სააკაშვილს ევროპასთან მიმართებაში სხვა გეგმებიც აქვს და ამის შესახებ ყვარელში ლიტვის პრემიერ-მინისტრ იანდრეუს კუბილიუსთან შეხვედრის დროს ისაუბრა კიდეც.
ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ერთია პრეზიდენტის დაპირება და მეორე, საქართველოს რეალური შანსი იმისათვის, რომ ევროპის სრულუფლებიანი თუ არა, ასოცირებული წევრი მაინც გახდეს.
როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, დღეს საქართველო იმ მდგომარეობაშია, რომ უახლოესი 5-10 წლის ევროკავშირის განმავლობაში ასეთი პერსპექტივა არ არსერბობს და უმალ ევროკავშირი დაიშლება, ვიდრე საქართველო გახდება მისი წევრი.
როგორც ექსპერტი დემურ გიორხელიძე ვარაუდობს, წინასაარჩევნო პერიოდია და სააკაშვილი ამით პოლიტიკურ ქულებს იწერს, რაც შეეხება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ დღეს ჩვენ ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ გვაქვს.
„დღესაც მოქმედებს პრეფერენციების სისტემა, თუმცა ამითი ვერ ვისარგებლეთ. იმიტომ, რომ არც ხელისუფლება იყო ორგანიზებული და მობილიზებული ამ შეღავათების ასამოქმედებლად და არც დღის წესრიგში დამდგარა ქართული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მსოფლიო ბაზარზე გასვლის საკითხი, ამიტომ ეს განცხადება უფრო პროპაგანდისტული მგონია და სავსებით გასაგებია,“- აცხადებს გიორხელიძე.
აქვს თუ არა შანსი საქართველოს, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში მაინც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ეს ხელშეკრულებებიც ბრმად არ უნდა შესრულდეს.
„არ მგონია, ევროკავშირის რეკომენდაციები ბრმად უნდა შესრულდეს და ყველა ის რეგულაცია, იმ ფორმით ამოქმედდეს, რაც ევროპაში მოქმედებს, საჭიროა ქართული გააზრებული რეგულაციები. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა და მხოლოდ დეკლარირებული იყო, რომ ევროპისკენ მივდივართ, ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, დროის ამ მცირე მონაკვეთში, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რაიმე რადიკალურის გაკეთების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. კარგი იყო, ამ რვა წლის განმავლობაში თანამიმდევრულად შეგვესრულებინა, რაც შესასარულებელი იყო, მით უმეტეს, რომ ამ ხელისუფლებას მისი მმართველობის დასაწყისში ჰქონდა ფანტასტიკური ნდობის ხარისხი და ყველა პრობლემის იოლად გადაჭრა იყო შესაძლებელი. დღეს უკვე სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და არ მგონია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში რაღაც არნახული ნაბიჯების გადადგმა შევძლოთ“, - ამბობს გიორხელიძე.
სააკაშვილმა ყვარელში უფრო სერიოზული განაცხადიც გააკეთა: „მინდა, ვთქვა, რომ ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, იმიტომ რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ლიტვა იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ეს ემთხვევა ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას. როგორც ვვარაუდობდი, ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს მე უნდა დავამთავრო ის, რომ საქართველომ უნდა გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და რაც მთავარია, გააფორმოს აუცილებლად ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და გააფორმოს ასევე უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება. ის, რომ ლიტვა იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე, ამ ყველაფერს უფრო გაადვილებს, რადგან ამაზე უფრო ახლობელი ჩვენ ცოტა ვინმე გვყავს მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ამ თემებზე ვისაუბროთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც სოსო ცისკარიშვილი ამბობს, საუბარი რომ საქართველოში ევროკავშირისთვის შესაფერის დემოკრატიას დავამკვიდრებთ, დარჩა ცარიელ სიტყვებად და დემოკრატიული უკუსვლა მრავალი არგუმენტით არის გამყარებული, ამის გარდა, ევროპასთან დაახლოების თაობაზე ლაპარაკი უფრო მოახლოებული ნატოს სამიტით არის განპირობებული, რადგან როგორც ცისკარიშვილი ვარაუდობს, დღეისთვის ნატოდან არაფერს ველოდებით და ამიტომ აქტუალურია შორეულ მომავალზე საუბარი, თუნდაც წელიწადნახევრის დროის პერსპექტივაზე, - თითქოსდა, ევროკავშირში მივიღებთ რაღაც პრივილეგიებს, მაშინ როდესაც ასოცირებული წევრიც კი არ არის, საქართველო, ცისკარიშვილის შეფასებით, ასეთი მოლოდინი გადაჭარბებულია.
„ასოცირებული წევრობა ჰგავს უალკოჰოლო ლუდს, აქ სატრაბახო არაფერია, საკმარისია დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა და დემოკრატიისკენ გადადგმული გონივრული ნაბიჯები, რომ ევროპის მხრიდან ასოცირებული წევრობა იყოს შემოთავაზებული. თუმცა დღეს იმდენი სატკივარი აქვს ევროკავშირს, თანაც დემოკრატიის სტანდარტები სრულიად შეუფერებელია ევროპისთვის, როდესაც რაიმე ტიპის რეკომენდაციებს გვაძლევენ, ჩვენ გვადარებენ არა ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეს, რომელიც კიდევ უარესია დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ამიტომ ჩამორჩენილთა შორის პირველობა ვერაფერი სატრაბახოა. ამიტომ უმჯობესია, ევროსტანდარტით ვიაზროვნოთ და ქვეყანა რეალურად წავიყვანოთ დემოკრატიული განვითარებისკენ“, - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
როგორც სააკშვილი ვარაუდობს, ლიტვასთან მეგობრობა საქართველოს ბევრ რამეში დაეხმარება: „ძალიან მიხარია ჩვენი ერთ-ერთი ახლობელი ქვეყნის ლიტვის პრემიერ მინისტრის აქ მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უამრავი ქვეყნის მეთაური, მთავრობის უფროსი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მსოფლიოში ჩამომყავს ამ ვენახში, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისა და კახეთის პოპულარიზაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
დემურ გიორხელიძის აზრით, თუ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ლიტვის პრემიერთან მეგობრობა ევროპასთან დაახლოებაში დაეხმარება, ეს საკმაოდ მიამიტური იმედებია.
„არ მგონია, ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველომ ევროპის ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვება შეძლოს, იმიტომ, რომ იმდენად დაცილებული ვართ ევროპულ მიდგომებს ხელისუფლების პასუხისმგებლობის დონით, სამართლებრივი და სოციალური პოლიტიკის დონით, არ მგონია, ასე მარტივად საქართველოს მსგავსი საჩუქარი გაუკეთონ. მით უმეტეს, ევროპაში დღეს სხვა პრობლემებია, მიმდინარეობს გარკვეული კრიზისული პროცესები და ნაკლებად სავარაუდოა, ევროპას განსაკუთრებული გეგმები ჰქონდეს საქართველოს წინაშე.
გათვლა აქ მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება იყოს, რომ მომავალ წელს ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება, მაგრამ ის, რომ რაკი ლიტვა თავმჯდომარე ხდება, ამით ევროპის კარი გაიღება და ევროკავშირი ყველაფერს ლიტვის ინტერესების შესაბამისად გააკეთებს, ძალიან შორსაა რეალობისგან. ლიტვა არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროპაში გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და ლიტვის პრემიერის განცხადებაც არასერიოზული მგონია“, -აცხადებს დემურ გიორხელიძე.
იმ დროს როდესაც სააკაშვილი ლიტვის იმედით ევროპისკენ მიაქანებს საქართველოს, საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე წუხს, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურა გამარტივების ნაცვლად გაართულა.
„ვიზებზე უარის თქმა ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს, თუმცა ამავდროულად საქართველო ნებართვისა და ვიზების მიღების კუთხითაც პირველ ადგილზეა. უარის თქმის პროცენტული მაჩვენებლი მართლაც მაღალია და ამაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა. მან პირდაპირ უთხრა ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ პრაქტიკულად ეწინააღმდეგებიან იმ შეთანხმებას, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით ევროკომისარმა მოაწერა ხელი. ეს ძალიან სერიოზული თემაა, რაზეც ყურადღებით ვმუშაობთ, რადგან აბსოლუტურად მუღებელია ასეთ ვითარებაში, როდესაც რეადმისიასა და ვიზა ლიბერალიზაციაზე ხელშეკრულებებია გაფორმებული. პროცედურის გამარტივების ნაცვლად პირიქით, ზოგიერთმა ქვეყანამ გაართულა კიდეც და ეს ჩვენი წუხილის მიზეზია“, - განაცხადა ბარამიძემ.
როგორც სოსო ცისკარიშვილი განმარტავს, ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა უცხოეთის ციხეებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების საპყრობილეებში არ გვაძლევს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს.
„როდესაც დიდი ჟივილ-ხივილი ავტეხეთ სავიზო მიმოსვლის რეჟიმის გამარტივებაზე, ამაზე რეაქცია არ ჰქონია ევროპას, იმიტომ რომ მისი მიზანი იყო, რეადმისიის ხელშეწყობა და საკუთარი ტერიტორიის გაწმენდა არალეგალი ქართველებისგან. თუ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ასობით ადამიანი, რომელიც დაბრუნდა საქართველოში, უკვე დასაქმდა და ის ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმებულია ევროკავშირთან, უკვე სრულდება, ათობით ათასი არალეგალი იქნება დაბრუნებული საქართველოში. თუმცა, საკუთარი ნებით ჩამოსულებიც კი უმალ უკან დაბრუნებას ისწრაფვიან, თუნდაც არალეგალად, ვიდრე საქართველოში რაიმე დასაქმების პერსპექტივას დაელოდებიან“, - ვარაუდობს ცისკარიშვილი.
როგორც ბარამიძე ამბობს, ეს საკითხი საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყება, თუმცა მანამდეც დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი.
„ბარამიძე ამ შემთხვევაში სრულიად სამართლიანად წუხს, რადგან ტყუილებს თავისი საზღვარი აქვს, და გია ბარამიძემაც რომ ტყუილი თქვას, ათასობით ვიზის გაცემაზე უარმიღებული ადამიანი სწორედ მის ოფისს მიადგება. ევროპა როგორი ღიმილიანიც არ უნდა იყოს საქართველოს მიმართ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ინტერესებს იცავს. ჩვენი მოქალაქეები საკუთარი ქცევით არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვიყოთ სანდო ქვეყანა უფრო გამჭვირვალე საზღვრების დამყარებისთვის“, - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
როგორ გახდება საქართველო თუნდაც ევროპის ასიცირებული წევრი, როგორ გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და როგორ გამარტივდება ევროპაში მიმოსვლა, როდესაც ქართველებისთვის ვიზის მიღებაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ან როგორ დაგვეხმარება ამ ყველაფერში კახეთში ევროპელების „ზავოდობაზე“ (არყის გამოხდა) დაპატიჟება, სააკაშვილს ამაზე არაფერი უთქვამს, თუმცა ყველაფერი წინაა და როცა მომავალ გაზაფხულზე ევროპელ სტუმრებს კახეთის ზვრებში ჩურჩხელებსაც ამოავლებინებს, ალბათ, ევროპას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით.