ხელისუფლების არგუმენტი არის ის, რომ ამ კანონმა კიბერუსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი კანონის იმ ნორმებზე საუბრობენ, რომლებითაც საჯარო ინფორმაციაზე ახალი შეზღუდვები წესდება.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დროულია, რადგან ის რისკები, რომლებიც არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი ტემპით განვითარებისა და გამოყენების კუთხით, შესაბამისად უნდა იყოს ასახული საქართველოს კანონმდებლობაშიც. მაგრამ არასამთავრობოების აზრით, საკნონმდებლო ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს შემაშფოთებელია, რადგან მისი მთელი რიგი დებულებები გავლენას ახდენენ ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ენიჭება თვითონ განსაზღვროს, თუ რა სახის ინფორმაცია დახუროს. შესაბამისად, საზოგადოებას არ ექნება ინფორმაცია, თუ რა საფუძვლით დახურა მან ინფორმაცია. თუკი აქამდე ადმინისტრაციული ორგანოები არ გასცემდნენ საჯარო ინფორმაციას და ამით კანონს არღვევდნენ, ამ საკანონმდებლო ცვლილებით ხელისუფლება ამ ქმედებას აკანონებს.
დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ერთობლივი პრეს–კონფერენცია გამართეს და აღნიშნული საკნონდებლო ცვლილებები გააპროტესტეს. ამასთანავე, მათი განცხადებით, არასამთავრობოების შენიშვნები უკვე გადაგზავნილი აქვს საქართველოს პარლამენტს და ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ამ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.
ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, კანონპროექტი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ პარლამენტში მიმდინარე წლის 7 თებერვალს შევიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროექტის მიხედვით დახურული საჯარო ინფორმაციის ახალი სახეები იქნა წარმოდგენილი.
ეკა გიგაურის განცხადებით, სწორედ ეს არის მიუღებელი, რადგან შეიძლება ერთ დღესაც აღმოჩნდეს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საჯარო გვგონია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა დახურონ. ეკა გიგაური აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არის ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის და ძალიან ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ასევე იგი განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცნობს სამი ტიპის შემთხვევას, როდესაც შეიძლება საჯარო ინფორმაცია დაიხუროს, ეს არის პერსონალური, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოება. ასეთი ტიპის ინფორმაცია შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული და ყველაფერი დანარჩენი უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ამ კანონპროექტს კი შემოაქვს ახალი კატეგორიები, როგორიც არის კონფიდენციალური, შეზღუდული, არაკლასიფიცირებული, ანუ სხვადასხვა კატეგორიები, რომელთა განსაზღვრებები არ არის მთლად გასაგებად განმარტებული.
ამდენად, გარდა იმისა, რაც კონსტიტუციით არის გაწერილი, ჩუგოშვილის თქმით, კიდევ დამატებით იხურება ინფორმაციის გარკვეული კატეგორიები, რაც ერთი მხრივ, არ შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, და მეორეს მხრივ ხელს არ უწყობს გამჭვირვალობას.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ეს კანონპროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი შენიშვნები უკვე წარუდგინეს საკანონმდებლო ორგანოს.
„რამდენადაც ვიცით, პარლამენტში ფიქრობენ, რომ ჩვენი შენიშვნები ნაწილობრივ გაითვალისწინონ, მაგრამ ჩვენ პრინციპულ ხარვეზებს ვხედავთ ამ კანონში და იმედი გვაქვს, რომ იმ სახით არ იქნება მიღებული, როგორც არის წარმოდგენილი“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორის ლევან ავალიანის განმარტებით, კანონპროექტი, რომლის ინიციატორებიც მონაცემთა გაცვლის სააგენტო და საქართველოს უშიშროების საბჭო არიან, ძალიან ბუნდოვანია.
„ჩვენ სპეციალურად წინასწარ გვქონდა შეხვედრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან. გვქონდა შეკითხვები ამ კანონპროექტთან, რადგან თავიდან მისი შექმნის არგუმენტი იყო კიბერსივრცის დაცვა, საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოება, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ იგი გავრცელდება საჯარო ინფორმაციაზე და ამ კანონის სუბიექტები თვითონ გადაწყვეტენ, რომელ ინფორმაციას მიანიჭონ სხვადასხვა ახალი გრიფები, რომლებიც აბსოლუტურად შეუთავსებელია ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთანაც და კონსტიტუციასთანაც. მიგვაჩნია, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება“, – აცხადებს ლევან ავალიანი.
აქვე იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში არის კანონი საიდუმლოების შესახებ, რომლითაც ხდება კონკრეტული ინფორმაციისთვის სხვადასხვა გრიფის მინიჭება. ამ კანონის მიხედვით, ცნობილია ვინ ანიჭებს ამ გრიფს, ასევე ცნობილია პროცედურები და ა. შ. ახალი კანონის შემთხვევაში კი მაგალითად, სამინისტრო თვითონ გადაწყვეტს, რომ საჯარო ინფორმაციას მიანიჭოს რაღაც კლასიფიკაცია და ეს შემდეგ გახდება იმის საფუძველი, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა ვეღარ მიიღონ ეს ინფორმაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ საქართველო გახდა გლობალური ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობა“-ს წევრი.
„გასულ კვირას პრემიერ–მინისტრი გილაური ამ გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა და საქართველომ წარმოადგინა თავისი სამოქმედო გეგმა, რამდენად გამჭივრვალედ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ ყველა ის კანონი, რომელიც ინიცირებული იქნება, უნდა ითვალისწინებდეს ამ სულისკვეთებას, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მაქსიმალურად ადვილი იყოს ჟურნალისტების და არასამთავრობოებისთვის ამგვარი ინფორმაციის მოპოვება. აქედან გამომდინარე, ვფიქროთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და ვაპირებთ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წინადადებებს გაითვალისწინებენ“, – აცხადებს ეკა გიგაური.