ნანა ივანიშვილი: „უნდა დაინახონ ამათ, რომ ყველა მასწავლებელს ვერ დააშინებენ“

ნანა ივანიშვილი: „უნდა დაინახონ ამათ, რომ ყველა მასწავლებელს ვერ დააშინებენ“

ბოლო დროს გათავისუფლებული და სამსახურდაკარგული მასწავლებლები არავის უკვირს, ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ მათ ძირითადად პოლიტიკური მოტივით ათავისუფლებენ სამსახურებიდან. უფლებებშელახული პედაგოგების ისტორიის გაცნობისას presage.tv-მ  აღმოაჩინა, რომ მათ რიგებში ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი ნანა ივანიშვილიც მოხვდა, რომელიც სამტრედიის მესამე სკოლაში განვითარებული მოვლენებისა და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ თავადვე გვესაუბრება.

ქალბატონო ნანა, როგორც შევიტყვეთ, მხოლოდ თვენ კი არა, თქვენი მეგობრებიც დაითხოვეს სკოლიდან, შეგიძლიათ საზოგადოებას მოუთხროთ რა მოხდა თქვენს სკოლაში?

- მარტო მე არ გავუთავისუფლებივარ, ჯერ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარინა გედენიძე, რომელიც 18 წელი იყო ამ სკოლის დირექტორი, თუმცა,  შემდეგ ჩვენს სკოლაში ვერ მოხვდა, აღარ მოვყვები ლოტოტრონის ისტორიას, ისედაც ყველამ იცის რაც ხდებოდა...

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, როგორც მოგვიანებით გავიგე, უკვე იმ დროიდან დაიწყო რაიონის ხელმძღვანელობის საუბრები მარინა გედენიძესთან.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მე და ბიძინა ივანიშვილი მკვიდრი ბიძაშვილები და თანაც თანატოლები ვართ და მთელი სტუდენტობა ერთად გვაქვს გატარებული თბილისში.

მოგვიანებით ისიც გავიგე, რომ ბიძინას განცხადებისთანავე მარინა ნადირაძეს, ჩემს და ჩემი ყოფილი რძლის, ვენერა ივანიშვილის გათავისუფლებას სთხოვდნენ, რომელიც დირექტორის მოადგილე იყო და განქორწინების შემდეგ ისევ ჩემი ძმის გვარს ატარებდა. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ძმის ცოლი უკვე აღარ არის, მაინც მოჰყვა რეპრესიებში.

თქვენთვის არ უთქვამს სკოლის დირექტორს, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა?

- ქალბატონი მარინა მხოლოდ ერთ რამეს მეუბნებოდა, რომ არავითარი პოლიტიკური აქტივობა არ გამომეჩინა, ყველა ბავშვისთვის კარგი ნიშანი დამეწერა, რომ ვინმე უკმაყოფილო არ ყოფილიყო.

ვუსაყვედურე კიდეც, ამდენი წელია ამ სკოლაში ვმუშაობ, კარგად მიცნობთ და ასე ხელაღებით ყველას კარგ ნიშანს როგორ დავუწერ-მეთქი. მეუბნებოდა, რომ იქნებ მისი თხოვნა გამეთვალისწინებინა და მოგვიანებით ამიხსნიდა რაშიც იყო საქმე.

შემდეგ უკვე გავიგე, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებდა ჩემზე რაღაც ხმებს, შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარესთანაც მომიწია შესვლამ, რომელსაც ავუხსენი, რომ ვარ აპოლიტიკური პიროვნება, 30 წელია ვმუშაობ პედაგოგად და თუ შეიძლება, თავი დამანებეთ, იმიტომ, რომ არც ჩემს ბიძაშვილს არ უთხოვია და დაუვალებია რამე და ძალიან გთხოვთ,  მუშაობაში ხელს ნუ შემიშლით-მეთქი.

იმ პერიოდში ჩემი შვილი ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა და ჩემი შვილის კარიერის გამო ვერანაირ პოლიტიკურ აქტივობას ვერ გამოვიჩენდი. საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ჯვარშეიშვილიც დამეთანხმა, მართალი ხართ, რომელიმე ჯვარშეიშვილმა პოლიტიკური განცხადება რომ გააკეთოს ამის გამო მე ხომ არ უნდა ვაგო პასუხიო.

11 დეკემბერს მე და ჩემი მეუღლე საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაფუძნებას ვესწრებოდით. ამის შემდეგ უფრო დაჩქარდა ჩვენი სკოლიდან გამოშვების საკითხი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა თავისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე.

იმავე კვირას, „პოსტკრიპტუმმა“ ჩემი ფოტო გაავრცელა, როგორც გაირკვა, ჩემი დის „ფეისბუკიდან“ ამოუღიათ ფოტო, სადაც მე და ვენერა ივანიშვილი ეკატერინა ხვედელიძის გვერდით ვსხედვართ. ეს ფოტო ეკასთან სახლში იყო გადაღებული. ამ სურათის „რუსთავი2“-ის ეთერში გამოჩენა და სამტრედიის №3 სკოლაში გენინსპექციის შემოსვლა ერთი იყო. შედეგად მარინა გედენიძე გაათავისუფლეს.

როგორც შემდეგ მივხვდი, ეს იყო დირექტორის დასჯა იმის გამო, რომ მის სკოლაში მომუშავე ორი ივანიშვილი არ გაათავისუფლა. მას უთვამს, მირჩევნია მე წავიდე, ვიდრე ეს გავაკეთოო.იმიტომ, რომ 11 წლის მანძილზე „ქართუ ფონდი“ აფინანსებდა ჩვენს სკოლას. შემნილი იყო ორგანიზაცია „ქველი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გახლდით, რომლის ანგარიშზე ყოველთვიურად 15 ათასი ლარი ირიცხებოდა და მასწავლებლების შემწეობასა და ზაფხულობით სკოლის რემონტს ხმარდებოდა.

ეს სკოლა რომ ლამაზად და კარგად გამოიყურება თავისი ეზოთი, მოედნებით, საცეკვაო სტუდიებით და.ა.შ. ამაზე გამგეობას 11 წლის მანძილზე ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს. ეს სკოლა აქვს დამთავრებული ეკა ხვედელიძესა და კახი კალაძეს, გედენიძის შვილი კი კახას თანაკლასელი და მეგობარი იყო.

თავად მარინა გედენიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და არასოდეს ნაციონალების საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, არ აპატიეს და გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე ის 6 თებერვალს სკოლიდან გაათავისუფლეს.

სკოლაში მოვიდა  დღევანდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ჩომახიძე, რომელმაც დაახლოებით ორ კვირაში გაამჟღავნა, რომ მისი ფუნქცია ჩვენი სკოლიდან გაშვება იყო.

 მოულოდნელი მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენთან ერთად სხვა მასწავლებლები, მარინა ნადირაძე და ლელა ხურცილავაც გაათავისუფლეს, რადგან ისინი ბიძინა ივანიშვილის ნათესავები არ ყოფილან. უბრალოდ, ჩემთან და ვენერასთან მეგობრობდნენ.

ბუნებრივია, გათავისუფლების რეალურ მიზეზს არავინ გეტყოდათ, მაგრამ ფორმალურ მიზეზად რა დაასახელეს?

ვის გათვისუფლებასაც აპირებდა, 23 თებერვალს საყვერდურები ჩამოგვირიგა. როგორც მოგვიანებით გავიგე, გამგეობაშიც არსებობდა არასასურველი პედაგოგების სია. საყვედურის შემდეგ შევედი დირექტორთან და ვუთხარი, რომ ვიცოდი რასაც აპირებდა და შეეძლო ზედმეტი წვალებისა და საყვედურების გარეშე შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია.

მან არც უარყო, და მითხრა, რომ არ გამორიცხავდა, ჩვენს ცხოვრებაში ეს მოვლენა ძალიან მალე დამდგარიყო. 2 მარტს გადმომცეს ცნობა, რომ 7 მარტს ხელშეკრულება შემიწყდებოდა. სხვათა შორის, ნანა ჩომახიძე ძალიან ნერვიულობდა და ისიც კი თქვა, ვიცი, ახლა ამას მე მაკეთებინებენ და მერე შეიძლება მეც გამათავისუფლონო.

მერე გავარკვიე, რომ ჩომახიძე ჩვენი გათავისუფლებისთვის იმით დააჯილდოვეს, რომ მის მეუღლეს მუშაობა დააწყებინეს ანუ საგადასახადოში ისევ აღადგინეს.

ისიც ითქვა, რომ დირექტორის მოვალეობის შესრულება სხვებსაც შესთასვაზეს, მაგრამ ყველამ წინასწარ იცოდა, რა დავალებაც ექნებოდა შესასარულებელი და საკმაოდ ბევრმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

ის თუ ითქვა ეს დავალება უშუალოდ ვისგან მოდიოდა?

- გამგებლის, კობა კანდელაკის უშუალო დავალება იყო, მაგრამ დარწმუნებული, ვარ, მასაც ვიღაცამ დაავალა. ნანა ჩომახიძემ მითხრა კიდეც, რომ მას ეს დაავალეს და იძულებით აკეთებდა. იგივე უთხრა მარინა ნადირაძესაც, ლელა ხურცილავასა და ვენერა ივანიშვილსაც.

საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ თქვენი შვილი, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში, ისიც გაათავისუფლეს?

ჩემი შვილები მიჩვეულები არიან, რომ დედის გვარი უნდა დაემალათ. 1993 წლიდან მოყოლებული ამ რეჟიმში ვცხოვრობდით, მას შემდეგ, რაც ჩემი ბიძაშვილი, ბიძინას ძმა, კრიმინალებმა მოიტაცეს.

ჩემმა შვილმა როდესაც ენერგეტიკის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, (მე მეუღლის გვარსაც ვატარებ) ავტობიოგრაფიაში ჩაწერა, რომ დედა არის ნანა ჯამბურია. ნატას ასევე მითითებული ჰქონდა, რომ ანგარიში ჰქონდა „ქართუ ბანკში“. როგორც ჩანს, სპეცსამსახურებს მისი ბიოგრაფიის გადამოწმება არ გაუჭირდათ და დაადგინეს, რომ დედა ივანიშვილი ჰყავს, ჩემი და ბიძინას ნათესაობის დადგენა უკვე ადვილია.

ჩემი შვილი, ნატა ჯამბურია 29 იანვრისთვის ენერგეტიკის სამინისტროდან მიდიოდა მოლაპარაკებაზე ესტონეთში. 27 იანვარს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გამოიძახეს მინისტრის პირველ მოადგილესთან, უთხრეს, რომ ძალიან კარგი მუშაკია, მაგრამ არსებობს გარემოებები, რის გამოც ჩვენთან ვეღარ იმუშავებო. ისიც ურჩია, რომ ესტონეთში კი არა, აეროპორტშიც კი არ მისულიყო. შაბათს დაიბარეს ბუღალტერი და მივლინება სასწრაფოდ გააუქმეს.

30 იანვარს ნატა შეხვდა მინისტრს, რომელსაც ჰკითხა, სამსახურიდან იმიტომ მათავისუფლებთ რომ დედა ივანიშვილი მყავსო? ხეთაგურს ხმა არ ამოუღია.

ქალბატონო ნანა, თქვენი ოჯახის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადებები გააკეთა, თუმცა მანამდე ჩვეულებრივ მუშაობდით სკოლაში. მოგეხსენებათ სკოლებში საარჩევნო უბნებია განთავსებული და მასწავლებლებმა იციან, რა და როგორ ხდება არჩევნების დროს. შეგიძლიათ გაიხსენოთ, მაგალითად, რა ხდებოდა წინა არჩევნებზე?

არჩევნებისგან თავი შორს მეჭირა, რადგან ჩემი მეუღლე 2003 წლამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და ისედაც ვიცოდი, რა ხდებოდა არჩევნებზე. თუმცა ჩემი კოლეგები სკოლაში ყვებოდნენ, როგორ ყრიდნენ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენებს. არჩევნებს რომ აყალბებდნენ, ეს არც იყო დამალული.

თქვენ უკეთ იცით რეგიონში რა მდგომარეობაც არის და აქედან გამომდინარე გკითხავთ, რისთვის გაგათავისუფლეს, ეს რევანში იყო, თუ ფიქრობთ, რომ სკოლებიდან, სადაც საარჩევნო უბნებია, ზედმეტი მოწმეების თავიდან მოცილება სურთ?

ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ასე ფართოდ გაიცნობდნენ, იქამდეც ყველა მიცნობდა როგორც პრინციპულ ადამიანს. იციან, რომ სიმართლის თქმის არ მეშინია. ასეთივე თვისებები აქვს მარინა ნადირაძესაც. ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯი იმისთვისაც გადადგეს, რომ დანარჩენი კოლექტივი დაეშინებინათ.

ამის გარდა, კობა კანდელაკს, ჩვენს გამგებელს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. ჩემმა მეუღლემ (რომელიც 2007 წლამდე სკოლის დირექტორი იყო და ლოტოტრონის შემოღებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა სკოლა), 5 დღეში 1400 ხელმოწერა შეაგროვა ბიძინას და ეკას მოქალაქეობის აღდგენისთვის. გამგეობამ ეს ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო და თანაც არასწორად, ეგონათ, მე შევაგროვე ეს ხელმოწერები. ჩემს გათავისუფლებულ კოლეგებსაც აქვთ ხელმოწერები გაკეთებული, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ჩვენი უფლებაა, და ასე უამრავ რამეზე მაქვს ხელმოწერა გაკეთებული, ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებაზე, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე და ა.შ.

ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც გაათავისუფლეს, იგივე ბრალდებები წაუყენეს. როგორც ჩვენმა გამგებელმა თქვა, ვითომ „ქუჩაში დაწანწალებდნენ“ და აგროვებდნენ ხელმოწერებს. ასეთი რამ არ არ მომხდარა. ჩვენ, მასწავლებლებს, ხელმოწერები არ შეგვიგროვებია.

რამდენადაც ვიცი, თქვენს გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო  უკვე გაიმართა, რა ხდებოდა პროცესზე?

- ჩვენ ვითხოვდით განმარტებას, რატომ გაგვათავისუფლეს. მით უმეტეს არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონქვემდებარე აქტი, რომლის მიხედვითაც არ აქვთ უფლება, 37-ე მუხლი გამოიყენონ (ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გათავისუფლება), და დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაასაბუთოს, რატომ ათავისუფლებს დაქირავებულს. ჩვენ ამ დასაბუთებას ვითხოვდით.

სხვათა შორის, ვიდრე ამ სარჩელს შევიტანდით, აშშ-ს საელჩოც დაინტერესდა ამ საკითხით, მაგრამ რადგან ენის პრობლემა არსებობდა, ჩვენი წარმომადგენლის სტატუსით ჩემი შვილი შეხვდა საელჩოს წარმომადგენელს.

ვინ მიაწოდა აშშ-ს საელჩოს ინფორმაცია თქვენს შესახებ?

- ჩემი შვილი რომ არ წავიდა ესტონეთში, ამ პროექტს აფინანსებდა შვედეთი, ისინი დაინტერესდნენ, რატომ არ ჩავიდა 25-ე წარმომადგენელი.

ამის გარდა, კონფერენციაზე, სადაც ნატა ენერგეტიკის სამინისტროს სახელით უნდა გამოსულიყო, ლადო პაპავამ გამოაცხადა, რომ ვინაიდან იგი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერლი იყო, ეს ნახევრად ხუმრობით თქვა, წარდგებოდა, როგორც დამოუკიდებელი მომხსენებელი. ამით დაინტერესდა არჩილ გეგეშიძე და მეორე დღესვე არჩილ გეგეშიძის ინიციატივით, ჩემი შვილისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის საუბარი შედგა. შემდეგ უკვე ნატა მიიწვიეს აშშ-ს საელჩოში. ჩვენს შესახებ ინფორმაცია აქვთ უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც.

თვითონ სამტრედიელები თქვენი გათავისუფლების ამბავს როგორ შეხვდნენ?

- ბავშვები საპროტესტო გამოსვლას აპირებდნენ, მაგრამ რაიონის პოლიცია და უშიშროება ჩაერთო ამ საქმეში, სახლებში აკითხავდნენ და ყველას აფრთხილებდნენ, ქუჩაში გამოსვლა არ გაებედათ. თუმცა ჩემმა სადამრიგებლო კლასმა მაინც მოაწყო მცირემასშტაბიანი გამოსვლა. გამგეობის ოთხი თანამშრომელი რამდენიმე დღე დარაჯობდა ჩემს სადამრიგებლო კლასს. ბავშვებს, რომლებიც ჩვენს მიმართ სიყვარულს ღიად გამოხატავდნენ, დირექტორთან იბარებდნენ და მშობლების თანდასწრებით ემუქრებოდნენ, რომ პრობლემა შეექმნებოდათ.

სხვათა შორის, ბავშვები დღესაც დემონსტრაციულად დადიან „ქართული ოცნების“ ოფისში და არაფრის არ ეშინიათ. ეს მათი გულწრფელი რეაქციაა, რადგან მათ დაინახეს როგორები არიან შეშინებული მასწავლებლები.

რამდენადაც ვიცი, თქვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რას აპირებთ?

- მოსამართლე, სხვათა შორის, ისე კარგად იქცეოდა, ეჭვიც კი შემეპარა, რომ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, მას არ შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ განაჩენის გამოტანა.

ვაპირებთ, გასაჩივრებას ქუთაისშიც, უზენაესშიც და სტრასბურგშიც. ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და უნდა დაინახონ ამათ, რომ ყველა მასწავლებელს ვერ დააშინებენ.

სამტრედიაშიც ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში ხალხი კვლავ დაშინებულია თუ შიშის ფაქტორი უკვე დაძლეულია?

ყველა კარგად ხედავს, რაც ხდება, სამტრედიის გამგებელი ჩემი ყოფილი მოსწავლეა, ორი წელი ვასწავლიდი, ნაბაკევის სკოლაში საშემოდგომო გამოცდა ჰქონდა და შემდეგ გადმოვიდა კულაშის სკოლაში, იმიტომ, რომ იქ არ უწერდნენ ნიშნებს. არ მახსოვს მისი მოყოლილი გაკვეთილი, ვეხვეწებოდი, ერთი ხმა მაინც ამოიღე, დედაჩემის მოგვარეს სამიანი როგორ გაგატანო საქართველოს ისტორიაში-მეთქი. აი ასეთი გამგებელი გვყავს.  

სოფელ კულაშის გამგებელიც ჩემი ნამოწაფარია, რომელმაც კარგი კითხვა არ იცოდა, აი, ასეთი კოტიგენტი ჰყავთ „ნაციონალებს“. სამაგიეროდ,  სკოლის ყოფილი დირექტორი გინდა, მასწავლებელი თუ ექიმი, ყველა, ვისაც სამტრედიაში წიგნი წაუკითხავს „ქართულ ოცნებასთან“ არის. ამის გამო შიშის ფაქტორიც შემცირებულია, ხალხი მოდის „ქართულ ოცნებაში“ და წევრიანდებიან. სხვათა შორის, ბევრიც იმას გვეუბნება, რომ თქვენთან ვართ, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთო.