ამ ფონზე დაიდო Freedom House-ის პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ამ თვალსაზრისით, ყველაზე თვალსაჩინო გაუმჯობესება საქართველოს აქვს, რომლის სარეიტინგო მაჩვენებელმა 55-დან 52-ზე გადმოინაცვლა. კერძოდ, საქართველო, ბანგლადეში, კენია და მავრიტანია ერთნაირი 52-ქულიანი მაჩვენებლით, ერთ ჯგუფში 111-დან 114-მდე ადგილებს ინაწილებენ.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ გაუმჯობესება ახალი პუბლიკაციებით, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედია-საშუალებისთვის რადიო-ლიცენზიების გაცემითა და მედიამფლობელების გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნაბიჯებით აისახა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, სამივე მათგანი არათავისუფალი ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. სომხეთი 65-ქულიანი მაჩვენებლით - 149 ადგილზე, აზერბაიჯანი და რუსეთი კი 80 ქულით, 172-173 ადგილებს ინაწილებენ.
რამდენად შეესაბამება ანგარიშში ასახული მაჩვენებლები საქართველოში არსებულ ვითარებას, ამასთან დაკავშირებით presage.tv ჟურნალისტებსა და ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხშირად ესა თუ ის რეიტინგი ასე ზერელედ არის ხოლმე გაკეთებული, შემდეგ ამ რეიტინგებს ყურადღება ექცევა და ამ დროს უმეტესწილად ეს არ არის სერიოზული ნამუშევარი. ამიტომ საყვარელიძე ეთანხმება იმ ექსპერტებს, რომლებიც თვლიან, რომ რეიტინგები არასანდო რამეა. რაც შეეხება მედიის თავისუფლების ხარისხს, ექსპერტი აცხადებს, რომ თავისუფალი იყო რამდენიმე სატელევიზიო არხი, რომელიც თბილისს გარეთ ვერ მაუწყებლობდა. ხელისუფლების ქმედება მიმართული იყო იქით, რომ მთელს ქვეყანაში მაუწყებლობის განმახორციელებელი ტელეკომპანიები მისი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო, ლოკალური მაუწყებელი კი ყოფილიყო თავისუფალი სწორედ იმისთვის, რომ ამგვარ რეიტინგებში ხელისუფლებას ის ქულა მოეპოვებინა, რაც მისთვის სასურველი იქნებოდა.
„ასეთი დიფერენცირებული პოლიტიკის წინაშე დასავლეთის ექსპერტები, რომლებიც მოვლენებს ძალიან ზედაპირულად უყურებენ, ხშირად უძლურნი არიან დაინახონ ეშმაკობა, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ მოვლენაში იყოს ჩადებული.
თუკი ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებაზე ზრუნავს, როგორც ამას დასავლელი ექსპერტები აცხადებენ, მაშინ უნდა იზრუნოს, რომ მთელს ქვეყანაზე მაუწყებელი ტელევიზიებიც თავისუფლები იყვნენ და არა მხოლოდ ლოკალურები. ასე რომ, იმაზე დაკვირვება, რატომ არის ასეთი დიფერენცირებული პოლიტიკა, ან არ შეუძლიათ (რაც საეჭვოა), ან არ სურთ, რაც უფრო სარწმუნოა. მათთვის მთავარია, ბოლოს რაღაც ნუსხა გააკეთონ და ასეთი ნუსხა კეთდება.
მეორე მხრივ, ასეთი ლოკალური მაუწყებლის თავისუფლებაც კი ბევრი ქვეყნისთვის დიდი ფუფუნებაა. მაგ მხრივ, ვეთანხმები ამ რეიტინგს, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთზე ბევრად წინ ვართ. მაგრამ თვითონ დინამიკა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება დღეს უფრო მეტია, ვიდრე გუშინ, მე მგონი ეს არ უნდა იყოს რეალურ საფუძველზე დამყარებული დასკვნა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე presage.tv-სთან საუბარში.
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი თვლის, რომ მედიის თავისუფლების კუთხით გაუმჯობესება იქნებოდა სარეკლამო ბაზარი რომ იყოს თავისუფალი. ხელისუფლება არ უნდა ახდენდეს სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზებას და მეორე, რასაც რამიშვილი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, - პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოღვაწე ყველა საკაბელო ოპერატორს უნდა უჩნდებოდეს ვალდებულება თავის ქსელში ჩართოს საქართველოში მაუწყებელი ყველა ტელევიზია. ასეთ შემთხვევაში აღარც „მაესტროს“ და არც „მეცხრე არხს“ არც ერთ საკაბელო ოპერატორთან არ ექნებათ პრობლება.
რამიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ სარეკლამო ბაზრის განთავისუფლების, ამ კანონის მიღების და იმის შემდეგ, რაც ხელისუფლება აღარ დააზიანებს არც ერთი ტელევიზიის აპარატურას, შეგვიძლია ვისაუბროთ მეტნაკლებად თავისუფალ მედია სივრცეზე და შემდეგ შეგვეძლება ვნახოთ ასეთ პირობებში ვის მეტი რეიტინგი ექნება.
„მე არ ვთხოვ ხელისუფლებას უკან დააბრუნოს „იმედი“, მით უმეტეს, თავად პატარკაციშვილის ოჯახმა თქვა მასზე უარი. არც იმას ვითხოვ, რომ „რუსთავი2“ მისცენ ქიბარ ხალვაშს ან ეროსი კიწმარიშვილს. მაგრამ თუ ჩემს მიერ ზემოთ დასახელებული ორი პირობა შესრულდა, გარწმუნებთ, რომ მედია თავისუფლების თვალსაზრისით ძალიან წინ წავალთ.
რაც შეეხება მედიამფლობელების გამჭვირვალობის საკითხს, ეს მაიმუნობაა, რადგან მოიგონეს ვიღაც შემთხვევითი პიროვნებები. არავის სჯერა, რომ ვიღაც ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ ბიზნესი, უცებ გაუჩნდათ იმხელა თანხები, რომ მრავალმილიონიანი ტელევიზიები შეეძინათ“, - ამბობს რამიშვილი.
რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე ფიქრობს, რომ გაუმჯობესება შეიძლებოდა გამოეწვია მხოლოდ იმას, რომ კანონმდებლობაში მოხდა მცირეოდენი ცვლილება. მცირეოდენ გაუმჯობესებაზე კი იმიტომ საუბრობს, რომ მედიამფლობელების ვინაობა პრაქტიკულად არაფერს ცვლის. მთავარია, ფინანსური ნაკადების მოძრაობა იყოს გამჭვირვალე. მამალაძის თქმით, ერთადერთი ეს შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ უკეთეს ადგილზე გადავინაცვლოთ.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მედიის თავისუფლების კვლევა, რომელსაც IREX-ი ყოველწლიურად ატარებს, აჩვენებს, რომ ჩვენ უფრო ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე წინა წელს გვქონდა. ასე რომ ვფიქრობ, მხოლოდ ეს ერთი მომენტი - კანონში ცვლილება ელექტრონული მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ შეიძლება გამხდარიყო ამ გაუმჯობესების მიზეზი. თუმცა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მფლობელი პეტრე იქნება თუ პავლე, სახელი არაფერს ამბობს. მთავარია, საიდან გახდა ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი კონკრეტული ტელეკომპანიის მფლობელი“, - აღნიშნავს ია მამალაძე.
ჟურნალისტი ზვიად დოლიძე 55-ე და 52-ე ადგილებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ არ იცის თავისუფლებაში რა იგულისხმება, მაგრამ პირადად მას არანაირი გაუმჯობესება ამ კუთხით არ უგრძვნია. ზვიად დოლიძე ამბობს, რომ ის თავის გადაცემაში ლაპარაკობს იმას, რაც უნდა, მაგრამ საქართველოში თავისუფლების ძირითადი შეზღუდვა არის ის, რომ ტელევიზიებისთვის სიხშირეების მიღება არის გაძნელებული, ასევე გარკვეული დროის წინ ხელისუფლებამ ხელოვნური ბარიერი შექმნა საგაზეთო ჯიხურებთან დაკავშირებით, რამაც პრესის გავრცელებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
„ყოველ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ხელისუფლება თუ აპირებს აჟიოტაჟის ატეხვას ამაზე, რომ თურმე 55-ედან 52-ე ადგილზე გადავინაცვლეთ, ეს საფუძველს მოკლებულია. შეიძლება ვინმეს მდგომარეობა გაუარესდა და ჩვენ ამის ხარჯზე დავწინაურდით. რაც შეეხება მედიამფლობელების გამჭვირვალობას, თუკი დაიდო ინფორმაცია „რუსთავი2“-ს მფლობელის შესახებ და რომ „მე-9 არხი“ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაშია, ამით გამჭვირვალე გახდა მედიასივრცე? ცოტა არ იყოს, სასაცილოა ეს ამბავი.
ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში კრიტერიუმები ისეთია ხოლმე, რომ რაღაც ტრაფარეტული, შაბლონური მიდგომაა საკითხისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეიტინგის შემდგენელი საქართველოში ნამყოფი არ არის და თავისუფალი მედიის წარმომადგენლებთან არ უსაუბრია, არ იცის, რომ რეგიონებში არ აჩვენებს არც ერთი ტელევიზია იმ ცნობილი ტელესამების გარდა. მაგალითად, დასავლეთის ერთ-ერთ რაიონში არის სოფელი, სადაც პირველი არხიც კი დაბლოკილია, რადგან მას ხანდახან რაღაცეები წამოსცდება ხოლმე“, - ამბობს ზვიად დოლიძე.
ონლაინ გამოცემა presage.tv-ს დამფუძნებელი გია იაკობაშვილი პირველ რიგში, კვლევის შესახებ აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ, როგორც წესი, ასეთ კვლევებს ადგილობრივი ორგანიზაციები ატარებენ ხოლმე სერიოზული, სახელიანი ორგანიზაციების შეკვეთით, თუმცა შემდეგ ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე კერძოდ ვინ ჩაატარა კვლევა. იაკობაშვილი აცხადებს, რომ გაცილებით უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებდა რომ იცოდეს Freedom House-მა კვლევა ვის შეუკვეთა. ახლა კი უფლებას იტოვებს, ეჭვი გამოვთქვას, რომ ისევ ანალოგიური ორგანიზაციის მიერ არის ეს კვლევა შესრულებული, რომელმაც მანამდე NDI-ს დაკვეთით შეასრულა კვლევა.
გია იაკობაშვილის თქმით, თუ ქვეყანაში პუბლიკაციების სიმრავლე გაიზარდა, ეს სულაც არ არის ხელისუფლების დამსახურება. ეს ისევ და ისევ ცალკეული მედიასაშუალებების და ჟურნალისტების სამოქალაქო გმირობის ხარჯზე ხდება და ის რისკი, რაც ადრე არსებობდა დღესაც ნარჩუნდება, თუ უფრო მომატებული არ არის.
გია იაკობაშვილი კომენტარს აკეთებს ასევე იმაზე, რომ ანგარიშში რადიოსიხშირეების მინიჭებაზეა საუბარი.
„მე გავიხსენებ კომუნიკაციების მაგრეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომას, რომელზეც ერთ-ერთი რადიოსთვის გაიცა სიხშირე. ამ სიხშირეზე მოთხოვნა დაყენებული იყო „ჰერეთისა“ და „ლიბერალის“ მიერ. ყველამ კარგად იცის, რომ „ჰერეთი“ არის სერიოზული, გამოცდილი ორგანიზაცია, რომელშიც პირადად მე, ეჭვი არ მეპარება. მას სერიოზული პროექტი ჰქონდა წარდგენილი, მაგრამ „ჰერეთის“ პროექტს „ლიბერალის“ მიერ შეტანილმა განაცხადმა აჯობა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიბერალის“ დამფუძნებლებმა ეს ორგანიზაცია ამ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნეს და მათ გაიმარჯვეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სერიოზულ ეჭვს მიტოვებს, ისევე, როგორც საქართველოში მედიასივრცეში გაცემული გრანტებიც“, - ამბობს გია იაკობაშვილი.
მისი თქმით, თუ კიდევ გავყვებით ამ თემას და სხვა კუთხით შევაფასებთ, „მაესტროს“ გარშემო განვითარებული მოვლენები შეიძლება ცალკე საუბრის თემა იყოს, მაგრამ ახლა ჩვენს თვალწინ იქმნება ახალი ტელევიზია „მე-9 არხი“ და მისთვის შექმნილი პრობლემები, ალბათ, კიდევ ცალკე კვლევას მოითხოვს, მაგალითად, აპარატურის დაზიანება საბაჟოზე. იაკობაშვილის განცხადებით, მხოლოდ ეს შემთხვევა რომ ავიღოთ, 52-ე კი არა, 152-ე ადგილზე უნდა ვიყოთ თავისუფალი მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე. იგი ჯერ არ შექმნილ ტელევიზიას ამხელა დაბრკოლებებს უქმნის. ამას ემატება „გლობალ თი-ვი“- სთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ოპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტეს „იმედმა“ და „რუსთავი2“-მა. იაკობაშვილი სვამს კითხვას, რატომ არ უნდა მაუწყებლობდნენ ისინი ამ ოპერატორის მეშვეობით, ეს ხომ მათთვისაც მომგებიანია? და ასკვნის, რომ ცხადია, ისევ ხელისუფლების სადამსჯელო მანქანა არის ამ ვითარებაში ჩარეული.
„საიდანაც დავიწყეთ ისევ იქ მივდივართ, რომ ეს კვლევა Freedom House-მა არაკეთილსინდისიერ ორგანიზაციას შეუკვეთა, ამ ორგანიზაციამ კი კვლევა ჩაატარა პრინციპით - „არც მწვადი დაიწვას და არც შამფური“. ყველამ კარგად ვიცით ამათი რეიტინგებით ჟონგლიორობა, გამოვლენ ახლა და გააპიარებენ იმას, რომ თურმე სამი საფეხურით წინ წავედით. ამ დროს სინამდვილეში შეიძლება 50 საფეხურით უკან დავიწიეთ. საერთოდ, ძალიან მაინტერესებს, რატომ უკვეთავენ კვლევებს ასეთ ორგანიზაციებს? თუ არ იციან, ვინმეს მაინც შეეკითხონ, რომელია სანდო ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება კვლევა დაუკვეთო.
ჟურნალისტი ვარ და შემიძლია ერთი რამ ვთქვა - მედიის თავისუფლების ხარისხმა არანაირად არ მოიმატა, თუ არ დაიკლო. მედიის თავისუფლების ხარისხის ერთ-ერთი განსმსაზღვრელი არის ინფორმაციის საჯაროობა, ინფორმაციის მიღების თავისუფლება, რა მხრივაც დღეს აბსოლუტურად კატასტროფული მდგომარეობაა. გამოქვეყნდა, რომ გიორგი არველაძე არის „იმედის“ მფლობელი. ამის იქით საქმე აღარ მიდის. მე კი მაქვს კითხვა - რანაირად გახდა იგი ამხელა ტელეკომპანიის მფლობელი? თუ იმ სამი საფეხურით წინ წაწევა იმის ხარჯზეა, რომ წელს არც ერთი ტელევიზია არ დაურბევიათ და არავისთვის წაურთმევიათ, მაშინ დიდი მადლობა მათ. ვინც რისი მფლობელია, ეს ისედაც ცნობილია. მაგალითად, მე რომ presage.tv-ს მფლობელი ვარ, ეს ცნობილია, ისევე როგორც ის არის საყოველთაოდ ცნობილი, როგორ მაქვს იგი მოპოვებული და მანამდე რა თავგადასავლები გადავიტანე. მაშინ გიორგი არველაძემაც მითხრას, რანაირად დააგროვა ფული იმისთვის, რომ „იმედის“ მფლობელი გამხდარიყო. ან სადაური წესია, რომ მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ერთ-ერთი მეწილეა? სადაური წესია და აქაური წესია. აქაური წესი კი უწესობაა“, - აღნიშნავს გია იაკობაშვილი.
ჟურნალისტი დიტო ტიკარაძე აცხადებს, რომ ყოველი გამოკითხვა სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ არ იცის Freedom House-მა ვის ჩაატარებინა ეს კვლევა. მისივე თქმით, მეორე და მნიშვნელოვანი მომენტია, თუ რა კრიტერიუმებით შედგა გამოკითხვა. ტიკარაძე ამბობს, რომ ასეთი კვლევების თანახმად, საქართველოში საუკეთესო ბიზნეს-გარემოა, რადგან ფირმის რეგისტრაცია ძალიან მარტივია. შეიძლება ვთქვათ, რომ ვიღაცას ლიცენზია მიენიჭა და ამიტომ მედია სივრცე თავისუფალია და მედიამფლობელების განსაჯაროების შემდეგ მედიაგამჭვირვალობა სახეზეა. მაგრამ, რეალურად ვიღაც ე.წ. „подставное лицо“ გახდა ცნობილი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე არავინ იცნობდა. ამდენად, ტელეკომპანიის დამფუძნებელი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია იქნება, თუ ეს ადამიანი, რეალურად ამით არაფერი იცვლება. რეალობა არის ის, რომ ამ ტელეკომპანიების მფლობელი არის სახელმწიფო და აკონტროლებს ხელისუფლება.
„იურიდიული თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, კი ბატონო, სიტუაცია გაუმჯობესებულია, რადგან მედია გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღეთ. მაგრამ რეალური სიტუაცია გახლავთ სულ სხვა. ჩვენ ყველა ვხედავთ რა პრობლემებს უქმნიან „მე-9 არხს“, უზიანებენ აპარატურას და ა.შ. ვხედავთ, რაც ხდება საკაბელო ტელევიზიებთან მიმართებაში. „გლობალ თი-ვი“-თ „რუსთავი2“-მა, „იმედმა“ და „მზემ“ მხოლოდ იმიტომ შეწყვიტეს მაუწყებლობა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაა. ვხედავთ ასევე, რამხელა ზეწოლას განიცდის თავისუფალი მედია და ამიტომ მიმაჩნია, რომ რეალურად მედიის თავისუფლების კუთხით არათუ წინ წავიწიეთ, არამედ სერიოზული უკუსვლა გვაქვს“, - აცხადებს დიტო ტიკარაძე.