იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატის ძალისხმევით, ზ.კ. რომელსაც, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკეთა ემუქრებოდა, სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
უკვე რამდენიმე კვირაა, ასეთი ინფორმაციები სულ უფრო ხშირად ვრცელდება. არადა რომ განვიხილოთ რა ხდება ამ კონკრეტულ შემთხვევებში, მივხვდებით, რომ ეს ხელისუფლების მორიგი პიარ-აქციაა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, გორის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა პიროვნება, რომელსაც ბრალდება მის მშენებარე სახლში „მარიხუანას“ შენახვას ედავებოდა. მაგრამ საზოგადოებრივმა დამცველმა, რომელიც ამ პიროვნებას სახელმწიფომ დაუნიშნა, დაამტკიცა, რომ ამ მშენებარე სახლს არ ჰქონდა არც კარი და არც ფანჯრები და ამიტომ ნებისმიერს შეეძლო მასში „მარიხუანას“ შენახვა. სასამართლომ კი დაცვის მხარის პოზიცია გაითვალისწინა და განსასჯელი გაამართლა.
მეორე შემთხვევაში კი (ავარიის საქმეზე) საზოგადოებრივმა ადვოკატმა აქტიურად შეუწყო ხელი ბრალდებულისა და დაზარალებულის წარმომადგენელთა კომუნიკაციას, რათა მიყენებული ზიანის ანაღაურება დროულად მომხდარიყო. ამასთან, ადვოკატმა წარმოადგინა ცნობები ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რომელიც ცხადყოფდა, რომ ზ.კ-ისთვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, მის ორ მცირეწლოვან შვილს მშობლის მზრუნველობა მოაკლდებოდა. ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა დანაშაულს. ადვოკატის რჩევით, მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართა. საბოლოოდ, ბრალდების მხარემ საზოგადოებრივი ადვოკატის არგუმენტები გაითვალისწინა და ზ.კ.-სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს პირობითი სასჯელი დაენიშნა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროზე ხშირად ვწერთ და ასეთი „ჰუმანური“ გადაწყვეტილება ჯერ არ შეგვხვედრია. საინტერესოა, რა დააშავეს სხვა მსჯავრდებულებმა, ვისი ოჯახებიც ასევე მარჩენალის გარეშე დარჩნენ და ვისაც ზ.კ.-ზე მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ?
მთელი ეს გამამართლებელი განაჩენების კასკადი კი მხოლოდ ერთ რამეზე მიგვანიშნებს - როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა იმ სტატისტიკის „ამოქაჩვა“, რაც საქართველოში გამამართლებელი განაჩენების ოდენობას უკავშირდება.
2010 წელს ქართულ სასამართლოებში განხილული დაახლოებით 20 000 საქმიდან მხოლოდ 0.01%-ზე დადგა გამამართლებელი განაჩენი. ამგვარმა სტატისტიკამ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია. ამას ემატება ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 100 ათას მოსახლეზე პატიმრების ოდენობით საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე 540 პატიმარი მოდის.
აღსანიშნავია, რომ ამ გამამართლებელი განაჩენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ხაზგასმულია, რომ საქმე გამამართლებელ განაჩენამდე საზოგადოებრივ ადვოკატს, ანუ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული სტრუქტურის ადვოკატს მიჰყავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით presage.tv ადამიანის უფლებათა დამცველებს ესაუბრა. ისინი მიიჩვენენ, რომ გამამართლებელი განაჩენების მომრავლება ორ ძირითად მიზანს ემსახურება, ერთის მხრივ ეს არის იმ სტატისტიკის შეცვლის მცდელობა, რაც გამამართლებელ განაჩენებს უკავშირდება და რასაც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ქარცეცხლში გატარება მოჰყვა. მეორე მხრივ კი, ეს არის საზოგადოებრივი ადვოკატის რეკლამირება და დამოუკიდებელი ადვოკატის ინსტიტუტის როლის დაკნინება.
ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ქართულ სასამართლოს ყველა მოიხსენიებს სახელით „უსამართლო სასამართლო“ და გამამართლებელი განაჩენების ოდენობით გასული საუკუნის 30-იან წლებსაც კი ჩამოვრჩებით. ნანა კაკაბაძე ხაზს უსვამს, - მიუხედავად იმისა, რომ 1937 წელი თავისი სისასტიკით არის ცნობილი, მაშინ გამამართლებელი განაჩენების ოდენობა დაახლოებით 10% იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი საქართველოში 0.01%-ს შეადგენს.
კაკაბაძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებითა და ანგარიშებით ნათელი გახდა ის ყალბი პიარი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება სასამართლოებთან დაკავშირებით ეწეოდა. ამიტომ, ახლა მოიფიქრეს რაღაც ახალი ფანდი. საქმეებზე, რომლებიც საერთოდ არ უნდა მისულიყვნენ სასამართლომდე, მაგრამ მაინც მოხვდნენ სასამართლოში და ისეთ საქმეებზე, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არ არის ხელისუფლების ინტერესში, ბოლო პერიოდში გამამართლებელი განაჩენების გამოტანა გახშირდა.
„რაც მთავარია, ასეთ სასამართლოებს იგებს არა დამოუკიდებელი ადვოკატი, არამედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული დამცველი. ეს კი რეკლამირებას უკეთებს ამ ხელოვნურად შექმნილ ინსტიტუტს, რომელიც ორიენტირებულია, რომ ეს ერთადერთი დამოუკიდებელი ბერკეტი, რაც დღეს სასამართლოში არსებობს, ანუ ადვოკატები გახადოს მართვადი და რეკლამირებას უკეთებენ სახელმწიფო ადვოკატს. ამით პატიმრებსაც აგებინებენ, რომ ესენი არიან ის ადვოკატები, რომლებიც საქმეებს იგებენ და საერთაშორისო დონეზეც აჩვენებენ, რომ კარგი ადვოკატები ამ ქვეყანაში საქმეებს იგებენ და ეს კარგი ადვოკატები სწორედ სახელმწიფო ადვოკატები არიან.
ამით პრაქტიკულად ახდენენ ერთი მხრივ, დამოუკიდებელი ადვოკატების როლის დაკნინებას, მეორე მხრივ - მათთვის კლიენტების ჩამოცილებას. როდესაც პატიმრები ხედავენ, რომ თუ გინდა გამამართლებელი განაჩენი, ამის შანსი მხოლოდ სახელმწიფო ადვოკატთან გაქვს, ბუნებრივია, მათაც უჩნდებათ ამ ადვოკატების მიმართ ინტერესი“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე presage.tv-სთან საუბარში.
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძეც მიიჩნევს, რომ სახაზინო ადვოკატის ამოქმედება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს საქართველოში მოქმედებს, არის ადვოკატის ინსტიტუტის დაკნინებისაკენ მიმართული პოლიტიკა. ლორთქიფანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტი არის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შემადგენლობაში და თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, ისევე, როგორც მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.
დიმიტრი ლორთქიფანიძე იხსენებს 2009 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი გახდა. ამდენად, ლორთქიფანიძე ასკვნის, რომ დღესდღეობით გამოდის, რომ ორი უწყება - მთავარი პროკურატურა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში არსებული სახაზინო ადვოკატის ინსტიტუტი წარმოადგენს ერთსა და იმავე აღმასრულებელ ხელისუფლებას.
„ძალიან ხშირია შემთხვევები (რომელთა შესახებაც ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას), როდესაც ხდება სახაზინო ადვოკატის მიერ საბრალდებო პოლიტიკის პირდაპირი პოზიციონირება, ანუ პრაქტიკულად, სასამართლო პროცესზე მიმდინარეობს ურთიერთშეთანხმებული ქმედებები. ეს არის არა ერთეული, არამედ ძალიან ხშირი შემთხვევები. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან სახიფათო ტენდენცია შეიძინა იმან, რომ პროკურატურა თავად მიმართავს განსასჯელი პირის ოჯახის წევრებს, რომ თუკი უნდათ მიაღწიონ სასურველ შედეგს, რომელიც ხშირ შემთხვევაში აპრიორი გულისხმობს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, აიყვანონ სახაზინო ადვოკატი. ვის აირჩევს პროკურატურა სანდოდ, თუ არა იმ სახაზინო ადვოკატს, რომელიც მისავე აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს შემადგენელი რგოლია?
აქედან გამომდინარე, ზოგადად ადვოკატის ინსტიტუტი არის დაკნინებული და ის ადვოკატები, რომლებიც თავგანწირულნი, თავისი პროფესიული ღირსებიდან გამომდინარე იბრძვიან დაცვის ღონისძიებების კვალიფიციურად გატარების გზით, პროკურატურის მტრები ხდებიან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც შემდეგ ასეთი ადვოკატების წინააღმდეგ ცხადდება ნადირობა“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე presage.tv-სთან საუბარში.
რაც შეეხება გამამართლებელი განაჩენების თემას, ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ როგორც ჩანს, დასავლური ინსტიტუციების თვალში ეს სტატისტიკა საბოლოო ჯამში თავად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა დაბრკოლება და მოიფიქრეს ასეთი რამ - როდესაც დანაშაულთა ერთობლიობით დგება განაჩენი, ხდება კონკრეტულ დანაშაულებზე ბრალის ამორიცხვა და ესეც ერთგვარად სტატისტიკას უერთდება, როგორც გამამართლებელი განაჩენი.
დეპუტატის თქმით, მეორე მომენტი არის უკვე ხელოვნურად ინსპირირებული საქმეები, როდესაც პროკურატურა დასაწყისშივე ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრალი არის არამყარი და, რომ შესაძლებელია სტატისტიკისთვის მოცემული სისხლის სამართლის საქმე წინასწარვე გამოყენებული იქნას, როგორც გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. მაგრამ ლორთქიფანიძე აღნიშნავს, - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ გამამართლებელი განაჩენი, რომელსაც მანამდე აღმკვეთი ღონისძიების სახით წინ უძღოდა პატიმრობის გამოყენება, უნდა სრულდებოდეს კონკრეტული გამომძიებლის და მასზე ზედამხედველი პროკურორის პასუხისგებაში მიცემით. ეს არის ის კანონზომიერება, რომელსაც პროკურატურა გვერდს ვერ აუვლის იმ შემთვევაში, თუკი რეალურად დაინტერესდება გამამართლებელი განაჩენების არსით.
„როდესაც თქვენ ბრძანეთ, რომ ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იქ იდო, შეიძლება ნებისმიერი პირის მიერ ყოფილიყო დადებული, გახდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ბუნებრივია, ეს უნდა გულისხმობდეს იმასაც, რომ თავის დროზე, როდესაც ამ პიროვნებას ბრალი წაუყენეს და ბრალდებულის სახით დააკავეს, მისი დამკავებელი, მისი დამკითხავი და მასზე ზედამხედველი პროკურორი ერთიანად უნდა იქნენ მიცემული წარდგინებაზე და შემდეგ გადაცემული მართლმსაჯულებას, ვინაიდან მათ მოქმედებას მოჰყვა პირის უკანონოდ დაკავება. მაგრამ ჩვენ ასეთი სტატისტიკა საერთოდ არ გაგვაჩნია. გამამართლებელი განაჩენის შედეგად ხდება თუ არა სამართლებრივი რეაგირება (მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განაჩენები თითზე ჩამოსათვლელია) იმ პროკურორზე და იმ გამომძიებელზე, რომელთა უშუალო გამოისობითაც ხდება პირის უკანონო დაკავება. ამისთვის პასუხისგებაში მიცემული პროკურორი ჩვენ არ ვიცით“,- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.