"საქართველოს ლატარიის კომპანიის" ლატარიის რიგით 240-ე გათამაშებაში ჯეკ-პოტი - 2.632.718 ლარი, 58 წლის თბილისელმა მანანა მამისაშვილმა მოიგო. მანანა მამისაშვილს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ოფისში გამარჯვების დამადასტურებული დოკუმენტაცია გადასცეს - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს მანანა მამისაშვილმა განუცხადა, ის პერიოდულად ყიდულობდა ლატარიის ბილეთებს. ჯეკ-პოტი კი ცოტა ხნის წინ ნაყიდი ორი ბილეთიდან ერთ-ერთმა მოიგო. "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ლატარიის გათამაშებებში ეს მესამე მოგებული ჯეკ-პოტია. პირველად 4.400.000 ლარი აფხაზეთიდან დევნილმა ზამირა თორდინავამ მოიგო, მეორე, 500 ათასი ლარი - თბილისელმა დავით ლომინაძემ. მანანა მამისაშვილისთვის მოგების მისალოცად ზამირა თორდინავა მივიდა, რომელმაც გარკვეული რჩევები მისცა ახალ მილიონერს.
ჯეკ-პოტის გათამაშების შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ მანანა მამისაშვილმა ლატარიის ბილეთი ავლაბარში ერთ-ერთ საგაზეთო ჯიხურში შეიძინა, ხოლო იღბლიანი ბილეთის გამყიდველს პროცენტის სახით 52 000 ლარი ხვდა წილად.
„ინტერპრესნიუსმა“ ასევე გაავრცელა გამარჯვებული ქალბატონის ფოტო, რომელზეც presage.tv-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალბატონი მანანა ამოიცნო, როგორც ნაცმოძრაობის აქტივისტი. Presage.tv-მ ინფორმაცია ავლაბრის მაცხოვრებლებთან გადაამოწმა, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ მანანა მამისაშვილი მართლაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია და ხელისუფლებისგან მიღებული გარკვეული დავალებების შესასრულებლად იგი ხშირად დადის კონკრეტულ უბანზე.
„ფოტოზე მართლაც ის ადამიანია აღბეჭდილი, რომელიც ჩვენთან მოდის ხოლმე. ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი. ეს ქალბატონი ჩვენთან იყო მოსული ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. გახსოვთ, ალბათ, მაშინ თბილისის მერიამ გააკეთა რაღაც პროექტი, რომლის ფარგლებშიც ე.წ. „სოცმუშაკები“ დადიოდნენ და თითქოსდა მოსახლეობის პრობლემებით ინტერესდებოდნენ. სინამდვილეში კი ყველამ ვიცით, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან და მოსახლეობის გამოკითხვაც იმიტომ ტარდებოდა, რომ ხელისუფლებას დაახლოებით სცოდნოდა კონკრეტულ მისამართზე მაცხოვრებლების პოზიცია და განწყობა, ანუ ისინი ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ თუ ოპოზიციის.
ეს ქალბატონიც, ჩვენთან რომ მოვიდა, შინაურულად დაგველაპარაკა და გვითხრა, რომ არის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, თან შემომჩივლა, რომ ერთი გოგონა ჰყავს, რომელიც მის კმაყოფაზეა და ქალბატონი მანანას თქმით, სწორედ ამიტომ დათანხმდა ამ სამუშაოს, რადგან ფინანსურად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა“, - ამბობს presage.tv-ს რესპონდენტი, რომელიც ავლაბრის მაცხოვრებელია.
მისივე თქმით, ბოლოს მასთან მანანა მამისაშვილი გამოკითხვაზე ამ ზამთარში იყო. მამისაშვილს მიტანილი ჰქონდა კითხვარი, რომლის კითხვებიც ეხებოდა თბილისის მერიის საქმიანობას - რამდენად დადებითად აფასებენ მერიის მუშაობას გამოკითხულები და რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მუშაობა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, მანანა მამისაშვილმა სწორედ იმიტომ გაიმარჯვა გათამაშებაში, რომ იგი ნაცმოძრაობის აქტივისტია, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან და ხელისუფლების მრავალგზის შელახული ავტორიტეტიდან გამომდინარე, თავისთავად ეს ფაქტი ალბათ ყურადღების ღირსია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკ-პოტის პირველ მომგებ ზამირა თორდინავას მის მიერ მოგებული 4 მილიონიდან მხოლოდ ერთი ბინა შერჩა, დანარჩენი კი ხელისუფლებამ მიისაკუთრა. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას არც ე.წ. „მილიონერი“ თორდინავა ადასტურებს და, გასაგები მიზეზების გამო, ვერც დაადასტურებს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ეკონომიური მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია იმასთან შედარებით, რაც მისი დაარსების დროს იყო და როდესაც მას მართლაც შეეძლო რამდენიმე მილიონის გათამაშება.
Presage.tv-სთვის ცნობილი გახდა, რომ „ლატარიის კომპანიამ“ ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე განყოფილება დახურა, ვინაიდან თანამშრომლებს ხელფასებს ვეღარ უხდიდა. ყველაფერ ამის ფონზე კი უნებურად ჩნდება კითხვა - მართლა შემთხვევით მოიგო მანანა მამისაშვილმა 2.632.718 ლარი, თუ მასაც მისი წინამორბედივით ამ თანხის რაღაც უმნიშვნელო ნაწილი შეხვდება და ეს ყველაფერი ხელისუფლების მორიგი ოინია.
რა თქმა უნდა, ამაზე ხმამაღლა არც მამისაშვილი ისაუბრებს, მაგრამ, როგორც წესი, საქართველოში არაფერი იმალება და ალბათ მალე „ახალი მილიონერის“ ისტორიასაც უფრო დეტალურად გავეცნობით.