ჰააგის სასამართლოს გარდა, რომელიც ცხინვალის რეგიონში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს სწავლობს, სტრასბურგის სასამართლო უკვე კონკრეტული პიროვნებების მიმართ ჩადენილ დანაშაულს (სიცოცხლისა და ქონების ხელყოფა) იკვლევს. მართალია, სტრასბურგის სასამართლოში სამაჩაბლოში დაზარალებულ პირთა 400-ზე მეტი საქმე გაიგზავნა, მაგრამ ევროპული სასამართლოს ნელი პროცედურიდან გამომდინარე, ჯერ მხოლოდ შვიდ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო ჩვენს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნოწმენდის ფაქტები უამრავია: „ცხინვალის მილიციის შენობაში შესასვლეთან, კიბეებთან გაგვიშალეს საქართველოს დროშა და გვითხრეს, ფეხები გაიწმინდეთ, თქვე ღორებოო, სააკაშვილს დაუკარით ტაში, აი, რა გიყოთო. დაგვამწკრივეს და ისე დაგვაყენეს დროშაზე“. „ქართველ ტყვეებს გვეუბნებოდნენ, თქვენს ხალხს არ სჭირდებით, თქვენ აქ რა დღეში ხართ და იქ კონცერტი აქვთ გამართული. ქართველ სამხედროებს კი აწამებდნენ, ამიტომაც მათ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითები ძვლამდე ჰქონდათ დამწვარი“. „სოფელ ტყვიავში გელა ჩიხლაძე საკუთარი სახლის მარანში ჩაამწყვდიეს. გაძარცვის შემდეგ, „წესისამებრ“, სახლს ცეცხლი წაუკიდეს და გელას განწირული ყვირილისა და ვედრების მიუხედავად, კარი მიუკეტეს... ბოლოს დავინახე ხელის თითები, რომელიც თეთრად ჩანდა, სხვა არაფერი ჩანდა, ისეთი დამწვარი იყო.“ (გელა ჩიხლაძის მკვლელობის ისტორია ამერიკული გამოცემა Chicago Tribune-ს გვერდებზეც მოხვდა. ამ საზარელი მკვლელობის მოტივად ოსები საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან გელა ჩიხლაძის მეგობრობას ასახელებდნენ). „ძარცვა და სახლების გადაწვა ქართველების შეურაცხყოფისა და დაშინების ფონზე მიმდინარობდა. ჩემი სახლის წინ იყო ღორების ტლაპო, შიგ დამაწვინეს. არც ახლა იტყვი, ხალხი სად არისო? სულ მესროდნენ ამ ტლაპოშიც. მერე ერთმა დაუძახა, მოკვდება, მოეშვიო.“ „სამხედროები ბეტეერიდან გადმოხტნენ და ავტომატის კონდახს ურტყამდნენ ყრუ-მუნჯ ნათელა კაიდარაშვილს. თან იგინებოდნენ, საცოდავი საშინლად გამოიყურებოდა, სისხლი სდიოდა, თვალებს ვერ ახელდა, დასიებული ჰქონდა. მესამე დღეს გარდაიცვალა“. „ოლია კასრაძე თავის გადასარჩენად გარბოდა, როცა ოს და რუს ფორმიანებს გადააწყდა. თავად ოლია კასრაძე ეროვნებით ოსი იყო, თუმცა ქართველზე გათხოვილი. სწორედ ქართველი შვილების გაზრდისთვის დასაჯეს და სოფლის რუში დაახრჩვეს“. „25 წლის სმენადაქვეითებული ჯაბა ჯალაბაძე მოკლეს. ბრძანებაზე, მანქანას მისწოლოდა, ჯაბა მიტრიალდა და ოსებისგან გარიდება სცადა. ვითომ ურჩობისთვის ადგილზე დაცხრილეს“. „ტყვიავის სამარშრუტო ტაქსში ჩემს გვერდით სუსტი ბიჭი იყო, ეტყობა, მოძრაობდა და ოსმა ერთო-ორჯერ კონდახი ჩაარტყა თავში. მერე უცებ ოსმა სამხედრომ ავტომატი გადატენა და ამ ბიჭს ორჯერ ესროლა შიგ თავში. ზედ დამაკლეს ის ბიჭი, სისხლი სულ ზედ გადმომესხა. ახალგაზრდის მოკვლის შემდეგ ოსმა მძღოლმა „მარშრუტკა“ გააჩერა და იმ ბიჭის გვამი „მარშრუტკიდან“ გზაზე გადააგდეს. გარეთაც ერთი ტყვია დაახალეს“. „დვანში სოფლის ცენტრში გაჩერდა ავტომობილი, საიდანაც სამი შეიარაღებული, ნასვამი ოსი გადმოვიდა. ერთ-ერთმა იქ მყოფებს თავის მკერდზე ჯვრების კოცნა მოსთხოვა, სამი ჯვარი ეკიდა. სოფელში ალიოშა კოკოშვილი შეხვედრიათ და იარაღი პირში ჩაუდვიათ ჯვრებზე კოცნის მოთხოვნით, მიადგნენ ვასიკო მექარიშვილს და მისგანაც იმავეს ითხოვდნენ. უარი მიიღეს. იგი გონებრივად ავად იყო და, კოცნის ნაცვლად, შეაგინა. სამხედრომ პასუხად იარაღი ვასიკოს ყელზე დაადო და ესროლა. იმ წამსვე გათავდა“. „ოსები გვეუბნებოდნენ, არცერთი ქართველი აქ არ უნდა დარჩეს. მოხუცები თუ დარჩებით, მერე ახალგაზრდებიც დაბრუნდებიან, ამიტომ აქედან უნდა წახვიდეთო“. „ომი აღარ იქნება. ჩვენ სასტიკი ქმედება ჩავიდინეთ, მაგრამ ქართველები აღარ დაბრუნდებიან. ჩვენ გადავწვით მათი ყველა სახლი ანკლავების ტერიტორიაზე“, - აცხადებდა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ზნაურ გასიევი“. „დაბომბვისას თვითმფრინავებში რუს პილოტებს გვერდით ოსები ესხდნენ და თავად აჩვენებდნენ, რომელი სახლი დაებომბათ... როგორც წესი, ძარცვა დღის 1-ელ საათზე იწყებოდა და 8-9 საათამდე გრძელდებოდა. ყველა გაძარცვულ სახლს მაშინვე წვავდნენ. ჯგუფი 15 კაცისგან შედგებოდა. პირველ ჯგუფს ძირითადად ძვირფასეულობა მიჰქონდა, ხოლო მცირე საგნები მეორე ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი. დაწვას გადაურჩა მხოლოდ ოსების სახლები, რომლებსაც სპეციალური თეთრი ლენტები შეაბეს“. ეს ქართველ თვითმხილველთა მიერ მოთხრობილი ისტორიების არასრული ჩამონათვალია. ზოგიერთი დაზარალებული ერიდება იმ შეურაცხყოფის გადმოცემასა და სტრასბურგში გასაჩივრებას, რაც ამ ომის დროს თავს დაატყდა. 2008 წლის აგვისტოს ომის ანგარიში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია), „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „“21-ე საუკუნის“, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ მეშვეობით მომზადდა. Presage.tv. ესაუბრა საიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტს ნათია კაციტაძეს. „სტრასბურგის სასამართლოში დაახლოებით 400-ზე მეტი სარჩელია შეტანილი, რაც ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად, სადღაც ათასზე მეტი ადამიანის საქმეა გაგზავნილი. თითოეულ საქმეში ზოგჯერ 50 პირის უფლების დარღვევაცაა გადმოცემული. რა თქმა უნდა, დაზარალებული გაცილებით მეტია. მარტო ის ფაქტი, რომ ცხინვალის რეგიონიდან 23 ათასი დევნილი გვყავს, ნიშნავს, რომ, მინიმუმ, 23 ათასი დაზარალებული არსებობს. ჯერჯერობით, მხოლოდ შვიდ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო კომუნიკაცია მთავრობებთან, რაც ნიშნავს, რომ ეს საქმეები განხილვაშია, ხოლო დანარჩენი საქმეები, უბრალოდ, რეგისტრირებულია და განხილვა ჯერ არ დაწყებულა“. ნათია კაციტაძის თქმით, თუკი ევროპის სასამართლო დაადგენს, რომ ამ ადამიანების უფლებების დარღვევა ნამდვილად მოხდა, ისინი მატერიალურ კომპენსაცია მიიღებენ. ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, ფულად კომპენსაციასთან დაკავშირებით სასამართლო თავად იღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, თუ პირი მტკიცებულებებით ასაბუთებს, რომ მისი სახლის განადგურება მართლაც მოხდა და სახლი 10 ათასი დოლარი ღირდა, სასამართლო შესაბამის კომპენსაციას მიანიჭებს. „ამ შემთხვევაში, საქმეების უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგაა მიმართული და დაზარალებულებს რუსეთმა უნდა გადაუხადოს კომპენსაცია. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მინიმუმ, ექვსი წელი მაინც სჭირდება, რომ საქმეზე გარკვეული შედეგი დადგეს, ამიტომ საკმაოდ ხანგრძლივვადიანია ეს პროცედურა და კონკრეტული ვადა, რომ ამა და ამ დროს უნდა დამთავრდეს გამოძიება, დადგენილი არ არის“. ნათია კაციტაძის შეფასებით, 2008 წლის ომის დროს საერთაშორისო სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული იქნა ჩადენილი. მართლია, მომხდარის გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, მაგრამ დაზარალებულებისთვის დღემდე ცნობილი არ არის, რა შედეგი მოჰყვა გამოძიებას. დაფარულია ეს ინფორმაცია, ამიტომაც არსებობს ეჭვი, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და არანაირ შედეგს არ მოიტანს. გამოძიების არაეფექტურად წარმართვის დასტურად კი ნათია კაციტაძეს ის ფაქტი მოჰყავს, რომ თავად დაზარალებულები არავის დაუკითხავს. „თუ სამი წლის განმავლობაში არ ჩაატარე საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რეალურად, შედეგამდე ვერ მიხვალ, ვერ გამოავლენ და ვერ დასჯი დამნაშავეს. საქართველოსა და რუსეთის მთავრობების მიზანია, რაღაცნაირად, დრო გააჭიანურონ და დაარწმუნონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თითქოს გამოძიება მართლაც მიმდინარეობს. აქ დეტალური საქმეების შესწავლა უნდა მოხდეს და დადგეს, როგორც შემსრულებლის, ისევე, იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც დანაშაულის ჩადენის ბრძანება გასცა. მაგალითად, სუდანის პრეზიდენტზე გაცემულია დაკავების ორდერი, რაც, ჯერჯერობით, არ სრულდება, ვინაიდან ის მოქმედი პრეზიდენტია. მაგრამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მას შემდეგ, რაც დაიწყო ოფიციალური გამოძიება სუდანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ თვითონ პრეზიდენტი იყო ის, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩასადენად ბრძანებებს გასცემდა. ფაქტია, რომ მოქმედ პრეზიდენტზეც არსებობს სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერი“, - აცხადებს ნათია კაციტაძე.
|