რა მიზეზით გარდაიცვალა დელიანიძე - კატეგორიული ვერდიქტი სპეციალურმა კომისიამ უნდა დადოს

რა მიზეზით გარდაიცვალა დელიანიძე - კატეგორიული ვერდიქტი სპეციალურმა კომისიამ უნდა დადოს

 

39 წლის პატიმარი ზურაბ დელიანიძე გლდანის №8 სასჯელღასრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. როგორც დელიანიძის მეუღლე ქეთევან ბერიძე აცხადებდა, მისი მეუღლე სასტიკად ნაწამები იყო. მოგვიანებით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით და მას სამედიცინო დეპარტამენტის მედპერსონალის მიერ ყოველგვარი შესაძლებელი მკურნალობა უტარდებოდა. მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის პირველ მაისს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ისევე, როგორც ნებისმიერი პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე გარდაცვლილს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.

როგორც დამოიკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, ქობულეთში ის გარდაცვლილის ოჯახის თხოვნის საფუძველზე ჩავიდა და გვამის გარეგანი დათვალიერება ჩაატარა. „მეუღლეს ეჭვი ეპარებოდა, ხომ არ იყო ნაცემი, ხომ არ ჰქონდა რაიმე ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რამეთუ ინტერნეტში გამოქვეყნებული სურათები არასპეციალისტისთვის სერიოზული ეჭვის საფუძველს ჯძლეოდა. ისეთი ტლანქი დაზიანებები იყო, რომ შეიძლებოდა, მსგავსი აზრი მართლაც გასჩენოდა“- ამბობს გეჯაძე.

ასეთი ეჭვების საფუძველს გარდაცვლილის მეუღლეს, ქეთევან ბერიძეს ის ფაქტი აძლევდა, რომ მან 20 თებერვალს ბათუმის ციხეში ინახულა მეუღლე, რომელიც ჯანმრთელობას არ უჩიოდა და პაემანის დასრულების შემდეგ ერთმანეთს ჩვეულებრივ დაშორდნენ.

შემდეგი პაემანი უკვე 13 აპრილს უწევდა, ბერიძეს უთხრეს, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და თბილისში, მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც გლდანში მდებარეობს.

17 აპრილს ბერიძე გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, მაგრამ იმის გამო, რომ განაცხადი არ ჰქონდა წინასწარ გაკეთებული, ორგანიზაციული ნორმების შეუსრულებლობის გამო, პატიმრის ნახვაზე უარი უთხრეს.

როგორც ბერიძე ამბობს, მას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ მიუღია. არ იცოდა, რატომ დააწვინეს საავადმყოფოში, რა დიაგნოზი ჰქონდა და რატომ გახდა საჭირო მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

შემდეგ უკვე ბერიძე პირველ მაისს, ადვოკატთან ერთად მივიდა გლდანის №8 სასჯელღასრულების დაწესებულებაში.

როგორც ბერიძე ამბობს, ის ციხეში შუადღისას, 14 საათზე შევიდა, სადაც უთხრეს, რომ მისი მეუღლე დილის საათებში გარდაიცვალა. მას ასევე უთხრეს, რომ გვამი უკვე გამოკვლეული იყო სასამართლო-სამედიცინო დაწესებულების მიერ და შეეძლო, სახლში გადაესვენებინა.

„ციხეში რომ შევედი, მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ პატიმარი გარდაიცვალა. მითხრა, მანქანა მოიყვანეთ და ცხედარი გადაასვენეთო. 27 აპრილს ვიყავი მისული და მითხრეს, ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებულიო და მივხვდი, რომ ვერ ვინახულებდი. პატიმარი ნანახი არ მყავდა, როდესაც ოჯახს უთხრეს, რომ ის თბილისში იყო გადაყვანილი და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ოჯახმა მთხოვა, იქნებ დაგვეხმარო, რომ გავიგოთ რა დაემართაო. ოჯახს ფინანსურად არანაირი საშუალება არ ჰქონდა და როგორღაც მოვნახეთ მანქანა, რომ გარდაცვლილი ქობულეთის რაიონში გადაგვესვენებინა“ - ამბობს ოჯახის ადვოკატი როლანდ ჭინჭარაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ ის ენდობა ალტერნატიული ექსპერტიზის წინასწარ მონაცემებს, საბოლოოდ კი განცხადებას მხოლოდ შესაბამისი დასკვნის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

როგორც გეჯაზე ამბობს, ეჭვები გამოიწვია იმ უამრავმა დაზიანებამ რომელიც გარდაცვლილს აღენიშნებოდა. ეჭვს იწვევდა ისიც, რომ ოჯახისთვის არც ბათუმიდან თბილისში გადაყვანის შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია და არც მისი გარდაცვალების შესახებ უცნობებიათ.

„გარეგანი დათვალიერებით მას აღენიშნებიოდა ნაწოლები კისრის, ხერხემლის, კუდუსუნის არეში, ორივე ტერფის ქუსლების მიდამოში. ოჯახის წევრებს ავუხსენი, რომ ეს არ იყო ცემისა და ძალადობის კვალი და ეს დაზიანებები არის ავადმყოფის ზურგზე ხანგრძლივი წოლის შედეგი. ანუ მას ჰქონდა რაღაც ისეთი დაავადება, რამაც აღნიშნული შედეგი გამოიწვია. შესაძლოა იყო კიდეც ეს ნეიროსიფილისი, იგივე, ათაშანგი და იწვევს ნერვული სისტემის პრობლემებს. შესაძლოა სხვა დაავადებებიც ჰქონდა, არ ვიცი რა დიგნოზი დაუსვეს №8 დაწესებულებაში და რა ნახეს გვამის ექსპერტიზის დროს, შესაბამისად, ოჯახს ავუხსენი, რომ ასეთი ნაწოლები ვითარდება ხანგრძლივად წოლის დროს და ადეკვატური და ჯეროვანი მოვლის შემთხვევაში ეს ნაწოლები არ უნდა განვითარებულიყო, მითუმეტეს, პიროვნება იწვა სამკურნალო დაწესებულებაში.

როდესაც ოჯახი მიხვდა, რომ ეს არ იყო ფიზიკური ზემოქმედების კვალი, მკითხეს, ხომ არ იყო მისი ავადმყოფობის გართულება გამოწვეული არასწორი მკურნალობის შედეგად. მე ვუთხარი, რომ ამაზე პასუხის გაცემა არ შემეძლო და საჭირო იყო კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი პროფილის ექიმების მონაწილეობით. ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს ავადმყოფობის ისტორიის მონაცემები, როდის მიიყვანეს საავადმყოფოში, რა დიაგნოზი დაუსვეს, სწორი იყო თუ არა მკურნალობა, რაც ჩაუტარდა. კომისიამ ასევე უნდა შეისწავლოს გვამური გამოკვლევის მონაცემები, რა გახდა სიკვდილის რეალურ მიზეზად და ამ მონაცემების შეჯერებით კომისია უფლებამოსილი იქნება, გამოიტანოს საბოლოო, კატეგორიული ვერდიქტი. არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცაიცვალა პაციენტი, თუ მას სწორი მკურნალობა ჩაუტარდა მაგრამ ისეთი მძიმე დაავადება ჰქონდა, რომელიც არ დაექვემდებარა მკურნალობას,“ - აცხადებს გეჯაძე.

ერთი კვირის გარდაცვლილი იყო თუ არა პატიმარი, ექსპერტი ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს, რადგან მისივე განმარტებით, გვამი შეიძლება შეინახო სამაცივრე დანადგარში რამდენიმე დღე. „ერთ რამეს ვამბობ - გვამი იყო შენახული, არანაირი ლპობითი პროცესი მას არ ჰქონდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ სიკვდილი დადგა სამი, ოთხი დღის ან ერთი კვირის წინ“ - ამბობს გეჯაძე.

39 წლის ზურაბ დელიანიძეს ნახევარი კილოგრამი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის 6-წლიანი პატიმრობა და 5-წლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. ის 5 თვის განმავლობაში ბათუმის ციხეში იხდიდა სასჯელს, მარტის ბოლოს კი თბილისში, გლდანის სასჯელაღსრულების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.

სავარაუდოდ, ალტერნატიული ექსპერრტიზის საბოლოო დასკვნის მომზადების შემდეგ გარდაცვლილის ოჯახს პრეტენზიები ექნება გლდანის სასჯელაღსრულებითი უწყების ადმინისტრაციასთან, თუმცა შესაძლოა, პრობაციისა და საჯელაღსრულების სამინისტროს სხვა საკითხებზეც მოუხდეს პასუხის გაცემა.
დელიანიძის საკითხზე მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა, სადაც სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან გარდაცვლილი პატიმრის, ზურაბ დელიანიძისა და მისი ოჯახის მიმართ უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ცხადია, სამინისტრომ საკუთარი განცხადებით გაავრცელა მსჯავრდებულის პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომლის დაცვაც სამინისტროს კონსტიტუციით ევალება, რაც ხელყოფს როგორც გარდაცვლილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პირთა უფლებებს“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და საჯაროდ გამოტანა წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას, იმის გამო, რომ ამით ილახება არა მარტო გარდაცვლილი პირის კანონიერი ინტერესები, არამედ ჩრდილი ადგება პაციენტის ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ასევე პირთა სხვა წრეს. 

„სამინისტროს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხისადმი საზოგადეობის მაღალი ინტერესი არსებობდა, არ წარმოადგენს პირადი საიდუმლოების გამჟღავნების საფუძველს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციის გამჟღავნების უკანონობას, რაც კარგად უნდა ესმოდეთ სამინისტროს უფლებამოსილ პირებს“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.

ომბუდსმენის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო მიერთებულია „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ კონვენციას, რომელიც ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, დაიცვან „თითოეული ადამიანის ღირსება და ინდივიდუალობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყონ მათი ხელშეუხებლობა და სხვა უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ბიოლოგიასა და მედიცინაში“. ამავე კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით „ყველას აქვს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასთან მიმართებაში“.

სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები, ხოლო მეორე მხრივ, მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, გაატაროს სათანადო ღონისძიებები, სამომავლოდ, მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.