ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა, რომელსაც საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა, დასრულებულია. როგორც სოციოლოგები ამბობენ, არსებითი სხვაობა ამ კვლევასა და ცოტა ხნის წინ დასრულებულ NDI-ს კვლევას შორის არ შეინიშნება, თუმცა ცალკეული თემების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებულია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად ეკლესიას ენდობა. ეკლესია – 92%, ჯარი - 90%, პოლიცია – 90%, პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 71%, პარლამენტი – 69%, მთავრობა – 68%, განათლების სისტემა – 67%, მედია – 66%, ცენტრალური ბანკი – 62%, პროკურატურა – 54%, ადგილობრივი მმართველობები – 54%, სასამართლო – 51%, გუბერნატორები – 46%, ომბუდსმენი – 41%, ცენტრალური საარჩევნო კომისია – 41%, პოლიტიკური პარტიები – 40%, კონტროლის პალატა – 36%, პროფკავშირები – 21%. პიარკომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი თვლის, რომ კვლევებში ეს ტენდენცია დიდი ხანია, შენარჩუნებულია და მხოლოდ ცალკეული სახეცვლილებები გვხვდება - პირველ ადგილზე ყოველთვის არის ეკლესია, შემდეგ გარკვეული თანაფარდობით იცვლება მაჩვენებლები პოლიციასა და ჯარს შორის, მედია ყოველთვის დაბალ პოზიციაზე იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველია ის, რომ ამ დამოკიდებულებას თავად ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები უწყობდნენ ხელს, თუ ხელისუფლება ოპოზიციურ პრესას ლანძღავს, იგივეს აკეთებს ოპოზიცია ე.წ. სახელისუფლებო მედიის მიმართ. საბოლოოდ, წაგებული მედია რჩება, რომელიც ორმხრივი კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა-ხოლმე. ნდობის ასეთი დაბალი რეიტინგიც აქედან მოდის. გამიკვირდა, რომ ომბუდსმენი 41%-იანი ნდობის ხარისხით სარგებლობს. როდესაც ასეთი კვლევები ტარდებოდა, წლიდან წლამდე მეორდებოდა ტენდენცია, რომ დაახლოებით 90%-იანი ნდობით სარგებლობდა ეკლესია შემდეგ მოჰყვებოდა სოზარ სუბარის ომბუდსმენის ინსტიტუტი და შედარებით მაღალი ნდობა ჰქონდა მედიას. ახლა ვითარება შეცვლილია და ჩემთვის მოულოდნელად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უკვე მასშტაბურ ხასიათს იღებს. პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ უფრო მაღალი ნდობაა დაფიქსირებული, ვიდრე ომბუდსმენის მიმართ, შედარებით მოისუსტებს ადგილობრივი მმართველობები და გუბერნატორები, მაგრამ მათი ნდობის ხარისხი მაინც უსწრებს ომბუდსმენს. ტუღუშის მიმართ ასეთი დაბალი რეიტინგი გულწფელად მიკვირს, რადგან მიმაჩნია, რომ ტუღუში არის საუკეთესო სახალხო დამცველი. ის არ არის პოლიტიზირებული, ცდილობს, შეინარჩუნოს ობიექტურობა, არ გადავარდეს პოლიტიკაში. ეს ტენდენცია მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საზოგადოება ძალიან პოლიტიზირებულია თუმცა, არ ამჟღავნებს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს, ამაზე თავს, იკავებს მაგრამ პოლიტიზაცია აშკარად ჩანს“, - ამბობს გორგილაძე. მართალია უცნობია, რა კითხვა დაისვა, IRI-ის კვლევების მიხედვით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ოპტიმიზმის განწყობა ერში (საზოგადოებაში) შემცირდა. თუ 2012 წლის მარტში ოპტიმისტური განწყობა ქვეყანაში 83%-ს ჰქონდა, გასული წლის ნოემბერში ოპტიმისტურად განწყობილი იყო - 87 %, გასული წლის მაისში - 78 %, 2010 წლის ოქტომბერში - 81%. ვალერიან გორგილაძე: „მართლაც საინტერესოა, რა კითხვა იყო დასმული და რა არის საზოგადოების ოპტიმიზმის საზომი და რა კონტექსტში შეიძლება ამოიკითხო ეს პასუხი. იმიტომ, რომ ეს ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული, ის ოპტიმისტიც შეიძლება იყოს და პესიმისტიც. შეიძლება ეს არა კონკრეტული მოცემულობის ანალიზიდან გამომდინარეობდეს, არამედ ადამიანის თავისებურება იყოს. რა იგულისხმება ამ ოპტიმიზმში, ძნელი მისახვედრია. როდესაც სვამ კითხვას, მიდის თუ არა ქვეყანა სწორი მიმართულებით, აქ შეიძლება, დაადგინო განწყობები და მოლოდინები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თავისთავად ის, რომ დაიკლო ოპტიმიზმის რეიტინგმა მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზეა, ამაზე არ ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გააკეთო, იმიტომ, რომ რას უკავშირდება ეს ოპტიმიზმი, ჩემთვის ბუნდოვანია“. სოსო გალუმაშვილი: „რთული საკითხია, საინტერესოა ვის და რის მიმართ ოპტიმიზმზეა ლაპარაკი, ასეთი ფრაგმენტული კვლევების გამოქვეყნებას, სჯობს საერთოდ არ გამოქვეყნდეს, რადგან რეალური ფიქრისა და ანალიზის გაკეთების საშუალებას არ გაძლევს. მკითხაობას ვიწყებთ, ეს ან ის ხომ არ იგულისხმეს, კვლევას მაშინ აქვს აზრი, როდესაც დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემაა შესაძლებელი. როგორ მივხვდეთ, ეს რა ოპტიმიზმია, ზოგადად, თავისი ცხოვრების თუ ხელფასის მიმართ. ასეთივე კითხვები მიჩნდება, როდესაც დაფიქსირებულია, რომ ოპოზიციური ლიდერებიდან პირველ ადგილზე არის გიორგი თარგამაძე. ეს სად - ოპოზიციურ ელექტორატში თუ ყველა გამოკითხულში? თუ მთლიანად გამოკითხულებში, ეს ჩვეულებრივი შედეგი იქნებოდა, იმიტომ, რომ ხელისუფლების მომხრე გამოკითხული აუცილებლად მისცემდა მხარს ასე თუ ისე მისაღებ კანდიდატს და არა მთავარ კონკურენტს“. ასევე საინტერესოდ ლაგდება საქართველოში გამოკვეთილი მთავარი პრობლემები. გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. პრობლემებს შორის მეორე ადგილზე 40 %-ით ტერიტორიების დაკარგვის საკითხი დგას, რომელსაც გამოკითხულთა 20 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს. „აქაც საინტერესო ტენდენციებია, თუ ასეთი ოპტიმისტურია საზოგადოება თუ უმრავლესობას მიაჩნია, რომ სწორი გზით ვვითარდებით, საინტერესოა, უმუშევრობა რატომ სახელდება ნომერ პირველ პრობლემად და სხვათა შორის, ამ პრობლემამ დაჩრდილა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიული მთლიანობა. აქამდე ჩატარებულ კვლევებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის სახელდებოდა პირველ პრობლემად, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას. იმდენად არის დამძიმებული სოციალური ვითარება, რომ ამ საკითხმაც კი უკანა პლანზე გადაიწია“, - ამბობს გორგილაძე. დანარჩენი პრობლემები უკვე ასე ნაწილდება: ეკონომიკა - 18 % (7 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს), სიღარიბე - 7 % (3 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს), ცუდი ურთიერთობები რუსეთთან - 5 % (2 % მთავარ პრობლემად ასახელებს), სოციალური პირობები - 4 % (1 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს), სოფლის მეურნეობა - 4 % (1 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს) ძვირი სამედიცინო მომსახურება – 7 % (1 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს), გაზრდილი ფასები - 5 % (1 %მთავარ პრობლემად მიიჩნევს), საგარეო პოლიტიკა - 2 % (1 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს), დაბალი პენსია – 3 % (06 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს), მაღალი კომუნალური გადასახადები - 3 % (0,6 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს), მშვიდობა - 1 % (0,5 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს), არასტაბილურობა - 1 % (0,5 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს). კვლევის ეს ნაწილი, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განწყობებს ასახავს, საკმაოდ უცნაურად ლაგდება, ძნელი ასახსნელია, თუ უმუშევრობა ნომერ პირველი პრობლემაა, როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა პრობლემურად მიაჩნდეს მხოლოდ 18%-ს, სიღარიბე კი მხოლოდ 7 პროცენტისთვის იყოს პრობლემური. სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ კვლევის სუბიექტებს არ უნდა მოვთხოვოთ, ისინი ბევრ საკითხში ერკვეოდნენ, ჩამონათვალში პირველ პრობლემად მათ უმუშევრობა მიაჩნიათ. „რეალურად რომ დავფიქრდეთ, თუ დავაჯამებთ იმ პრობლემებს რაც პირველ ათეულში გამოიკვეთა, ყველაფრის გასაღები არის ეკონომიკა. თუ ეკონომიკა გაიზარდა და განვითარდა, ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდება, მაგრამ ამ ადამიანებს, პირდაპირ აქვთ მინიშნებული, მათ რა პრობლემა აწუხებთ. ვერ იტყვი, რომ უცნაურობაა, მათ ასე მიაჩნიათ. როგორც შედეგიდან ჩანს, მათ რამდენიმე პასუხის შემოხაზვის საშუალება ჰქონდათ. თუმცა, მხოლოდ ერთი პასუხის შემოხაზვის შემთხვევაში საინტერესოა, რა სურათს მივიღებდით“, - ამბობს გალუმაშვილი. როგორც ვალერიან გორგილაძე ამბობს, „გასაგებია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ თვითშეგრძნებას. თუმცა ეს მაინც და მაინც არ ეხმიანება NDI-ს კვლევებს, იქ ჯანდაცვა იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული“. როგორც გორგილაძე ამბობს, სოციალური პრობლემები მაინც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, თუმცა ამ ნაწილში სხვა კვლევებთან კორელაცია არ იგრძნობა. კვლევის მიხედვით, რეგიონებსა და თბილისში აქტიურობის კუთხით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია იყო თქვენს რეგიონში აქტიური? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 34%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 4%; „ქართული ოცნება“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ – 0,4%, „ახალი მემარჯვენეები“- 0,3%, კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 30%-მა, თავი შეიკავა - 33%-მა. თუმცა გამოკითხვის მიხედვით, დედაქალაქში აქტიურობის მხრივ მხოლოდ 20% - ით ლიდერობს „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“, შემდეგ პოზიციას ინაწილებენ „ქართული ოცნება“ - 2% და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“- 2%. 0,3% აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“, 0,2% - „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ და 0,1% - „თავისუფალ დემოკრატებს“. კითხვაზე პასუხი არ იცის - 37%-მა, თავი შეიკავა – 41%-მა. კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას? - შედეგები ასე ნაწილდება - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - 37 %, „ქართული ოცნება“ - 19 %, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გიორგი თარგამაძე“ - 10 %. სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დიდი სხვაობაა და ან ერთი კვლევის ავტორები იტყუებიან ან მეორის, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ორი კვირის განმავლობაში ასეთი სერიოზული ცვლილება მომხდარიყო. „არ მომხდარა ისეთი რადიკალური ძვრები, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 9 პუნქტით გაზრდილიყო. 9%-იანი ზრდა ძალიან მაღალი მაჩვენებელია და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ან NDI იტყუება, ან IRI“, - აცხადებს გალუმაშვილი. კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად, 28 %-თ ლიდერობს გიორგი თარგამაძე, - ბიძინა ივანიშვილს კი გამოკითხულთა - 21 % ენდობა. „სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი უფრო მაღალია, ხოლო შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი უფრო დაბალიც კი იყოს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ის ეყრდნობა რაღაც გარკვეულ მონაცემებს. ჩემი აზრით, რესპოდენტები ძალიან ხშირად ასახელებენ ნაციონალურ მოძრაობას და აქ არ არიან გულწრფელები. აქედან გამომდინარე, შეიძლება უბრალოდ ერთი რამ ითქვას, რიგითობას რაც შეეხება, აქ შემიძლია დავეთანხმო ამ კვლევას. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს პირველობას და უგებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ ვიცით, რა რეალური რეიტინგი გააჩნია „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება აქტივობებს, გორგილაძე თვლის, რომ ამაშიც შეიძლება დავეთანხმოთ კვლევას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც ძალზე აქტიურ კამპანიას აწარმოებს. „ვხედავთ რომ, პრეზიდენტი ყოველდღიურად დადის რეგიონებში და ყოველდღე არის საინფორმაციო საბაბები. „ქართულ ოცნებას“ კი კამპანია ჯერაც არ აქვს დაწყებული და ამიტომ არის დანიშნული 26-27 მაისს ის ღონისძიება, რომელმაც უნდა გახსნას საარჩევნო კამპანია“, - ამბობს გორგილაძე. მისივე შეფასებით, „ქრისტიან-დემოკრატებს“ ახასიათებს ის, რომ ტექნოლოგიურად ატარებენ საარჩევნო კამპანიას და შესაძლოა, დინამიკაში ზრდა დაინახო, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ნაკლები მაჩვენებელი აქვს ვიდრე NDI-ს კვლევებში იყო. თუმცა გორგილაძის აზრით, პოლიტიკური რეიტინგების თვალსაზრისით, ძალზე პრობლემურად არის საქმე ქვეყანაში. ვალერიან გორგილაძე: „ძირითად ტენდენციებში ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. ერთი თვეა გასული ამ კვლევებს შორის, მაგრამ არ მგონია ამ ერთ თვეში მომხდარიყო აქცენტის გადატანა ჯანდაცვიდან სოციალურ საკითხებზე. უცნაურია, თუმცა მეჩვენება, რომ დღეს სწორედ სოციალური საკითხებია უფრო აქტუალური. როდესაც ტერიტორიული მთლიანობა მეორე ადგილს იკავებს, ეს საგანგაშო სიგნალია“. სოსო გალუმაშვილი: „ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამ კვლევების შეფასება უხდება, მაინც უწევს გარკვეული დაშვებების გაკეთება, იმიტომ, რომ იმ მასალითა და მონაცემებით, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული, ამაზე მეტი ანალიზისა და შეფასების გაკეთება შეუძლებელი იქნება. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ დავსვათ კითხვები, უფრო ღრმად შევიდეთ კვლევის მასალებში. დღეს გვიწევს იმაზე საუბარი, რაც მოწოდებულია და რაც აღძრავს ძალიან ბევრ კითხვას“. სპეციალისტებს უკვე ეჭვი შეაქვთ, რამდენად აქტუალურია ასეთ კვლევებზე შრომის დახარჯვა და საზოგადოების ყურადღების გადატანა, იმიტომ, რომ რეალური სურათის დანახვა აშკარად შეუძლებელია. სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის კვლევები უკვე უინტერესო გახდა და მასში დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილად მიიჩნევს. „არ დაიხარჯებოდა ცოტა, სავარაუდოდ, 30-50 ათას დოლარზეა საუბარი, ალბათ საკუთარ ხელმძღვანელობასთან, ვისთანაც ანგარიშვალდებული არიან, უფრო დეტალურად ჩამოაყალიბებენ, რატომ დაიხარჯა ეს ფული. ვფიქრობ, რომ დღეისათვის არააქტუალური კვლევები გამოაქვეყნეს, რომლის მიმართაც საზოგადოების მხრიდან არანაირი ინტერესი არ არსებობს. ის კითხვები რომლებიც ამ კვლევაშია დასმული, NDI-მ ცოტა ხნის წინ უკვე დასვა და მასზე პასუხები ასე თუ ისე, ვიცით“, - მიაჩნია სოსო გალუმაშვილს. სავარაუდოდ, თემა შესაძლოა შედარებით საინტერესო გახდეს, როდესაც პარტიები საკუთარ რეიტინგებზე საუბარს დაიწყებენ, მაგრამ სოციოლოგების აზრით დაზიანებული ველის გამო პარტიების რეიტინგებმაც უკვე აზრი დაკარგა. |