სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაც–თავისებურებები

სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაც–თავისებურებები

“ხმა რომ გავრცელდა, რუსები თბილისის ასაღებად მოდიანო, და პატრიოტიზმზე გამდიდრებული ყველა ახვარი აზერბაიჯანისკენ დააწვა, მე ვიდექი ჩემს ოტახში მსოფლიო რუკის წინ...'' 

(დავით ქართველიშვილი, “ათი ქალწული)

მეც მსოფლიო რუკას დავცქერი...

აი, პარაგვაიც – ლათინოამერიკული ქვეყანა, დედაქალაქი - ასუნსიონი. ქვეყანას 1954-1989 წლებში მართავდა სამხედრო დიქტატორი, გენერალი ალფრედო სტრესნერი. იგი 1989 წელს საკუთარმა მძახალმა, გენერალმა როდრიგესმა დაამხო. სტრესნერი ბრაზილიაში გაიქცა...

პარაგვაი და სტრესნერი გამახსენა ქართული ოპოზიციური მედიისა და პოლიტიკოსების განცხადებებმა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე ხალხი იძულებით მიჰყავთ; რომ გურჯაანში მისი ვიზიტის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა და ა.შ.

სააკაშვილმა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას აღტაცებულმა განაცხადა: ”ბედნიერი ვარ, რომ ადამიანები დილის 8 საათზე დგებიან, რათა ჩემთან შეხვედრა შეძლონ“...

მომეჩვენა, რომ მისი განცხადება გულწრფელი იყო.

დიახ, ყველამ ვიცით, როგორ მიჰყავთ ხალხი ასეთ შეხვედრებზე, როგორ უძღვის წინ ამ ყველაფერს თათბირი სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, “ერთგულ''თანამშრომელთა სიების დახვეწა და ა.შ.

მაგრამ რატომ ვართ დარწმუნებული, რომ მიშა ამ ყველაფრის საქმის კურსშია?იქნებ, მან არაფერი იცის ამ საზიზღრობის შესახებ?

სწორედ ამის შესახებ ფიქრმა გამახსენა პარაგვაი და სტრესნერი.

 

ვიდრე იტყვით, სად ერეკლე და სად ბებიაჩემი თეკლეო... აბა, ამას ჰყოლიაო და ა.შ. მათქმევინეთ და შემდეგ განსაჯეთ.

1989 წელს, როდესაც ამბოხებული სამხედროები რეჟიმის მოწინააღმდეგე სამოქალაქო პირებთან ერთად მიადგნენ სტრესნერის რეზიდენციას, მოხუცი დიქტატორი ფანჯრიდან იყურებოდა და მის გვერდით მყოფთ გაოცებით ეკითხებოდა: ”რა უნდათ? რამ გადარიათ? რას მერჩიან?“

 

და მისი გაოცება... გულწრფელი იყო. მას მართლა უკვირდა. უკვირდა, რადგან, საკუთარი გარემოცვის მიერ რეალურ ინფორმაციას მოკლებული, დარწმუნებული იყო, რომ პარაგვაის მთელი მოსახლეობა მიწიერ სამოთხეში ცხოვრობდა და სტრესნერის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა...

რა გარანტია გვაქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც ასეთ საინფორმაციო ვაკუუმში არ იმყოფება?

არა, უბრალოდ კითხვას ვსვამ, თორემ რაიმეს მტკიცება... როგორ გეკადრებათ, ვინ მამაძაღლი...

თუ კითხვაა, კიდევ ერთ კითხვასაც მივაყოლებ: რა უარესია – როდესაც ქვეყნის პირველი პირი საქმის კურსშია და ეთანხმება ამ საზიზღრობას თუ, როცა საქმის კურსში არ არის და ვითარებას ვერ აკონტროლებს?

სხვათა შორის, “მსხვილ-მსხვილი ნაციონალები“ ხშირად გვმოძღვრავენ და გვიქადაგებენ “სახელმწიფოებრივი აზროვნების“, “ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის“, “დასავლური ფასეულობების“ და ა.შ. შესახებ.

ამასთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მახსენდება.

როდესაც პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ არაერთმა მაღალჩინოსანმა თუ პარლამენტარმა, წითელი ხიდის გავლით დატოვა საქართველო, ზოგიერთმა მათგანმა ეს ცნობა უარყო,ზოგმა კითხვები უპასუხოდ დატოვა, ზოგმა კი - ცოლ-შვილი გადავიყვანე საზღვარზე, მაგრამ რა გინდათ,მე ხომ უკან დავბრუნდიო?

ასეთი ადამიანები დღეს სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე გვესაუბრებიან.

თავს ვალდებულად ვთვლი, მათ მცირე ისტორიული ექსკურსი ჩავუტარო. კარგად მომისმინონ...

როგორ ფიქრობთ, მეორე მსოფლიო ომის პეროიდში, როცა ინგლისი ინტენსიურად იბომბებოდა გერმანული ავიაციის მიერ, მეფე ჯორჯ VI-ს არ ჰქონდა საშუალება, ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილას გაეხიზნა?

თუ თქვენ გაქვთ ფული და მას არ ჰქონდა?

მაგრამ - არა! სამეფო ოჯახს წუთითაც არ დაუტოვებია ქვეყანა. ორივე პრინცესა კი (ელისაბედი და მარგარეტი) მოწყალების დად მსახურობდა.

აღარაფერს ვამბობ იმ ცნობილ ფაქტზე, რომ ომის წლებში ბუკინგემის სასახლის საკვამურიდან კვამლი არ ამოსულა, რადგან მეფემ ჩათვალა, რომ უხერხული იყო – თვითონ და მისი ოჯახი თბილ სასახლეში მსხდარიყვნენ მაშინ, როცა მისი თანამემამულენი სიცივით იყინებოდნენ.

აი, სახელმწიფოებრივი აზროვნება და პასუხისმგებლობის გრძნობა. აი, ის ჭეშმარიტი ფასეულობა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით აღიარებენ.

არადა, პიარიც რომ ჭირდებათ?! მაგრამ, ჭირდებათ ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ინტელექტის დეფიციტს განიცდიან.

...ამას წინათ,ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რესპონდენტს ჰკითხა – ”კი,მაგრამ “ვეფხისტყაოსანი“ რომ დაიწერა, რატომ მაშინვე არ დაბეჭდეს, 1712 წლამდე რატომ გააჭიანურეს ეს საქმეო?“

მეორემ, როცა რესპონდენტმა ილიას პირადი წერილები უჩვენა, აღფრთოვანებულმა შესძახა: ”უი, რა მაგარია, თქვენ მოგწერათ?“

აი, ჟურნალისტები,რომლებიც სჭირდებათ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საომარი ვითარებისას ქვეყნიდან საკუთარი ოჯახის გახიზვნა (და კიდევ რაღაც-რაღაცეები) სულაც არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ აზროვნებას.

გიხაროდენ!