„მზად ვარ, მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოხატეს ინტერესი“

„მზად ვარ, მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოხატეს ინტერესი“

 

ავტომრბოლელის ფორმაში გამოწყობილი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, რუსეთისგან ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, ხელისუფლებას შეელიოს. რუსთავის ავტოდრომზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს. მართალია, მედვედევისთვის „სააკაშვილი ცარიელი ადგილი და ნულია“ და რუსული მხარე თურმე იძულებული გამხდარა, საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად ეღიარებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსებისთვის ქართველი ხალხი ახლობელი და ძვირფასია.

მედვედევის კვალდაკვალ, სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ქართული ოპოზიციის გახალისება გამოიწვია, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის თავდადების არ სჯერათ. ოპოზიციონერ დეპუტატ გია ცაგარეიშვილს ამან საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი მოაგონა, როცა დემეტრე თავდადებული მონღოლთა ურდოში თავის დასადებად გაემგზავრა, მაგრამ გია ცაგარეიშვილმა იქვე შენიშნა, რომ დემეტრე თავდადებულამდე მიხეილ სააკაშვილის გზა შორია.

ერთი რამ ცხადია, რომ ასეთი ფინალი სააკაშვილისთვის საუკეთესო იქნებოდა და ეს გახდებოდა ტრამპლინი მის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. თუმცა, მედვედევი ისევეა საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამბრუნებელი, როგორც სააკაშვილი - პოსტიდან გადამგდომი.

პრეზიდენტის საქართველოს ზვარაკად გადაქცევა მით უფრო დასაფასებელი იქნებოდა, თუ გვეცოდინებოდა, რომ რუსეთი მართლაც მის სანაცვლოდ აბრუნებდა ოკუპირებულ ტერიტორიებს. მაგრამ ასეთი წინაპირობის არარსებობის დროს სააკაშვილის ნათქვამი უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს.   

„ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: თუ ისინი მზად არიან, საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები, დღესვე, იქნება ეს ბატონი მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი „არჩეული“ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მზად ვარ, სადაც უნდათ, ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან და ჩემი მთავრობის წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე... დამატებით, მზად ვარ, მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოხატეს ინტერესი. ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილი დემეტრე თავდადებული ვერ გახდება, ვერ წავა ურდოში და ვერ ჩაბარდება ჩვენს მტერს, ეს შეუძლებელია. ამის გაკეთება რომ არ შეუძლია, ეს ჯერ კიდევ გორში გამოჩნდა.

„ამ ბატონის ეს ცრუ პათეტიკა, ურა-პატრიოტიზმი ყველას ყელში ამოუვიდა, არავის მისი არ სჯერა. არც მიშა სააკაშვილია გადამდგომი და არც რუსეთი არ არის ამის გამო ჩვენი მიწა-წყლის დამბრუნებელი“.

ცაგარეიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილი ერთ გოჯ ქართულ მიწას ქართულ სივრცეში ვეღარ დააბრუნებს და ეს შანსი მან, თავის ხელისუფლებასთან ერთდ, 2008 წელს საბოლოოდ გაუშვა. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ, თუ სააკაშვილი გადადგომას მართლაც აპირებდა, ასეთი ნაბიჯის გადადგმა ცხინვალის კატასტროფის შემდეგ იქნებოდა უმჯობესი.

„თუ გადადომა უნდოდა, ცხინვალის კატასტროფის შემდეგ დაეწერა განცხადება და აბარგებულიყო ხელისუფლებიდან, მოშორებოდა ქართულ პოლიტიკას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რადგან ყველაფერს ერჩივნა თავისი პოლიტიკური მდგომარეობა, თავისი ტახტი. მას ჰგონია, რომ თავად არის საქართველო, რომ ის არის კანონი და ამ ქვეყნის მომავალი. არადა, ამ ქვეყნის მომავალი აბსოლუტურად განსხვავებულია, ნათელი მომავალი ელოდება ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და სხვების გარეშე და ეს ოქტომბრის თვეში ახდება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ამასთან, დეპუტატი გამორიცხავს, რომ დასავლეთში სააკაშვილს გადადგომა ურჩიეს, რადგან დასავლეთი სააკაშვილს არაფერს ეუბნება. მეტიც, ცაგარეიშვილის სიტყვით, კარგა ხანია, დასავლეთმა დაივიწყა, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი. კარგა ხანია, დასავლეთში კარგად აქვთ გაგებული, რა ფორმაციის ხელისუფლება გვყავს, როგორი დანაშაულებრივი მენტალობის ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის სათავეში, ეს დასავლეთმაც და აღმოსავლეთმაც ძალიან კარგად გაარკვია.

პარლამენტარის თქმით, ჩვენდა სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს არავინ არაფერს ეუბნება, არავინ არაფერს კარნახობს, უბრალოდ, შინ და გარეთ ყველას ყელში ამოუვიდა სააკაშვილი. დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილს აქვს მხოლოდ ერთი გზა - უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამით მაინც ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში, ერთი პოზიტიური ფურცელი მაინც გადაფურცლოს ჩვენი ქვეყნის ისტორიის წიგნში, სხვა შანსი მას არ დარჩენია.

„სააკაშვილი პიარისთვის, პირადი განდიდებისთვის, თავისი პოლიტიკური გუნდის ზეობისთვის ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს შესწირავს ამას, აქამდეც შეუწირავს. რომელი ადამიანი იტყვის - მოდი, გადადექი და მე თქვენს მიწა-წყალს დაგიბრუნებთო. ამას ვინ დაიჯერებს, ეს ხომ სისულელეა. სააკაშვილის მხრიდან ეს გათვლილია ვითომდა ელექტორატის რაღაც ნაწილზე, რომელსაც უნდა, რომ თავის თავზე ჰეროიკული წარმოდგენა შეუქმნას, რომ ის არის სწორუპოვარი რაინდი, რომელიც ნათელი მომავლისკენ წინ მიუძღვის საქართველოს და, როგორც ვიღაცამ „დააბრალა“, ის არის დავით აღმაშენებლის დონის მმართველი და მხედართმთავარი. თუ როგორი მმართველიცაა, ყველამ კარგად დაინახა გორში, 7 ნოემბერს თბილისში, 26 მაისს თბილისში და ყოველდღიურ ცხოვრებაში, დავრწმუნდით, თუ ვინ არის სააკაშვილი და რა უნდა მას თავისი ქვეყნისგან“.

ცაგარეიშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ თავისი პოლიტიკური მდგომარეობის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება სურს, თორემ წესიერი მმართველი იმ უბედურების მერე, რაც ჩვენ, ყველას ერთად, დაგვემართა - როცა დავკარგეთ ჩვენი მიწა-წყალი და ოკუპანტები თბილისამდე მოვიდნენ, მომენტალურად უნდა გადამდგარიყო და უნდა ეთქვა, მე შევცდი, ან მაპატიეთ შეცდომები, ან გამასამართლეთ.

პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სააკაშვილის მიერ ხელისუფლების დათმობის სანაცვლოდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნებას პრეზიდენტისთვის საუკეთესო ვარიანტად განიხილავს. ასე რომ  მომხდარიყო, სააკაშვილი, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსონად დარჩებოდა. ეს იქნებოდა ის შემთხვევა, როცა სააკაშვილი დროებით დათმობდა ხელისუფლებას და შემდეგ აუცილებლად ტრიუმფით დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში.

„თავისთავად, ეს გაცილებით დიდი სტატუსია, ვიდრე - ხელისუფლებაში ყოფნა. თუმცა, იმის შანსი, რომ ამ განცხადებას რეალური შედეგი მოჰყვება, ნულის ტოლია, რადგან თავად რუსეთის ხელისუფლებასაც არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას შორის. ასე რომ, ეს განცხადება თავიდანვე მიზანს აცდენილია, ამ განცხადების ავტორისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ მიზანს ვერასდროს მიაღწევდა. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს ბევრი კითხვა მიჩნდება მიმდინარე საარჩევნო მომენტში იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.

ეს არის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი, რომელიც გამიჩნდა. ლაზიკასი არ იყოს, ვერ ვხვდები, ამ თემის გარშემო ამდენი აჟიოტაჟი რატომ ატყდა. საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც  მაჩვენეთ, რომელიც ამ მისტიკური თუ მითიური ქალაქის აშენებაში საკუთარ სარგებელს დაინახავს. ასევეა ეს თემაც. საქართველოში ადამიანი არ მეგულება, რომელიც დაიჯერებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში, რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დააბრუნებს“, -აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე Presage.tv-სთან საუბარში.

მისი აზრით, სააკაშვილის ამ განცხადების რეალურობასა და შედეგიანობაზე საუბარი ზედმეტია. მეტიც, თუ 2003 წლიდან დღემდე, მანამ, სანამ ივანიშვილი ასპარეზზე გამოჩნდებოდა, ნაციონალები ყოველთვის მიზანში ურტყამდნენ, დღეს მათი საარჩევნო ტექნოლოგიები, მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, იდეალურისგან ძალიან შორსაა.

„ისინი მიზანს აპრიორი ცდებიან. შეიძლება, რამე დაგეგმო, სწორადაც დაგეგმო, მაგრამ ალბათობის გამო ვერ მიაღწიო მიზანს, მაგრამ ამ ხელისუფლების უმეტესი ნაბიჯი თავის თავში მოიცავს დამარცხების მუხტს და თავიდანვე აცდენილია მიზანს. ეს არის ფუჭი გასროლა, რომელიც არცერთ სოციალურ ფენაზე გათვლილი არ არის“.

ექსპერტის თქმით, 2011 წლამდე არსებული სააკაშვილი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფასად, ალბათ, გადადგებოდა და სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ძალიან დიდი ტრიუმფითა და დიდი ხნით დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. მეტიც, ხალხიც ყველაფერს მიუტევებდა. მათ შორის, მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგენიც კი მიუტევებდნენ, რადგან ეს იქნებოდა მართლაც ისტორიული ნაბიჯი საქართველოს განვითარებაში.

„ეს იქნებოდა მისი ტრიუმფალური დაბრუნების საფუძველი. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია რეალურად ვიმსჯელოთ ორნაირ სააკაშვილზე. სააკაშვილი, რომელიც იყო 2011 წლამდე, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე და სააკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, როდესაც იგი, ფაქტობრივად, რელობასაა აცდენილი და თუნდაც იმავე საზოგადოებასთან ურიერთობისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კუთხით, ნამდვილად ვეღარ არის ისე ადექვატური, როგორიც  ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე იყო.

ამდენად, დღეს რომ იყოს იმის ალბათობა, რომ სააკაშვილის წასვლით რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც დააბრუნოს, რა ნაბიჯს გადადგამს დღევანდელი სააკაშვილი, ძნელი სათქმელია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ის პოლიტიკური ტექნოლოგიების ადექვატურობის ჩარჩოებს სცდება.“

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი Presage.tv-ს უცხადებს, რომ სააკაშვილის „კლასი“ საერთოდ აორთქლებულია.

„ისეთი სიტყვები მიაყოლა, თავისი კომპლექსების გამოკვეთით, რომ საკომენტაროც არაფერია. ეს ძალიან უნიჭო პიარია, არასერიოზულია, სააკაშვილს არაკვალიფიციური გამოსვლა ჰქონდა, ახლა მოვდივარ ანასეულში შეხვედრიდან და კარგი შეხვედრა მოგვიწყეს იქაურებმა. ყოველგვარი წინასწარი მზადების გარეშე 50 ადგილობრივი მოვიდა შეხვედრაზე. მე გურიაში ვმართავ შეხვედრებს და ეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ სოფლებში გავაცნოთ ადამიანებს „ქართული ოცნების“ ხედვა, შევაგულიანოთ, მხნეობა შევმატოთ, ვიდრე ის, როდის რას იტყვის კაცი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას, დიდი ხანია, ზურგს აქცევს“.

აქვე დავით ბერძენიშვილი მედვედევის პერსონასაც შეეხო. მისი თქმით, მედვედევმა მეტეორივით ჩაუქროლა რუსეთის ხელისუფლებას და ფსევდო პრეზიდენტად გვევლინებოდა. სააკაშვილი და მედვედევი კი ორი ხელმოცარული პრეზიდენტია პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისინი ერთმანეთს გვანან და ერთმანეთის ღირსნი არიან.