პრესაგე.ტვ-ს ამის შესაძლობლობა 26 აპრილს რუსთავის თეატრის შენობაში მიეცა. ადგილზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. თეატრის შენობაში შესვლა სიებით ხდებოდა. ჩვენ ცხადია, არც ერთ სიაში არ ვიყავით, ამიტომ თეატრში შესვლა სცენის უკან ერთ-ერთი გაუქმებული შესასვლელიდან შევძელით. შეხვედრა დაწყებული იყო. სცენაზე მდგარ მონიტორთან ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე საუბრობდა.
„წელს გვაქვს საშუალებ,ა შევიდეთ საცხოვრებელი სახლების კორპუსებში და დავაგოთ შიდა გზები. ეს არის ჩამონათვალი ქუჩებისა, რომლებიც 2008-2011 წლამდე შეკეთდა, წელს კი სამუშაოები თითქმის დამთავრდა რუსთავის ასლანიკაშვილის, ფიროსმანის, წმ.ნინოს ქუჩა, მე-17 მ/რ შიდა გზები და მესხიშვილის ქუჩა. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე, იქ იცვლება წყლის ინფარსტრუქტურა.
საერთო ჯამში რუსთავის 85 მაღალსართულიანი კორპუსის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება. 45 კორპუსში გამოიცვლება საყოფაცხოვრებო დაძველებული გაყვანილობები“ბ- საუბრობდა კირკიტაძე. ამ დროს დარბაზში ჩვენი ყოფნა ადგილობრივმა ნაც-აქტივმა შენიშნა და ჩვენსკენ თვითმმართველობის პრესსამსახური გამოუშვეს. მათთვის თავი არიდება ვცადე.
„დაჯექი, მანონი, არ არის პრობლემა, თუ გინდა სცენაზე ამოდი და აქ დაჯექი. საზოგადოებას გაგაცნობთ - მანონი არის ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან უნდოდა დახურულ შეხვედრაზე შემოსვლა. აგერ შემოსულა კიდეც და მოგვისმინოს. ნუ დასდევთ, არ არის პრობლემა“ - დამსწრე საზოგადოებას სცენიდან განუცხადა დავით კირკიტაძემ.
შესაბამისად, წინა რიგში მოვკალათდი, მაგრამ მალევე თვითმმართველობის პრესსამსახურის "ალყაში“ აღვმოვჩნდი. ისინი ჩემს გვერდით ორივე მხარეს დასხდნენ. პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორძაია მთხოვდა, შეხვედრა დამეტოვინა და მპირდებოდა, რომ ჩემს უსაფრთხოებას არანაირი არაფერი დაემუქრებოდა, თუნდაც ხალხის ნაკადთან ერთად არ გავსულიყავი შენობიდან, ხოლო თვითმმართველობის პრესსამსახურის მეორე წარმომადგენელი, ნინო ჩლაჩიძე, რომელსაც ნერვული სისტემა (და ალბათ - ინტელექტიც) კორექტულად მოქცევის საშუალებას აშკარად არ აძლევდა, პირადი ხასიათის შეურაცხყოფებს მაყენებდა.
მიუხედავად ამისა, ყველა გამომსვლელის ჩაწერა მოხერხდა, მათ შორის - ვანო მერაბიშვილის. მობილურით მცირე ვიდეობი გადავუღეთ სცენაზე მოხსენებით ასულ განათლების მინისტრის მოადგილეს, აკაკი სეფერთელაძეს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი ნადარეიშვილის.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ძირითადი აქცენტი სამედიცინო სფეროზე გააკეთა. „დღეს ჯანდაცვის სისიტემის გარდაქმნა ძალიან აქტიურად დავიწყეთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ახლოს ყოფნა და მუდმივად იმის გაგება, რა ცვლილებაზე რა აზრის არიან. ჩემს პრეზენტაციაში იმის ილუსტრირებას მოვახდინეთ, თუ როგორი იყო ჯანდაცვა აქამდე და ახლა, როგორი გახდა. თუ თქვენ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით რაიმე შენიშნვა გექნებათ, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი აზრი და გავითვალისწინოთ ის.
ჩვენი აზრით ჯანდაცვა, ძირითადად, ორ საკითხს ეფუძნება. პირველი - ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მეორე - ამ მოსახურების მისაწვდომობა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ფოტოები, რომელიც არის ძველი საავადმყოფოების და ახლა, წარმოგიდგენთ იმ ახალი საავადმყოფოების ფოტომასალს, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემაში გაჩნდა. თითოეულ ჩვენგანს ახსოვს წარსულში, როგორ საავდმყოფოებში უწევდა სამედიცინო დახმარების მიღება. მთელ ქვეყანში ძველი, დანგრეული და გაუმართავი სამედიცინო დაწესებულებები გვქონდა. პროცესი ამ საავადმყოფოების ჩანაცვლებისა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, ჩვენ უკვე გვაქვს ახალი ევროპული სტანდარტით აღჭურვილი დაწესებულებები“ - პარტიულ-სამეურნეო აქტივის წინაშე თავს იწონებდა ირაკლი ნადარეიშვილი.
ნადარეიშვილის მსგავსად, საკუთარი უწყების მიღწევებზე ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილემ, აკაკი სეფერთელაძემ: „ორი წლის წინ სახელმძღვანელოების ყიდვას თუ სჭირდებოდა 300 ლარი, დღეს 1-6 კლასების ჩათვლით სახელმძღვანელოს იყიდით 50-60 ლარად. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა იყო, სკოლაში არ შესულიყო სახელმძღვანელო, რომლის ფასიც 10 ლარზე მეტია.. შესაბამისად, მივიღეთ ისეთი სიტუაცია, როდესაც დღეს -6 კლასის ჩათვლით არც ერთი სახელმძღვანელო არ ღირს 10 ლარზე მეტი. მომავალში ასეთივე მიდგომა გვექნება მე-7-12 კლასების სახელმძღვანელობის მიმართაც“.
სცენაზე მერაბიშვილის ასვლას ჩვენს გვერდით მისი დაცვის წევრის გამოჩენა უძღოდა წინ. „გთხოვთ, მობილური და ყველაფერი გამორთოთ“ - მომმართა მან. შესაბამისად, სცენაზე ასულ შს მინისტრის ჩაწერა მხოლოდ ჩანთაში ჩადებული ჩართული დიქტოფონით მოვახერხეთ. მერაბიშვილმა საუბარი წინა მომხსენებლების მსუბუქი კრიტიკით დაიწყო:
„მხოლოდ ათი პროცენტი დავიმახსოვრე იმ ციფრებისა, რაც ჩემს წინ გამომსვლელებმა გამოაცხადეს. მე ციფრებით არ დაგტვირთავთ. დღეს არც პოლიციის რეფორმაზე ვისაუბრებ... ეს საკითხი ყველამ მეტ-ნაკლებად უკვე იცის.
როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა შეცვალა კანონი და მე საჯარო გამოსვლის და პოლიტიკური აქტივობის საშუალება მაქვს. დავბრუნდი ჩემს მშობლიურ პარტიაში.
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში მოქმედი ბევრი დიდი საწარმო სწორედ, გერმანიდანაა ჩამოტანილი. მათ შორისაა, რუსთავის აზოტის ქარხანა, მეტალურგიებული ქარხანა, ფეროშენადნობი და სხვები.
ჩვენ ეს ქარხნები დავშალეთ და ჯართად გავიტანეთ. როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობაში მოვედით სწორედ ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა ეკონომიკა. დაგვხვდა კორუფცია, ყაჩაღობა და სხვა სახის დაბრკოლებები. ჩვენ არ გვქონდა ნელი მოქმედების ფუფუნება. ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად მოგვიხდა მტკივნეული და ექსტრაორდინარული რეფორმების გატანა. ჩვენ გვესმის, რომ ეს რეფორმები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მტკივნეული და ცოტა რთულად გასაგები იყო, მაგრამ ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე ეს აუცილებელი გახლდათ.
ჩვენ დღესაც არ გვაქვს ნელა მოქმედების ფუფუნება. მინდა ეკონომიკის ერთ სფეროზე, მანქანების ვაჭრობის ბიზნესზე ვისაუბრო. 2002 წელს საქართველოდან უცხოეთში გაყიდული მანქანების პროცენტული მაჩვენებელი 2.06% იყო, წელს კი მაქანების ვაჭრობით მიღებული შემოსავალი ქყვეყანაში დაალოებით 700 მილიონია. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც, თუნდაც ერთ კონკრეტულ სფეროში, ასეთი დიდი ნახტომი ჰქონდეს. ორი კვირის წინ დავათვლევინეთ რუსთავის 4 ბაზრობაზე მანქანები და აღმოჩნდა, რომ 12 000 მანქანა დგას ბაზრობაზე. 5 წლის წინ მე ამას ვერ დავიჯერებდი. დღეს რეგიონში მანქანების ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან ხდება. ჩვენ ვალდებული ვართ ასევე განვავითაროთ ეკონომიკის სხვა დარგები“ - ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის შესახებ მცირე, მაგრამ შინაარსიანი მასტერ-კლასი ჩაატარა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მერაბიშვილმა 26 აპრილს, რუსთავის თეატრის გარდა, მსგავსი შეხვედრები, აზოტის ქარხანაში და რუსთავის მეტალურგიულ საწარმოში გამართა. მერაბიშვილი საწარმოოებში დასაქმებულებს შეხვდა. აზოტის ქარხნის ადმინისტრაციული შენობასთან გამოჩენილ მინისტრს ვკითხეთ, რომ თუ არაფერი უკანონო არ ხდებოდა, რატომ არ გვიშვებდნენ. კითხვაზე მერაბიშვილმა ხუმრობით გვიპასუხა, რომ მას ინტიმური ხასიათის შეხვედრა აქვს და ჩვენ ვერ დაგვასწრებს.