არჩევნებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩევა, ხელისუფლება მით უფრო “ჰუმანური“ და “ხელგაშლილი“ ხდება. რეგიონებში გამოჩნდა ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. აპრილის ბოლოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ტენდერები გამოცხადეს. მაშინ, როდესაც არჩევნები კარსაა მომდგარი და კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს ლამის ხელს აჭრის, ადგილობრივი ბიუჯეტები ხელისუფლების წისქვილზე წყალს უპრობლემოდ ასხამენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტს წინასაარჩევნოდ გაახსენდა, რომ ახალი მოედნები სჭირდება. აღნიშნული ტერიტორიული ერთეული 225 530 ლარიან ტენდერს აცხადებს. “შესასარულებელი სამუშაოა: სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობა“ - ვკითხულობთ სატენდერო განაცხადში. ბოლნისს თეთრიწყაროც არ ჩამორჩა და ცენტრალური გამზირის მოწესრიგება მოაფიქრდა. გამოაცხადეს ტენდერი 194 000 ლარის ღირებულების სამუშაოს შესასრულებლად. სატენდერო განცხადის თახმად, უნდა მოხდეს თეთრიწყაროში დავით აღმაშენებლის ქუჩის ორივე მხარეს არსებული ღობეების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერს შემდეგი ტერიტორიული ერთეულებიც აცხადებენ: წალკის მუნიციპალიტეტი - 152 064ლარი, მარნეულის მუნიციპალიტეტი - 163 000ლარი, რუსთავი - 184 532ლარი. პროექტების უმეტესობა სატენდერო განცახდებების თანახმად აგვისტო-სექტემბერის თვეში უნდა დასრულდეს. ახალგამოცხადებულ ტენდერებზე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი არ სურს რუსთავის თვითმმართველობას. მათი პრესსამსახური ერთკვირიანი ლოდინის შემდეგაც არ გვაცნობს მერიის პოზიციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. კითხვები კი რუსთავის თვითმმართველობის მიმართ სულ უფრო იზრდება. ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არანაკლებად მნიშვნელოვანია რუსთავის თვითმმართველობის სხვა ახალი ინიციატივა. აპრილის თვეს საკრებულოს სხდომაზე სახურავების, ლიფტების და კორპუსების მოვლასთან დაკავშირებული პროექტების თანადაფინანსება სრული დაფინანსებით შეიცვალა. შესაბამისად, თუ აქამდე მოსახლეობას სახურავის, ან კორპუსის სხვა პრობლემის მოსაგვარებლად თანადაფინანსებით თანხის ნაწილის გადახდა უწევდა, დღეს მას ამ საჭიროებას 100%-ით ქალაქის ბიუჯეტი უფარავს. წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო გუნდის სვლებს უკვე წლებია აკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ორგანიზაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე ანგარიშებს 2007 და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ამზადებდა. „2009 წელთან შედარებით 2010 წელს საგრძნობლად გაიზარდა ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების, კულტურისა და სპორტის ღონისძიებების დაფინანსება“ - ვკითხულობთ მათ, 2010 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მომზადებულ ანგარიშში. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო ფულის გამტებული ხარჯვა ახალი ტენდენცია არ არის. „კანონის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი არ არის დაწყებული. ამისთვის ჯერ უნდა გამოცხადდეს არჩევნების დღე, თუმცა რეალურად ყველამ იცის დაახლოებით, როდის იქნება არჩევნები. ჩვენ 2007-2010 წლის არჩევნებზე ვაკვირდებოდით და გამოიკვეთა ასეთი ტენდენცია, რომ არჩევნებამდე დაახლოებით 8 თვით ადრე ხელისუფლება იწყებდა საარჩევნო კამოანიას. ამ დროს აქტიურდებოდა სხვადასხვა სოციალური, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. ქვემო ქართლის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც ამ ტენდენციაში ჯდება. ეს რეალურად ადმინისტრაციული რესურსებისა გამოყენებაა, თუმცა კანონის ნაკლოვანების გამო სამართლებრივად ამაზე მიდავება რთულია. წინასაარჩევნო პერიოდი კანონის თანხმად ჯერ არაა დაწყებული. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები ხელს უშლის თანასწორი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“ - აცხადებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, ლევან ნატროშვილი. ნატროშვილის ორგანიზაციისგან პირველი ყვითელი ბარათი რუსთავის ნაც-აქტივს უკვე აქვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა აღდგომის დღეებში რუსთავის საკრებულოს წევრის, თამაზ გველუკაშვილის მიერ მოსახლეობისთვის ცხვრების და 15 ლიტრი ღვინის დარიგების ფაქტი და დაადგინა, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. საერთაშორისო გამჭვირვალობამ აღნიშნული ფაქტის გამოსაკვლევად პროკურატურას და კონტროლის პალატას მიმართა.
|