრო მეტად გაამძაფრა. მედიასთან კომენტარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა და ისიც მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ ლაზიკაში სპეციალური, განსაკუთრებული რეგულაციები იქნება როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობის, ისე საგადასახადო და ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა სხვა კითხვას კი მხოლოდ დემონსტრაციული დუმილით უპასუხა. „ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იქნება. ახალი ქალაქი უნდა დამკვიდრდეს არა მხოლოდ საქართველოს რუკაზე, არამედ მსოფლიო რუკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქს სპეციალური რეგულაციები ჰქონდეს ეკონომიკური აქტივობის, წახალისების კუთხით. მაგალითად, საგადასახადო რეჟიმი ლაზიკაში შედარებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დანარჩენ საქართველოშია. მას მაღალი დონის თვითმმართველობა ექნება და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ქალაქი იქნება საქართველოს შიგნით“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი ამბობს, რომ მისთვის ასეთი რამ ძალიან გაუგებარია და რაიმე შეფასების გაკეთება უჭირს. როგორც იგი აღნიშნავს, პროექტის გარეშე არსებითი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. მაგრამ აცხადებს, რომ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება არ სჭირდება. „საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ის სწერია, რომ ეს რეჟიმი დგინდება მხოლოდ კანონით. ანუ კანონით უნდა დადგინდეს. მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს კონკრეტული საქმისთვის ან კონკრეტული ადამიანისთვის. მაგალითად, განსაკუთრებული საგადსახადო რეჟიმი შეიძლება დადგინდეს რომელიღაცა თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის. მაგრამ ეს უნდა იყოს თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის და ეს ზონა სადაც შეიქმნება, იმაზე გავრცელდება. მაგრამ არ შეიძლება შეიქმნას ქალაქისთვის. ქალაქში უნდა შეიქმნას ზონა და იმისთვის შეიძლება დაწესდეს. ეტყობა, კონსტიტუციაში ამის ჩაწერას იმიტომ ფიქრობენ, რომ ეს დასაშვები გახდეს. მაგრამ მე მსგავსი რამ არც მინახავს და არც მსმენია“, - ამბობს ხმალაძე. ცხადია, რომ ხელისუფლებას სულ სხვა რაღაც აქვს ჩაფიქრებული და პრინციპში, ამას არც მალავენ. როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, ლაზიკას კონსტიტუციით განსაზღვრული განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონდეს. დღეს მოქმედ კონსტიტუციაში ქალაქებთან დაკავშირებით არსებობს ერთი ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი“. ცალკე ორგანული კანონი არსებობს, რომლითაც არის განსაზღვრული თბილისის მმართვის წესი, მისი უფლებები და მოვალეობები. ასევე ცალკე კანონი არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ, სადაც შედის ოთხი თვითმმართველი ქალაქიც. ამიტომაც, თუკი კონსტიტუციაში ჩაიწერება ლაზიკას სტატუსის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, დედაქალაქის გარდა, ყველა სხვა ქალაქზე მაღალი სტატუსი ექნება და მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ლაზიკასთან დაკავშირებული ჩანაწერი როგორ დაუკავშირდება თბილისის შესახებ არსებულ ჩანაწერს, მათ შორის რა განსხვავება და რა მსგავსება იქნება და ა.შ. ამიტომაც სამთავრობო კულუარებში გავრცელებული ის მოსაზრება, რომ სააკაშვილი ლაზიკას თავისთვის იშენებს, არცთუ უსაფუძვლო ჩანს. შესაძლოა, ამ კონტექსტში იყოს განსახილველი ისიც, რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოში საარჩევნო უფლების მიცემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი კიდევ ერთხელ სწორედ გუშინ შეიცვალა. თანაც შეიცვალა ის ჩანაწერი, რომელიც, თავის მხრივ, გუშინწინ გაკეთდა. საუბარია პროექტის იმ ჩანაწერზე, სადაც ნათქვამია იყო, რომ ეს წესი ვრცელდებოდა 2015 წლის 1 იანვრამდე. ანუ, ამ ვადაში ხვდებოდა მომავალი საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ შემთხვევაში თავი დავანებოთ იმას, თუ ეს ჩანაწერი რამდენად სამართლიანია. საინტერესო ის არის, რომ გუშინ 2015 წლიანი ვადა 2014 წლით შეიცვალა და გამოდის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამ პირებს, ანუ ივანიშვილს მონაწილეობის უფლება არ ექნება. ძნელი სათქმელია, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არის თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთს ძალიან საეჭვოდ დაემთხვა. ეს ყველაფერი კი ღიად უკვე კანონპროექტის შემუშავებისას გახდება ცნობილი. |