ნოდარ ჯავახიშვილი: „ექვს თვეში კანონის შეცვლით ხელისუფლებამ საბანკო სექტორთან დადებული შეთანხმება შეასრულა“

ნოდარ ჯავახიშვილი: „ექვს თვეში კანონის შეცვლით ხელისუფლებამ საბანკო სექტორთან დადებული შეთანხმება შეასრულა“

 

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლებამ ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად „ქართუ ბანკზე“ შეტევა გამოიყენა. ამისთვის გასული წლის ოქტომბერში „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც თუკი იურიდიულ პირს საგადასახადო დავალიანება აქვს და ამავდროულად კომერციული ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი, პირველადი მოთხოვნის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტს მიენიჭა. მანამდე მოქმედი ნორმით, ასეთი მოთხოვნის უფლება კერძო ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონდა.

ხელისუფლებამ ეს ნორმა კარგად გამოიყენა „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ, რითაც მას დაახლოებით 200 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა.

მიმდინარე წლის 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც გასული წლის ოქტომბერში „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები გაუქმდა. ამის საფუძველზე „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი მიმართავს ხელისუფლებას და ბანკისთვის წართმეული ქონების დაბრუნებას და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ქართუ ბანკისთვის“ ჩამორთმეული ქონების უდიდესი ნაწილი, სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემით, თავდაპირველ მფლობელებს უკვე დაუბრუნდა, დანარჩენი კი, ჯერ, ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია და ანალოგიური სქემის განხორციელებას ელოდება.

რატომ შევიდა „აღსრულებათა შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილებები და შემდეგ რატომ მოხდა მათი გაუქმება, გარდა ამისა, მიმდინარეობს თუ არა აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავა, ამასთან დაკავშირებით presage.tv „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს ესაუბრა.

ნოდარ ჯავახიშვილი: „რასაკვირველია, ჩვენ ვიყენებთ სასამართლოს გზასაც, მაგრამ ჯერჯერობით, ყველა ჩვენი მცდელობა, სასამართლოს გზით რაიმე წარმატებას მივაღწიოთ, უშედეგოდ რჩება. დღეს მე გავაკეთე განცხადება, რომლითაც ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ხელისუფლებამ შეასრულა წინასწარი შეთანხმება ქართულ საბანკო სისტემასთან და ნაწილობრივ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც, რომ ამ კანონს აპრილის ბოლოს აუცილებლად გააუქმებდა.

მედიის წარმომადგენლები ხშირად მეკითხებიან - ამით ხელისუფლებამ უკან ხომ არ დაიხია და „ქართუ ბანკზე“ ზეწოლა ხომ არ შეამცირა. ზეწოლა კი არ შეამცირა, ეს იყო წინასწარი გარიგება. ხელისუფლებამ ეს კანონი გამოიყენა მხოლოდ „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ, ხოლო დანარჩენ ბანკებთან ჰქონდა შეთანხმება, რომ თუ ისინი ამ ნორმას არ გააპროტესტებდნენ, მათ წინააღმდეგ ეს კანონი არ იქნებოდა გამოყენებული.

ერთმა მხარემ, ანუ საბანკო სისტემამ პირნათლად შეასრულა ეს ვალდებულება და ამ უკანონობაზე ხმა არ მოუღია. მეორე მხარე კი ვალდებული იყო, რომ გაეუქმებინა ეს ნორმა და მანაც შეასრულა პირობა.

თავიდან, კანონში ამ ცვლილების შეტანისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც აცხადებდნენ, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ამ კანონით მუშაობს და თითქოს, ამიტომ შეიტანეს მათ კანონში ეს ცვლილება და თითქოს „ქართუ ბანკი“ არაფერ შუაში იყო. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ კანონის ამ ნორმას ხელისუფლება მხოლოდ „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ გამოიყენებდა და ცივილიზებული მსოფლიოს პრაქტიკასთან ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ახლა პრეზიდენტმა 20 აპრილს ხელმოწერილი კანონით ეს ნორმა გააუქმა, ახლა აღარ უნდათ ცივილიზებული მსოფლიოს წევრობა? ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ თუ ხელისუფლებამ დააფიქსირა, რომ მოუვიდა შეცდომა (რაც რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ 6 თვეში ხომ შეცვალეს კანონი) და ეს ნორმა, რომელმაც მხოლოდ „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ იმოქმედა,  „ქართუ ბანკისთვის“ შეგნებულად შემოტანილი არ არის, მაშინ დაგვიბრუნონ წართმეული ქონება, აგვინაზღაურონ მიყენებული ზარალი და ამით ნამდვილად დადასტურდება, რომ ეს „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ კი არ იყო შემოღებული, არამედ შეშლიათ ბატონო.

მე ხომ ვიცი, რომ არავინ არაფერს დაგვიბრუნებს და ამით დადასტურდება, რომ სწორედ „ქართუ ბანკისთვის“ იყო ეს ნორმა შემოღებული და მას მხოლოდ ოქტომბრიდან აპრილამდე უნდა ემოქმედა. ხოლო თუ ამ ნორმის მოქმედება აპრილის ბოლომდე გაგრძელდებოდა, იგი ავტომატურ რეჟიმში სხვა ბანკებზეც გავრცელდებოდა, ამით კი ხელისუფლება ბანკებთან დადებულ პირობას დაარღვევდა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, პრეზიდენტი რეაგირებასაც კი არ გააკეთებს, არათუ წართმეულ ქონებას დაგვიბრუნებს. ამით კი იგი ხაზს გაუსვამს და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ეს „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ტერორი იყო.

რატომ გავრცელდებოდა ეს ნორმა მთელს ქართულ საბანკო სისტემაზეთუკი აპრილის ბოლომდე იმოქმედებდა?

- აპრილის ბოლოს, როგორც წესი, კომერციულ ბანკებში საერთაშორისო აუდიტების შემოწმება მთავრდება. თუ ამ დროისთვის ეს ნორმა ისევ მოქმედი იქნებოდა, მაშინ მთელი ქართული საბანკო სისტემა დადგებოდა ანალოგიური საფრთხის წინაშე, რადგან საერთაშორისო აუდიტები მათგან სათანადო თანხების დარეზერვირებას მოითხოვდნენ. ამას კი ქართული საბანკო სისტემა ვერ გაუძლებდა, და ეს მოხდებოდა მიუხედავად სააკაშვილის, მერაბიშვილის თუ ადეიშვილის მოთხოვნისა.