საკვები პროდუქტბი მსოფლიოშიც და საქართველოშიც “ჰარმონიულად” ძვირდება. რთული კლიმატური პირობები მოსავლიანობას ძლიერ ამცირებს. ამ დროს კი მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, პროდუქციაც ყოველწლიურად ძვირდება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე ამინდის გაუარესება უკვე აისახა საკვები პროდუქტის ფასებზე. ზოგიერთ მათგანზე კი ფასების მატების ტემპებმა, შესაძლოა, ოქროს გაძვირების რეკორდიც კი მოხსნას.
უკვე დადგენილია, რომ გაძვირდება ხორბალი, ყავა, ჩაი, ბრინჯი, კაკაო და შაქარი. “რიგში დგანან” ხორცპროდუქტები და ლუდი.
ანომალური სიცხეების გამო რუსეთმა ხორბლის მოსავლის წლევანდელი პროგნოზი უკვე შეამცირა და 70-75 მილიონ ტონამდე დაიყვანა. შედეგად, ეს პროდუქტი ორ თვეში 50%-ზე მეტად გაძვირდა.
სპეციალისტების დაკვირვებით, ხორბალზე ფასების ზრდა 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.
რუსი ექსპერტები შიშობენ, რომ ფქვილის გაძვირება ჯაჭვურრეაქციას გამოიწვევს და ფასების ზრდა ყველა პროდუქტზე, მათშორის ხორცსა და ლუდზე დაფიქსირდება.
უფრო ნაკლები ტემპებით, მაგრამ მაინც ძვირდება ბრინჯი.ჩინეთმა, რომლის ტერიტორიაზეც ბრინჯის მსოფლიო მოსავლისმესამედი მოდის, წყალდიდობის გამო, შესაძლოა, მოსავალი 10%-ითშეამციროს. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ეს პროდუქტი 30 ივნისისშემდეგ უკვე 15%-ით გაძვირდა.
ფასების ზრდაა მოსალოდნელი შაქარზეც, რომელიც ივლისში უკვე გაძვირდა 22%-ით და ეს ტენდენცია ინდოეთში, პაკისტანში, ინდონეზიასა და ფილიპინებში მარაგების ამოწურვის გამო, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს.
ყავის ფასებმა ბოლო 12 წლის მაქსიმუმს მიაღწია, ძვირდება კაკაოც. ჩაის ინდოელი მწარმოებლები კი, წვიმებისა და მავნებლების მომრავლების გამო, საკუთარი პროდუქციის გაძვირებას ასევე გარდაუვლად მიიჩნევენ.
ამ ყველაფრის ფონზე მეტად არასახარბიელო ვითარებაა საქართველოშიც. ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია უკვე თვალშისაცემია. ძვირდება ყველაზე აუცილებელი და პირველად საკვები პროდუქტები.
მაგალითად, ერთბაშად გაძვირდა კვერცხი - 19 თეთრიდან 28-29 თეთრამდე. კვერცხის მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ იაფიანი კვერცხის პირობებში ისინი წაგებაზე მუშაობდნენ და ახლა შეეცდებიან ზარალი აანაზღაურონ. კომპანიებმა 2 თვის წინათ, მარხვის ხანგრძლივობისა და პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო კვერცხი გააიაფეს. პროდუქტის ღირებულება მაშინ 16-20 თეთრს შეადგენდა.
კომპანიებმა ფასდაკლება იმთავითვე აგვისტომდე გამოაცხადეს. ამის მიზეზად კი კომპანია “კოდაში” ბაზარზე დარჩენილ ნაშთი დაასახელეს. ახლა როგორც ჩანს, ნაშთიც შემცირდა და კომპანიებმა პროდუქციის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღეს.
კვერცხის გაძვირება ეს კიდევ არაფერი, შესაძლოა, საქართველოში ყველაზე მთავარი პროდუქტის - პურის გაძვირება დაიწყოს. ამის ნიშნები უკვე არის რეგიონებში. მაგალითად, თელავში პური და პურპროდუქტები უკვე გაძვირდა. პურის მცხობელების განმარტებით, ერთი ტომარა ფქვილი 34 ლარი ღირდა, გუშინ კი 40 ლარი გახდა, ამიტომ ძველ ფასებზე მუშაობა შეუძლებელია.
პურის ფქვილი გაძვირდა კახეთის სხვა რაიონებშიც. გურჯაანის პურსაცხობებში პურზე ფასის მომატებას დღეიდან აპირებენ. “გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და 50 ლარს მიაღწევს. ასეთ შემთხვევაში პური, შესაძლოა, 65-70 თეთრი გახდეს”, - განაცხადეს პურის მცხობელებმა.