ჯიმმა მითხრა: ახლა ხომ დამიჯერებ, გველის ტყავის შეხება ისე საბედისწეროა, რომ ვინ იცის, ჯერ კიდევ რა მოგველისო,მირჩვნია ახალი მთვარე მარცხნივ სახეშებრუნებულმა ათასჯერ დავინახო, ვიდრე გველის ტყავს ხელით შევეხოო. ახლა მეც ამ აზრის ვიყავი, თუმცა აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი, ყველაზე დაუდევარი დაუგუნური საქციელია, ახალ მთვარეს მარცხნივ სახეშებრუნებულმა შეხედო–მეთქი. ერთხელ ასე მოიქცა მოხუცი ჰენკ ბაკნერი და ამით ძალიან მოჰქონდა თავი. ორ წელს არც კი გაუვლია,რომ ღვინით გალეშილი კოშკიდან გადმოვარდა და, როგორც იტყვიან ხოლმე, ლასტივით გაბრტყელდა.მე კი არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, კუბოს მაგივრად ბეღლის ორ კარს შუა ჩადეს და ისე დამარხესო. მამაჩემმა ასე მიამბო. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ იმ სულელმა სახე მარცხნივ მიაბრუნა და მთვარეს ისე შეხედა. (მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)
ჩემგან ხელმარცხნივ ტელევიზორია ჩართული, ტელევიზორიდან მაღალი სუბიექტი იდორბლება, კაკანებს, კიკინებს, ხმის ჩახლეჩვამდე ბღავის: „ჩვენ ვიცით, რომ უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ მაღალია. ჩვენ ვიცით, რომ...“ ჩამოთვალა, ჩამოთვალა და... „მთავარია ამის გაგება“-ო.
ამის და იმის - არა, ყველაფრის გაგებაა მთავარი.
ჩემგან ხელმარცხნივ ტელევიზორია ჩართული, მაღალი სუბიექტი „მტრის ჯინაზე“ გორის დათვალიერებას აპირებს, გეგმები მაქვსო - გორი უნდა ავაღორძინოო. მერე, აღარ მინახავს, მაგრამ, ალბათ, შუა ქუჩაში დადიოდა, რადგან გონია, რომ ჭეშმარიტი გორელები ამგვარად ვლიან. სუბიექტი გორლაზეა - არავინ ახსენებს გორის სანახებში მტვერში გორაობას, არავინ ახსენებს ახალგორს, მაგრამ ეგ - ჯერ-ჯერობით. კატეგორიულად ვაცხადებ - ჯერჯერობით!!!
„...დღემდე არსებული 5 კატეგორია – A,B,C,D,E, დაყოფილია 15 კატეგორიად: A - მოტოციკლეტი, B - მსუბუქი მანქანა, C -სატვირთო მანქანა, D - ავტობუსი, BE - მისაბმელიანი მსუბუქი მანქანა, CE - მისაბმელიანი სატვირთო მანქანა, DE - მისაბმელიანი ავტობუსი, T - ტრაქტორი, A1 - სკუტერი, B2 - მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა, C1 - მცირე ზომის სატვირთო, D1 - მცირე ზომის ავტობუსი, C1E- მცირე ზომის სატვირთო მისაბმელით, D1E - მცირე ზომის ავტობუსი მისაბმელით და S - ექსკავატორი“ - გასულ კვირაში სსკაშვილის კატეგორიული ბრძანებულება გამოქვეყნდა.
მაშინვე დაისვა შეკითხვა - „ვითომ რატომაო?“, ანუ - რა დაესიზმრაო...
რა დაესიზმრა და... „მიხაკო წერეთელს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის გასვლით სხდომაზე მიიღეს, რომელიც პანთეონში ჩატარდა... როგორც კომიისიის თავმჯდომარემ, სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ განაცხადა, მინისტრი უახლოეს დღეებში საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი დაზუსტდება. მიხაკო წერეთლის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების შემდეგ, საფლავის დიზაინთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება“.
საიდან სადაო, ხომ? აქედან აქ, მეგობრებო, აქედან აქ.
ახლა, შეხედეთ, რამხელა ფული გაკეთდება მართვის მოწმობების ამბავში. ჯერ მარტო დამზადების კონკურს-ტენდერი რად ღირს და მერე ჩვენც ხომ უნდა გადავიხადოთ ორი კაპიკი? ცხონებული მიხაკოს ამბავშიც ეგრეა - ცალკე გადმოსვენებაში მოტეხავენ, ცალკე დასაფლავებაში, ცალკე საფლავის გათხრაში და ცალკე საფლავის დიზაინში. ქელეხის ფულს 500 კაცზე გამოყოფენ, სამ კაცზე (სააკაშვილი, ქობალია, ბანძელაძე) გადაატარებენ და იმ სამიდან არც ერთი არ იქნება კაცი, უფრო მეტიც - ერთერთი მათგანი იქნება ცხოველი. რომელი? რომელი და - ვერა ქობალია? რომელი? კიდევ „რომელი“, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა „რომელია“ (გენერალში არ აგერიოთ), რადგან გასულ კვირაში სააკაშვილმა სრულიად საქართველოს და კვებეკის პროვინცის ისტორიული შეკითხვით მიმართა: „რომელ ცხოველს გავს ვერა ქობალია?“
ქათამს გავს, მაგრამ კატასავით იქნება, მაგრამ თუ ტექნიკაზე გადავალთ და ტექნიკას შევადარებთ, ვერიჩკა არის B2 - მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა და უსმენს და ემორჩილება T-ს - ანუ, ტრაქტორს. ტრაქტორი იძახის S ვარო, ექსკავატორიო ვარო. B2 არწმუნებს SX ხარ, სექსკავატორიო, მაგრამ კარგად თუ დავფიქრდებით და ავადსახსენებელი „მოსფილმის“ ერთ იმპერიულ ფილმს თუ გავიხსენებთ...
- დალი!!! - შტო დალი? - დვადცატშესტ ბე დალი (26B მომცესო დ.გ.) ტაკაია გიდრავლიკა... (ისეთი ჰიდრავლიკააო... დ.გ.).
ჰოდა, როდესაც მერაბიშვილს ორდენს გადასცემდა, დარწმუნებული ვარ სააკაშვილი ასე ფიქრობდა: „ჩემ ეწი ჟიგული დუმაიუტ...“
წარმოგიდგეიათ? გორის მთავარ მოედანზე ვიყავი მოსკოვის 1-ლი მაისის რაიონის სახალხო სასამართლოში აღმოვჩნდი! მაგრამ იმასთან შედარებით, რაც გასულ კვირაში ლიტვის პრემიერ-მინისტრს დაემართა, ხმა არ მაქვს ამოსაღები - ეგონა, საქართველოში მოდიოდა და სააკაშვილის „მამულში“ აღმოჩნდა. აი, სამხრეთ აფრიკაში რომ წახვიდე და თავი ლესოტოში რომ ამოყო, ეგრე.
მე რომ მოვყვები - ერთია, მაგრამ ნიუსს მართლა ვერაფერი შეედრება. აი, ისიც:
„ლიტვის პრემიერმა მიხეილ სააკაშვილს დოკუმენტი გადასცა, სადაც ქრონოლოგიურადაა მოცემული ლიტვა-საქართველოს ურთიერთობის ისტორია შუა საუკუნეების შემდეგ. ეს დოკუმენტი ძველ სლავურ ენებზეა და ნახსენებია საქართველო. „ნახსენებია იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და კახეთის მეფე. რუსეთი კი ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა. აქ პირველადაა ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დათარიღებულია 1465 წლით, ეს საერთაშორისო დოკუმენტია“, - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ის რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს გაუგზავნის. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ლიტველ სტუმარს თონეში პურის ცხობის ტექნოლოგია აჩვენა, შემდეგ ის ღვინოც გაასინჯა, რომელიც საქართველოში ვიზიტად მყოფ მონაკოს პრინც ალბერთან ერთად დაწურა. „ალბერს დავპირდი, რომ მასთან ერთად მოვხდიდი ქვევრს, მაგრამ დააგვიანა“, - დასძინა სააკაშვილმა“.
ალბერს დაპირდა... ეგ არაფერი - მოსახდელი კიდევ ბევრია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომა ახლოვდება და დასახურებელიც ბევრია.
მაგალითად, გასულ კვირაში გამოქვეყნდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის რამდენიმე შედეგი. კითხვაზე - „ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას?“ - შედეგები ასე გამოიყურება: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - 37%, „ქართული ოცნება“ - 19%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გიორგი თარგამაძე“ - 10%. კითხვაზე - „რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად“ - ლიდერობს გიორგი თარგამაძე - 28%, ბიძინა ივანიშვილი - 21%.
ანუ, პირველი კითხვის მიხედვით, უნდა დაახურო გამოკითხულთა 37+10=47%, ხოლო მეორე კითხვის მიხედვით, 28% წიხლქვეშ არის გასაგდები.
ჩემი ნება იყოს, წიხლქვეშ მონაკოს პრინცს გავიგდებდი - სააკაშვილთან ჭიქა რომ აწია, და ჩაროზად ჯონ მაკკეინს დავაყოლებდი, რადგან გასულ კვირაში გიგი წერეთელს შეხვდა და, შეხვედრა იქით იყოს, ხელიც ჩამოართვა. „ჯონ მაკკეინმა ფორუმზე თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და დემოკრატიზაციის პროცესებს, რაც ბევრი ქვეყნისათვის სამაგალითოა“.
არა, რა... მაკკეინი მხოლოდ იმას იმსახურებს, რომ კობა სუბელიანის მანქანას ნომრად ეწეროს. სხვას არაფერს.
რაც შეეხება დამსახურებებს... „თბილისის ღია უნივერსიტეტმა“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, რუსუდან კერვალიშვილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქათველოში ჩენ ჯიანფუს და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელს ანჟეი ტიშკევიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
როგორც ჩანს, „ღია უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობიდან ჯერ არავის ჰქონია საქმე „ცენტრ პოინტთან“, თორემ ასე ნამდვილად არ მოიქცეოდნენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანი „დექსუსს“ ენდოს და...
თუ ნდობაზე მიდგება საქმე, აქ უკვე ლეიბორისტები უნდა გავიხსენოთ. გავიხსენოთ და გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა მაგათი ნდობა.
„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დააგროვეს კაპიტალი და უძრავი ქონება, ჩამოერთმევა და ისევ ხალხს დაუბრუნდება“ - ნათელაშვილმა ამჯერად ჯიბლაძის პირით ისაუბრა.
არა, დიდედამაგათისამ, თვითონ არაფერი უშოვნიათ! რომ კითხო, გაინაზებიან - ეგ რა არისო, და ბებიაჩემის მონაყოლი მახსენდება - ერთხელ მარუსას ვკითხეთ, როგორ არის შენი მეურნეობის საქმეო და, მარუსამ წუწუნი დაიწყოო: „ქვე შენი ჭირიმე, რა მეურნეობა? ოთხი ძროხუკა, ხუთი ღორუკა და ოცდაათი წიწლუკა...“
ამას წინათ ერთმა ლეიბორისტმა მითხრა, ამ ბოლო დროს შალვა ნათელაშვილი რაღაც ცუდად დაძვრება ვენაშიო. ახლა, თუ მონაკოს პრინცი კახეთში დადის, დიდი ამბავი, თუ ლეიბორისტების ჰერცოგი ვენაში ისეირნებს. ორივე მათგანს დიასახლისობას მიხეილ სააკაშვილი უწევს და, საინტერესოა, რომ გასულ კვირაში სააკაშვილს ედეპემ საგანგებო სიურპრიზი მოუმზადა - დიასახლისის სტატუსი.
ხომ ძაან მაგარია? უფრო მაგარ ამბავსაც გეტყვით - „მობილური კომპანია „ბილაინი“, სპორტული კლუბის - „სპორტი ნათელ მხარეზე“ ფარგლებში, დღეს აბონენტებისთვის ფარიკაობის მასტერ-კლასს გამართავს. კომპანიის ცნობით, მასტერ-კლასი, 13.00-დან 17.00 საათამდე, ფარიკაობის ფედერაციაში მოეწყობა. სპორტულ კლუბში გაწევრიანება თავისუფალია „ბილაინის“ ნებისმიერი აბონენტისთვის კომპანიის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის მეშვეობით. აღნიშნული კლუბი კომპანიამ და სამოყვარულო სპორტის ფედერაციამ, ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩამოაყალიბა“.
ჩვენში დარჩეს და, ლადო ვარძელაშვილს, ალბათ დ’არტანიანი სომეხი ჰგონია, ხოლო ანა ავსტრიელი - ავსტრიელი. დ’არტანიანი ფრანგია, შალვა ნათელაშვილი კი ავსტრიის დედაქალაქში ძირძველი ვენელივით დააბიჯებს და ხმამაღლა კითხულობს გოეთეს უკვდავ სტრიქონებს - „დაუნ ზი დიკტეიტე, დაუნ ზი დიკტეიტე“.
სააკაშვილის სტრიქონების გახსენება კი მართალა ღირს:
„ჩემი გული, ჩემი სხეულის ყველა ორგანო, ჩემი მენტალიტეტის ძალიან დიდი ნაწილი, ეს არის აფხაზეთი და მთლიანად დასავლეთ საქართველო. მაგრამ მეორე ნაწილი ჩემი არსებობის არის აღმოსავლეთ საქართველო. ორივეში თავს ვგრძნობ წარმოუდგენლად მაგრად. წარმოუდგენელი აურა და ატმოსფეროა ანაკლიაში, ის არის ჩემი მიწა, მინდა, იქ მოაფინონ ჩემი ფერფლი, როცა აღარ ვიქნები. ასევე, ჩემი მიწაა კახეთი, სადაც სახლი მაქვს და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველო“.
იმისი არ იყოს, სახლის კარებში „ტაბულა“ რომ დამხვდა და, რომ ჩემს სახლთან ნაგავს ნუ დაყრით-მეთქი - რომ ვიყვირე. ახლა რა ვქნათ? დავიკავო ურნა და ვირბინო აქეთ-იქით, სად გადავყარო და რამე? არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა და არსებობს დასუფთავების სამსახური. სააკაშვილის ფერფლსაც იმათ მიხედონ და, სხვა თუ არაფერი, საშიში ნარჩენების მისახედად გარემოს დაცვის სამინისტროც ხომ გვაქვს?
ეგრე თუ გავყვებით, პროფკავშირებიც გვაქვს და მარტინა ნავრატილოვასაც ჰქონდა მკერდი.
„მიხეილ სააკაშვილი იმ ქალბატონსაც შეხვდა, რომელმაც პარკის კეთილმოწყობა პრეზიდენტს რამდენიმე თვის წინ პირადად სთხოვა. ნათელა სხირტლაძეს ამ ინიციატივისთვის მან მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირებული პარკი განახლებული რუსთავის სიმბოლო გახდება“ - ეს მოხდა რუსთავში და ამ ნიუსში მცირე უზუსტობას აქვს ადგილი. კერძოდ, როგორც სააკაშვილმა თქვა, პარკის აღდგენა ნათელა სხირტლაძემ მას კი არ თხოვა, არამედ - დაავალა და სააკაშვილმაც, როგორც ხალხის მსახურმა, დავალება პირნათლად შეასრულა.
ნათელა სხირტლაძე... რაჭველი რომ გამამაძაღლდება... ერთი სხირტლაძე ვიცი - ჯერ გაკახელდა, მერე გამამაძაღლდა და მტრისას!
„მტრისას“ ანტონიმი არის „ვაი საყვარელო“. გასულ კვირაში „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ლატარიის რიგით 240-ე გათამაშებაში ჯეკ-პოტი - 2.632.718 ლარი, 58 წლის თბილისელმა, ავლაბრელმა მანანა მამისაშვილმა მოიგო. გავრცელდა თუ არა მანანა იღბლიანის ფოტოები, ავლაბრელებმა შუბლში იტკიცეს ხელი - ეს ხომ ის არის, გულზე სააკაშვილი პორტრეტი რომ უბნევიაო!
ნამდვილად ის აღმოჩნდა - მე მოვკლავ დედას, დავიჭერ მამას, თუ სააკაშვილი მიბრძანებს ამას!!! მოკლედ: წაგებული ომის თავდაცვის მინისტრის კომპანიის სლოგანია „შეეჩვიე მოგებას“, ხოლო მოგებულების სლოგანს ახლავე გამოვიგონებ - „ცოტა მაინც დამიტოვეთ“.
ახლა არ მითხრათ, ეგრე არ იქნებაო. ნახეთ: „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ლატარიის გათამაშებებში ეს მესამე მოგებული ჯეკ-პოტია. პირველად, 4.400.000 ლარი აფხაზეთიდან დევნილმა ზამირა თორდინავამ მოიგო, მეორე - 500 ათასი ლარი თბილისელმა დავით ლომინაძემ. მანანა მამისაშვილისთვის მოგების მისალოცად ზამირა თორდინავა მივიდა, რომელმაც გარკვეული რჩევები მისცა ახალ მილიონერს“.
ალბათ, მიხვდებით, რა რჩევებსაც მისცემდა ქ-ნი ზამირა ქ-ნ მანანას - ზამირა ტყუილად კი არ მქვია, სიმშვიდე მიყვარსო და ეს ფული ციური მანანასავით რომ ჩამოგივარდა, ცოტა შეირგე, თორემ ბევრი არ შეგერგებაო.
„თუ ჩვენ ეს ყველაფერი დავამთავრეთ, რომელმა ნატომ და ევროკავშირმა უნდა თქვას ჩვენზე უარი. შეგვეხვეწებიან, რომ შევიდეთ. მანამდეა ჩვენთვის ძნელი, სანამ ჰგონიათ, რომ მორიგი ჩამორჩენილი და გაუბედურებული ქვეყანა მიადგა და ფხაჭნის მათ კარებს“, - უთქვამს მიშას და ან რა დაიწყო და ან რას ამთავრებს? საქართველო მაგას არ დაუწყია (ასაკი არ ყოფნის) და საქართველოს ეგ ვერ დაამთავრებს (სისხლი არ ეყოფა).
სააკაშვილის დაწყება-დამთავრებაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება: ტიპი ექიმთან მივიდა - ექიმო, როცა ვსვამ, ვეღარ ვამთავრებო. ექიმმა - ნუ სვამო. ამან - თუ არ დავლიე, ვერ ვიწყებო.
ცხელი გულით დავიწყეთ 1987 წლის ოქტომბერში და ცივი გონებით დავამთავროთ ამა წლის იმავე თვეში. 25 წელი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ ჩვენთვის...
ახლა, დავამთავრებ და, თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ერთი კვირის შემდეგ ისევ დავიწყებ და დავამთავრებ. ასე იქნება მანამ, სანამ ესენი ბეღლის ორ კარს შორის არ დაამთავრებენ.
წავედი. გიორგობაა, ბოლო-ბოლო...
რ.ა.რ. (რას არ იტყვიან...) – იცი, ამბობენ, რომ ჯონი მილერის სახლთან მაწანწალა ძაღლი ყმუოდა შუაღამისას, უკვე ორი კვირაა მას შემდეგ. სწორედ იმავე ღამეს აივნის მოაჯირზე ღამის ჩიტიც შემომჯდარა და გალობა დაუწყია.ჰოდა, ჯერ აქამდის იმ სახლში არავინ მომკვდარა. – ვიცი, მერე რა, რომ არავინ მომკვდარა! განა გრესი მილერი იმ შაბათს ღუმელში არ ჩავარდა და არ შეიტრუსა? (მარკ ტვენი,“ტომ სოიერის თავგადასავალი“)
|