ვინ დაახვედრეს პრეზიდენტს გურჯაანში (video)

ვინ დაახვედრეს პრეზიდენტს გურჯაანში (video)

 

„როცა ვიცი, რომ ხალხი დილის 8 საათზე იღვიძებს ჩემს სანახავად, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის და ჩემი მთავრობის წევრებისთვის, რომ ღამეც არ დავიძინოთ და 24 საათი ვიმუშაოთ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში. ახალი საავადმყოფოს გახსნამდე პრეზიდენტმა სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე საგანგებოდ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

„ერთმა ქალბატონმა მითხრა დღეს, დილის 8 საათიდან აქ ვდგავარო. ალბათ ყველა პრემია რომ მიმეღო მსოფლიოში, ყველა ორდენი რომ მოეცათ ჩემთვის, არ იქნებოდა იმის მეათედი ჯილდო, ვიდრე ეს სანდომიანი ქალბატონი, რომელიც მეუბნება, დილის 8 საათიდან აქ გელოდები, მინდა, რომ უბრალოდ შემოგხედო და არავის ძალით არ მოვუყვანივარო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სინამდვილეში, პრეზიდენტს გურჯაანში მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფლიდან ჩამოყვანილი მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ქალაქის სკოლების მოსწავლეები, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები დაახვედრეს.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის გამო ქალაქის ოთხივე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ სკოლის დირექტორებმა ბოლო გაკვეთილები მოხსნეს და მასწავლებლებთან ერთად, ბავშვებიც პრეზიდენტის დასახვედრად გაგზავნეს. სკოლის დირექტორებს სპეციალური სიებიც ჰქონდათ შედგენილი, სადაც პრეზიდენტის დასახვედრად წაყვანილი მოსწავლეების ვინაობა ეწერა.

პრეზიდენტის დასახვედრად სოფლებიდან ჩაყვანილმა საჯარო მოსამსახურეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ მათი მგზავრობის ხარჯები სოფლის ტერიტორიულმა ორგანომ ან სკოლის დირექციამ გაიღო.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ორი თვის წინ, ახმეტასა და ყვარელში ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრები დაათვალიერა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს იქაც მასწავლებლები, მოსწავლეები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრა. ახმეტაში, ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე ხალხმრავლობა რომ ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს მოსწავლეები მანქანების საბარგულებითაც გადაჰყავდათ. პრეზიდენტს თელავშიც, ქალაქის რეაბილიტაციის პროგრამის პრეზენტაციაზე საჯარო მოსამსახურეები და სტუდენტები დაახვედრეს.