წამებით მოკლული როინ შავაძის საქმე 1 მაისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. სხვადასხვა მუხლებთან ერთად, ჯარისკაცის ოჯახი და ადვოკატი ევროპული სასამართლოსგან როინ შავაძის წამების მსხვერპლად აღიარებას ითხოვენ. ამის შესახებ presage.tv-ს შავაძეების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა რამინ პაპიძემ განუცხადა. წამებით მოკლულ როინ შავაძეს ისევ ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს რამინ პაპიძესთან ჩაწერილი ინტერვიუს შემოთავაზებამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ როინ შავაძის მკვლელობის მოკლე ისტორიას და ასე მოვიქცევით, სანამ ჩვენი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება გვექნება და სანამ შავაძის საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ. ჩვენი ნაამბობი ეფუძნება ჯარისკაცის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ, ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველ ჟურნალისტურ მოკვლევას, რომელიც გაზეთ “რეზონანსში“ 2008 წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნდა, სათაურით - “ბათუმში ჯარისკაცი წამებით მოკლეს“. 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში, აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან ორი დღის დაბრუნებული, სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, როინ (რომა) შავაძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. იმავე დღიდან საზოგადოებაში შავაძის მოღალატეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და მოგვიანებით, ამის შესახებ მინიშნებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთეს. თუმცა, გამოძიება არა სამშობლოს ღალატის, არამედ ნარკოტიკების შეძენა-გადაზიდვის ბრალდებით დაიწყეს. ჯარისკაცის ოჯახს კი გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. ამას მოჰყვა მუქარა და ტერორი მთელ სანათესაოზე, რის გამოც შავაძეებთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ იმჟამინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, მისი წარმომადგენლები ბათუმში - გიორგი ჩარკვიანი და ლადო მგალობლიშვილი და შავაძეების ადვოკატი რამინ პაპიძე. როინ შავაძის საქმით დაინტერესდა საფრანგეთის იმჟამინდელი ელჩი ერიკ ფურნიე, ევროსაბჭოში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი, პარლამენტის ტრიბუნიდან უმცირესობის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს, არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ თემაზე ძალიან ხშირად საუბრობდა სატელევიზიო გამოსვლებში. ამგვარი აქტიურობის შემდეგ ჯარისკაცის ქვრივს სასამართლომ დაცვა დაუნიშნა, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად. ხმამაღალი მუქარა და ტერორი შეწყდა და შავაძეებზე ზეწოლის ფორმა შეიცვალა. აი, მაგალითად, 2010 წლის დეკემბერში წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს. ჯარისკაცის ქვრივს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან უწყება მიუტანეს - „6 დეკემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მოვიდნენ და მითხრეს – „როინ შავაძე სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. კინაღამ გავგიჟდი, ჭკუიდან გადავედი, ხმამაღლა ვიკივლე – მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ–მეთქი...“. შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც დაინტერესდა. 2011 წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილში, სადაც საუბარია საქართველოში „პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების დაცვაზე“ და მათ შორის „სიცოცხლის თვითნებური ან უკანონო ხელყოფის“ ფაქტებზე, როინ შავაძის შესახებ შემდეგ რამ წერია: „ადგილი არ ჰქონია შემდეგ წინსვლას და ის მოსალოდნელი არაა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით. არსებული ბრალდებების თანახმად, როინ შავაძე პოლიციამ 2008 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. იუსტიციის სამინისტროს განცხადების თანახმად, 2008 წელს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფს გადასცა; წლის ბოლოს გამოძიება გრძელდებოდა“. როინ შავაძის საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, განზრახ მკვლელობის და ნარკოტიკების შეძენა-გადაზიდვის მუხლებით. როინ შავაძე დღემდეა ეჭვმიტანილი ნარკოტიკების უკანონოდ შეძენასა და გადაზიდვაში, რის შესახებაც უფრო დაწვრილებით შავაძეების უფლებების დამცველი, ადვოკატი რამინ პაპიძე გვესაუბრება. რას ითხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან? რამინ პაპიძე: ევროპული სასამართლოსგან ვითხოვთ როინ შავაძე აღიარონ მსხვერპლად, ევროპული კონვენციის პირველი, მესამე, მეხუთე, მეექსვე და მეცამეტე მუხლების მიხედვით. რაც შეეხება კომპენსაციის თანხას, ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით და მოთხოვნას დამატებით გავგზავნით. რა სტადიაშია როინ შავაძის საქმე საქართველოში? - გამოძიება 2008 წლის 16 აგვისტოს დაიწყო. არაერთხელ მოვითხოვეთ მოკლულის მეუღლის ციცინო შავაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და საქმის მასალების გაცნობა, მაგრამ 4 წელი სრულდება და დღემდე, არც საქმის მასალების გაცნობის საშუალება მოგვეცა და არც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უცვნიათ ციცინო შავაძე. ამის თაობაზე არაერთხელ მივმართეთ აჭარის პროკურატურას, მთავარ პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, საქართველოს პარლამენტშიც კი გვქონდა წერილი გაგზავნილი. ჩვენი წერილები, განცხადებები და საჩივრები რეაგირებისთვის გადაეგზავნა აჭარის პროკურატურას, მაგრამ მათგან დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. საგამოძიებო მოქმედებები მიზანმიმართულად არ ხორციელდება, ვინაიდან ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავად არიან ამ მკვლელობის დამკვეთები, რასაც ადასტურებს პარლამენტის ტრიბუნიდან გივი თარგამაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოსდა როინ შავაძის საეჭვო რეპუტაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე ჰქონდათ. თარგამაძისგან რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის იმჟამინდელმა უფროსმა, ბატონმა გოგავამ - ომის საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მას როინ შავაძის შესახებ კითხვა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაუსვა. გოგავამ განაცხადა, რომ მას არანაირი პრობლემა და პრეტენზია ჯარისკაც როინ შავაძესთან არ გააჩნდა, რაც ცხადყოფს, რომ როინ შავაძე მიზანმიმართულად გაანადგურეს. რეალურად როინ შავაძე თუ საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა, მოღალატე და ქვეყნისთვის საშიში იყო , ამის შესახებ აუცილებლად უნდა სცოდნოდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსს. ეს ბრალდება გამოგონილი და შეთითხნილი, რომ არის, ამას ისიც ადასტურებს, რომ გამოძიების მიხედვით როინ შავაძე ეჭვმიტანილად იმის გამო დააკავეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და გადაზიდავდა. მე არა მარტო ციცინო შავაძის ინტერესების დამცველი ვარ, ასევე ეჭვმიტანილ როინ შავაძის ინტერესებსაც ვიცავ და მოვითხოვე საქმის მასალების გაცნობა. მათ საერთოდ შეწყვიტეს საქმის გამოძიება, იმ მოტივით, რომ გარდაიცვალაო, რაც თავის დროზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სასამართლომ შეწყვეტის დადგენილება გააუქმა და გამოძიების განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ შავაძის საქმე ადგილიდან არ იძვრის, დღემდე თაროზეა შემოდებული. ესე იგი როინ შავაძე დღემდე ეჭვმიტანილია ნარკოტიკების შეძენა-გადაზიდვაში? - დიახ, ასე. აჭარის პროკურატურაში გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - ეჭვმიტანილ როინ შავაძის სისხლის სამართლის საქმე არსებობს და არსებობს ასევე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე გამოძიება. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულია შავაძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი, ოღონდ მოწმის სტატუსით. ევროსასამართლოში საჩივრის გაგზავნის შემდეგ დასაშებად მიგაჩნიათ თუ არა შავაძეებზე ტერორისა და მუქარის ახალი ტალღის დაწყება? - საერთოდ, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ვფიქრობ, ღია მუქარასა და ტერორს ვეღარ გაბედავენ, რადგან როინ შავაძის საქმის გამოძიებით დაინტერესებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, შავაძის წამების დეტალებზე და ზემოხსენებულ მუქარასა და ტერორზე ინფორმირებულები არიან ევროსაბჭოს შესაბამისი სტრუქტურები, საფრანგეთის საელჩო. |