რუსთაველის ძეგლთან შეკრებილი მედიაწარმომადგენლები, არასამთავრობოები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები სახელისუფლო წნეხისგან მედიის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. წვიმის მიუხედავად, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მისვლა ადამიანებმა არ დაიზარეს და გამოხატეს სათქმელი, რომ ისინი მართლაც იმსახურებენ თავისუფალ მედიას. მათ არ სურთ, ახალი ამბები კეთდებოდეს კანცელარიაში, არ სჭირდებათ სააკაშვილის მონოლოგები, რომლითაც გაჯერებულია სახელისუფლო ტელევიზიები. აქციაზე მოსული ახალბედა ჟურნალისტები კი არ მალავდნენ დილემის არსებობას, რომ არაობიექტური მედიის გამო ჟურნალისტის პროფესიამ, შეიძლება, საკუთარი პრესტიჟი დაკარგოს.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ქართული მედიის გარდაცვალების აღსანიშნავად ისინი ძაძებით შემოსილნი ჩაუყვნენ პროცესიას, სახელდახელოდ მიტანილი საფლავის ქვა რუსთაველის ძეგლთან დაასვენეს და გვირგვინებითაც შეამკეს. საფლავის ქვაზე კი იკითხებოდა წარწერა „მედია“, ხოლო მის ზემოთ ფუნიკულიორის ანძა იყო გამოსახული.
„ტყუილს მოკლე ანტენები აქვს“, „საზოგადოებრივო მაუწყებელო, გააშუქე ნაწამები პატიმრის ზურაბ დელიანიძის საქმე“, „დაიცავი შენი press-ტიჟი, „პა-TV ეცით მაყურებელს“, „აქიშ-მიშ-ებთ ნიუსებს“, „გვჭირდება მედია და არა - კო-მედია“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გადაივსო რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. მათ შორის, იყო ასეთი ტრანსპარანტიც - „ახალი ამბები კეთდება აქ“ და ამ წარწერის ქვემოთ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია იყო მიხატული“.
ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა დღეს დილით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ გამართული აქცია, სახელწოდებით - „მე ვარ რეპორტიორი და არა - ჯაშუში“, რომელზეც აქციის მონაწილე არასამთავროებმა და სტუდენტებმა სიმბოლურად აიხვიეს თვალები, პირი, ხელებზე დაიდეს ბორკილები და ქართული ჟურნალ-გაზეთები გალიებში გამოამწყვდიეს.
სამოქალაქო სოლიდარობის აქციაში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ასევე, აქ იყვნენ „მედიაკლუბის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ტფილისის ჰამქრის“, „მწვანე ალტერნატივის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სტუდენტური მოძრაობების, მათ შორის, „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლები.
Presage.tv აქციის მონაწილეებს ესაუბრა.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი მანაგაძე აღიარებს, რომ ხალხი დაიღალა ამდენი ტყუილებით, რომ საქართველოში რეალური ინფორმაციის მიღება ძალიან ჭირს. სახელისუფლო ტელევიზიები კი მომხდარ ფაქტებს ისე არ წარმოაჩენენ, როგორც არის.
„ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას ინფორმაციის მიღება უჭირს, თუ არ ჩავთვლით დამოუკიდებელი მედიის კუნძულებსა და ინტერნეტსაშუალებებს, რაც ძალიან ცოტაა. ერთ-ერთი მოსაზრებით, ჟურნალისტების მხრიდან თურმე არსებობს თვითცენზურა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. სინამდვილეში, ხელისუფლებამ ჟურნალისტებზე ზეწოლისგან ხელი უნდა აიღოს. თუ ასე არ მოხდება და ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება, მოსახლეობას უკვე ყელში ამოუვა ყველაფერი“.
ამის საილუსტრაციოდ ირაკლი მანაგაძეს მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიისთვის კარგად ნაცნობი ფაქტი ახსენდება, როცა ჩეხეთში ადამიანებმა ტელევიზორები შეაბრუნეს და ამით საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ პროტესტი გამოხატეს. ჟურნალისტის თქმით, სახელისუფლო მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება საქართველოშიც მოსალოდნელია.
„სამწუხაროდ, ალბათ, ჩვენც ამ მაგალითის გაზიარება მოგვიწევს. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ შუამავლები და ხალხს უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც არის და არა ის ინფორმაცია, როგორიც ვიღაცას აწყობს“, - მიიჩნევს ირაკლი მანაგაძე.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, უფლებადამცველი დავით ფაცაცია აცხადებს, რომ ქართული მედიის მდგომარეობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სავალალოდაა შეფასებული. სწორედ ამიტომაც ვიმყოფებით არადემოკრატიული სახელმწიფოების ნუსხაში. თუმცა, დავით ფაცაციას მიაჩნია, რომ ასეთი სიტუაციის გარღვევა ძალიან რთულია, რადგან ხელისუფლება ყველა მიმართულებით ძალადობს და ეს ძალადობა განსაკუთრებით მედიაზე - უფრო მეტად კი, ნაციონალურ მაუწყებლებზე აისახება.
„გარდა იმისა, რომ ნაციონალური მაუწყებლები ხელისუფლების მხრიდან კონტროლდებიან, ეს აგიტაციისა და პროპაგანდის ისეთი საშუალებაა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს, 50-იანი და 60-იანი წლების სტალინის პერიოდში იყო. შეიძლება ითქვას, უფრო მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ ერთობლივად უნდა მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობის მობილიზება, რადგან ხელისუფლება მხოლოდ ძალას აქცევს ყურადღებას. იქ, სადაც ძალაა, შესაძლებელია, ხელისუფლებამ დათმოს. თუ ჩვენ დავუპირისპირებთ ადექვატურ ძალას, მაშინ ის ხისტი ხდება და ტყდება კიდეც. ამის მაგალითი ბევრი იყო, იმავე ფოტორეპორტიორების დაჭერის დროს. ხელისუფლებას არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა თავის სასარგებლოდ, მაგრამ სიტუაცია გადატეხეს ჟურნალისტებმა, რადგან უპრეცენდენტო სოლიდარობა გამოიჩინეს. სამწუხაროდ, ამ ტიპის სოლიდარობას გამომწვევი მიზეზი სჭირდება და ასეთი სოლიდარობა აუცილებელია“, - აცხადებს დავით ფაცაცია.
მედიაექსპერტი ია ანთაძე მედიის ნორმალურად ფუნქციონირებას ხელისუფლების პოლიტიკური ნების შეცვლას უკავშირებს. მისი აზრით, მედია უნდა გათავისუფლდეს იმ წნეხისგან, რასაც დღეს განიცდის. მართალია, ეს ყველა მედიაორგანიზაციას ერთნაირად არ ეხება, მაგრამ ამ პრობლემის წინაშე დგანან ის მედია ორგანიზაციები, რომლებიც, მთლიანობაში, საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და ყველაზე მეტი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ამაში მედიაექსპერტი ტელევიზიებს გულისხმობს.
„ეს ხელისუფლება იქნება, თუ სხვა, უნდა მიხვდეს, რომ ცენზურა ქვეყნისთვის კარგი არ არის. სანამ მედია თავისუფალი არ იქნება და ხალხი რეალურ ინფორმაციას არ მიიღებს, მანამ არ უნდა ველოდოთ, რომ მოსახლეობა ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს და სიტუაცია არჩევნების გზით შეიცვლება. რატომ არის, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, ჩვენ სრულიად ერთი და იგივე პარადიგმა გვაქვს, როდესაც ერთ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს?! სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მედიიდან ცალმხრივ ინფორმაციას იღებს, რომელშიც უფრო მეტი პროპაგანდაა, ვიდრე სიმართლე“.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მედიისადმი დამოკიდებულებას, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებენ, ია ანთაძის აზრით, ეს დამოკიდებულება მხოლოდ ერთი კომპონენტით არ ფასდება და სხვადასხვა მიმართულებისა და სეგმენტისგან შედგება. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის დამოკიდებულება მედიის მხრიდან ზოგჯერ დადებითად ფასდება, ზოგჯერ - უარყოფითად. თუმცა, ტელევიზია, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, რამდენიმე დღიანი არსებობის მიუხედავად, ია ანთაძის სიმპათიას იმსახურებს.
„არაჩვეულებრივი საინფორმაციო პროგრამა გააკეთეს, რომელსაც დაუბალანსებელს ვერავინ დაარქმევს. თუმცა, თავიდან ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები მედიის მიმართ ცოტა უცნაური იყო, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. მაგალითად, ოპოზიციური მედია და ა.შ. მთლიანობაში, ძალიან ძნელია ითქვას, როგორი იქნება მომავალი ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის მიმართ. ამიტომ მთავარია, საზოგადოება იყოს ძლიერი და იგი კარნახობდეს პირობებს ხელისუფლებას და არა -პირიქით, როცა ხელისუფლება კარნახობს თავის პირობებს მედიასა და საზოგადოებას“.
აქედან გამომდინარე, ია ანთაძის აზრით, მოქალაქეებმა უფრო მეტად უნდა იფიქრონ მედიის როლზე, ვიდრე - ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ ერთობლივად.
ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი სოლიდარობის აქცია იმის გამოხატულებაა, რომ ხელისუფლება აქტიურად ერევა ნაციონალური მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მას აკონტროლებს.
„ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ. სწორედ ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად მედიის საერთაშორისო დღეს მოვედით. ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას“.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში უერთდება სტუდენტების მიერ მოწყობილ აქციას, თუმცა კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ამ აქციაში ახალგაზრდებს გარდა, სხვა თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
„ის ადამიანები, რომლებიც მედიაში ვმსახურობთ, ვხედავთ, რომ ჩვენს გარეთ არიან პიროვნებები, რომლებიც აბსოლუტურად ადექვატურად აფასებენ იმ სიტუაციას და პრობლემას, რომელიც მედიაშია. სწორედ მათი ხმა გვაიძულებს, უფრო მაგრები ვიყოთ და უკეთ ვიმუშავოთ. ეს ხმა აფხიზლებს მათაც, ვინც დღეს მაინცდამაინც კარგად ვერ იქცევა. მართალია, ისინი ჩვენი კოლეგები არიან, მაგრამ ჩვერულებრივი ადამიანები მათ ძალიან მკაფიოდ ეუბნებიან, რომ მოიქცნენ ისე, როგორც ითხოვს საზოგადოება, რომლებსაც მართლა პატიოსანი მედია სჭირდება“.
უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას აზრით, საქართველოში მედიის მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება რეალურად აკონტროლებს ინფორმაციის მიმწოდებელ საშუალებებს. ის თავისუფალი კუნძულები კი, რომელიც შემორჩა, მთლიანობაში, ძალიან მცირე პროცენტია. ამიტომ არანაირად არ ჩაითვლება, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არსებობს.
„ეს მხოლოდ პატარა წერტილებია, რომლებსაც რესურსები არ აქვს. მარტივად რომ შევადაროთ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ იმ მედიასაშუალებებში, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, რამდენი ფული მიდის რეკლამის სახით, და რა თანხა შედის იმ მედიასაშუალებებში, რომლებიც თავისუფალია. ზუსტად ამდენივე პროცენტით ვრცელდება ჩვენში თავისუფალი მედია და ამდენივე პროცენტი კონტროლდება ხელისუფლების მიერ“.
დაჩი ცაგურიას თქმით, უკვე ყველამ შეიტყო, რომ სულ ახლახანს ერთ-ერთი პატიმარი დაიღუპა. იგი არის მოკლული, ნაწამები, მაგრამ ასეთ ფაქტებს სახელისუფლო არხებზე არ გადასცემენ.
„აბა, ვნახოთ, ერთი, რას იტყვის და როგორ გააშუქებს ამ ტრაგედიას სახელისუფლო მედია?! განუწყვეტლივ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები რომ გადაიცემა სახელისუფლო ტელევიზიით, ეს საზოგადოებაზე „კარგად“ მოქმედებს, ბრეჟნევივით 24 საათი ტელევიზორშია. წესით, თუ ვინმეს ოდნავ თავში ტვინი აქვს, მიხვდება, რომ ბრეჟნევის ეპოქაში ვცხოვრობთ. ვთავაზობ იდეას, სააკაშვილის ხმა უფრო ხშირად უნდა გვესმოდეს ყველგან, ამიტომ ქუჩებში „რუპორები“ დააყენონ და იქიდანაც მოგვმართოს. ეგ უფრო კარგი იქნება, 50 წუთიანი სიუჟეტები რომ კეთდება სააკაშვილზე, ზუსტად ეგ ადასტურებს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორ მედიას ვუსმენთ“, - აღნიშნავს დაჩი ცაგურია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს ხელისუფლებაზე და ყოველთვის ისაუბროს ამ საკითხებზე, რათა პრობლემა მხოლოდ მედიისთვის არ დარჩეს მტკივნეული.
„ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ შორის, ჩვენც, ბევრ კითხვას სვამს მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ეს საკითხები გადაწყდეს, რადგან წელს მოდის არჩევნები“, - აცხადებს ეკა გიგაური.