რუსეთი და თეიმურაზ I - ახალი კავშირების ძველი დასასრული

რუსეთი და თეიმურაზ I - ახალი კავშირების ძველი დასასრული

კახეთის აჯანყებისა და კონსტანტინე მირზას დაღუპვის შემდეგ (1605 წლის შემოდგომა) აბას I იძულებული გახდა, მეფედ ყმაწვილი თეიმურაზი დაემტკიცებინა. ამ დროს ირანს ომი ჰქონდა ოსმალეთთან და კახელთა განაწყენება არ სურდა, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ (1612 წელი) მან ისევ მოიცალა ”ურჩი გურჯისტანისთვის”. თეიმურაზ I დროულად ვერ მიუხვდა შაჰს განზრახვას და მოუმზადებელი შეხვდა მტრის შემოსევას. 1614 წელს ახალგაზრდა მეფე იძულებული გახდა, ლიხთიმერეთში გადახვეწილიყო, მაგრამ მომდევნო წლის შემოდგომაზე მოულოდნელად დაბრუნდა კახეთში და მუსრი გაავლო იქ დარჩენილ ყიზილბაშთა გარნიზონს.

 

თეიმურაზ I კარგად ესმოდა, რომ განრისხებული შაჰი მას დაუსჯელს არ დატოვებდა, ამიტომ გადაწყვიტა, მამა-პაპის ნაცადი ხერხისთვის მიემართა და რუსეთს დაუკავშირდა. ასე აღდგა ათი წლის წინ ძეგამის ტრაგიკული მოვლენების გამო შეწყვეტილი ურთიერთობანი კახეთსა და რუსეთს შორის.

 

რა მდგომარეობა იყო ამ დროს რუსეთში?

 

ქვეყანას ჯერ კიდევ ვერ მოეშუშებინა ის ჭრილობები, რაც ჯერ გლეხთა ომმა, შემდეგ ცრუ დიმიტრის მართველობამ და ბოლოს პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციამ მიაყენა. 1613 წელს რუსეთში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - შეიცვალა სამეფო დინასტია და ტახტს დაეუფლა რომანოვთა საგვარეულო. ახალმა მეფემ მაშინვე გაგზავნა დესპანები დიდ სახელმწიფოთა სატახტო ქალაქებში და ტახტზე ასვლა ამცნო იქაურ ხელისუფალთ. ცხადია, ელჩობა ისფაჰანშიც მიავლინეს ტიხანოვისა და ბუხაროვის შემადგენლობით. მიხეილ რომანოვს სურდა, დაერწმუნებინა შაჰი, კავშირი არ დაემყარებინა თვითმარქვია იური ზარუცკისა და მარინა მნიშეკთან. მალე რუსთა ჯარებმა ასტრახანში გამაგრებული თვითმარქვიები შეიპყრეს. აბას I ცნო მოსკოვის ახალი ხელისუფლება და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მასთან.

გარეგნულად, არამყარი მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებდა, ხელი აეღო თავის გეგმებზე ამიერკავკასიაში. ჯერ კიდევ 1614 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა საგანგიოს დიაკმა ტრეტიაკოვმა შაჰის ელჩთან ხოჯა მურთაზთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა- ჩვენი ყმის (კახეთის) მიწები რატომ დაარბიეთო. ირანელმა დესპანმა ყოველივე ეს თეიმურაზ I ოსმალეთთან კავშირით ახსნა.

 

თავის მხრივ, აბას I ენერგიულად იცავდა საკუთარ უფლებებს კახეთზე. 1616 წლის ზაფხულში ირანიდან დაბრუნებულმა ელჩმა შახმატოვმა მეფე მიხეილს ჩაუტანა შაჰის პასუხი - კახეთის მეფე ჩემი ყმაა და თუ შენ მოგემხრო, ვალდებული ხარ, უკანვე დამიბრუნოო. როგორც ვხედავთ, ორივე მხარეს მიაჩნდა, რომ მისი პრეტენზიები კახეთზე სამართლიანი იყო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ირანის შანსები გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

 

1616 წლის თებერვალში კახეთში ხელახლა გამეფებულმა თეიმურაზმა წერილი გაუგზავნა თერგის ვოევოდა პრიკლონსკის, რომელიც მოსკოვში გაზაფხულზე მიიღეს. კახეთის მეფემ რუსეთის ხელისუფლებას შეახსენა წინაპრების დროინდელი ურთიერთობანი და სურვილი გამოთქვა, განეახლებინათ დიპლომატიური კავშირი. პასუხად, მეფე მიხეილის ბრძანებით, იმავე წლის ივლისში კახეთში გამოგზავნეს ელჩობა გრიგორი ვერიოვკინის მეთაურობით. რუს დესპანს თეიმურაზისთვის უნდა შეეთავაზებინა ელჩის გაგზავნა მოსკოვში, რასაც საპასუხო ვიზიტი მოჰყვებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ოფიციალურად საუბარი ძველი ურთიერთობების აღდგენაზე.

ინსტრუქციის თანახმად, თეიმურაზის სიკვდილის, ან განდევნის შემთხვევაში ვერიოვკინს შეეძლო მოლაპარაკება გაემართა სხვა მეფესთან, თუ იგი ქრისტიანი იქნებოდა. საწინააღმდეგო შემთხვევაში ელჩი უკან უნდა დაბრუნებულიყო.

 

ასეც მოხდა. ირანელთა ახალი, 1616 წლის გაზაფხულზე მომხდარი შემოსევის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მოსკოვის ხელისუფლებამ ვერიოვკინი უკან გაიწვია.

 

როგორც ვხედავთ, აბას I მიერ განხორციელებული ამაოხრებელი შემოსევების გამო რუსეთტან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მცდელობა ჩაიშალა. უფრო ზუსტად, იგი უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ, განდევნილი თეიმურაზ I გონიოში ცხოვრობდა და ირანთან ომში ოსმალთა გამარჯვებაზე ამყარებდა ტახტის დაბრუნების იმედს, თუმცა ამაოდ. 1618 წლის საომარმა კამპანიამ ხონთქარს წარმატება ვერ მოუტანა. გულგატეხილმა თეიმურაზმა სცადა, ისევ რუსეთთან ეცადა ბედი და ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებამდე, აპრილში გაგზავნა მოსკოვში ელჩი- კუმურდოელი იღუმენი ხარიტონი. ეს უკანასკნელი მრავლის მნახველი და გამოცდილი ადამიანი იყო. რუსეთში წასვლამდე მოვლილი ჰქონდა ოსმალეთი და ყირიმი, ორჯერ - იერუსალიმი. პირადად იცნობდა არაერთ მაღალი თანამდებობის ბერძენ სასულიერო პირს (ცნობილია, რომ მოსკოვში ყოფნისას იღუმენმა ხარიტონმა მასპინძლებს სთხოვა, შეეხვედრებინათ იმ დროისათვის რუსეთის სატახტოში სტუმრად მყოფ იერუსალიმის პატრიარქ თეოფანესთვის, რომელთანაც მას პირადი ურთიერთობა აკავსირებდა).

ჩვენს მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, ხარიტონის ელჩობა ახალ ეტაპს წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. საქმე ისაა, რომ პირველად ორი ქვეყნის ისტორიაში ურთიერთობათა გეოგრაფიული არეალი გადასცდა ლიხის ქედს და დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო ლიხთიმერეთის მეფე-მთავართა კონტაქტები ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც ისეთი ინტენსივობით არ ხასიათდებოდა, როგორც კახეთ-რუსეთის დიპლომატიური კავშირი, თუმცა საკმაოდ საინტერესო ფურცლები ჩაწერა ორი ქვეყნის ურთიერთობათა ისტორიაში.

 

რა ვითარებაში მოხდა დასავლეთ საქართველოს ჩართვა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობათა ორბიტაში?

ნობილია, რომ შაჰის მიერ კახეთიდან განდევნილი თეიმურაზ I ერთხანს იმერეთის მეფე გიორგი III-თან აფარებდა თავს. ლიხთიმერეთში ყოფნის დროს იგი დაუკავშირდა გურიისა და ოდიშის მთავრებს და ცდილობდა მათ გაერთიანებას ირანის წინააღმდეგ. სწორედ თეიმურაზის აგიტაციის შედეგი გახლდათ ის, რომ იმერეთისა და გურიის მმართველებმა ცალ-ცალკე გაატანეს თავიანთი წერილები იღუმენ ხარიტონს და ამით ჩაუყარეს საფუძველი თავიანთი ქვეყნების ურთიერთობას რუსეთთან.

 

თეიმურაზ I თავის წერილში რუსეთის ხელისუფლებას მოაგონებდა ალექსანდრე II დიდ დამსახურებას რუსეთის მფარველობის ძიებაში და ითხოვდა შაჰის წინაშე შუამდგომლობას- დედა და შვილები დამიბრუნოს და ჩემი სამფლობელო აღარ ააოხროსო. ამასთან, იგი რეკომენდაციას უწევდა იმერეთის მეფესა და გურიის მთავარს, როგორც ერთგულ და საიმედო პარტნიორებს რუსეთისთვის.

 

საინტერესოა თეიმურაზის წერილის ის მონაკვეთი, სადაც იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსეთისგან არ ითხოვდა ჯარით დახმარებას და მხოლოდ შაჰის წინაშე დიპლომატიური გამოქომაგებით კმაყოფილდებოდა. აქედან ჩანს, რომ იგი კარგად ერკვეოდა რუსეთ-ირანის ურთიერთობათა ნიუანსებში და ესმოდა, რომ შაჰის წინააღმდეგ რუსულ ჯარს ის ვერ მიიღებდა. რაც შეეხება სამხედრო შემწეობას, ამ მხრივ თეიმურაზს ყირიმ-ოსმალეთის იმედი უფრო ჰქონდა.

 

იმერეთის მეფე წერილში რუსეთის ხელისუფლებას ამცნობდა, თუ რა დახმარება აღმოუჩინა თეიმურაზს, ითხოვდა ელჩებისა და ჯარის გამოგზავნას მოსკოვიდან. ასევე, ჯარით დახმარებასა და სიასამურის ქურქის გაგზავნას ითხოვდა მამია გურიელიც. რაც შეეხება ლევან II დადიანს, მოცემულ ეტაპზე მან თავი შეიკავა რუსეთთან რაიმე ფორმით კავშირის გაბმისგან.ხარიტონი ზუსტად ერთი წლის სემდეგ, 1619 წლის გაზაფხულზე ჩავიდა მოსკოვში. ასეთი დაგვიანება იმან განაპირობა, რომ პოლონელი უფლისწული ვლადისლავი სატახტო ქალაქს უტევდა გზებზე გადაადგილება შეფერხებული იყო.

 

ქართველ მეფე-მთავართა ელჩობა არახელსაყრელ სიტუაციაში განხორციელდა. რუსეთს იმ მომენტში არც სურვილი ჰქონდა და არც შესაძლებლობა, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად დაეყენებინა. იგი მწვავე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და დასახმარებლად რამდენჯერმე მიმართა სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის- ირანსაც. 1617 წელს შაჰის ხაზინიდან მან სესხად მიიღო 7000 მანეთის ექვივალენტი ვერცხლით, თუმცა ეს უმნიშვნელო თანხა იყო და მეფე მიხეილმა ისფაჰანში ელჩი ბარიატინსკი გაგზავნა ახალი სესხის მისაღებად. ცხადია, ასეთ ვითარებაში რუსეთი მწვავედ ვერ დასვამდა კახეთის საკითხს, მით უმეტეს, მას არავითარი არგუმენტი არ მოეპოვებოდა შაჰის ბრალდებაზე- თეიმურაზი ჩვენს საერთო მტერს, ოსმალებს მიემხროო.

 

მოგვიანებით, 1621 წელს აბას I ელჩს ბულატ ბეგს მოსკოვში უფრო პრინციპულად დაუსვეს კახეთის საკითხი- თუ თეიმურაზი ხონთქარს მიემხრო, ქვეყნის აოხრება რა საჭირო იყო, ჩვენი მეფისთვის შემოგეთვალათ და ის ყველაფერს მოაგვარებდაო. ბულატ ბეგმა იოლად დაიძვრინა თავი- კახეთი თუ რუსეთის მფარველობაში იყო, არ ვიცოდიო და საგარეო საქმეთა საგანგიოს მოხელეებს დაჰპირდა, რომ ყველაფერს შაჰს შეატყობინებდა.

 

1621 წელს ხარიტონი საქართველოში დაბრუნდა. მას თან მოჰქონდა მიხეილ თევდორეს ძის წერილი თეიმურაზისადმი, რომელშიც იგი კმაყოფილებას გამოხატავდა რუსეთ-კახეთის ურთიერთობათა აღდგენის გამო და შაჰის წინაშე შემწეობას ჰპირდებოდა კახთა მეფეს. ასევე, საპასუხო წერილები გამოუგზავნეს იმერეთის მეფესა და გურიის მთავარს.

 

ხარიტონის მისიამ ცხადად აჩვენა რუსეთის რეალური შესაძლებლობანი ამიერკავკასიაში, კერძოდ, ის, რომ მოცემულ ეტაპზე მოსკოვის ელისუფლებას ცარიელა დიპლომატიური გამოსარჩლების გარდა არაფერი შეეძლო დაეპირისპირებინა ირანის მზარდი ექსპანსიონისტური პოლიტიკისათვის. რაც შეეხება სიტყვიერ ქომაგობას, ამ მხრივ რუსეთის ხელისუფლება ყველა შესაძლო შემთხვევაში ახდენდა კახეთთან თავისი დამოკიდებულების დემონსტრირებას. სწორედ ამგვარი ინსტრუქციით იყო აღჭურვილი ხარიტონის ელჩობის დასრულებისთანავე მოსკოვიდან ირანში გაგზავნილი დიპლომატიური მისია კორობეინოვისა და კუვშინოვის ხელმძღვანელობით.

აინტერესოა, რომ XVII საუკუნის 20-იან წლებში ირანის ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებაში მოხერხებულად გამოიყენა ახალი კოზირი. აბას I-მა მოსკოვში გაგზავნა, თითქოსდა, 1616 წელს საქართველოდან წაღებული მაცხოვრის კვართი. ამ უდიდესი ქრისტიანული რელიქვიის მიღებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა რუსეთში. პატრიარქ ფილარეტის განკარგულებით საგანგებოდ მოიძიეს ინფორმაცია იმ დროს მოსკოვში მყოფი ცნობილი საეკლესიო მოღვაწეებისგან, რომლებმაც დაადასტურეს- გადმოცემის თანახმად კვართი საქართველოში იყოო. ბოლოს სამღვდელოებამ სიწმინდის გამოცდა განიზრახა. კვართი საზეიმოდ გამოფინეს მიძინების ტაძარში, რომელსაც ზღვა ხალხი მიაწყდა. რუსულ წყაროებში დაცული ინფორმაციით, მისმა შეხებამ უამრავი საპყარი და უიმედოდ დაავადებული ადამიანი განკურნა.

კვართის მიღების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების ტონი კახეთთან ურთიერთობაში მკვეთრად შეიცვალა.

 

1623 წლის დეკემბერში მოსკოვს ეწვია თეიმურაზ I წარმომადგენელი თეოდოსი, რომელიც ჩილდირიდან წაჰყვა რუს ელჩებს- კონდირევსა და ბორმოტოვს. ქართველი დიპლომატი ტრაპიზონი-კონსტანტინეპოლი- კაფა-აზოვის გზით ჩავიდა მოსკოვში და ჩაიტანა კახთა მეფის წერილი მიხეილ თევდორეს ძის სახელზე. თეიმურაზი, ამჯერად, ჯარითა და ფინანსებით დახმარებას ითხოვდა რუსეთის ხელისუფლებისგან.

 

მოსკოვში, თავდაპირველად, დიდი ინტერესით მოეკიდნენ თეოდოსის მისიას და დაიწყეს კიდეც მისი წინადადებების განხილვა, მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვალა. კვართის მიღებით ხელფეხშეკრული რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, მიკიბულ-მოკიბული პასუხებით შეეყოლიებინა თეიმურაზის ელჩი და, ფაქტობრივად, ყოველგვარ დახმარებაზე უარი განუცხადა მას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საგარეო საქმეთა საგანგიოს მოხელე დიაკი გრამოტინი გულუბრყვილოდ უცხადებდა კახელ ელჩს - რაც მეფე თეიმურაზს შაჰისგან გადახდენია, ამის შესახებ არაფერი ვიცოდითო (ყოველივე ეს ხდებოდა კახეთის აოხრებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ). რუსეთის ხელისუფლებამ მოიმიზეზა, მთელი ხაზინა პოლონეთ-ლიტვასთან ომმა შეიწირაო და ხელები დაიბანა. ეს უკვე აბას I დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო.

თეოდოსი, ფაქტობრივად, ხელცარიელი დაბრუნდა საქართველოში.

 

რუსეთის პასიურობამ ირანს ხელ-ფეხი გაუხსნა ”გურჯისტანის საკითხის” გადასაჭრელად. ამას შედეგად მოჰყვა 1625 წლის მარტყოფი-მარაბდის ცნობილი ეპოპეა, რომელშიც საკუთარი თავის ამარა დარჩენილმა ქართველმა ხალხმა უმაგალითო თავგანწირვით შეძლო პოლიტიკური, ეთნიკური და სარწმუნოებრივი თვითმყოფადობის შენარჩუნება…