თურქული ფასები, ინდუსი პერსონალი და ოცნებები ვიზიტორებზე

თურქული ფასები, ინდუსი პერსონალი და ოცნებები ვიზიტორებზე

 

ზაფხულის ტურისტულ სეზონის დაწყებამდე ძალიან ცოტა დარჩა.  ტურისტების მისაღებად მზადება დაწყებულია. საქართველოს მთავრობას და ტურისტულ კომპანიებს საფუძვლიანი იმედი გაუჩნდათ, რომ ამ ზაფხულს ჩვენი ქვეყნის შავიზღვისპირეთში გაცილებით მეტი ადამიანი დაისვენებს, ვიდრე შარშან. ამაზე ოცნების საბაბს მათ თურქული ფასები აძლევს. შარშანდელთან შედარებით, წელს თურქეთში დასვენება 10-15%-ით გაძვირდა. 

ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თურქეთში სასტუმროების გაძვირება საქართველოს ტურისტების რაოდენობაზე დადებითად იმოქმედებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ფასის გაძვირება უშუალოდ თურქული მხარის კომპეტენციაა. მათივე თქმით, თუ მეზობელ თურქეთში დასვენება გაძვირდა, ეს მნიშვნელოვნად აისახება საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდაზე, რადგან თურქეთი დამსვენებელთათვის სწორედ დაბალი ფასების გამოა მიმზიდველი.

პირველი შეფასებები ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორი “ენ ტური” ადასტურებს, რომ თურქეთში დასვენება 10-15%-ით არის გაძვირებული. გიორგი შენგელია ვარაუდობს, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს დამსვენებელთა რაოდენობას, თუმცა ეს ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება.

“ინტერკონტინენტალში” დარწმუნებულნი არიან, რომ თურქეთის ტურისტულ ბაზარზე უკვე მომხდარი საფასო ცვლილება გავლენას საქართველოშიც მოახდენს და ეს უდავოა.

“გავლენას ნამდვილად ველოდებით, თუმცა ცვლილება რა მასშტაბით განხორციელდება, საუბარი ჯერ ადრეა. საქართველო ტურისტებისთვის იმდენად საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ განელდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება მომსახურების ფასს, თავისთავად გაძვირდება. თურქეთში სასტუმროებზე გაზრდილი ფასი ქართულ ბაზარზეც რეალურად აისახება”, - აცხადებენ “ინტერკონტინენტალში”.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ დარგის ექსპერტებს. მათი აზრით, თურქეთის ტურისტულ ბაზარზე დაფიქსირებული ცვლილებები საქართველოში გავლენას ვერ მოახდენს. მარინა მეტრეველის აზრით, ეს არც იმ ტურისტების განწყობაზე იმოქმედებს, რომლებსაც თურქეთის მზიან კურორტებზე აქვთ გადაწვეტილი დასვენება.

“მეეჭვება, რომ თურქეთში სასტუმროებზე ფასების ზრდამ ქართულ ბაზარზე გავლენა მოახდინოს. იქ რაც არ უნდა გაძვირდეს ტურისტული პაკეტი, მომხმარებელს დასვენების სურვილს არ დაუკარგავს. ამ შემთხვევაში თურქეთში ტურისტების მიზიდულობის ფაქტორი მომსახურების მაღალი დონეა, რაც ჩვენთან ძალიან დაბალია”, - ამბობს ექსპერტი მარინა მეტრეველი.

საქართველოში მომსახურების დონე მართლაც რომ საკმაოდ დაბალია. ტურიზმის დეპარტამენტში ამას იმით ხსნიან, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება ადრეულ სტადიაზეა. ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორის ეკა ჭანიშვილის განცხადებით, ტურისტულ ინდუსტრიაში კვალიფიკაცია ძალიან დაბალია, ვინაიდან ტურიზმი საქართველოში ახლა ვითარდება და პროფესიონალი კადრების მომზადებაც ახლა იწყება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნომერ პირველი პრობლემა ტურისტულ ზონებში კადრის მოძიებისას უცხო ენის ბარიერია. აჭარის ტურისტული ინდუსტრია მომსახურების თვალსაზრისით იმ დონეს არ პასუხობს, როგორსაც თურქეთმა მიაღწია.

ამიტომაც საქართველოში უკვე გამოჩნდნენ თურქი და ინდუსი “კადრები”, რომლებიც ადგლობრივ კურორტზე დასაქმდნენ. ისინი უმეტესად სასტუმროებსა და ბარ-რესტორნებში მუშაობენ, ვინაიდან ამ სფეროში მათ ქართველებზე მეტი გამოცდილება აქვთ.

“თურქეთში მომსახურე პერსონალის გადამზადების არაერთი ტრენინგი და სასწავლებელია, საქართველოში კი  ეს სფერო ახლა ვითარდება”, - აღნიშნავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.