პოლიციელებმა მოსახლეობის აღწერა დაიწყეს!

პოლიციელებმა მოსახლეობის აღწერა დაიწყეს!

 

ქალაქ ოზურგეთსა და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში, პროგრამა "კარდაკარის" პარალელურად, სამართალდამცავების "პროგრამაც" ამოქმედდა _ უბნის ინსპექტორები ოჯახებში დადიან და მათი მდგომარეობის შესახებ მონაცემებს აგროვებენ. დასმული კითხვების ნუსხა ასე გამოიყურება: სად მუშაობთ? გაქვთ თუ არა იარაღი? რით და სად არიან დასაქმებული ამ ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. "განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ" იმ ოჯახებს, რომელსაც პატიმარი ჰყავს.

თუმცა, ზოგიერთ ოჯახს ზედმეტად არ აწუხებენ, მათი წინასწარ ცნობილი პოლიტიკური ორიენტაციიდან გამომდინარე.

ამის შესახებ "გურია ნიუსს" იმ ადამიანებმა შეატყობინეს, რომლებსაც უბნის ინსპექტორები სტუმრობდნენ: _ მოვიდნენ, მოითხოვეს პირადი მონაცემები, დაინტერესდნენ ოჯახის წევრების საქმიანობით. აღსანიშნავია, რომ პოლიციელების მხრიდან ასეთი ინტერესი ბოლოხანს გაჩნდა. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, _ ამბობენ ოზურგეთელები.

მსგავსი ფაქტი სოფელ შემოქმედშიც დაფიქსირდა. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა ამ სოფლის რწმუნებულს ბესიკ ლომინაძეს და კომენტარი თხოვა. რწმუნებულმა ეს კონკრეტული ფაქტი უარყო, მაგრამ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა _ თითქოს ეს ყველაფერი იმით იყო განპირობებული, რომ სოფელ შემოქმედში ერთ-ერთი ოჯახის სახლის გატეხვის ფაქტი დაფიქსირდა ქურდობის მიზნით.

ბატონო ბესო, როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, სოფელ შემოქმედში პოლიციელი პაატა გვარჯალაძე მოსახლეობის ოჯახური მდგომარეობით ინტერესდება, ფლობთ თუ არა მსგავს ინფორმაციას და რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
_ პირველად მესმის ეს ინფორმაცია. გვითხარით, ვინ გითხრათ და გეტყვით, არის თუ არა მართალი.

_ წყაროს ვერ დაგისახელებთ. თუმცა, ის კი ვიცით, რომ რომ ყველა ოჯახში არ დადიან, არამედ შერჩევით ამოწმებენ.

_ პოლიციელი გვარჯალაძე, იცით, რატომ დადიოდა? ქურდობის ფაქტი იყო სოფელში. გვარჯალაძეს ვინ ჰკითხავს, სოფლის რწმუნებული არაა და როგორ გააკეთებდა? სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

როდის მოხდა ქურდობა?

_ რამდენიმე დღის წინ მოხდა შემოქმედში _ გატეხეს ირმა ჭეიშვილის სახლი. პოლიცია დადიოდა დაკითხვაზე, აღწერაზეც, ალბათ, ამიტომ იყო. მეტი არაფერი ვიცი.

_ ქურდები იპოვეს?

_კი, საქმე გახსნილია.

ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულმა უფრო დეტალური განმარტება მოგვცა: _ ჩვენი უბნის ინსპექტორი დადის და აკეთებს აღწერას. ეს არ არის პირველი შემთხვევა _ წლების წინაც ხდებოდა. ახლა განახლდა სიები და განახლდა მსგავსი ტიპის აღწერაც.

რას ემსახურება ეს აღწერა?

_ ნუ, ახლა მთლად მაგათ კომპეტენციაში ვერ ვერკვევი, როგორც მე მჭირდება ოჯახური მდგომარეობის მონაცემები, ისე სჭირდება უბნის რწმუნებულსაც, ხომ? არის კიდევ ერთი ფაქტორი _ უბნის ინსპექტორებს აქვთ ინფორმაცია და ვალდებულები არიან, იცოდნენ, ვთქვათ, ოჯახებს აქვს თუ არა სანადირო თოფები და ხომ არ არის გაუფორმებელი. სავალდებულოა, რომ გაიფორმონ.

_ ანუ, პოლიციელთა მიერ ოჯახების აღწერა იმ მიზანს ემსახურება, აღწერონ ოჯახები, სადაც ინახება სანადირო თოფები ან სხვა იარაღი?

_ რა თქმა უნდა. როცა პოლიციელებს აქვთ ინფორმაცია, რომ არის ისეთი ოჯახები, სადაც ინახება გაუფორმებელი სანადირო თოფები. აფრთხილებენ, უნდა გაიფორმონ. ან, იქნებ რაიმე სახის იარაღი არ აქვთ გაფორმებული. თუმცა, არ მგონია, რომ ვინმეს ასეთი იარაღი ჰქონდეს სახლში. დეტალურად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ზოგადად რას ემსახურება ეს აღრიცხვები, ვიცი.

ისეთ ოჯახებში დადიან, სადაც იარაღი აქვთ თუ ყველა ოჯახში?

_ აბსოლუტურად ყველა ოჯახში მიდიან და ხდება დეტალური აღწერა. ოჯახების მიხედვით აქვთ სპეციალური ანკეტა, სადაც იწერება მონაცემები. მათ შორის, აქვთ თუ არა ოჯახებში სანადირო თოფი, ჰყავს თუ არა მანქანა და ასე შემდეგ.

პირად ნომრებსაც იწერენ?

_ არ მგონია. როგორც ვიცი, იწერება სახელი, გვარი, დაბადების წელი და სამუშაო ადგილი,

_ სხვა სოფლებშიც ასე ხდება?

_ სხვა სოფელში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩემს სოფელში ასე ხდება.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა პოლიციელ პაატა გვარჯალაძეს, რომელიც შემოქმედში აგროვებდა მონაცემებს.

ბატონო პაატა, როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, თქვენ სოფელ შემოქმედში მოსახლეობის აღწერას ახდენდით. რას ემსახურება ეს აღწერა?

_ სამსახურში მიბრძანდით, ქალბატონო, იქ გეტყვიან, სამსახურის უფროსი მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაცია., მე არ მაქვს ამის უფლება, მიმართეთ ხელმძღვანელობას.

"გურია ნიუსი" გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა, რომელიც სოფელ შემოქმედიდანაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ის საქმის კურსში არ აღმოჩნდა: "მე არ ვარ ინფორმირებული, არ მაქვს ინფორმაცია", _ გვითხრა გუბერნატორმა.

"გურია ნიუსის" არა ერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენს სატელეფონო ზარს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსმა დავით ცირეკიძემ და არც ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსმა ზვიად სვანიძემ უპასუხეს.

ამის შემდეგ "გურია ნიუსი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ზურაბ გვენეტაძეს.

ბატონო ზურაბ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პოლიციელები მოსახლეობის აღწერას ახდენენ, ინტერესდებიან ოჯახური მდგომარეობით, აგროვებენ პირად მონაცემებს, რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

არ ვიცი, _ ლაკონურად გვიპასუხა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა(?!).

"გურია ნიუსი" ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციებს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.