-კონტროლის პალატამ უკვე სამჯერ დამიბარა - პირველი დაბარება ფოთში მოხდა, 2012 წლის 12 მარტს, 17 საათზე უნდა გამოვცხადებულიყავი ფოთში, საიდანაც 1989 წლიდან ამოწერილი ვარ და თბილისში ვარ მიწერილი. წერილი დედაჩემს მიუტანეს ჩემი მშობლების სახლში. ჩემი, ძველი ჟურნალისტური კავშირების შედეგად ბევრი წერილი მიდის უცხოეთიდან ფოთში და დედა მიჩვეული იყო ამას. ამდენად, დაიტოვა საქართველოს ფოსტის ეს წერილი, ვერც კი იფიქრა, რაიმე საფრთხის შემცველი თუ იქნებოდა. დალი - ჩემი და, რომელიც ასევე ფოთში ცხოვრობს და ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მიხვდა, რაში იყო საქმე და ეს წერილი ფოსტას დაუბრუნა - ლელა ებრალიძეს თავის კუთვნილ მისამართზე მიაგენითო.
„თვალთმაქცური გარიგების“ საფუძველზე რომ ვიყავი დაბარებული, ცხადი იყო, რადგან იმ დღეებში „ოცნების“ ოთხმოცამდე აქტივისტი დაიბარეს და დაკითხეს ასე - ზოგი გაზეთს არიგებდა, ზოგი მომხრეთა ხელმოწერებს. მე არ გამოვცხადდი ფოთში პირველ დაკითხვაზე, მაგრამ შემხვედრი წერილი შევუტანე თბილისში კონტროლის პალატას, სადაც ვითხოვდი, კანონის თანახმად, წინასწარ მიმეღო ინფორმაცია, რის თაობაზე მიბარებდნენ, რაში მდგომარეობდა ჩემი „თვალთმაქცური გარიგება“, რომ მზად მივსულიყავი და არ ვაპირებდი თავის არიდებას, თუ გამართულ დოკუმენტს მივიღებდი.
ჰქონდა თუ არა კონტროლის პალატას რაიმე საფუძველი თქვენი დაბარების?
- მე არავისთან არანაირი ფინანსური გარიგების მონაწილე არ ვარ, მით უფრო სამართალდარღვევის და ჩემი დაბარება 252 მუხლის საფუძველზე არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. საერთოდ, დაბარებას რაც შეეხება - მეღიმება. 1985 წლიდან დღემდე, ყველა პოლიტიკური პროცესის აქტიური მონაწილე ვიყავი, გავიარე ყველა სახის საფრთხე და არასოდეს უკან არ დამიხევია, ვინც მიცნობს, ჩემი შეშინება იოლი საქმე არაა. მართლა სრულად გამოუცდელი თინეიჯერებისათვის რომ არ გაეღო სახელმწიფო სტრუქტურების კარები მიხეილ სააკაშვილს, ეცოდინებოდათ, ვისთან ჭრის ასეთი მეთოდები და ვისთან - არა. ერთ რჩევას მივცემ ყველას, ვინს გადაწყვეტს ჩემი, ან ჩემი ოჯახის „დამუშავებას“ - იქ არ მოხვდით, ბიჭებო და გოგონებო! კითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ვის აშინებთ: „ჩადით ფოთში და ნახეთ, რა დღეში ყავს ებრალიძეს პროკურორები და მოსამართლეები - სისხლს უშრობს არაკომპეტენტურობის და მიკერძოების გამოო“, -ეს მიშას ფრაზაა და ასე „ალიასა“ და „ახალი თაობის“ ჟურნალისტებს განუცხადა წლების წინ, „ბნელი რომ იყო ეს საზოგადოება“, მაშინ, და სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისათვის ჩვენზე - ჟურნალისტებზე დაყრდნობით, რომ იბრძოდა.
ეს პროცესი, ზოგადად მთელ საქართველოში მსგავსად წარიმართა, მაგრამ, თქვენ მეორედაც დაგიბარეს.
- მოკლედ, დაკითხვების პირველმა ტალღამ ისე გადაიარა, აღარავის შევუწუხებივარ. განმეორებით უკვე თბილისში, ჩემს კუთვნილ ბინაში მომიტანეს უწყება - მე სახლში ვიყავი, ჩავიბარე, ხელი მოვუწერე საქართველოს ფოსტის შეწუხებულ მოსამსახურეს და წავედი ადვოკატთან, მასთან კონსულტაციის დროს, ბუნებრივია, მობილური გავთიშე. ამ დროს კი, ჩემს სახლში თურმე ისეთი აურზაური ტრიალებს, შეწუხდა მთელი ბინა- ოთხჯერ დაბრუნებულა საქართველოს ფოსტის წარმომადგენელი, რომელსაც ცივი ოფლი ასხამდა, რადგან ტელეფონზე ვიღაც გამუდმებით აძლევდა ბრძანებებს და მოითხოვდა წინა უწყების დაბრუნებას და ახლის ჩაბარებას ჩემზე. თურმე შეშლიათ, ზუგდიდში(?!) უნდა დავებარებინეთ და არა თბილისში და ამდენად შეტყობინების შეცვლას დაჟინებით თხოვდა ყურმილის მეორე მხრიდან ვიღაცო - ასე მითხრეს მეზობლებმა. რა თქმა უნდა, არც მიფიქრია, უწყება უკან ჩამებარებინა და რატომღაც ზუგდიდში წავსულიყავი.
უკვე მიღებული უწყების საფუძველზე მეორე დღეს 2012 წლის 19 მარტს, 11საათზე ადვოკატ გედეონ ფოფხაძეთან ერთად გამოვცხადდი ქეთევან წამებულის N96-ში. ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ გამოვიდა ორი ახალგაზრდა გოგონა - კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რიგითი თანამშრომლები და დაიწყეს იმის გარკვევა, მაქვს თუ არა რეგისტრაციის ადგილად თბილისი მითითებული(?!) და, რომ თბილისში შეცდომით ვარ დაბარებული და ზუგდიდში უნდა ვყოფილიყავი იმ წუთში დაკითხვაზე. ცოტა ხანში, ისიც კი წამოსცდათ, ადგილზე არავინ არის, ვინც უნდა დაგკითხოთო -ყველა თანამშრომელი დასავლეთში ყავდათ მივლინებული და ჩემი ადვოკატის თხოვნაზე, მაინც მოსულები ვართ და ბარემ დაკითხეთო - უარი მივიღეთ. ვინმე ზაზას ახსენებდნენ, რომელიც დაბრუნდებოდა და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, ხელახლა დამიბარებდა.
მესამე ჯერზე რას გედავებოდნენ?
- მესამე დაბარება მოხდა მოგვიანებით - 2012 წლის 3 მაისს 17 საათზე . „თქვენ მოწვეული ხართ მოწმის სტატუსით, თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების იჯარასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით“, „ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზის მიზნით თან იქონიეთ საიჯარო ხელშეკრულების ასლები“.
თავად პროცესი როგორ წარიმართა, სანამ შეხვედით და შესვლის შემდეგ?
- ისევ გამოვცხადდით მე და ჩემი ადვოკატი გედევან ფოფხაძე და ამჯერად, დამკითხეს, მაგრამ დაკითხვამდე ბევრი „პროცედურა“ გავიარეთ. შენობაში ცოცხალი თავით არ შემიშვეს ადვოკატთან ერთად, ჯერ მე შევედი, მომთხოვეს მობილურის გამორთული სახით დაცვაზე ჩაბარება - რა თქმა უნდა, არ ვენდე, უკან დავბრუნდი და გარეთ მდგარ ჩემს მეგობარს დავუტოვე ჩემი კუთვნილი ტელეფონი. ასევე მოიქცა გედა. შებრუნებულზე წარვადგინე ადვოკატის რწმუნება და მხოლოდ ამის შემდგომ შემოუშვეს გედა. საგულდაგულოდ გაგვჩხრიკეს მე და გედა და ჩანთაც კი გამახსნევინეს, მთელ ტანზე ჩამოგვიტარეს სასინჯი აპარატი - არ ვიცი ასაფეთქებელს შევიტანდით თუ რას. პროკურატურაში არ ხდება ამ დონის ჩხრეკა, დარწმუნებული ვარ. ერთია, ვინც გვიახლოვდებოდა, ყველა ცდილობდა, მაქსიმალურად თავაზიანი ყოფილიყო, შორიდან გვათვალიერებდა კონტროლის პალატის ფოიეში ვითომ, უსაქმოდ მოყიალე „ლუდი ვ ჩორნომ“-ის მაგვარი პერსონა, აი ისეთი, შუბლზე რომ აწერია, რომელი კუდის კუდია...
ზომაზე მეტად აჭარხლებულმა შუა ხნის ქალბატონმა აგვაცილა ლიფტით - მიმდინარეობს „ვიდეოთვალთვალი“ - გვამცნობდა ტრაფარეტი ლიფტში... მაღლა შეგვხვდა ანა ქურიძე -კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი და სწორედ მან დამკითხა, თან გაგვაფრთხილა, რომ დაკითხვის პერიოდში მიმდინარეობს აუდიო და ვიდეოჩაწერა. გაფრთხილება, რომ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ვიქნებოდი მიცემული, რამოდენიმეჯერ მივიღე. დაკითხვა ერთ საათამდე მიმდინარეობდა - პარალელურად ვწერდი ახსნა- განმარტებას.
ყველა შეკითხვა მიდიოდა რაღაც ქონების გარშემო, თუმცა არ აკონკრეტებდა, კონკრეტულად სად და რომელ საკუთრების გაქირავებაზე მედავებოდნენ, ან ვის მივაქირავე, ან რატომ იყო ეს საინტერესო კონტროლის პალატისთვის. ჩემმა განმარტებამ, რომ არანაირი საკუთრება არ მაქვს გაქირავებული და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გამიქირავებია არავიზე, არც ფიზიკურ, არც იურიდიულ პირზე, ანა საგონებელში ჩააგდო. შეკითხვა ძალიან ბევრი კუთხით ტრიალებდა ამ თემის ირგვლივ, გამოიკითხა ჩემი ოჯახის წევრები - ოჯახური მდგომარეობა... მოკლედ, ვერ მიაგნო ჩემს მიერ გაქირავებულ ქონებას, მით უფრო - რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტზე.
საინტერესო იყო, რომ კონკრეტიკა მის შეკითხვებში არ ფიგურირებდა. არც მე ვპასუხობდი კონკრეტულად, გარდა იმისა, რომ აღვუწერე ჩემი საკუთრება - სად და რა ფორმით მაქვს. და რომ არა მაქვს არავიზე გაქირავებული. ჩემმა პასუხმა დამკითხავი აშკარად არ დააკმაყოფილა, თუმცა ისევ გავიმეორებ - კორექტულობის ჩარჩოს მისი ქმედება არ გასცდენია, თუ არ ჩავთვლით, რომ თავად ეს დაბარება და მონიტორინგის ეს ფორმა თავის დეპარტამენტიანად არის არა მხოლოდ არაკორექტული, არამედ უკანონო.
ჩემი დაკითხვის მთელი პერიოდი ქალბატონი ტელეფონით „ემესიჯებოდა“ ვიღაცას და პასუხებს გულდასმით კითხულობდა. გონივრული ეჭვი მაქვს, მთლად სასიყვარულო მიმოწერით არ იყო დაკავებული. თან, თუ ჩემთვის და გედასთვის აკრძალული იყო ტელეფონის შეტანა, მას რატომ ჰქონდა ამის უფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თუ დირექტივებს არ იღებდა?
და რა პასუხით გამოგიშვეს?
- ხელი მოვაწერე, რომ მცდარი ინფორმაციის მიცემის შედეგად სისხლის სამართალი დამსჯის და წამოვედით.
ბოლოს და ბოლოს სად ცხოვრობთ?
- ყველგან, რადგან ბოლო წლებში ბიზნესით დავკავდი და ბევრ რეგიონში გადავაადგილდები ქვეყნის გარეთაც, რამდენადაც ჩემი ერთადერთი შვილი სწავლობს საზღვარგარეთ, ბევრს ვმოძრაობ -ხშირად ვარ ფოთშიც. ოფიციალურად კი ვცხოვრობ თბილისში 1989 წლიდან - პერიოდულად ფოთშიც ვცხოვრობდი, რადგან მეუღლეს ადრე გავშორდი და უბინაობის გამო, პატარა ბავშვით დაბრუნება მომიხდა მშობლების სახლში. 2004 წლიდან მაქვს ჩემი მუდმივი მისამართი და ვცხოვრობ თბილისში. ფოთთან კავშირი არ შემიწყვეტია. რაც ბიძინა ივანიშვილის პერსონა გამოჩნდა პოლიტიკაში, აქტიურად დავუბრუნდი ჩემს საკეთებელს - ვცდილობ მაქსიმალური ინფორმირება გავუკეთო რეგიონს, გავიმრავლოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ დემოკრატებში, რესპუბლიკელებში, ფორუმში და ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრში უამრავი კარგი მეგობარი და თანამოაზრე მყავს, ბოლო თვემდე ეს არ ხდებოდა პარტიულ ჭრილში - პარტია „ქართული ოცნების“დაფუძნებამდე ეს ჩემი სამოქალაქო ინიციატივა იყო. ამჯერად და პირველად, ჩემს ცხოვრებაში, ვარ პარტიის წევრი - რადგან კარგად მესმის, კოალიცია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს და ზოგადად, ჩვენი ბოლო შანსია, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, დავადგეთ განვითარების ნორმალურ და სტაბილურ გზას.
რას უკავშირებთ კონტროლის პალატის მხრიდან, თქვენი პერსონით ასე დაინტერესებას?
- ჩემს აქტიურ პოზიციას და მხარდაჭერას კოალიციისადმი - ვაქტიურობ კიბერსივრცეში, ხშირად დავდივარ ფოთში, ვთანამშრომლობ კოალიციასთან როგორც მხარდამჭერი და აქტიურად ვმონაწილეობ ფოთის „ქართული ოცნების“ ამჯამად უკვე ოფისის ფუნქციონირებასა და გაძლიერებაში.
სააკაშვილი და მისი გარემოცვა ზედმიწევნით კარგად მიცნობს და იციან ჩემი უკომპრომისო ხასიათისა და ბრძოლის უნარის შესახებ, თან ისიც იციან, მარტო არა ვარ - ჩემი და, დალი ებრალიძე, წლების განმავლობაში, თავისუფალი გაზეთის რედაქტორი ფოთში, მებრძოლი, სამართლიანი და უკომპრომისო, წარსულში პროფესიონალი ჟურნალისტი, ჩემზე აქტიურია დღეს ფოთში, რამდენადაც იქ ცხოვრობს და უშუალოდ მონაწილეობს „ქართული ოცნების“ მუშაობაში. დალი გვერდით უდგას და მაქსიმალურად ეხმარება შტაბის უფროსს - პროფესიით ექიმ ფრიდონ კვარაცხელიას ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად. ამ პროცესს აწი ვერც მოგელაძე და ვერც სააკაშვილი ვერ შეაჩერებს.
ბოლო დაკითხვის შემდეგ თუ შეგეხმიანათ ვინმე?
- კონტროლის პალატაში რომ ვერაფერი მიპოვეს, სხვანაირად დამაბრკოლეს. 28 იანვარს მცხეთის ოფისის გახსნას დავესწარი მეგობრებთან ერთად. ამ დღეს პირველად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი მსგავს ღონისძიებაზე და პატრულს აფორიაქება ეტყობოდა - უამრავი იყვნენ. უკან წამოსულზე ჩემი მეგობრის მანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე, მე და დანარჩენი მანქანაში მსხდომი ქალები არ მოვცილებივართ -შემეშინდა, მამაკაცებს იცით, რა შეიძლება გაუკეთონ. დავურეკეთ კოალიციას და ზურა აბაშიძე და გადამღები ჯგუფი მოვიდა ჩვენს დასახმარებლად. ეტყობა ამ ხმაურის ატეხა არ მაპატიეს, კარგად დაიმახსოვრეს ჩემი ავტომანქანა მცხეთა-მთიანეთის პატრულის ბიჭებმა. ზედმიწევნით მახსოვს მეორე დღე - 29 იანვარი მამაჩემის გარდაცვალების თარიღია და სადაც არ უნდა ვიყო, მივდივარ ფოთში, რადგან ყოველ წელს ჩემს ოჯახში ამ დღეს მამას მეგობრები ტრადიციულად იკრიბებიან. დაახლოებით პირველი საათისთვის გავედი ქალაქიდან, გასვლისას პატრულმა შემაჩერა, არ დავუჯარიმებივარ. მხოლოდ გვარი გვითხარითო და გამატარეს. მაისის თვეში მივიღე უწყება, რომ 29 იანვარს გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის საფუძველზე მართვის უფლება ერთი წლით ჩამომერთვა. მივმართე პატრულს, ჯარიმა არ გამოწერილა-მეთქი. 2 დღე მარბენინეს ამის დასადგენად, შემდეგ პასუხად, ვადები დაირღვა და თქვენი პრეტენზია არ განიხილება, მართვის მოწმობის აღდგენას მინიმუმ 1300 ლარი უნდა და მათი კეთილი ნებაც, რომც აღვიდგინო. ამდენად, ამჯერად, მეგობრებს დავეყრდნობი და მათთან ერთად ვიმოძრავებ. მეგობრები ყველგან მყავს - რა გასაკვირია, მითხრეს, სია აქვთ, ვინ მოძრაობს მანქანით და მუდმივად პრობლემა გექნება საჭესთანო - ამიტომ, მანქანის გაყიდვაც კი გადავწყვიტე. აზრი დაკარგა მისმა ფლობამ, მე დავჯდები თუ სხვა, მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება. აი ასეთ ბარიერებს ქმნის მერაბიშვილი ოცნების მხარდამჭერებისთვის და კიდეც დაუფასა ჩვენმა პრეზიდენტმა - დააჯილდოვა.