„ტრამპ სამრეცხაო“

„ტრამპ სამრეცხაო“

მიხეილ სააკაშვილის ფილოსოფია დონალდ ტრამპის ფილოსოფიას შეესაბამება. აკი, ტრამპის ვიზიტისას აღნიშნა კიდეც, „თუ ვინმე ზუსტად შეესაბამება ჩემს ფილოსოფიას, ეს არის დონალდ ტრამპი. ეს არის ადამიანი, რომელიც მიდის რისკზე, ბედავს, არ უჯერებს პესიმისტებს, ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ დასცინეს და გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დასრულებულია და ყოველთვის დაბრუნდა უკან“.

ტრამპის ფილოსოფია კი მარტივია: „ლიბიაში შევიდოდი და ნავთობს წამოვიღებდი... ამ ბავშვურ ცელქობას დავამთავრებდი... ჩვენ ნავთობსაბადოებს არ ვიპარავთ, უბრალოდ, ხომ უნდა ავინაზღაუროთ სამხედრო ოპერაციისთვის გაწეული ხარჯები?!“

გარდა ამისა, ტრამპის ფილოსოფიური აზროვნება იმდენად შორს წასულა, რომ თავის დროზე თვით ობამასგანაც ითხოვდა დაბადების მოწმობისჩვენებას და ეჭვიანად აცხადებდა, ობამა კენიაში დაიბადა და არა - ჰავაიზე. თუმცა, ობამას მიერ ჰავაიზე დაბადების დამადასტურებელი მოწმობის გამოქვეყნების შემდეგ დონალდ ტრამპს უკან არ დაუხევია და სიამაყით უთქვამს: „მე ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტი აიძულა, დაბადების მოწმობა სახალხოდ გამოემზეურებინა“.

გასულ კვირას საქართველოს 65 წლის ავანტიურისტი ბიზნესმენი სტუმრობდა. ტრამპი - თბილისში, ტრამპი - ბათუმში, ტრამპი - საქართველოს ვიზა და პასპორტი, ტრამპი -მწვანე შუქი ბიზნესისთვის, ტრამპი -ბრწყინვალების ორდენით, ტრამპი - ყველა უცხოელ პრეზიდენტზე აღმატებული, და ბოლოს - ტრამპი საკუთარი თვითმფრინავის ტრაპთან, სადაც თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიაცილა. ასეთი პატივი თვით სარკოზისაც არ ღირსებია.

ეს ის ტრამპია, (Tramp - ინგლ. მაწანწალა), რომელსაც  ნიუ-იორკის საოფისე ცათამბჯენები და ფეშენებელური სავაჭრო სახლები, კაზინოები ლას-ვეგასში, ფლორიდასა და ატლანტის ჩრდილოეთ სანაპიროზე ეკუთვნის. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი საქართველოში ფულის ჩადებას არ აპირებს. მეტიც, უკვე გახმიანდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას იქით გადაუხადა თანხა, რათა მისი სახელი გამოიყენონ.

ჯერ კიდევ შარშან „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „სილქროუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი (რომელმაც ტრამპთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს) აცხადებდა, რომ აქაურ პროექტებში დონალდ ტრამპი საკუთარ ფულს არ ჩადებდა  და, უბრალოდ, ქართული მხარე დონალდ ტრამპის სახელს გამოიყენებდა. ფული კი თვით გიორგი რამიშვილის კომპანიას უნდა მოეზიდა. უკვე ცნობილია, რომ ქართული „ტრამპ თაუერები“ 250 მილიონი დოლარი დაჯდება. თუმცა, ამ ეტაპზე აქ­ცენ­ტი ბა­თუ­მის „ტრამპ თაუერზე“ კეთ­დე­ბა, თბილისის პრო­ექ­ტი კი მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვაა.

ასე რომ, ბათუმში სასტუმრო „რადისონ ბლუს“, „კემპინსკის“, ანბანისა და შადრევნის კოშკების მიმდებარე ტერიტორიას „ტრამპ თაუერი“ შეემატება. „სილქროუდ ჯგუფის“ განცხადებით, ულტრათანამედროვე, 47-სართულიან ნაგებობაში ბიზნესცენტრი, სპა და ფიტნეს კლუბები, მოსასვენებელი ბარები და საცხოვრებელი ბინები განთავსდება, რომელთა ფართი 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე იქნება.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი გრანდიოზული მშენებლობები ფულის გარეცხვის შესანიშნავი საშუალებაა. ამ თემასთან დაკავშირებით Presage.tv ეკონომიკის ექსპერტ თენგიზ შერგელაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, „ტრამპ თაუერიც“ იმ პიარ-კამპანიის ნაწილია, რომლითაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება.

„გამოვხატავ ეჭვსა და ვარაუდს, რომ, შესაძლებელია, ასეთი ტიპის მშენებლობები რაღაცნაირად ფულის გათეთრებას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება ფულის გათეთრების სქემას, ამის ასახსნელად რამდენიმე მიზეზს დავასახელებ. პირველი, საქართველოში არსებული ბიზნესგარემოდან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ამ მასშტაბის საოფისე და ბიზნესშენობები აშენდეს, რადგან არსებულიც კი არ არის დატვირთული. მეორე მხრივ, ფულის გათეთრება მაშინ ხდება, როცა მშენებლობის სფერო გაუმჭვირვალეა. მით უმეტეს, როდესაც ეს ბიზნესები ძალიან მჭიდროდ უკავშირდება სახელმწიფოს“.

ექსპერტის განმარტებით, საქართველოს მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებში ეს ბიზნესი (განსაკუთრებით, მსხვილი ბიზნესი) ხელისუფლებას უკავშირდება. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ სხვადასხვა ტიპის ბუღალტრული და ფინანსური მაქინაციების საშუალებით, გარკვეული შემოსავლები ასეთ მშენებლობებში განთავსდეს და ეს შემოსავლები, შესაძლოა, მთლად ლეგალური არც იყოს.

თენგიზ შერგელაშვილის აზრით, იმ ქვეყნებში, სადაც საგადასახადო, სასამართლო ინსტიტუციები თანაბარ პირობებშია, ცხადია, პრივილეგირებული ბიზნესჯგუფები არ იარსებებს. კერძოდ, კონკურენტულ გარემოში გაცილებით უფრო ძნელია ასეთი მაქინაციებით მოქმედება. ხოლო, რაც უფრო შეკრული ჰყავს სახელმწიფოს ფინანსური ჯგუფები, მით უფრო დიდია საფრთხე, რომ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, მმართველი ძალისა და ბიზნესჯგუფების ინტერესები გადაიკვეთოს და მოხდეს ასეთი სახსრების დახარჯვა.

„ფულის გარეცხვის ბევრნაირი სქემა არსებობს. მათ შორის, მშენებლობაშიც. როდესაც შენ შეგიძლია არაკონტროლირებადი ფულადი ნაკადით ერთი ფინანსური ნაკადი გადააქციო მყარ აქტივად და ამ გადაქცევის პროცესში, მაქსიმალურად, გაუმჭვირვალედ (თუ ხელისუფლებასთან ხარ შეთანხმებული) მოახდინო არალეგალური ფულის გადაქცევა ისეთ აქტივად, რომელიც მომავალში შემოსავლის მომტანია. ამის ათობით და ასობით მექანიზმი არსებობს. იქ არის წმინდა ფინანსური ტრანზაქციების დეტალები, რომელიც შეიძლება გამოიყენონ“, -აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

მართალია, ეკონომიკის ექსპერტს არ სურს დეტალების დაკონკრეტება, მაგრამ ადასტურებს, რომ ფულის გარეცხვის დროს მიმართავენ ხოლმე ხარჯების გაბერვასა და ისეთნაირად წარმოჩენას, რათა რაღაც ტიპის არალეგალური ფული გადაიქცეს კონკრეტულ აქტივად, რომელსაც ღირებულება გააჩნია.

„მე არ წარმოვადგენ საგამოძიებო ორგანოს და კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, როდესაც რაღაცაში ფულის ჩადების ბუნებრივი კანონზომიერება არ არსებობს და საამისო ეკონომიკური წინამძღვრები არ არის, ამ შემთხვევაში, ყოველთვის გიჩნდება სავარაუდო ეჭვი, რომ შეიძლება, ეს ფულის გათეთრებაა“.

შეკითხვაზე, ამ ცათამბჯენს მართლაც „სილქროუდ ჯგუფი“ აშენებს თუ თანხა ჩვენივე ბიუჯეტიდან იხარჯება, თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს: „იმ ინფორმაციით, რაც ტელევიზიებიდან მივიღე, ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვაზე საუბარი არ ყოფილა. იქ ნათქვამი იყო, რომ კერძო კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“ მოახდენდა თანხების აკუმილირებას.   აუცილებელია გამჭვირვალეობის საკითხი დადგეს. ბიუჯეტიდან ვერცერთი ლარი ვერ დაიხარჯება,თუ ის პარლამენტის მიერ არ არის დამტკიცებული. თუ იქ ეწერება, რომ საბიუჯეტო თანხა იხარჯება, მაშინ ეს გამოჩნდება კიდეც“.

Presage.tv. ასევე, დაინტერესდა, რა ფუნქცია ექნება ასეთი კოლოსალური დაფინანსების ნაგებობას - „ტრამპ თაუერს“?! იმის გამო, რომ ჩვენში ბიზნესი არ არის განვითარებული, ცხადია, აშენების შემდეგ ეს მრავალსართულიანი შენობა ვერ დაიტვირთება და არც მასში განთავსებული მრავალრიცხოვანი ოფისებიც არ დასჭირდება ვინმეს. საინტერესოა, წაგებაზე ხომ არ იმუშავებს „სილქროუდ ჯგუფი?“

ამასთან დაკავშირებით თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რისთვის უნდა „აწყობდეთ“ ცათამბჯენის აშენება.

„როდესაც აუცილებლობა არ არის და ასეთ ცათამბჯენს მაინც აშენებ, მაშინ, ფაქტობრივად, გაცილებით უფრო მეტად გაწყობს ეს პროექტი და შეიძლება, გქონდეს იმის მოტივი, რომ სხვა ფორმით ვერ ახდენ მის ლეგალიზებას. ამიტომ რაღაც აქტივს იქმნი, ამ აქტივით, შეიძლება, უფრო მეტი აქტივი შექმნა ისეთი, რომელიც შეგიძლია უკვე ლეგალურ საბაზრო ბრუნვაში მოაქციო. სწორედ ეს არის სპეკულაციური აქტივი, ანუ შეიძლება, დაიწყო მშენებლობა, მერე მშენებლობის პროცესში მოახდინო რაღაც წინასწარი სივრცეების გაყიდვა, სწორედ ამას მოჰყვება კრიზისი. გაიხსენეთ, აბა, კოსტავაზე, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე, რომ დაიწყეს მშენებლობა, ან კიდევ, იმელის შენობის მშენებლობა? გაიხსენეთ, მშენებლობა გალაკტიონ ტაბიძის ძეგლთან, რამდენი შენობაა დაწყებული, სადაც უნდა აშენებულიყო სასტუმრო?! რამდენი მშენებლობა დაიწყო პომპეზურობით და რამდენი მშენებლობა გაჩერებულა ამ წლებში?! აი, არაერთი მაგალითი, რომ თავიდან პომპეზურობით დაიწყეს, მაგრამ მერე ვეღარ მოხერხდა ამის გაკეთება. ჯერ ერთი, მსოფლიო კრიზისი იყო, რომელმაც აღარ მისცათ საშუალება, რომ თუნდაც სპეკულაციური აქტივი შემოსულიყო“, - განმარტავს თენგიზ შერგელაშვილი.

მისი თქმით, ყველა ამ მაგალითის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ კითხვები გაჩნდეს საეჭვო მშენებლობებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, „ტრამპ თაუერის“ შემთხვევაშიც ფულის გარეცხვის ეჭვი არსებობს.

ამასთან, თენგიზ შერგელაშვილს ეეჭვება, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის აპირებდეს „ტრამპ თაუერისთვის“ გამიზნული კოლოსალური თანხის გამოყენებას, რადგან არჩევნებისთვის მათ ისედაც საკმარისად ბევრი რესურსი აქვთ, მათ შორის, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო რესურსები. ასევე, - იმ ბიზნესმენების რესურსები, რომლებსაც მოგვიანებით მაჟორიტარებად გაუშვებენ და კოლოსალური ფული არ ექნებათ საშოვნი.

დასასრულ, ექსპერტმა დონალ ტრამპის ვიზიტიც შეაფასა. მისი თქმით, ამ ადამიანმა თავისი ბრენდი გაყიდა, საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე კეთილი სიტყვა შეგვაწია.

„დონალდ ტრამპის ჩამოსვლა ამას ნიშნავდა, - მეტს არაფერს. ხელისუფლების მხრიდან კი ეს გამოყენებულ იქნა, როგორც ახალი ერის დასაწყისი, ისევე, როგორც - სამკაციანი საავადმყოფოს გახსნა არის ახალი ერის დასაწყისი. თუმცა ის, რომ თავად  ტრამპი დებს ამ საქმეში ინვესტიციებს, ამაზე საუბარი არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კონკრეტული კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“ ახორციელებს ინვესტიციებს, როგორც თავის, ისე - მოზიდულ ინვესტიციებს“.