მტკვარი მღვრიე და... მტკვარი ჩამკვდარა…

მტკვარი მღვრიე და... მტკვარი ჩამკვდარა…

მტკვარი კვლავ დაბინძურებულია. თბილისში მდინარეს ნაგავი, ფესვებიანად მოთხრილი ხეები, ლუდის, მინერალური წყლის და ლიმონათის ბოთლები მოაქვს.

მსგავსი სიტუაცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. ქალაქის ხელისუფალნი არსებულ მდგომარეობაზე კომენტარის კეთებას არ ჩქარობენ.

მტკვარი სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე, გაივლის საქართველოს და ჩაედინება აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავში. მდინარე ჩვენი ქვეყნის მთავარ არტერიას წარმოადგენს. ის სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად ბინძურდება. უარყოფითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, განსაკუთრებით ჩვენს დედაქალაქში. ამიტომ მისი დადგენა ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდეს.

ცნობილია, რომ მტკვარში ჩაედინება საკანალიზაციო სისტემა, რაც ხელს უწყობს წყლის დაბინძურებას და იქ არსებული ცოცხალი ორგანიზმების განადგურებას. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში წყლის ბინადრები ვეღარ მოიპოვებენ ჟანგბადს–საკვებს და ამოწყდებიან. პატარ-პატარა საწარმოებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ დაბინძურებაში.

მტკვრის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებით, პოტენციური საფრთხე ექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მტკვრის წყალს (სასმელად, თევზჭერისთვის, ირიგაციული საჭიროებისთვის) იყენებენ.

მდინარის სისუფთავე, თავისთავად, დედაქალაქის პრესტიჟსაც უკავშირდება, რადგან თბილისში ასეთი დაბინძურებული და შეფერილობის წყალი არ უნდა მოედინებოდეს.

კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მტკვარში თევზის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, რაც წყალში დასაშვებზე სამჯერ ნაკლები ჟანგბადითა და ნორმალურ ზღვარზე სამჯერ მეტი მარილის რაოდენობით არის გამოწვეული. აღნიშნულის მიზეზი კი, როგორც აღვნიშნეთ, მდინარის საქალაქო კანალიზაციებითა და სამრეწველო საწარმოების ნარჩენებით დაბინძურებაა, რისგანაც მტკვარს მდინარეში დამონტაჟებული ფილტრები ვერ იცავენ; მით უმეტეს, რომ ამათგან გამართულად მხოლოდ ერთი - თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე არსებული ფილტრი მუშაობს.

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის წყლის მთავარი არტერია ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საერთო პრობლემატიკის წინაშე დგანან. მტკვრის დაბინძურებაში წვლილი სამივე ქვეყანას შეაქვს, პრობლემის გადასაჭრელად კი ერთიანი გეგმის შემუშავება ვერ მოხერხდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ინდუსტრიული წარმოების შემცირების შემდეგ მტკვარი ძირითადად ჩამდინარე წყლებით ბინძურდება. გამწმენდი ნაგებობები კი ამ ქვეყნებში, თითქმის ოცი წელია, არ განახლებულა.

მდინარის დაბინძურებაზე მონიტორინგს სამივე ქვეყნის სპეციალისტები ატარებენ. მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ზღვარდასაშვებ ნორმას დაახლოებით ორჯერ აღემატება. მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება. მას შესართავები აქვს სომხეთში, ირანსა და საქართველოში.

საქართველოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მტკვრის დაბინძურების ხარისხი ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის. ბევრად უფრო მწვავედ დგას ეს პრობლემა აზერბაიჯანში, სადაც ამ მდინარის წყალს სასმელად იყენებენ. ბაქოს დასახლება სულუტეპეში მცხოვრები საიდ აბასოვი ახალი მილსადენის გაყვანას მოუთმენლად ელოდება იმ იმედით, რომ ამ მილსადენში გაფილტრული წყალი გაივლის.

„ონკანის წყლის აუდუღებლად დალევა შეუძლებელია. ჭიქაში რომ ვასხამთ, ხან მიწისფერია, ხანაც ქლორის სუნი აქვს“, - ამბობს ის. საიდი ამ წყალს ბაღის მოსარწყავადაც კი არ იყენებს.

მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობით უკმაყოფილებას აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროშიც იზიარებენ. ამ უწყების წარმომადგენელი მამედჰუსეინ მუსლიმოვი ამბობს, რომ მტკვარი ქალაქების ჩამდინარე წყლებით ბინძურდება. მისი თქმით, მდინარეს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ის ქიმიური ნარჩენები, რომლებიც სომხეთში, ალავერდში მოქმედი სპილენძის კომბინატიდან ჩაედინება.

ბაქოში 122 გამწმენდი მოდული მუშაობს და წყალი მექანიკურადაც და ბიოლოგიურადაც იწმინდება. თუმცა, სამმილიონიანი ქალაქისთვის ეს საკმარისი არ არის. საქართველოში ასეთი გამწმენდი ნაგებობა მხოლოდ ერთია - თბილისი-რუსთავის და ისიც მტკვარს მხოლოდ მექანიკურად, ბიოლოგიური გაწმენდის გარეშე ასუფთავებს.

კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, საშუალოდ, ერთ სული მოსახლისთვის სამყოფი წყლის გამწმენდი ნაგებობის დაყენებას 450 ევრო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის 1,5 მილიონიანი მოსახლეობის ახალი დანადგარებით უზრუნველყოფა დახლოებით 675 მილიონი ევრო დაჯდება. ასეთი ხარჯების გასაწევად კი საქართველოს მთავრობა მზად არ არის. გარემოს დაცვის სამინისტრომ 2007 წელს წყალაღება-წყალჩაშვებაზე ნებართვები გააუქმა. სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე კომპანია წყლის გარკვეული რაოდენობის გამოყენებაზე იღებდა ნებართვას, ფასდებოდა იმ მავნე ნივთიერებების რაოდენობა, რასაც იგი წყალში ჩაუშვებდა.

2008 წლიდან ამოქმედდა „გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონი“, რომელიც მეწარმეს ასეთი ნებართვების აღებისაგან ათავისუფლებს. შესაბამისად, შესუსტდა კონტროლი კონკრეტულ საწარმოებზე, რომლებიც წყლის პოტენციური დამაბინძურებლები არიან. გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წყლის დაბინძურებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.

ევროკავშირის ქვეყნებში მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების რამდენიმე წარმატებული მაგალითი არსებობს. ერთ-ერთია მდინარე რაინი, რომელზეც 1986 წელს ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა. შვეიცარიის ქალაქ ბაზელის ქიმიურ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მდინარეში 30 ტონა სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატი ჩაიღვარა. ნახევარი მილიონი თევზი დაიღუპა, ზოგიერთი სახეობა კი საერთოდ გაქრა.

საზოგადოების მწვავე რეაქციას 1987 წელს „სამოქმედო პროგრამა — რაინი“:-ს მიღება მოჰყვა, რომელსაც ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი. შეიქმნა რაინის აუზის საბჭო. საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მდინარეში ნიტრატებისა და ფოსფატის ჩადინება ძალიან მალე ორჯერ შემცირდა.

სამხრეთ კავკასიაში ეკოლოგიური პრობლემების ერთობლივად მოგვარებას ხელს ისიც შეუშლის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.

ცნობისთვის: მტკვარი (აზერ. Kür; თურქ. Kura), ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ, აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.

მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.

მტკვარი სათავეში ჯერ ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში მიედინება, შემდეგ განიერ ხეობაში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის, ქვაბულის განაპირას ისევ ვიწრო ხეობაში მიედინება, ფართო ხეობას ივითარებს დაჭაობებულ არტაანის ველზე. საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის ღრმა კანიონში მიედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 მ სიღრმისაა).

სოფელ ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება, მდინარის ორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შემდეგ ისევ ვიწროვდება, მტკვარი სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის მიედინება და ბორჯომის ხეობას აჩენს. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი, ჭალიანია, მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, ჩქერსა და ლუბრმას. ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა დაფარული.

სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის, აქ ხეობა ციცაბკალთებიანი, თბილისის ქვაბულში კი - განიერი და ტერასებიანი. მტკვარი აქ ზომიერად დაკლაკნილი და ალაგ-ალაგ დატოტვილია, წარმოქმნის პატარა კუნძულებს. თბილისში, მეტეხის ციხესთან, მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე).

თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი ტყითაა შემოსილი. ჭალაში მრავალი ნარიონალია.

მტკვარი ვაკის ტიპის მდინარეა საქართველოს ფარგლებს გარეთ – განჯის (კიროვაბადის) ვაკეზეც. ქალაქ მინგეჩაურთან კლდოვან სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას აჩენს. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. ქ. მინგეჩაურის ქვემოთ მტკვარი მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია, მდინარის გასწვრის მრავალი ნარიონალია. კალაპოტი ზედაპირში სუსტადაა ჩაჭრილი, რის გამოც წყალდიდობის დროს სანაპიროები წყლით იფარება.

წყალდიდობისაგან დასაცავად მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინურებს შორის, რომლის სიგრძე 560 კმ-ია. ქ. სალიანთან მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას კიროვის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ2.

მტკვრის მარჯვენა შენაკადებია: ფარავანი (სიგრძე 74 კმ), ბორჯომულა (სიგრძე 29 კმ), გუჯარეთისწყალი (სიგრძე 43 კმ), ძამა (სიგრძე 42 კმ), ტანა (სიგრძე 39 კმ), თეძამი (სიგრძე 51 კმ), ალგეთი (სიგრძე 108 კმ), ქცია-ხრამი (სიგრძე 201 კმ), აღსთაფა (სიგრძე 121 კმ), თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯაჩაი (სიგრძე 99 კმ), ტერტერი (სიგრძე 184 კმ), ხაჩინჩაი, არაქსი (სიგრძე 1072 კმ); მარცხენა : ფოცხოვისწყალი შენაკად ქვაბლიანით (სიგრძე 64 კმ), ლიახვი (სიგრძე 115 კმ), ქსანი (სიგრძე 84 კმ), არაგვი (სიგრძე 112 კმ), იორი (სიგრძე 320 კმ) და ალაზანი (სიგრძე 390 კმ);

მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით მტკვარს შერთვის ასევე თურიანჩაი და გოქჩაი.

მტკვრის აუზი მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტებით ხასიათდება, რაც არსებით გავლენას ახდენს მდინარის რეჟიმზე. მტკვარი შერეული საზრდოობის მდინარეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა.

გაზაფხულის წყალდიდობა მარტის პირველ ნახევარში იწყება, მაისის დასაწყისში მაქსიმუმს აღწევს, ივნისის ბოლოს კი თავდება. ივლისს-აგვისტოში მტკვარზე წყალმცირობაა. შემოდგომაზე წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის. ხოლო ზამთრობით მდგრადი წყალმცირობა.

მტკვრის საშუალო წლიური ხარჯი ხერთვისთან 32,6 მ3/წმ, ლიკანთან 84,1 მ3/წმ, ძეგვთან 143 მ3/წმ, თბილისთან 205 მ3/წმ, მინგეჩაურთან 402 მ3/წმ, შესართავთან 580 მ3/წმ. მტკვარს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ3 წყალი შეაქვს.

მტკვრის ჩამონადენი წლის სეზონების მიხედვით ასეთია:გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 48,5%, ზაფხულში – 26,9%, შემოდგომაზე –13,7%, ზამთარში – 10,9%. ჩამონადენის განაწილება საზრდოობს კომპონენტების მიხედვით: მიწისქვეშა წყლები – 38,6%, თოვლის წყლები – 36,6%, წვიმის წყლები – 24,8%.

წყალდიდობის დროს მტკვარი დიდი რაოდენობის წყალს ატარებს, ცალკეულ წლებში კი კატასტროფული წყალდიდობა იცის: 1968 მტკვრის ხარჯი ხერვისთან 742 მ3/წმ იყო, ლიკანთან – 1520 მ3/წმ, ძეგვთან – 2170 მ3/წმ, თბილისთან – 2450 მ3/წმ, შესართავთან 2240 მ3/წმ, წყალდიდობა გამოიწვია უჩვეულო დათბობამ აპრილის შუა რიცხვებში, რასაც თოვლის ინტენსიური დნობა მოყვა. მას დაემატა ინტენსიური წვიმები. მინიმალური ხარჯი ზამთარში იცის, იშვიათად კი ზაფხულში.

მინიმალური ხარჯი ხერთვისთან 5,5 მ3/წმ (1941), თბილისთან 27,2 მ3/წმ (1954), შესართავთან – 60 მ3/წმ (1962). წყალდიდობის დროს მტკვარს დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა მოაქვს. მყარი ჩამონადენი შეადგენს თბილისთან 10 მლნ. ტ, შესართავთან 36 მლნ. ტ, რის გამოც მტკვრის დელტა ყოველწლიურად 100 მ-ით იზრდება.

მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის მრავალ შენაკადზეც. მტკვრის წყალს ფართოდ იყენებენ ფაბრიკებსა და ქარხნების ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.

მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე. მტკვარი მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას, სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს. მტკვრის ნაპირებზეა ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა.