ნიაზ დიასამიძის გახსენება

ნიაზ დიასამიძის გახსენება

 

ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია - ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ. ეს ის ხალხია,რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია,სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა. ამჟამინდელ ახალგაზრდობას წინა საუკუნის  თანამემამულეებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

 

ბატონი ნიაზ დიასამიძე მის თაობაში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. ამისი ერთ-ერთი მიზეზი საოცარ ადამიანურ ღირსებებთან ერთად ისიც იყო, რომ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა გააჩნდა. მისი ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის. დღევანდელი წერილი ნიაზ დიასამიძეს მიეძღვნება და თავდაპირველად ბატონი თემურ ჩირგაძის მოგონებას შემოგთავაზებთ.

 

“მე და ჩემი ტოლები ნიაზზე უმცროსები ვიყავით. ის კი უკვე მაშინ, პოპულარული იყო. ბუნებრივია ჩვენთვის, შედარებით ყმაწვილებისათვის დიდი ბედნიერება იყო მასთან დამეგობრება.

 

იმდროინდელ თბილისში ნიაზს ყველა იცნობდა და მასთან დაახლოებას ცდილობდა. გოგონები შეყვარებულები იყვნენ მასზე...

 

იმ წლებში თბილისში ცოტანი მღეროდნენ. ჩვენ, ნოდარ ნაკაშიძე (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა), თემურ ნაცვლიშვილი და მე ასე თუ ისე ვავსებდით ამ ნაკლს. ნიაზს მოსწონდა ჩვენი სიმღერები და ხუმრობით "ძმები იშხნელები" შეგვარქვა.

 

 

იგი ერთობ მუსიკალური პიროვნება გახლდათ. შესანიშნავად უკრავდა, თავისებური, ორიგინალური მანერა გააჩნდა. განსაკუთრებული ოსტატობით ხმარობდა მარჯვენა ხელის სამ თითს (არათითი და შუათითი დაზიანებული ჰქონდა). ასეთ სტილს როიალზე დაკვრისას მხოლოდ იგი ფლობდა.

 

იმ ხანებში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ამერიკული ფილმი "მზიური ველის სერენადა" გადიოდა. ჩვენ მაშინ პირველად მოვისმინეთ ოკეანისგაღმური კლასიკური მუსიკა. ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით. მახსოვს, კინოფილმის ნახვიდან მეორე თუ მესამე დღეს ნიაზს ვესტუმრეთ და ისევ აღფრთოვანებულები დავრჩით: ახლა უკვე მან და მისმა მეგობარმა, ალეკო გიორგაძემ (ცნობილი ქართველი მოქანდაკე) ხსენებული ფილმის თითქმის ყველა მელოდია უშეცდომოდ მოგვასმენინეს.

 

ჩაცმა ლამაზად უყვარდა. საშინლად გვიჭირდა ომისა და ომის შემდგომ წლებში, სად იყო კოსტუმი ან ფეხსაცმელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიაზი მუდამ პეწიანად გამოიყურებოდა. შარვალს თვითონ იკერავდა. ჩვენებური საბჭოთა ფეხსაცმლისაგან, რაღაც განსხვავებულსა და განუმეორებელს გამოიყვანდა.

 

მახსოვს, რუსეთიდან დავბრუნდი, სადაც სამხედრო ექიმად ვმუშაობდი. ჩავიცვი სამოქალაქო ტანსაცმელი და რუსთაველზე გამოვედი. გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისთან ნიაზი შემხვდა. შემხედა თუ არა იყვირა - "ეს რა შარვალი გაცვია, ვაიმე, დავიღუპეთო!" მომკიდა ხელი, წამიყვანა სახლში და თავის პატარა ოთახში ნახევარ საათში დამივიწროვა შარვლის ტოტები. ჩემთვის ყოველთვის ზეიმი იყო მასთან შეხვედრა.

 

მახსოვს კიკეთში ვისვენებდი ოჯახთან ერთად, ხშირად ამოდიოდა და ჩვენთან რჩებოდა. ის დღეები ყველა ჩემიანისთვის დაუვიწყარია. ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ, იოლად ამყარებდა კონტაქტს უფროსებთან. როდესაც, მიზეზთა გამო, რამდენიმე წელიწადს საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, ნიაზი თურმე ხშირად დადიოდა ჩვენსას, ჩემი ამბების გასაგებად და ახლობლების დასამშვიდებლად. საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო.

 

ბოლო წლებში იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. ავადმყოფობა მოეძალა და როდესაც ძალიან ცუდად ხდებოდა, თვითონ გაეცლებოდა ხოლმე მეგობრებს. უკანასკნელად გედევანიშვილების ოჯახში შევხვდი. თამადად ავირჩიეთ და, მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ ლიმონათს სვამდა, საუცხოო დრო გაგვატარებინა.

 

ნიაზი იუმორით აღსავსე პიროვნება იყო. მისი ოხუნჯობანი და სხარტულები მყისვე ვრცელდებოდა ქალაქში, მაგრამ მის იუმორს მაშინდელი სიტუაციის ისეთი ბეჭედი დაჰკრავს, რომ დღეს შეიძლება ბევრისათვის გაუგებარიც იყოს. იმ დროისა და მომენტისათვის უაღრესად ზუსტი და ღიმილის მომგვრელი გახლდათ.

 

დღეს, როცა ნიაზს ვიგონებ, ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთს ვავლებ თვალს, რომელიც მასთან ერთად გავატარე. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა ბედნიერი ვიყავი ამ სიახლოვით. ძალიან ბევრს უწილადა სიამოვნება, აჩუქა ღიმილი და სიხარული. ჩემი თაობის და ჩემი წრისათვის ნიაზ დიასამიძე დიდი პიროვნება იყო, ჩვენ ყველამ მისი "უნივერსიტეტი" გავიარეთ.

 

მადლობელი ვარ ჩემი ბედისა, მისი ახლობელი რომ ვიყავი. ვიცი, გულწრფელად ვუყვარდი და ისიც მარად დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.”

ნიაზ დიასამიძესთან ბატონი გიგა ლორთქიფანიძეც მეგობრობდა.

 

“მე და ნიაზი ბავშვობიდან მოვდივართ. იგი ჩემი არათუ თანაკლასელი, საბავშვო ბაღელიც იყო.

 

 

უაღრესად ნიჭიერი პიროვნება გახლდათ, შეეძლო ურთიერთობა ყოველგვარი ინტელექტის მქონე ადამიანთან. ამ თავისთავში ჩაღრმავებულმა და ჩაკეტილმა კაცმა რატომღაც ცხოვრებაში ადგილი ვერ იპოვნა. უცნაურად მოკრძალებული გახლდათ. მარტოსული ბუნების კაცი იყო. მშვენივრად ფლობდა სომხურ და თურქულ ენებს. ჩემს დასთან, მარიკასთან, შეეძლო საათობით ესაუბრა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. ეს ისე, გულის მოსაოხებლად, თორემ ამ საუბრებს გამიზნული, პროფესიული თუ სამომავლო დანიშნულება არა ჰქონია. იგი თავის ცხოვრებით ცხოვრობდა ისე, როგორც ეცხოვრებოდა.

 

მახსოვს, ერთხელ ცერად უჯდა როიალს. ფეხი ფეხზე გადაედო, სიგარეტი პირის ცალ კუთხეში მოექცია და ისე უკრავდა. ხუთი წლის შემდეგ ერთი ამერიკული ფილმი ვნახე - "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში" და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: იქ ერთ კადრში, ჯარისკაცი სწორედ ისე მიჯდომოდა და უკრავდა ფორტეპიანოს, როგორც ნიაზი 5 წლით ადრე...

 

ის გახლდათ აგრეთვე ჩვენი თაობის მოდელიორიც. ტანსაცმელის ახალ-ახალ მოდელებს თავად ქმნიდა. უსაყელო პერანგი თბილისში მან ჩაიცვა პირველად. ჰქონდა საოცარი შინაგანი გემოვნება.

 

ერთი კია, თავის მიერ ერთი ხელით გაკეთებულს მეორე ხელით ანადგურებდა. ერთხელ თაბაშირი მოიტანა და მშვენიერი ფიგურები გამოძერწა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, იმდენად ლამაზი ფიგურები შექმნა. მეორე დღესვე თავადვე დაამსხვრია!

 

იუმორის საოცარი გრძნობა გააჩნდა. ერთხელ კინოთეატრ "სპარტაკიდან" გამოვდივარ. ვხედავ რუსთაველზე ნიაზი დგას. ფილმის ჟურნალი ალკოჰოლიზმთან ბრძოლას შეეხებოდა და ვურჩიე ენახა. მითხრა: "გიგა, ბიჭო, ეგენი სულელები არიან, რატომ აჩვენებენ მაგ ფილმს, ლოთი მანდ არ შევა, სხვებს კი რაში სჭირდებათო".

 

სახლიდან, რომელშიც ადრე ვცხოვრობდი, ყველანი რომ გავიკრიფებოდით, ბოლო გამსვლელი კარებში ტოვებდა წერილს: "გასაღები გიგიბერიებთანაა". იმ დღეს რამდენჯერმე ამოსულა ნიაზი. შემდეგ გასაღები გიგიბერიებისათვის გამოურთმევია და დამლოდებია. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ კარი ისევ დაუკეტავს, გასაღები გიგიბერიებისთვის ჩაუბარებია და წასულა.

რომ დავბრუნდი, წერილი დამხვდა: "გასაღები გიგიბერიებთანაა". შევედი ოთახში და ვხედავ, ორი სკამი ერთმანეთზე ჯაჭვითაა გადაბმული, ხოლო ჯაჭვს ბოქლომი ადევს. იქვე მოკლე წერილიც იდო: "გასაღები შკაფის თავზეა".

 

ფილარმონიაში ლიტნაწილის გამგედ 3-4 წელი იმუშავა. ერთხელაც, ნოდარ ხუნწარიამ ფელეტონი მიუტანა. ფელეტონს ვრცელი შესავალი ჰქონდა. შესავლის შინაარსი ზუსტად არ მახსოვს, გათენება და ჩიტების ჭიკჭიკს შეეხებოდა. იუმორი კი გვიან, ფელეტონის ბოლოში იწყებოდა. ნიაზს უთქვამს, არ გვინდა ეს ჩიტები, პირდაპირ იუმორით დაიწყეო. ხუნწარია უარზე იდგა. ბოლოს ნიაზმა შეიცხადა - კაცო! ჩიტები იჭიკჭიკებენ, აბა "დაკუდარას" ხომ არ ითამაშებენო.

 

ერთხელ ნიაზთან ვსვამდით. თითო ბოთლი ღვინო რომ დავლიეთ, ნიაზმა აიტეხა, ჟუჟუნასთან წავიდეთ და იქ გავაგრძელოთო. თავისი გაიტანა და წავედით. დარეკა ზარი და სტუმრობის საბაბად ჯარში წასვლა მოიმიზეზა - წვევამდელი ვარ და უნდა გამოგემშვიდობოთო. შეწუხდნენ მასპინძლები, შემდეგ სუფრა გაიშალა. ვიქეიფეთ. აქეთობას ნიაზს ვუსაყვედურე: მაგ ხალხს თვალებში როგორღა უნდა შევხედო, ჯარში მართლა რომ არ მიდიხარ-მეთქი. მაგასაც ნახავ თუ არ შეხედავო, დამამშვიდა.

 

მეორე დღეს ისევ გამომიარა: წამოდი, ნაბახუსევზე გამოვიდეთო. ისევ ჟუჟუნასთან წავედით. სირცხვილით დავიწვი, მაგრამ ყოველგვარი წინააღმდეგობა ამაო გამოდგა. გაიღო კარები და მასპინძლებმა ზღურბლთან ნიაზი დაინახეს - გამათავისუფლესო. კვლავ გაიწყო სუფრა, გაიშალა პურმარილი და ნაბახუსევზე გამოსვლა ქეიფში გადაიზარდა.

 

ხშირად მეკითხებიან, თუ რა იქნებოდა ნიაზი დღევანდელი თბილისისათვის. ჩემი აზრით, არ შეიძლება ადამიანის საკუთარი დროიდან მოწყვეტა და მექანიკურად მისი დღევანდელობის ფონზე აღქმა. ვიმეორებ, ეს იყო თავისუფალი კაცი, რომელიც მაშინდელ ცხოვრებას ამშვენებდა და ალამაზებდა”.

 

დღევანდელი წერილის დასასრულს კი სიტყვას ბატონ სულიკო ჟღენტს გადავცემთ.

 

ერთხელ ნიაზს ბათუმში შევხვდი, სასტუმრო "ინტურისტის" წინ, ბულვარში. "წმინდად დაჭრილი" აჭარული თუთუნი შემომთავაზა, მითხრა: მოდი მოვწიოთ, ჰუსეინ ბიძიამ მომცაო.

 

თან მახლდა ჩემი მეგობარი ჯემალ ბურჭულაძე. ჩამოვსხედით.

 

ნიაზს დიპლომი ახალი აღებული ჰქონდა. გამანდო - აჭარაში მინდა დავიწყო სამსახურიო.

 

- ნიაზ, რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი? - ჰკითხა რატომღაც ჯემალ ბურჭულაძემ.

- არც ერთში. არ მიშვებენ საზღვარგარეთ, ეშინიათ, დარჩებაო. შტერები არიან ვირიშვილები. სად უნდა დავრჩე, განა სხვა ბათუმი ან თბილისი არის კიდევ სადმე?!

 

არის კაცი მოკვდება და არ მიწდება,

გადის დრო და არავის არ ავიწყდება,

ხან ვიცინი, ხან თვალები მეცრემლება,

ნამთვრალევი ნიაზი რომ მახსენდება,

მოკვდა კაცი, ხალხმა ცრემლით დაიტირა,

სიკვდილმა კი, სასიკვდილემ, გაიღიმა.

 

ეს ლექსი ნიაზის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იპოვნეს მისმა ახლობლებმა ფოსტის ყუთში.

 

ეს ლექსი კი ნიაზის დებმა გია ფერაძისგან მიიღეს, როცა იგი სასჯელს ქალაქ შუშაში იხდიდა.

 

ნიაზ დიასამიძეს

(გუგულის და ტუსას)

 

მთვრალია თუ "პახმელია",

ქუჩა-ქუჩა ივლის ის,

უფლება აქვს, რადგან იგი

პირმშო გახლავთ თბილისის!

აღარ არის, მაგრამ სული

ჩვენში ივლის, ივლის ის,

აღიარეს შაყირების

პრეზიდენტად თბილისის!

ღამით, დღისით, შუადღისას,

ბახუსის ქვეშ ივლის ის,

უფლება აქვს, მას ტკივილი

ზურგზე აწევს თბილისის!

ფხიზელიც რომ ყოფილიყო,

მაინც მთვრალი ივლის ის.

გაუმარჯოს, სადაც არის,

ნიაზს, ზღაპარს თბილისის!

ღმერთო, ღმერთო! მისი სული

სად დაფრინავს, ვინ იცის!

ალბათ სადმე წყნარ დუქანში,

ძველ უბანში თბილისის!

წავიდა და ყველას გვჯერა,

სამოთხეშიც ივლის ის,

საფლავზე კი ბოთლი დევს და

ერთი ჭიქა ღვინისთვის.

აწიე და შენდობა თქვი,

ჩვენი შვილის თბილისის,

მის ჯამს წვეთს რომ მიუმატებ,

იქ ამაყად ივლის ის!

 

გია ფერაძე

1987 წელი. "კრიტი", ქ. შუშა.