ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის დაღუპვიდან ექვსი წლისთავის აღსანიშნავად დღეს კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი, პოლიტიკოსები, ხელოვანები და არასამთავროები შეუერთდნენ. მოგვიანებით აქ გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო გადაკეტილი სამანქანო გზის ნაწილის გათავისუფლება სცადეს და მანქანებისთვის კორიდორი გააკეთეს. სხვათაშორის, პოლიციელები ამ ჯერზე კორექტულად იქცეოდნენ და აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებაში არ შესულან. წინა აქციისაგან განსხვავებით, რომელიც 9 თებერვალს, ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეს გაიმართა, ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა. დღესაც, როგორც ჩანს, ხალხში მოლოდინი იყო, რომ ბიზნესმენი აქციაზე მივიდოდა, ამიტომაც ერთი-ორგან გაისმა შეძახილები: ბიძინა მოდისო, თუმცა ეს შეძახილები ფუჭი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, აქ იყვნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, კოალიციის წევრები, ისევე, როგორც სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი კი მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“ გახლდათ. ისინი თავდაპირველად, 12.00 საათზე, კლუბ „ჯაზუსთან“ შეიკრიბნენ, საიდანაც შს სამინისტროსკენ მოაწყეს მსვლელობა. 14.00 საათზე კი კორტებთან, ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის ადგილზე გადაინაცვლეს და მანქანების სირენებით დაგმეს მომხდარი ტრაგედია. თბილისის ქუჩებში მოწყობილ საპროტესტო საავტომობილო მსვლელობაში 25 ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მონაწილეობდა, რომელზეც გაკრული იყო ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის ფოტოები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღემდე საქართველოში 150-ზე მეტი ადამიანია „შემთხვევით“ დახვრეტილი, ამიტომ ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. შესაბამისი პლაკატებიც მოეტანათ წარწერით: „დაისაჯონ მკვლელები“. დღის ბოლოს აქცია ფილმის ჩვენებით „ქალაქში მკვლელია“ დასრულდა. Presage.tv აქციის მონაწილეებს ესაუბრა. დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ ბრძოლას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გააგრძელებს, მის მსგავსად გაუბედურებული კი საქართველოში 150-ზე მეტი ოჯახია. მას სწამს, რომ „სისხლისმსმელ რეჟიმს, ამ ვამპირებს საზოგადოება დაამხობს და ქვეყანაში ნორმალური ხელისუფლება მოვა“. „შვილი დამიხვრიტეს ქუჩაში და ამ უსინდისო არამზადებისგან ვითხოვ, რომ მკვლელები უნდა იყვნენ ციხეში და დაისაჯონ. ვეძებ სამართალს, რომელიც დღეს საქართველოში არ არსებობს. ვერ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი მოვა თუ არა, მაგრამ ჩვენ განცხადება გავაკეთეთ და ვინც მოვა, ძალიან კარგი იქნება. ვინც ვერ მოვა, არც ამით დაშავდება რაიმე. საქმე სტრასბურგშია. რაც არ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, არ არსებობს, საქმე უკან გამოვითხოვო. 2007 წლის ბოლოს შევიტანე სარჩელი და უკვე მეხუთე წელია, ველოდები. ერთადერთი, ვისიც ეშინია მიშას და მის რეჟიმს, ესაა ჩვენი ქართული საზოგადოება. წელს არის ის წელი, როცა ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, შვილები, შვილიშვილები. იმაზე ძვირადღირებული ქვეყანაზე არ არსებობს, რომ ქვეყანა დაუტოვო შენს მომავალს. მე ვეღარ გადავარჩენ ჩემი ზურას სიცოცხლეს, მაგრამ პირნათლად მივალ მასთან. თუ შევძელი, იქ შევხედო თვალებში და გადავცე - მამა, მართალია, ვერ შევძელი, შენი გადარჩენა, მაგრამ მომავალი თაობა დაცული იქნება, დაცული იქნება მათი სიცოცხლე“, - აცხადებს იური ვაზაგაშვილი. მისი თქმით, ისინი ავტომატების აღებას არ აპირებენ, მაგრამ სამართლიანობის მისაღწევად უამრავი საშუალება არსებობს. „ქართული აკადემიის“ წევრი თემურ ნანეიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა პატიოსან ადამიანს უნდა ახსოვდეს, რა საშინელებაც მოხდა კორტებთან, რაც საზოგადოებამ არ უნდა აპატიოს ხელისუფლებას, ეს საკუთარი ღირსების დაცვაა. თემურ ნანეიშვილის თქმით, ყველა ღირსეული ადამიანი მობრძანდა კორტებთან. „ალბათ, ბევრ ადამიანს სურდა აქ მოსვლა, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ისინი დაძლევენ შიშს და იმ არანორმალურ მორიდებას, რომელიც სწორედაც რომ აჩლუნგებს ადამიანს. გუშინ კადრები ვნახე და ცრემლები მომადგა თვალებზე. ამ დროს კი გამოდის პარლამენტში შსს მინისტრი და გვამადლის, ოთხი წელიწადია, არავინ მოგვიკლავსო. ეს ტყუილია, რას ჰქვია, როცა ქიმერიძე კიბეებიდან გადმოაგდეს?... მარტო შარშანდელი 26 მაისი გაიხსენეთ. კაცმა არ იცის, როგორ დაიღუპა კვინტრაძე. დაკავებული ჰყავდათ და დილის 5 საათზე მაღაზიის სახურავზე აღმოჩნდა“, - აღნიშნა თემურ ნანეიშვილმა. „ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჩაფიძე თავისი კოალიციის სახელით, ყველა უსამართლოდ დახვრეტილ თუ გასამართლებულ ადამიანს ჰპირდება, რომ მათი საქმეები გამოძიებულ იქნება. ელისო ჩაფიძე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას უკვე 1993 წლიდან აპროტესტებს, ამ აქციასაც რიგითი მოქალაქის სტატუსით შეუერთდა, რადგან მას ადამიანების მკვლელობების გამო, კარგა ხანია, პროტესტი გაუჩნდა. „მე მახსოვს, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი აქცია კანცელარიის წინ გაიმართა, იქ სულ 11 თუ 12 ადამიანი ვიყავით და პოლიციის მხრიდან უფრო მეტი გადამღები ჯგუფი მუშაობდა. ამას არანაირად არ შეუშლია ჩვენთვის ხელი, რომ ჩვენი პოზიცია გამოგვეხატა“, - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ. უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ექვსი წლის წინ ამ ადგილზე დემონსტრატიულად დახვრიტეს ორი ახალგაზრდა, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი, არც წინააღმდეგობა გაუწევიათ. „თვითონ კადრებშიც კი გაეპარათ, რომ უკანა და საქარე მინა მთელი იყო და არანაირი სროლა იქ არ მომხდარა. არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომ წინასწარ განზრახული მკვლელობა მოხდა და ჩასაფრებულები იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ამ მკვლელობის დამკვეთი და შემსრულებელი. ჩვენ გვახსოვს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში, რომლის თანახმადაც, მთელი სახელმწიფო მანქანა იყო დაკავებული მკვლელების მფარველობით. იგივე ხდება ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძის შემთხვევაში“. ლაშა ჩხარტიშვილი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეიცვლება საქართველოს ხელისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო ყველა მკვლელს განსასჯელის სკამზე მიუჩენს ადგილს. „ქართული ოცნების“ წევრის სოზარ სუბარის თქმით, ძალიან ცოტა დრო დარჩა, სანამ მკვლელები დაისჯებიან. მართალია, ყოფილი სახალხო დამცველი დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, მაგრამ, მისი აზრით, თავად ამ ხელისუფლების დღეებია დათვლილი და, შესაბამისად, სამართალი აღსრულდება. „ჩვენი საზოგადოება ყოველთვის გამოდის აქციაზე, როცა ამის აუცილებლობას ხედავს. შეიძლება, ჩვენ ვერ ვართ ზოგჯერ ისე აქტიურები, როგორც საბერძნეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა, მაგრამ საჭირო დროს ქართველ ხალხს ყოველთვის გამოუხატავს თავისი ძალიან მკვეთრი პოზიცია. როცა ხელისუფლება საპროტესტო აქციებს არ აქცევს ყურადღებას, ის იძულებული გახდება, ყურადღება მიაქციოს უფრო დიდი რაოდენობის ხალხის მხრიდან გამოხატულ ნებას“, - აცხადებს სუბარი. გოგა ხაინდრავამ კორტებთან შეკრებილ მოსახლეობას შვილმკვდარი დედის - ირინა ენუქიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს ღირსების გადარჩენას სათავეში სწორედ ირინა ენუქიძე ჩაუდგა და სიცოცხლე შესწირა სხვის შვილებს, მაშინ, როცა თავის შვილს უკვე ვეღარ გადაარჩენდა. დღეს კი იმავე მისიას ასრულებს იური ვაზაგაშვილი. „თუ ქართველ ერს ღირსება აქვს, წლეულს, შემოდგომაზე ქვეყანას გავათავისუფლებთ ჯოჯოებისგან და დამნაშავეებს საბრალდებო სკამზე დავსვამთ,“ - აცხადებს გოგა ხაინდრავა. |