27 აპრილს ვერაზე, ფიქრის გორაზე, მცხოვრები ერთ-ერთი სახლის ბინადარნი მათი სახლის წინ კობრას გამოჩენამ შეძრა. საბედნიეროდ, შხამიანი ქვეწარმავალი უკვე მკვდარი იყო. მეზობლები ეჭვობენ, რომ მას ეზოს შინაურმა ცხოველებმა მოუღეს ბოლო. ქვეწამავალს კობრისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი ჰქონდა. საიდან გაჩნდა პირველი კობრა თბილისში, მაშინ, როცა იგი საქართველოში არასდროს ბინადრობდა და მისი გავრეცელების არეალი ძირითადად, აზიით, ინდოეთითა და აფრიკის კონტინენტით შემოიფარგლებოდა?! ხომ არ ჰყავდა იგი ეგზოტიკური ცხოველების რომელიმე მოყვარულს და ხომ არ გამოიქცა?! კითხვები მრავალგვარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ კობრის შხამი ძალიან ძლიერია და მისი ნაკბენის შემდეგ ადამიანი 30 წუთში იღუპება, სიტუაცია დასამშვიდებელი არ არის. მით უფრო, რომ კობრის ნაკბენით სპილოს სიკვდილის შემთხვევებიც დაფიქსირებულა. ამიტომაც, ზოგჯერ ინდურ კობრას - ანუ სათვალიან გველს შხამიან კბილებს აცლიან და მათ წარმოდგენების გამართვის დროს იყენებენ (სათვალიან გველს ინდოეთში განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან და იგი უამრავ ლეგენდასა თუ თქმულებაში ფიგურირებს), თუმცა კბილების დაცლაც არ არის საბოლოო გამოსავალი, რადგან კობრებს ახალი კბილები მალე ეზრდებათ. რაც შეეხება სამეფო კობრას, იგი მიდრეკილია, ადამიანს თავს უმიზეზოდ დაესხას და გაეკიდოს მაშინ, როცა სხვა გველები მხოლოდ თავდაცვის მიზნით კბენენ ადამიანს. ზოოპარკის სამეცნიერო დირექტორი დავით თაქთაქიშვილი Presage.tv-სთან საუბარში საქართველოში კობრის გამოჩენას საეჭვოდ მიიჩნევს, რადგან იგი საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული არ არის. რაც შეეხება ეგზოტიკური ქვეწარმავლების მოყვარულთა მიერ კობრის შემოყვანას, დავით თაქთაქიშვილი არაფერს გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ კობრა სახიფათო ქვეწარმავალია, ამდენად, მისი შემოყვანა იოლი არ უნდა იყოს. „ძალიან დიდი და სახიფათო ცხოველია, ბევრი კვება სჭირდება და ძალიან საშიშია. ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველია მსოფლიოში. ზოგიერთი კობრა 4 მეტრზე დიდია სიგრძეში. თან საშიშია იმით, რომ, როდესაც კბენს მსხვერპლს, დიდი რაოდენობით შხამს უშვებს, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და აძლიერებს შხამის მოქმედებას. ამიტომ, სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს, სპეციფიკურ პირობებში უნდა ჰყავდეთ და ადამიანი კარგად უნდა ერკვეოდეს ამ ცხოველის ბიოლოგიაში. მართალია, ჩვენში ჰყავთ ქვეწარმავლები, ხვლიკებიც ჰყავთ, ქამელეონებიც შეიძლება ჰყავდეთ, მაგრამ კობრის შინაურ პირობებში ყოლა არ გამიგია“. ამასთან, მეცნიერის შეფასებით, ამ ქვეწარმავლის საქართველოში შემოყვანა ძალიან რთულია და, როგორც სხვა ცხოველების შემთხვევაში, არაერთი დოკუმენტის შეგროვებას მოითხოვს. ამას სჭირდება სპეციალური ნებართვა, ძვირიცაა და ეს პროცედურა თვეობით გრძელდება. მართალია, დავით თაქთაქიშვილი ვერ აკონკრეტებს, რამდენი ეღირება კობრა, მაგრამ, ეს მის ზომაზეა დამოკიდებული. რაც უფრო პატარაა ცხოველი, მით უფრო იაფი ღირს, რადგან მისი ტრანსპორტირება უფრო იაფია. ხოლო, თუ ცხოველი, სიტყვაზე, ასი ლარი ღირს, მისი ტრანსპორტირება თანხის მესამედზე ცოტა მეტი დაჯდება. ცხოველის ფასში კი შედის ყველაფერი - როგორც მისი თვითღირებულება, ისე ტრანსპორტირების ხარჯები. ბუნებრივია, ის მეტ ადგილს იკავებს თვითმფრინავში, ამიტომ უფრო მეტია მისი ფასი. დავით თაქთაქიშვილის თქმით, მათთან, ზოოპარკში რამდენიმე სახეობის კობრა ბინადრობს, რომლებზეც გამოცდილი სპეციალისტები ზრუნავენ, რადგან მათ გარემოსთან მიახლოება სახიფათოა და ვერავის ანდობენ. ამ სირთულის გამო, თბილისის ზოოპარკში, გველების განყოფილება, მარტივად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ხის ყუთს, რომელიც შუაში ტიხრით არის გაყოფილი. როცა მომვლელს სამუშაო არ აქვს, ეს ტიხარი გამოღებულია და იგი ერთ მთლიან სივრცედ აღიქმება. ხოლო, როდესაც იქ საკვები უნდა დადოს მომვლელმა, ან უნდა დაალაგოს, იგი ჰყოფს ტიხრით. ამიტომაც გველი, ყველა შემთხვევაში, ტიხრის ერთ-ერთ ნახევარში ექცევა. მას შემდეგ, რაც მომვლელი ხის ყუთის იმ ნახევარს დაალაგებს, სადაც ქვეწარმავალი არ იმყოფება, ამ ტიხარს ისევ გახსნის და გველი უკვე გასუფთავებულ ნაწილში გადადის. თაქთაქიშვილის თქმით, გველები მტაცებელი ცხოველები არიან და, მათი სიდიდისა და ზომის მიხედვით იკვებებიან. მათი კვების რაციონია პატარა თახვები, ვირთხები, ფრინველები, ზოგიერთი გველი ჭამს კვერცხს, ბაყაყებს, მწერებს. ეს დამოკიდებულია გველის სიდიდეზე. რაც მთავარია, ქვეწარმავლები ცოცხალი ცხოველებით იკვებებიან, რადგან გველი თვითონ ცივსისხლიანი ცხოველია და თბილსისხლიან ცხოველს მხოლოდ ცოცხლად აღიქვამს. „ზოგს ჰგონია, რომ ქვეწარმავლის ენა შხამიანია. ასე არ არის, უბრალოდ, ის ენის საშუალებით ეძებს მსხვერპლს, პოულობს და მერე, თუ შხამიანია, კბენს და, თუ არ არის შხამიანი, ახრჩობს. ენა მისთვის იგივეა, რაც ადამიანისთვის - ცხვირი. გველს არ შეუძლია ღეჭვა, ამიტომ მსხვერპლს მთლიანად ყლაპავს. ამის შემდეგ, ორი-სამი კვირის მანძილზე (გააჩნია, რა სიდიდის ცხოველი გადაყლაპა), გრძელდება ამ ცხოველის მონელება“, - აცხადებს დავით თაქთაქიშვილი. ქვეწარმავლების გააქტიურების სეზონის მოახლოებასთან ერთად (ზაფხულისა და ოქტომბრის შუა რიცხვების ჩათვლით) მეცნიერი მოსახლეობას რჩევებს აძლევს. მისი თქმით, როდესაც გველი ადამიანს უკბენს და მათ არ იციან, შხამიანია თუ არა, ასეთ დროს, პირველი მოთხოვნაა, რაც შეიძლება, გაუნძრევლად იყოს ადამიანი, იწვეს თუ იჯდეს, და სასწრაფოდ გამოიძახონ ექიმი. არანაირი თვითმკურნალობა არ შეიძლება, ამან შეიძლება უფრო დაამძიმოს მდგომარეობა, ამიტომ მთავარი გაუნძრევლად ყოფნაა. „10 გამოძახებიდან 9 არასაშიშ გველებზე მოდის. ჩვენში ძირითადად მაინც არაშხამიანი ანუ ე.წ. მახრჩობელა გველები არიან. უბრალოდ, ადამიანებს ზოგადად ეშინიათ. ალბათ, ეს მაინც გამოწვეული უნდა იყოს გველების სახეობის არცოდნით, მათი ვიზუალური გარეგნობიდან გამომდინარე. როგორც კი გველს ხედავენ, იმ წუთასვე მიაჩნიათ, რომ იგი შხამიანია. ამ დროს კი იშვიათია, როდესაც მართლა შხამიანი გველები გამოერევიან. თბილისის შემოგარენში, უფრო კახეთისკენ, დავით გარეჯისკენ გავრცელებულია გიურზა, საკმაოდ საშიში ცხოველია, მაგრამ კბენიდან სადღაც ორი საათის განმავლობაში, თუ ადამიანი ექიმს მიმართავს, მის სიცოცხლეს საშიშროება არ ემუქრება. არც ისეთი ძლიერი შხამი აქვს, თუმცა მისი კბენის შემდეგ ფატალური შემთხვევებიც ყოფილა. ასევე, ჩვენთან გავრცელებულია გველგესლა“. დავით თაქთაქიშვილის განმარტებით, გველები ძირითადად ავლაბარში, ორთაჭალაში, ბოტანიკურ ბაღში გვხვება. თუმცა პირველად შარშან დაფიქსირდა ვაკეში. შესაძლოა, იქ შემთხვევით მოხვდა. მისი გავრცელების არეალი კი ძირითადად ქვემო ქართლს მოიცავს, კახეთის ნაწილს და თბილისის ხსენებულ რაიონებს. „სამწუხაროდ, ქვეწარმავლის დანახვისას ადამიანის პირველი რეაქცია შიში და მისი მოკვლის სურვილია. ამ დროს კი გველები ძალიან სასარგებლო ცხოველები არიან. დიდი რაოდენობით მღრღნელებს ანადგურებენ. თუ არ შეაწუხა ადამიანმა, გველი ყოველთვის ცდილობს, მას მოერიდოს და დაემალოს. ასევე, იქცევა კობრა და გიურზაც. მაგრამ, როდესაც გამრავლების პერიოდი დგება (მაისი და ივნისის პირველი რიცხვები), მაშინ შედარებით აგრესიულები და საშიშები ხდებიან. ამ დროს ნებისმიერი ცხოველი აგრესიული ხდება და გველიც გამონაკლისი არ არის“. შხამიანი და უშხამო გველების ამოცნობისთვის დავით თაქთაქიშვილი შემდეგ რჩევას გვთავაზობს. მართალია, ეს რჩევა ყველა ქვეწარმავლის დასახასიათებლად არ გამოდგება, მაგრამ ძირითადად მაინც გასათვალისწინებელია. მაგალითად, შხამიან გველს - გიურზას კისერთან შედარებით უფრო მკვეთრად გამოხატული თავი აქვს, ანუ კარგად ეტყობა თავი. არაშხამიან გველებში კი კისერი ჩვეულებრივ გადადის თავში და დიდი განსხვავება არ არის. კობრის თვისება კი ის არის, რომ, როდესაც ის გაღიზიანებულია, თითქოს ფეხზე დგება და უკან კაპიშონს შლის. ეს მისი თავდაცვის პოზაა. თუ ძალიან შეაწუხეთ, შეიძლება, თავდასხმაზეც გადმოვიდეს. მართლია, ადრე ქვეწარმავლებთან დაკავშირებით გამოძახების სტატისტიკა არ არსებობდა, მაგრამ ოთხი წლის წინ ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხელი ხაზის (33 20 08) ამოქმედების შემდეგ მიმართვების რაოდენობამ იმატა. |