პროკურატურამ ძმებ არქანიებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, გოგიტა არქანია პატიმრობაში 22 წელს დაჰყოფს, გოდერძი არქანია კი - წელიწადსა და რვა თვეს. ამასთანავე, მას ამ სასჯელიდან უკვე წელიწადი და ხუთი თვე აქვს მოხდილი, ამდენად იგი საპატიმროს სამ თვეში დატოვებს. შეგახსენებთ, 2011 წლის თებერვალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა რუსეთის ფედერაციის აგენტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ესენი იყვნენ გოგიტა არქანია და მერაბ ყოლბაია, მეტსახელად „კოჭოია“. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მათგანმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენებები მისცეს, რის საფუძველზეც კიდევ რამდენიმე პირი იქნა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მერაბ ყოლბაიამ განაცხადა, რომ რაც კი აქამდე ჩვენებები ჰქონდა მიცემული, ყველაფერი იყო ტყუილი, რადგან ეს ჩვენებები ზეწოლის შედეგად იყო მიღებული. „კოჭოიას“ განცხადებით, როდესაც იგი დაიჭირეს, ფეხებში რვა ტყვია ესროლეს, შემდეგ საწერი კალამი გაუტარეს ამ ნატყვიარებში, ასე აწამებდნენ და არც კი იცის რაზე მოაწერინეს ხელი. მას უთქვამს: ამ განცხადების შემდეგ ვიცი ამაღამ რასაც გამიკეთებენ, ამის გამოცდილება მაქვსო. აქვე დაუმატებია, რომ თუ ამის შემდეგ გარდაიცვლებოდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა თვითმკვლელობა. და ბოლოს, ყოლბაიას დაცვის მხარისთვის უთხოვია, თუ როდისმე ისეთ დღეში ჩამადგეს, რომ ჩვენება ისევ შევცვალე, იცოდეთ, ის ჩვენება არ გაიზიაროთ, სიმართლე ის არის, რასაც ახლა ვამბობო. აღსანიშნავია, რომ როგორც presage.tv-სთან საუბარში დაცვის მხარე განმარტავს, ყოლბაიას მიერ ზემოთხსენებული ფაქტების კონსტატაცია სასამართლო პროცესზე არ გაფორმდა, როგორც ჩვენება. როდესაც იგი ყვებოდა როგორ აწამეს და როგორ მიაცემინეს ჩვენება, დაცვის მხარემ მოითხოვა მისი დაკითხვა, მაგრამ სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამდენად, გამოდის, რომ პრაქტიკულად „კოჭოიას“ ჩვენება ოფიციალურად არ დაფიქსირდა. ამავე დღეს presage.tv-მ უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც იურისტი ამბობდა, რომ დაახლოებით იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს გოგიტა არქანიამაც. „მთელი ეს საქმე ემყარებოდა მერაბ ყოლბაიას და გოგიტა არქანიას ჩვენებებს. აღსანიშნავია, რომ „კოჭოიას“ შემდეგ არქანიამაც მისცა ჩვენება. მან არ უარყო, რომ თბილისში მომხდარი აფეთქებები იყო მისი მოწყობილი, მაგრამ სხვა მსჯავრდებულებზე თქვა, რომ ისინი არანაირ შეხებაში არ იყვნენ ამ აფეთქებებთან, უბრალოდ, ეს მას ათქმევინეს, რათა შექმნილიყო ილუზია, რომ დაიჭირეს ტერორისტთა დიდი დაჯგუფება. რაც შეეხება სამეგრელოში აფეთქებებს, არქანიამ ამ აფეთქებებთან მისი კავშირი კატეგორიულად უარყო. თბილისის აფეთქებები კი გაამართლა იმით, რომ იგი თავდაცვის სამინიტროს სპეც-დანიშნულების რაზმში მუშაობდა, სხვადასხვა ოპერაციებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ერაყში სამშვიდობო ჯარის შემადგენლობაშიც იმსახურა და შემდეგ გალის რაიონში იღებდა რუსების საიდუმლო ობიექტებს, რა დროსაც იგი რუსებმა დაიჭირეს და აიძულეს, რომ თბილისში ეს აფეთქებები მოეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გალში მცხოვრები მისი მშობლების დახოცვით ემუქრებოდნენ“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა presage.tv -სთან საუბარში. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ გოგიტა არქანიასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ამას presage.tv-სთან საუბარში გოგიტა არქანიას ადვოკატი ჯონი ქობალიაც ადასტურებს. მისი თქმით, გუშინ პროკურატურასთან მოხდა ამ საკითხზე შეთანხმება, რომელსაც არქანიებმა ხელი უკვე მოაწერეს. ქართული კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება ხდება პროკურატურასთან, რაც შემდეგ ფორმდება სასამართლო პროცესზე. სწორედ ამის შემდეგ საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმებულად ითვლება. დღეს ეს დოკუმენტი უკვე სასამართლოში უნდა გაფორმებულიყო, როგორც ამას ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგრამ სხდომა ჩაიშალა და არქანიებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მომავალ პროცესზე მოხდება. თავისთავად, საპროცესო შეთანხმება იმას გულისხმობს, რომ განსასჯელი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. გოგიტა არქანიამაც ბრალი სრულად აღიარა, რასაც მისი ადვოკატი ჯონი ქობალიაც ადასტურებს. Presage.tv-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ არქანიამ ამჯერად აღიარა როგორც თბილისში, ასევე სამეგრელოში მოწყობილი აფეთქებებიც, ხოლო ჩვენს კითხვაზე, რა პოზიცია დააფიქსირა არქანიამ დანარჩენ განსასჯელებთან დაკავშირებით, რომლებიც პრაქტიკულად მისი და ყოლბაიას ჩვენებების საფუძველზე არიან დაპატიმრებულები, ადვოკატი ქობალია პასუხობს: „გოგიტა არქანიამ ჩემი თანდასწრებით შეადგინა სააპელაციო საჩივარი და მასში დანარჩენ მსჯავრდებულებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას კი არქანიამ მხოლოდ საჩივარში მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია გააჟღერა. ამიტომ დანარჩენ მსჯავრდებულებზე ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს ადვოკატი ქობალია. ვინაიდან წინა სასამართლო პროცესზე არქანიამ მხოლოდ თბილისში განხორციელებული აფეთქებები აღიარა, ხოლო სამეგრელოში მომხდარები უარყო, დღეს კი საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს ბრალი სრულად აღიარა, ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ შეცვალა მან ჩვენება და რით ხსნის სხვაობას ამ ორ ჩვენებას შორის. ამ კითხვაზე არქანიას ადვოკატი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით არქანიას მასთან განმარტება არ გაუკეთებია და თავად ადვოკატიც ამ მიზეზით არ დაინტერესებულა. ჯონი ქობალია მხოლოდ ვარაუდობს, რომ ვინაიდან, არქანიას 30 წელი ჰქონდა მისჯილი, სწორედ ამ დიდი სასჯელის შიშით დათანხმდა იგი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და ბრალის აღიარებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც 22 წელია პატარა სასჯელი და საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ სასჯელზე ცოტა არ იყოს უცნაურია. რადგან არქანიამ ისევ შეცვალა ჩვენება, presage.tv დაინტერესდა, ხომ არ აპირებს კვლავ აღიარებითი ჩვენების მიცემას მერაბ ყოლბაიაც და მასთან საპროცესო შეთანხმებაზე თუ მიმდინარეობას მოლაპარაკება. ამის გასარკვევად მის ადვოკატს, მათე ხარჭამაძეს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა, რომ ამჟამად მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ჩვენის მხრივ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები ყველასთვის ცნობილია და არც ის არის გამორიცხული, რომ „კოჭოიამაც“ ისევ შეცვალოს ჩვენება, რადგან იგი პატიმარია და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების ხელშია. ამ საქმეზე მომავალი სასამართლო სხდომა 10 მაისს გაიმართება. |