„25 ბურის იმედად მყოფი ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ კარგად იცხოვროს“

„25 ბურის იმედად მყოფი ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ კარგად იცხოვროს“

 

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ვიზიტისას დაგვპირდა, რომ მისი წარმატებული რეფორმების სიკეთეს მალე ქართველი ხალხი საკუთარ თავზეც გამოსცდიდა. მართალია, ბურების საქართველოში ჩამოყვანისა და მათი წყალობით სოფლის მეურნეობის აყვავების იდეა ყველას ჩაშლილი ეგონა, რომ უცებ საქართველოს დედაქალაქში, სასტუმრო „რედისონში“ სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა (ბურების) პირველი კონგრესი გაიმართა.

კონგრესი მართლაც ეფექტურად ჟღერს, თუმცა ამ ღირშესანიშნავ ღონისძიებას სულ 60-მდე ფერმერი ესწრებოდა, ალბათ ისიც, როგორც ჩვენს ხელისუფლებას სჩვევია, საგანგებოდ, ყვითელი ავტობუსებით ჩამოყვანილი.

კონგრესი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ გახსნა. სხვათაშორის, ბურების ჩამოსახლების იდეის ავტორიც ბატონი დავითაიაა. მინისტრის განცხადებით, სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა კავშირსა და საქართველოს მხარეს შორის საქმიანი ურთიერთობები დაახლოებით ორი წელია დაიწყო და წარმატებით ვითარდება, რამაც საქართველოს ეკონომიკას უკვე რამდენიმე მილიონი ლარი მოუტანა(?!). 

სამხრეთ აფრიკის სოფლის მეურნეობის კავშირის გენერალური მენეჯერი ბენ ვანზალი, რომელიც ბურებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებულ ურთიერთობებს უწევს კოორდინაციას, მიიჩნევს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და სამხრეთ აფრიკელი ფერმერები საქართველოს აგროკულტურასა და ფერმერულ ბიზენსს მნიშვნელოვნად განავითარებენ.

ბენ ვანზალი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქართველოში მყოფმა ბურებმა თავიანთი შესაძლებლობები მშენებლობასა და სხვა დარგებშიც მოსინჯონ, რაც უცხოურ ინვესტიციებს გაზრდის საქართველოში. 

პირველად მსგავსი კონგრესი 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირის ორგანიზებით ჩატარდა. სადაც პაპუნა დავითაიამ სამხრეთ აფრიკელებს საქართველოს ბიზნესგარემო და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კლიმატი გააცნო, სწორედ ამის შემდეგ მოხდა სამხრეთ აფრიკული მხარის საქართველოთი დაინტერესება და გადაწყდა, რომ სამომავლოდ მსგავსი კონგრესი საქართველოშიც გამართულიყო.

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. მას შემდეგ პროექტის ფარგლებში, საქართველოს 120-მდე ფერმერი სტუმრობდა, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რამდენიმემ უკვე დაარეგისტრირა საქართველოში ბიზნესი, რამდენიმე ფერმერმა კი უკვე მსხვილი ინცვესიტიციების განსახორციელებლად კონსორციუმი შექმნა.

გადაარჩენენ თუ არა ბურები ქართულ სოფელს, სადაც მიწები დაუმუშავებელია მხოლოდ იმის გამო, რომ საწვავი ძვირია, ძნელი სათქმელია.

ვახტანგ თევდორაშვილი, კახელი ფერმერი: „16 ჰექტარი მიწა მაქვს აღებული იჯარით, თითქმის მთელ მიწას საძოვრად ვიყენებ, მხოლოდ მცირე მონაკვეთზე მომყავს ბოსტნეული. ნაკვეთის ნაწილი ტბას ესაზღვრება და ირწყვება, აქ საირიგაციო პრობლემა თავისთავად მოგვარებულია და ეს დამატებით ხარჯებს აღარ საჭიროებს. მთავარი პრობლემა ქართველი გლეხის სიზარმაცე არ არის, როგორც ეს ჩვენს მთავრობას ჰგონია.

 საწვავი საკმაოდ ძვირია, მოხვნა, დაფარცხვა, ტრაქტორისტის გასამრჯელო, სასუქიც იაფი არ ჯდება. ვიდრე მოსავალს მოიწევ, რამდენჯერმე უნდა გათოხნო. ამისთვის მუშების დაქირავება გიწევს. თითო მუშა დღეში 20-25 ლარია, მოსავლის აღების დროსაც მუშას ქირაობ და საბოლოოდ ისეთი ძვირი გიჯდება ამ ბოსტნეულის მოყვანა, დანახარჯი რომ აინაზღაურო, საკმაოდ ძვირად უნდა გაყიდო. ხალხს კი ფული არ აქვს და ვერ ყიდულობს. იძულებული ხარ იაფად გაყიდო, თუ არა და გაგიფუჭდება მოსავალი და მთელი წლის შრომა წყალში ჩაგეყრება. თუ დასამუშავებელი ფული ნასესხები გაქვს, ვალში ჩავარდები. რამდენჯერმე ვცადე, საზამთროც მოვიყვანე, ხახვიც, ნიორიც და პომიდორიც. ცუდი მოსავალი არ მომსვლია, მაგრამ რომ გადავთვალე, იმდენი ხარჯია, ბოლომდე ვერ ანაზღაურებს. ბურები და ესკიმოსები მასწავლიან მე კიტრი როგორ დავთესო და მოვუარო? რაღაც არ მჯერა მაგ ზღაპრების, მთავრობას ის ურჩევნია, საწვავი და სასუქი გაგვიიაფოს და დანარჩენს ჩვენ თვითონვე მივხედავთ“.

დემურ გიორხელიძე, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  ეკონომიკური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების ჯგუფს ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ ბურების ჩამოყვანით საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტი არ შეიძლება იყოს რეალური.

„თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებამ ეს ინიციატივა გაახმაურა, მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მქონდა, რადგან ეს არის მცდარი გადაწყვეტილება. ოცი იქნება ეს თუ ოცდახუთი ბური, ფრანგი ან იტალიელი, შეუძლიათ, მოვიდნენ და თავისუფლად იმუშავონ, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის, მაგრამ ის, რომ ბურები საქართველოს სოფლის მეურნეობას რაიმე სასიკეთოს მოუტანენ, ეს სასაცილო ამბავია.

არანაირი შედეგი ამ ინიციატივას არ მოჰყვება, რადგან პრობლემები, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობაშია, საკმაოდ კომპლექსურია. სხვათაშორის, „ქართულ ოცნებას“ უკვე გააჩნია საკმაოდ ღრმად გააზრებული სოფლის მეურნეობის კონცეფცია, რომელიც ექსპერტიზას გაივლის მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ საექსპერტო წრეებში და ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა ნელ-ნელა დავაყენოთ ფეხზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება და ხელისუფლების მხარდაჭერა დასჭირდება და არა ბურების ჩამოსახლება. ჯერ კიდევ არის შანსი და რესურსი სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად. თუმცა ახლა ის კატასტროფას უახლოვდება“- ამბობს გიორხელიძე.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ბური იქნება ეს თუ ესკიმოსი, საქართველო ღია ქვვეყანაა და ვისაც სურს იმას შეუძლია ჩამოვიდეს, შეიძინოს მიწა და მიჰყოს სოფლის მეურნეობას ხელი. „ერთადერთი მადარდებს ის საკითხი, მათ საბიუჯეტო რესურსით ხომ არ ეხმარებიან, ეს რომ ასე იყოს, არ მომეწონებოდა. თუ კაცი თავისი ფულით ჩამოდის, რაღაცას ყიდულობს და რაღაცის გაკეთებას აპირებს, ამაში წინააღმდეგობას ვერ ვხედავ“, - აცხადებს შეშელიძე.

„სამხრეთ აფრიკა წარმატებული ქვეყანაა სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ისინი ჩვენ გამოცდილებას გვიზიარებენ. გარდა ამისა, რამდენიმე მილიონი ინვესტიცია უკვე შემოიტანეს საქართველოში, დასაქმდა საქართველოს უამრავი მოქალაქე და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. დღეს 25 სამხრეთ აფრიკელი ფერმერი უკვე საქართველოში მუშაობს“, - აცხადებს პაპუნა დავითაია. 

მთავრობის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკელმა ფერმერებმა აუქციონებზე და კერძო პირებისგან მიწები უკვე შეისყიდეს და მალე დიდი აგრომეურნეობის დაწყებასაც აპირებენ.

დემურ გიორხელიძე: „საქართველოს ხელისუფლება დანაშულს სჩადის, როდესაც საკუთარი ხალხის სრული სიღარიბის პირობებში ჩალის ფასად ყიდის მიწას. ამიტომაც მიიღეს ე.წ. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. ქვეყნის უმთავრესი რესურსის ჩალის ფასად გაყიდვა ეკონომიკურად გაუმართლებელია. ბურები შეძლებული ხალხია, ფული აქვთ, ჩაიგდებენ ამ მიწებს ფაქტობრივად, საჩუქრად და როცა დრო მოვა, აუცილებლად გაყიდიან და გაყიდიან ათმაგ ფასად. ბურები არ არის ის ხალხი, ვინც საქართველოში სამუდამოდ დარჩება. რამდენიმე ათეული ოჯახი თუ დარჩა, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ქართველ კაცს იმისი იმედი რომ ჰქონდეს, 200 თუ 250 ბური საქართველოს სოფლის მეურნეობას დააყენებს ფეხზე, ქართველ კაცს უბრალოდ, ჭკუა და გონება დაუკარგავს.

ბურებმა შეიძლება შექმნან რამდენიმე კარგი ფერმერული მეურნეობა, მაგრამ ეს საქართველოს სოფლის მეურნეობას ფეხზე ვერ დააყენებს. ადრეც ვამბობდი, შემოუშვით ბურები და რომ დაინახავენ, რა დღეშია ქართველი ხალხი, თვითოვნე გაიქცევიან-მეთქი. შარშან ბურები ჩამოვიდნენ საქართველოში, დაიწუნეს ქვეყანა და წავიდნენ, ახლა ხელისუფლებამ პირი რომ მოიბანოს, რაღაც დამატებით შეღავათებს დაპირდა და ისინიც ჩამოვიდნენ. 25 ბურის იმედად მყოფი ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ კარგად იცხოვროს. არ მგონია, ვინმე გონიერი რეალურად ფიქრობდეს, რომ 25 ბური საქართველოში რაიმე სასიკეთოს გააკეთებს, იმ მასშტაბით, რომ ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური ფონი და ეს საშინელი, სამარცხვინო სიღარიბე შეიცვალოს“.

ოპოზიციის ინფორმაციით, აუქციონები ისე ეწყობა, გლეხებმა არც კი იციან, რომ მათ მიწას ყიდიან და მხოლოდ პოსტფაქტუმ იგებენ, რომ მიწა, რომელსაც აქამდე ამუშავებდა, მისი აღარ ყოფილა. ამ პრობლემას არც ისე დიდი ხნის წინ „ახალმა მემარჯვენეებმა“ სპეციალური ბრიფინგიც კი მიუძღვნეს.

ჩვენი მთავრობის ცნობით, ბურებმა მიწები და საცხოვრებელი სახლები თბილისსა და ბათუმში იყიდეს, ამასთან, დიდი ინტერესი აქვთ, რომ საქმიანობა ძირითადად კახეთში განავითარონ.

პაატა შეშელიძე: თუ მიწა არავისი არ იყო, ან ვიღაცამ გაყიდა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუ მთავრობამ ფული გადაუხადა, რომ ჩამოსულიყვნენ, ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა. ეს ჩამოსახლება არ არის, ჩამოსახლებაა, როდესაც სახელმწიფო ფულს უხდის და ჩამოჰყავს. სოფლის მეურნეობას რამდენად გააძლიერებენ, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორები არიან, რამდენად დაინტერესებულები იქნებიან, თავიანთი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ. რომც არ გაუზიარონ, თუ ისინი მართლაც განავითარებენ სოფლის მეურნეობას, თვითონ მოიგებენ და ჩვენ დაგვაპურებენ. ადამიანი საკუთარი ჯიბიდან ფულს დებს ჩამოდის, ყიდულობს მიწას, იქ ან რაღაცას გააშენებს, ან მეცხოველეობას მიჰყობს ხელს, თუ არა და თავისივე ინვესტიცია წყალში ჩაეყრება.

როდესაც საჯარო გახდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება მსჯელობა, რამდენად სერიოზული პროექტია. ვიდრე ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ძნელია შეფასება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა, იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ, ვალები აქვთ და გამორბიან, ესეც არ ვიცით. არ ვიცი შედეგი როგორი იქნება, მაგრამ საქართველო იმიტომ არის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომ ვიღაც ჩამოვიდეს, რაღაც შეიძინოს, რაღაც აკეთოს და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია, ამაში ქვეყნის საბიუჯო თანხები არ დაიხარჯოს“.

რამდენად გამართლებულია, ან პოლიტიკურად რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ბურების ქართველ ფერმერებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას, ექსპერტი კახი კახიშვილი ამბობს, რომ ამით ხელისუფლებას სურს, ქართველ ხალხს დაანახოს, რომ მას არაფერი შეუძლია.

კახი კახიშვილი: „პირდაპირ, ნონსენსია, კიდევ კარგი, რომ მოიფიქრეს და ბურები ჩამოიყვანეს, რომ გაგვეგო, რა არის კიტრი და პომიდორი, თურმე აქამდე ჩვენ ეს არ გვცოდნია. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ჩაგვინერგონ, 2003 წლამდე ჩვენ არაფრის გამკეთებლები არ ვიყავით და თურმე, ახლა ვსწავლობთ ყველაფერს, ცხოვრებასაც, სახელმწიფოებრიობასაც და თურმე კიტრი-პომიდვრის მოყვანასაც. შემდგომში, ალბათ, ამ კიტრი-პომიდვრის ჭამასაც გვასწავლიან.

ჩვენი ხელისუფლების თვალში ყველაზე ბოლო ადგილას ყველაზე ბოლო წერტილში ვართ. ჰგონიათ ჩვენზე დაჩაგრული და უცოდინარი ხალხი არ არსებობს და იმიტომაც მიდიან იმ დასკვნამდე, რომ კიტრი და პომიდორი ბურებმა უნდა მოიყვანონ, თურქებმა შენობები აგვიშენონ და შემდგომში უცხოურმა კომპანიებმა ეს შენობები მართონ, სადმე თუ კანალიზაცია დარჩა გასაწმენდი, იქ უკვე, ალბათ, ქართველებიც გამოვადგებით.

მინდა დავუბრუნდე იმ კომენტარს, რომელიც ბურების წარმომადგენელისგან მოვისმინე. აი, რას ამბობს, მართალია კლიმატური პირობები თქვენთან და ჩვენთან ერთნაირი არ არის, თქვენთან თოვს, ჩვენთან არა, მაგრამ ჩვენთანაც ცივა და სხვა კულტურების მოშენებას თუ ვერა, კიტრისა და პომიდვრის მოყვანას მაინც გასწავლითო. ასეთ დონეზე რომ წარუდგენს ჩვენი ხელისუფლება უცხოელებს ჩვენს თავს, მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ხალხს საელჩოებში რატომ ელაპარაკებიან ზემოდან ქვემოთ, რატომ არ მიაჩნიათ ფაქტობრივად, ხალხად და რატომ ექცევიან ასე ვიზების გაცემის დროს. ჩვენს სახეს ქმნის ჩვენი ხელისუფლება და ალბათ, ისეთ სახეს ქმნიან, როგორც გვექცევიან“. 

შარშან საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება ბურებს საქართველოში მაინც აქტიურად ეპატიჟებოდა. ისინი ვიზიტით რამდენჯერმე ჩამოვიდნენ, მათ შორის, - კახეთიც დაათვალიერეს. საქართველოს რეგიონებში ნანახმა სიღარიბემ და განუვითარებელმა ინფრასტრუქტურამ ბურებს იმედები გაუცრუა. ბურების წარმომადგენელმა კოსი მიულერმა მაშინვე განაცხადა, რომ  საქართველოში ფერმების შესაქმნელად უნდა გადაწყდეს ინფრასტრუქტურის, კრედიტის და დაზღვევის პრობლემები.

„აქ ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები. მთავრობას ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, რათა მათი შემოთავაზება რეალური გახდეს. არ მგონია, რომ ეს წელს მოხერხდეს“, - ამბობდა მაშინ მიულერი.

ინფრასტრუქტურის, კრედიტის და დაზღვევის პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ბურობა სულაც არ იქნება აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა განავითარო, ამას ადილობრივი, ქართველი მოსახლეობას შესანიშნავად გაართმევდა თავს. თუმცა ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობაზე, მსგავსი იდეა რატომღაც არ გასჩენია.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბურების საქართველოში დამკვიდრება უხმაუროდ გაგრძელდა და არსებობს ეჭვები, რომ მათ უკვე იყიდეს კახეთში 3 ათასი ჰექტარი მიწა და ჭიათურის ნაკრძალი, თუმცა ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.

2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ბურებისთვის ამოქმედდა ინტერნეტ-გვერდი - „სამხრეთ აფრიკელი ფერმერები საქართველოში“. www.boers.ge საქართველოში გადმოსახლების მსურველ ფერმერებს, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ, პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართონ. თუმცა, მიმართეს თუ არა ბურებმა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის თხოვნით, გასაიდუმლოებულია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორმოცი ათასი ფერმერი (უმრავლესობა წარმოშობით ბურია, ანუ ჰოლანდიელი) ცხოვრობს. აფრიკაში ჩასული ბური მოახალშენეები ქვეყნის სიღრმეში ნოყიერ მიწებზე დასახლდნენ.

ბურებს სამხრეთ აფრიკაში კარგად განვითარებული მეურნეობები აქვთ, ისინი საკუთარი აგროპროდუქციით მთლიანად აკმაყოფილებენ ქვეყნის 50-მილიონიან მოსახლეობასაც და სამხრეთ აფრიკაში ჩამსვლელ მილიონობით ტურისტსაც. თუმცა ჰოლანდიელი ემიგრანტების შთამომავლებს სამხრეთ აფრიკაში ახლა რთული პერიოდი დაუდგათ. მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას ახალი ხელისუფლების მიერ მიწის რეფორმის ახალი პოლიტიკა დაემატა. რეფორმა თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწის ჩამორთმევას გულისხმობს. ბევრმა ფერმერმა საკუთარი მეურნეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე გაიტანა.

საქართველოს მთავრობის შეთავაზება ბურებისთვის, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში უსამართლოდ ექცევიან, სწორედ რომ დროული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი საქართველოს მთავრობის პოლიტიკასაც ვერ ჩაწვდებიან, ვიდრე ყველაფერს საკუთარ ტყავზე არ გამოცდიან.

ნაწყვეტი ბურების პირველი შთაბეჭდილებებიდან: დღეისათვის საქართველოში საკვები პროდუქტების 70 პროცენტი იმპორტირებულია. მთავრობას სურს, მომავალი ხუთი წლის მანძილზე, ეს ციფრი 30 პროცენტამდე შემცირდეს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც იმპორტიდან დიდ ფულს იღებენ, ამიტომ ისინი არ იქნებიან ბედნიერები, თუ ჩვენ საკმარის საკვებს ვაწარმოებთ და ბაზრებს დავუნგრევთ. ჩვენს ფერმერებს აქვთ საშუალება, დაკავდნენ ბიზნესით სხვა კონტინენტზე, გაცილებით  უსაფრთხო გარემოში. საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სეგმენტში შევქმნათ წარმატებული ფერმერული მეურნეობები. ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, საქართველოში ვიყიდოთ 80 ათასი ჰექტარი მიწა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები ქვეყნის ათივე რეგიონშია ხელმისაწვდომი“.

როგორც ჩანს, ბურებს არავინ განუმარტა, რომ ადამიანები რომლებიც იმპორტიდან დიდ ფულს შოულობენ სწორედ ისინი არიან ვინც ამ ქვეყანას მართავენ და უკვე წლებია, საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეგნებულად, საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ აფერხებენ.