პრეზიდენტის ვიზიტისას Tspress.ge-ს ჟურნალისტი დაზარალდა

პრეზიდენტის ვიზიტისას Tspress.ge-ს ჟურნალისტი დაზარალდა

 

ფოთში, პრეზიდენტის ვიზიტისას ჟურნალისტები დაზარალდნენ. როგორც ინტერნეტგამოცემა tspress.ge-ს კორესპონდენტი, იზა სალაყაია ამბობს, პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

„ფოთში, პრეზიდენტის ვიზიტამდე tspress.ge –მ პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსთან, ნათია ბანძელაძესთან შეხვედრის დეტალები, შეშვებისა და გადაღების პირობები დააზუსტა. ბანძელაძემ ჩემს კოლეგას ნინო თუნთიას განუცხადა, რომ აღნიშნულზე პრობლემები არ გვექნებოდა.

თუმცა როცა პრეზიდენტი ჩამოვიდა, ვიდრე ის საავადმყოფოს შენობამდე მივიდოდა, ვიღებდი კადრებს როგორ ართმევდა მოსახლეობას ხელს და როგორ ესაუბრებოდა გზადაგზა მათ. ამ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ირმა ნადირაშვილმა მკითხა რომელ მედიაორგანიზაციას წარმოვადგენდი. განვუმარტე, რომ tspress.ge-ის ჟურნალისტი ვიყავი და ნათია ბანძელაძესგან დასწრების უფლება გვქონდა.  ვუთხარი, რომ ჩვენი ერთი ჟურნალისტი  ბანძელაძის ნებართვით შიგნით უკვე იმყოფებოდა, მან პრესის დამადასტურებელი ბარათი მომთხოვა, ამოვიღე და ვაჩვენე. ბარათი დაცვამ გამომართვა, რომელმაც ნადირაშვილთან ერთად ტერიტორია დატოვა“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას იზა სალაყაიამ.

როგორც ჟურნალისტი ყვება, ამის შემდეგ, პრეზიდენტის დაცვა გადაადგილებას უზღუდავდა და გადაღების უფლებას არ აძლევდა.

„მე გადაღება გავაგრძელე, თუმცა ჩემთვის უცნობმა პირებმა ორივე მხარეს ხელი მომკიდეს, ტერიტორიიდან ძალით გამიყვანეს და გამეცალნენ.  უკან მობრუნებულზე ხალხის ნაკადს ისევ შევერიე და რამდენიმე მათგანს ვინც ძალით დამატოვებინა ტერიტორია და ხელს მიშლიდა საქმიანობის განხორციელებაში ფოტოები გადავუღე.  

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ მათ კადრების წაშლა მომთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი კამერა და ჩანთა წამართვეს, რომელიც რამდენიმე წუთში საავადმყოფოს კიბესთან დატოვეს, თუმცა ვიდეო კამერის აპაარტში ე.წ ჩიპი და მეხსიერების ბარათი აღარ იდო“, - გვიყვება იზა სალაყაია.

tspress.ge-ს რედაქცია, მიმართვის სპეციალურ ტექსტს ავრცელებს, რომლითაც პრეზიდენტის გარემოცვის მიერ, იზა სალაყაიასთვის წართმეული ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათის დაბრუნებას დაუყოვნებლივ ითხოვს და მომხდარ დანაშაულზე რეაგირებისთვის პირადად პრეზიდენტს მიმართავს.

„ვინაიდან, პრეზიდენტის დაცვის წევრებსა და ადგილზე მობილიზებულ კუდ-ის თანამშრომლებს, ეცვათ ერთნაირი სამოქალაქო ტანსაცმელი, მათი გარჩევა ჩვენი მხრიდან შეუძლებელია, რედაქცია ასევე სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავის ვინაობის დადგენას თხოვს, რაზეც ადგილობრივ პოლიციას უკვე მიმართა“, - ნათქვამია რედაქციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.