კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ კონტროლის პალატას და კონკრეტულად პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ნათია მოგელაძეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვისკენ და მისი გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. ასევე კოალიცია ამ ინფორმაციის შესწავლას და „ნაცმოძრაობის“ პედაგოგებთან შეხვედრებზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 2012 წლის 5 აპრილს რესტორან „კოსმოსში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 400-მდე პედაგოგს შეხვდნენ. შეხვედრას თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლების მინისტრის მოადგილეები - კოკა სეფერთელაძე და ირინე ქურდაძე, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკო ხაჩირიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრა ე.წ. „ალაფურშეტით“ დასრულდა. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ შეხვედრაზე თბილისის მერი და სხვა თანამდებობის პირები ეწეოდნენ აგიტაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ქალაქის მერის განცხადებით, ეს იყო პარტიული კონფერენცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააფინანსა. ხაჩირიშვილის განცხადებით, „კონკრეტული დაინტერესების შემთხვევაში, ყველაფერი არის გამჭვირვალე, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ყველაფერი არის ჩასმული საკანონმდებლო ჩარჩოში“. (იხილეთ თანდართული ვიდეო მასალა) 20 აპრილს რესტორან „ელიტში” „ნაციონლური მოძრაობის“ ლიდერებმა - პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ქალაქის მერმა გიგი უგულავამ, პარლამენტის წევრმა გიორგი მელაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა წინასაარჩევნო შეხვედრა პედაგოგებთან გამართეს. შეხვედრა პარტიულ და წინასაარჩევნო ხასიათს ატარებდა. როგორც ”მაესტროს” ჟურნალისტს პარლამენტის წევრმა გიორგი მელაძემ განუცხადა, შეხვედრის ორგანიზატორი არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარტიამ იქირავა ფირმა, რომელმაც გააფორმა ხელშკრულება ყველა იმ ორგანიზაციასთან, სადაც იმართება შეხვედრები. სიუჟეტიდან ირკვევა რომ მასწავლებელებს მიკროავტობუსებით პარტიულ ღონისძიებაზე მიყვანისას მოემსახურნენ უფასოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაუმასპინძლდნენ ე.წ. „ალაფურშეტით“. ჟურნალისტი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ, პედაგოგების ინფორმაციით, ტრანსპორტირების ფული დაიფარა სკოლების ბიუჯეტიდან, რაც კანონის პირდაპირი დარღვევაა. აღნიშნული ღონისძიება რომ პარტიის მიერ იყო ორგანიზებული და წინასაარჩევნო ხასიათს ატარებდა, ადასტურებს ღონისძიების შემდეგ ბატონი უგულავას ტელეკომპანია ”მაესტროსთვის” მიცემული ინტერვიუც (იხილეთ თანდართული ვიდეო მასალა). როგორც რესტორან „კოსმოსში“, ისე რესტორან ”ელიტში” გამართულ შეხვედრებზე მოხდა პედაგოგების უფასოდ გადაყვანა, ორივე შეხვედრა დასრულდა ე.წ. „ალაფურშეტით“. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ სახეზე გვაქვს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა: ”პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ....... უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება”. 30 მარტს რესტორან „სენატში" შედგა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების - საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, პეტრე ცისკარიშვილის, ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას, აგრეთვე, განათლების მინისტრის მოადგილის, კოკა სეფერთელაძისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის შეხვედრა პარტიის კოორდინატორებთან. როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“, ტელეკომპანია „მაესტროზე“ სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან (გადაცემა ”კვირის რეპორტაჟი”) და ჟურნალ ”ლიბერალის” ჟურნალისტ სალომე ცეცხლაძის (რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და ტელეფონით გადაიღო იგი) მიერ შეხვედრის თაობაზე მომზადებული სტატიიდან ირკვევა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიგი უგულავამ აუდიტორიას მიმართა, რომ მათი თხოვნები წერილების სახით ერთ-ერთი ქალბატონისთვის ჩაებარებინათ და მათზე ტელეფონის ნომრებიც მიეწერათ. ჟურნალისტების ინფორმაციით, თხოვნები პირად ხასიათს ატარებდა. თუკი აღნიშნული ფაქტები დადასტურდა, მაშინ ქალაქის მერის ქმედებაში სახეზე გვაქვს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა: ”პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით ...... პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.” აგრეთვე, სახეზე გვაქვს ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 1641 მუხლის დარღვევა, რომლის მიხედვითაც: ”პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.” 1. ირაკლი მელაშვილი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში 2. ზვიად ქორიძე მედია ექსპერტი 3. კოტე კანდელაკი სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 4. უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრი 5. ია მამალაძე საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი 6. გიორგი ხუციშვილი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი 7. დავით ნარმანია კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტი 8. მაგდა პოპიაშვილი საქართველოს მედია კლუბი 9. დავით ლოსაბერიძე ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი”; 10. მურმან პატარაია სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი |