ერიდეთ პიარის ოსტატებს

ერიდეთ პიარის ოსტატებს

 

მთელი მსოფლიოს დესპოტები, უნგრეთიდან და ყაზახეთიდან დაწყებული პუტინის რუსეთით დამთავრებული, ბრიტანელებში პიარის შავი ხელოვნების ოსტატებს ხედავენ.

გასულ კვირაში, ლონდონში უნგრეთის შემაშფოთებელი მემარჯვენე მთავრობის პრეს-სამსახურის თანამშრომლები მოძრაობდნენ. არავინ იმ ადამიანთაგან, ვინც მათ ხვდებოდა, არ იცოდა რა ექნა – ბრაზისგან ეყვირა თუ ეცინა. პიარ-სააგენტო Project Associates-მა ჟურნალისტები, მთავრობა და საქველმოქმედო ორგანიზაციები გააფრთხილა, რომ ესმინათ ვინმე ზოლტან ბალოგისთვის, რომელიც სოციალური ინტეგრაციის საქმეთა მინისტრის კეთილშობილურ ტიტულს ატარებს. ბალოგის თქმით, მას სურს გააგებინოს მსოფლიოს ის, თუ როგორ გეგმავს უნგრეთი „ინიციატივების გაფართოვებას ჯანდაცვის და თემთა სფეროში“ საკუთარი ბოშებისთვის და მათთვის „პოლიტიკური წარმომადგენლობითობის“ გარანტიის შექმნას. 

ინტერნეტის ეპოქაში, მსგავსი პიარ სვლა უნაყოფო და სასაცილოც კია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია იმის გარკვევა, რომ უნგრეთში მემარჯვენე პოლიტიკოსების გამოცოცხლებამ 1930-1940-იანი წლების ფაშისტური მოძრაობებისთვის დამახასიათებელი სიძულვილი ააღორძინა. არ მსურს იმის თქმა, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა – თანამედროვე რკინის გვარდიაა [1], მაგრამ არცერთი წუთით არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ მოვა დრო და ისტორიკოსები იმის ანალიზსს, თუ როგორ გაუღო კარი ფინანსურმა კრიზისმა ევროპულ ექსტრემიზმს, უნგრეთიდან დაიწყებენ და დაწერენ, რომ ანტისემიტიზმი, თავისუფალ პრესაზე თავდასხმები და პირველ რიგში ბოშების დევნა ამ ქვეყანაში ისე დაბრუნდა, თითქოს იქ არც არაფერი შეცვლილა და ვერავინ ვერაფერი ისწავლა. უკიდურესად მემარჯვენე დაჯგუფებები ბოშებს სახლებიდან ყრიან, თავს ესხმიან მათ და ზოგჯერ კლავენ კიდეც.

მაგრამ, შესაძლოა, ბ-ნი ბალოგი ასეთი ბრიყვიც არ არის. თაღლითური პიარი ფინანსურ სერვისთან ერთად – ის ბრიტანული დარგია, სადაც სხვა სფეროებისგან განსხვავებით ზრდა შეიმჩნევა. (რაც არ უნდა თქვათ ჩვენს დაღმასვლაზე, ფულით და ინფორმაციით მანიპულირებაში მსოფლიოში ლიდერები ვართ). უნგრეთის მთავრობა არ არის ერთადერთი, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლია ბრიტანული ტალანტების გამოყენება საკუთარი იმიჯის გამოსასწორებლად. პუტინის რუსეთი და ყაზახეთის დიქტატურა Portland Communications-ის მომსახურებით სარგებლობდნენ. ეს კომპანია ტონი ბლერის ყოფილმა თანაშემწემ, ტიმ ალანმა შექმნა.

ყაზახური კონტრაქტის შემდეგ, ალანი სიამოვნებით უყურებდა იმას, თუ როგორ უკეთებდა მისი ყოფილი ბოსი ამ დიქტატურას სარეკლამო ვიდეორგოლს. ადრეც მითქვამს, რომ ბლერი სიამაყით უნდა ატარებდეს „ნეოკონის“ ტიტულს, რომელიც მას მტრებმა მიანიჭეს. დემოკრატიის გავრცელებისკენ მისწრაფება დანაშაული არ ყოფილა. მაგრამ ეს ძველად იყო, დღეს კი ბლერი ადიდებს ყაზახეთის დიქტატურას, რომლის პოლიციაც მოქალაქეებს ისეთი დანაშაულისთვის აპატიმრებს, როგორიცაა პრეზიდენტის შეურაცხყოფა, აწამებს ოპოზიციის აქტივისტებს და ცეცხლს უხსნის გაფიცულ მუშებს.

ერთადერთი გამოცანა არის ის, თუ რატომ გადაწყვიტა რეჟიმმა Portland-ის დაქირავება. რატომ ხარჯავენ ფულს დასავლეთის „იმიჯმეიკერებზე“ ბელორუსი და აზერბაიჯანელი ტირანები, უნგრეთთან, რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად?

პასუხი უარყოფს იმ წარმოდგენას, თითქოს ინტერნეტი არის გარანტია იმისა, რომ ჩადენილზე პასუხს აგებ. მაგრამ ამის მხოლოდ ქსელის ენთუზიასტ უტოპისტებს არ სჯერათ. გორდონ ბრაუნი და ჰილარი კლინტონი, რომლებსაც სისასტიკე სისხლში აქვთ გამჯდარი და იდეალიზმი ბევრად უფრო ადრე დაკარგეს (თუკი გააჩნდათ საერთოდ) ვიდრე კომპანია Microsoft თავის პირველ საოპერაციო სისტემას გამოიგონებდა, ძალიან ხმამაღლა და აქტიურად ამტკიცებდნენ იმას, რომ დიქტატურები ვერ გაუძლებენ კონკურენციას ისეთ სამყაროში, სადაც ეკონომიკური წარმატება თავისუფალ საინფორმაციო ნაკადზეა დამოკიდებული. მაშინ, როდესაც გაზეთების რედაქციებში ხარ და ლამის უშუალოდ აკვირდები იმას, თუ როგორ მიედინება იქიდან ფული, ხვდები, რომ მათ მიერ ნაწინასწარმეტყველები მომავალი არც თუ დამაიმედებელია. რაც უფრო ანგრევს ინტერნეტი მედიის ბიზნეს-გეგმებს, მით უფრო რთული ხდება უცხოელი კორესპონდენტების დაფინანსება ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორებიცაა უნგრეთი, რუსეთი და ყაზახეთი.

გამჭვირვალობისა და ღიაობის ახალ ეპოქაში ცხოვრების ნაცვლად, მთავრობები და კორპორაციები იყენებენ მედიის სამყაროს, სადაც სულ უფრო იზრდება უთანასწორობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტთა ასოციაციაში (Public Relations Consultants Association) მითხრეს, რომ მათი შეფასებით, ბრიტანეთში მუშაობს დაახლოებით 60000 პრესმდივანი. საგაზეთო ასოციაცია (Newspaper Society) იუწყება, რომ ადგილობრივ და რეგიონალურ გაზეთებში მუშაობს 10000 ადამიანი. კვლევა, რომელიც ორგანიზაციამ „ქალები ჟურნალისტიკაში“ (Women in Journalism) ჩაატარა და რომლის შედეგებიც შარშან ფლიტ-სთრითმა გამოაქვეყნა, საერთოეროვნულ პრესაში რედაქტორების და რეპორტიორების რაოდენობა სულ 3800 ადამიანია.

საქმეს, ვერც ფართო მაუწყებლობა უშველის. რუპერტ მერდოკთან შეთანხმების ფარგლებში კონსერვატორებმა მკვეთრად შეამცირეს BBC-ს ბიუჯეტი. არხის მენეჯერებმა კი არა სახელმწიფო სამსახურით მინიჭებული პრივილეგიები, არამედ ხარისხიანი ჟურნალისტიკა შეამცირა. ამ ციფრებში ხარვეზების პოვნაც შეიძლება, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ე.წ. „ფრილანსერების“ დაფინანსების ბედი, რომლებიც გაზეთების ვებ-გვერდებისთვის წერენ. თუმცა უსიამოვნო ფაქტი, ფაქტად რჩება: პიარის სპეციალისტთა მზარდი არმია მასალებით ამარაგებს სულ უფრო კლებად პრესკორპუსს, რომელიც სასოწარკვეთილებისგან გაზეთის გვერდებზე ცარიელ ადგილებს ნებისმიერი იმ გაზვიადებული რეკლამით ავსებს, რომელიც მის საფოსტო ყუთში ხვდება.

არსებობს მოსაზრება, რომ ახალი ამბების ძველ რედაქციებს ცვლის ინფორმაციის ახალი წყაროები ინტერნეტიდან, ისეთები, როგორიცაა ბლოგები, „ტვიტერი“, ელექტრონული ინტერნეტ გამოცემები. მაგრამ ის, რასაც ეს საიტები წერენ – არაფერია, გარდა ნემსის ჩხვლეტისა, რომელიც ვერც კი შეედრება იმ ხელკეტის ძლიერ დარტყმებს, როგორსაც წარმოადგენდა მედია მე-20 საუკუნეში. რა თქმა უნდა, ოლიგარქს ან დიქტატორული რეჟიმის ლიდერს ურჩევნია, რომ არსად არანაირი კრიტიკა არ გაჩნდეს. მაგრამ მათ მშვიდად სძინავთ, თუკი კრიტიკა ინტერნეტის მიყრუებულ კუთხე-კუნჭულებში იქნება გადამალული და წამყვანი მედიის გვერდებზე არ გაჩნდება. პიარის პეციალისტები, რომლებსაც მთელი სახელმწიფოს ან ამ სახელმწიფოს უკან მდგომი ოლიგარქის რესურსები გააჩნიათ, თავიანთ სამუშაოს ასრულებენ და სიმართლე სანიტარულ კორდონში ჰყავთ მოქცეული.

„პიარ კომპანიები გაცილებით აქტიურად იცავენ თავიანთ კლიენტებს, ვიდრე დიპლომატები საკუთარი ქვეყნების ინტერესებს“, – ამბობს მაიკლ ჰარისი ჟურნალიდან Index on Censorship. „თუკი რეჟიმი დაემხობა, დიპლომატებს სანერვიულო არაფერი აქვთ. დიდი ალბათობით, ისინი თანამდებობებს შეინარჩუნებენ. მაგრამ პიარის მუშაკებმა იციან, რომ თუკი ისინი შედეგს არ დადებენ, კონტრაქტს დაკარგავენ“.

ბრიტანეთს, რომელიც უიოლებს მათ ცხოვრებას, ამერიკელებს არ ბაძავს და არ იღებს კანონს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, რაც აიძულებს უცხოური სახელმწიფოების მთავრობებს საჯარო გახადონ თავიანთი პროპაგანდისტების ვინაობა და მათი ჰონორარები.

პროპაგანდაში, ისევე როგორც ბევრ სხვა რაღაცაში, ფულს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანს, რომელიც აზიის ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული სახელმწიფოა, ძალიან ღირებულ ინვესტიციად მიაჩნია 3500 ფუნტი სტერლინგის დახარჯვა ბრიტანელი პოლიტიკოსების უძვირფასეს სასტუმროებში განთავსებაზე. არცერთ უფლებადამცველ ორგანიზაციას ამასთან მიახლობული ფულიც კი არ აქვს. ხოლო როდესაც უფრო შეძლებულმა ევროპის საბჭომ, რომელიც შეეცადა აზერბაიჯანში ერთი გერმანელი პოლიტიკოსის გაგზავნას, რომელმაც თითქოს შეისწავლა ის, თუ როგორ ეპყრობოდნენ ქვეყანაში პოლიტპატიმებს, აღმოაჩინა, რომ ეს კაცი ვერ გაჩერდებოდა ვერცერთ სასტუმროში, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამ ადამიანის ქვეყანაში შეშვებაზე უარი თქვა.

საზოგადოებამ უნდა შეიმუშაოს ინფორმაციის სკეპტიკური შეგროვების სისტემა, რომ მოაგვაროს სერიოზული ინფორმაციის კლებასთან დაკავშირებული პრობლემა. მე მაქვს მარტივი წესი: თუკი თქვენ ხედავთ, რომ რომელიმე მიმომხილველი ან პოლიტიკოსი აქებს რომელიმე დიქტატურას, პლუტოკრატს ან კორპორაციას, ყველაზე კარგია იფიქროთ, რომ მას იყენებენ, ვიდრე საპირისპიროს არ დაამტკიცებს.

10 მაისს, როდესაც ბალოგი ბრიტანეთში ჩამოვა, ქვეყანას გამოცდა ელის. თუკი თქვენ გაიგებთ, რომ რომელიღაც მინისტრი ან მკვლევარი ხმამაღლა ამტკიცებს იმას, რომ უნგრელ პოლიტიკოსებთან დაკავშირებული პრეტენზიები მხოლოდ მემარცხენე ძალების ისტერიაა, თქვენ გეცოდინებათ, რა მოხდა.

[1] უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც რუმინეთში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის მოქმედებდა
foreignpress.ge