დედა არასრულწლოვან შვილებთან ერთად სახლიდან გააგდეს (video)

დედა არასრულწლოვან შვილებთან ერთად სახლიდან გააგდეს (video)

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში ირმა ელიზბარაშვილი თავის 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად, დედამთილმა და მეუღლემ, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ზვიად კომლაძის დახმარებით, საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გააგდეს.  

ირმა ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მისმა მამამთილმა ქუჩუკი ელიზბარაშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2007 წელს შეიტანა. ქუჩუკი ელიზბარაშვილი მის საკუთრებაში არსებული სახლიდან რძლის გასახლებას ითხოვდა. მოსამართლე ლია ოთარაშვილმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი დააკმაყოფილა. თბილისის სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გააუქმეს, იმ მოტივით, რომ ირმა ელიზბარაშვილის ადვოკატმა პროცესზე ექიმის მიერ წარადგინა არასწორად შევსებული სამედიცინო ცნობა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოპასუხე ავად იყო, თუმცა არ ეწერა, რომ მას სასამართლო პროცესზე გამოცხადება არ შეეძლო.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირმა ელიზბარაშვილმა განუცხადა, სახლიდან მისი გასახლება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მან ოჯახური ძალადობის ფაქტებზე პოლიციაში განაცხადა. „წლების განმავლობაში მცემდნენ, რაც მოხვდებოდათ ხელში, მირტყამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევის დროს გონება დავკარგე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადამიყვანა, სადაც ტვინის შერყევა დამიდგინეს. ამის შემდეგ პოლიციას მივმართე. მეტის ატანა აღარ შემეძლო. ბავშვებიც მუდმივად სტრესში იყვნენ. რადგან ხმა ამოვიღე, სახლიდან გაგდება გადაწყვიტეს და გამაგდეს კიდეც. მე სხვა თავშესაფარი არ მაქვს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ ჩემს გასახლებაზე იყო საუბარი, ჩემთან ერთად აღმასრულებელმა სახლიდან ბავშვებიც გამოყარა და ისინიც ქუჩაში დარჩნენ“, - აღნიშნა ირმა ელიზბარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე აღმასრულებელი ირმა ელიზბარაშვილს და მის შვილებს სახლიდან გააგდებდა, გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დააკმაყოფილა ირმა ელიზბარაშვილის სარჩელი, აღსრულების ღონისძიების შეჩერების შესახებ. „აღმასრულებელს ვუთხარი, რომ განჩინებას 10 წუთში წარვუდგენდი, მაგრამ ქუჩაში გაგვყარა, მე საქმე უნდა დავამთავროო“, - ამბობს ირმა ელიზბარაშვილი.

მომხდარის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია მიაწოდა საპატრულო პოლიციას, შს გურჯაანის სამმართველოს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას, სააღსრულებო ბიუროს. პოლიციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ირმა ელიზბარაშვილის მეუღლეს და დედამთილს სახლში ირმას და მისი ბავშვების დაბრუნება მოსთხოვეს, რაზედაც მათ უარი თქვეს და კარი არ გახსნეს.

ჯერ-ჯერობით დედა თავის შვილებთან ერთად ქუჩაშია დარჩენილი. ირმა ელიზბარაშვილის დედამთილი ცისანა ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ რძალს და შვილიშვილებს სახლში არ შეუშვებს. „თუ ძალიან გული გეწვებათ, წაიყვანეთ და თქვენთან აცხოვრეთ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ცისანა ელიზბარაშვილმა.