ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მომხდარი აფეთქების შედეგად 154 ადამიანი დაზარალდა. მათგან 67, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, 25 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აფეთქების მიზეზი, გაზით დატუმბული საჰაერო ბურთების აფეთქება გახდა, რაც ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია.
ინციდენტი რესპუბლიკის მოედანზე, მმართველი რესპუბლიკური პარტიის მიტინგის დროს მოხდა. დაშავებულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, მათ შორისაა ორი მცირეწლოვანი ბავშვიც. საჰაერო ბუშტები, სწორედ, მიტინგის მონაწილე ახალგაზრდებს ეჭირათ. აფეთქების შემდეგ მოედანზე პანიკა დაიწყო, თუმცა მომხდარის მიუხედავად, მიტინგი კიდევ რამდენიმე წუთი გაგრძელდა.
როგორც სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ნიკოლაი გრიგორიანი აცხადებს საჰაერო ბურთები ჰელიუმით იყო დატუმბული და აფეთქებაც მან გამოიწვია.
დაზარალებულები საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ისინი უკვე მოინახულა.
ხვალ, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. აფეთქება ერევანში მმართველი რესპუბლიკური პარტიის მიტინგის მსველობისას მოხდა, რამაც წარმოშვა ვერსია, რომ მომხდარი, მმართველი პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსია იყო.